"ყველას ხომ არ შეუძლია სიყვარულის გამო ყველაფერი დათმოს და ოჯახი მხოლოდ სიყვარულით შექმნას?" - კვირის პალიტრა

"ყველას ხომ არ შეუძლია სიყვარულის გამო ყველაფერი დათმოს და ოჯახი მხოლოდ სიყვარულით შექმნას?"

"ზომიერად ყველაფერი დასაშვებია, უბრალოდ, ცვილის თოჯინებს არ უნდა დავემსგავსოთ"

რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი არაერთ ფილმში გადაუღიათ. მას კინოში ბევრი დაუვიწყარი სახე აქვს შექმნილი, თუმცა, ვისაც სცენაზე უხილავს, ყველა აღიარებს, რომ მარინა კახიანი უპირველესად თეატრის მსახიობია. მარიამ სტიუარტი, ბერნარდა ალბა, ევა ბრაუნი, კორდელია, რებეკა - ეს იმ პერსონაჟების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მას რუსთაველის თეატრის სცენაზე უთამაშია. ქალბატონმა მარინამ გაგვიმხილა, რომ აპრილში რუსთაველის თეატრის მაყურებელს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება:

- ქალბატონო მარინა, როგორი იყო თქვენთვის განვლილი ერთი წელი?

- ურთულესი! მეც, როგორც მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო, სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი დიდი განსაცდელის წინაშე. ყველაზე დამთრგუნველი გრძნობა მაშინ მეუფლებოდა, როცა ამ გაუგებარი დაავადების გამო ვიღაც იღუპებოდა. ყველაზე მეტად იცით, რა მაღიზიანებს? როცა ამბობენ, "კოვიდის" გამო ხანდაზმულები დაიღუპნენო. ჯერ ერთი, ამ ვირუსს ახალგაზრდებიც შეეწირნენ და მეორე - არავინ იცის, ის ხანდაზმულები რამდენ ხანს იცოცხლებდნენ, ვირუსი რომ არ შეჰყროდათ. ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, რომ არაფერი ვთქვა ეკონომიკურ ზარალსა და იმაზე, რომ სცენაზე უარის თქმა მომიხდა. მსახიობებს მთელი ერთი წლის განმავლობაში არ გვქონია საშუალება მაყურებლის წინაშე გამოვსულიყავით - ეს ტრაგედიაა.

- ყველაზე მეტად რა გენატრებოდათ? - სცენა, მაყურებელი, მათი ოვაციები... ეს მონატრება რომ არ გქონდეს, მსახიობიც ვერ იქნები. ნათქვამია, სცენის მტვერს ერთხელ თუ ჩაისუნთქავ, მერე ვეღარ დათმობო და ეს სრული სიმართლეა. საბედნიეროდ, მე გამიმართლა: ოქტომბერში ბატონმა რობიკო სტურუამ ახალ სპექტაკლზე დაიწყო მუშაობა. პატარა ჯგუფი შეკრიბა და ამ ჯგუფში მეც აღმოვჩნდი. ყველა წესის დაცვით ვმუშაობდით, რეპეტიციები ახლაც გვაქვს და ჩვენი მაყურებლისთვის სასიამოვნო სიურპრიზი მოვამზადეთ: 2 აპრილს რუსთაველის თეატრში ჩვენი ახალი სპექტაკლის პრემიერა უნდა გაიმართოს. ბატონმა რობიკომ მას "ფანტაზიები" დაარქვა. რეპეტიციები საინტერესო იმითაც იყო, რომ თავიდან სიუჟეტი გამოკვეთილი არ ყოფილა. ყველაფერი მუშაობის პროცესში, თანდათან იქმნებოდა. ბატონ რობიკოს სულ ახალ-ახალი იდეები მოსდის. შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი თეატრის მორიგი, საინტერესო ექსპერიმენტი იქნება.

მე უფლება არა მაქვს ყველა საიდუმლო გავამხილო. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ სპექტაკლის სახელწოდებაა "მხოლოდ ერთხელ" და მასში ბევრი ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობს. სპექტაკლს გია ყანჩელის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის მუსიკა დაამშვენებს.

- სხვა საინტერესო თემაზე გადავიდეთ: ალბათ, ბევრი ქალი დაგისვამდათ ერთ შეკითხვას, როგორ ახერხებთ ფორმის შენარჩუნებას? - დიეტის დაცვა მიჭირს, რადგან გურმანი ვარ და გემრიელი კერძების კეთება მიყვარს. ფორმის შენარჩუნებაში ჩემი პროფესია ყველაზე მეტად მიწყობს ხელს: რეპეტიციების დროს დიდი ენერგიის ხარჯვა მიწევს და წონაში თავისთავად ვიკლებ.

- პლასტიკური ქირურგიის გამო ბევრი ქალი ბუნებრივ ხიბლსა და ინდივიდუალურობას კარგავს. ამ საკითხზე რას ფიქრობთ?

- მე ძალიან კარგად მესმის, როცა ქალს სურს გარეგნობაში რაღაც დახვეწოს, შეცვალოს, მაგრამ აბსოლუტურად რომ იცვლებიან და სხვა ადამიანად გადაიქცევიან, ნამდვილად არ მომწონს. მიუხედავად ამისა, თუ ადამიანს თავისი გარეგნობა არ მოსწონს, უფლება უნდა მივცეთ ისეთი გახდეს, როგორიც სურს იყოს. იგივე უნდა ვთქვა ნაოჭებთან ბრძოლაზე: ეს გასაკიცხი არ არის - ყველას გვსურს, რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ მიმზიდველები, ახალგაზრდები და თუ შესაძლებლობა არსებობს, რომ წლებს შევებრძოლოთ, რატომაც არა? - ზომიერად ყველაფერი დასაშვებია, უბრალოდ, ცვილის თოჯინებს არ უნდა დავემსგავსოთ. ცვილის თოჯინები ნამდვილად არ მომწონს.

- ცნობილია, რომ თქვენს მეუღლესთან, გია მატარაძესთან, დიდი სიყვარული გაკავშირებდათ. რას ფიქრობთ ქალებზე, რომლებიც ოჯახს მატერიალური ან პრაგმატული მოსაზრების გამო ქმნიან? - ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და მომავალშიც იქნებიან. ყველას ხომ არ შეუძლია სიყვარულის გამო ყველაფერი დათმოს და ოჯახი მხოლოდ სიყვარულით შექმნას? ზოგს ურჩევნია ყველაფერი პრაგმატულად, ცივი გონებით გადაწყვიტოს და ეს მისი არჩევანია.

- დაბოლოს, რას ფიქრობთ დღევანდელ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რა გვიშველის ამ ურთულეს დროში? - იცით, ყველაზე მეტად რა მაშფოთებს? - ეს უცნაური ისტერიკა, რომელიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებს, ის, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი ყველაფერზე საწინააღმდეგო აზრი გამოთქვან. ბოლოს, ეს ყველაფერი უსიამოვნო კამათში ან დაპირისპირებაში გადადის და შეიძლება სავალალო მდგომარეობამდეც მიგვიყვანოს. მეტისმეტი ამბიციურობა ბევრ რამეში ხელს გვიშლის. ხშირად მიკვირს, საიდან მოდის ეს ამბიციები, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ: საქართველოს ბევრი ომი და ტრაგედია გადაუტანია, მაგრამ გადარჩენილა. ვფიქრობ, ამას მომავალშიც მოახერხებს.

ხათუნა ჩიგოგიძე