"შემთხვევით გავიგე, რომ სახელმწიფოს გადამტრიალებელი ვყოფილვარ" - კვირის პალიტრა

"შემთხვევით გავიგე, რომ სახელმწიფოს გადამტრიალებელი ვყოფილვარ"

როგორ მოხვდა მეცნიერი, მწერალი და პარლამენტარი ვახტანგ ტალახაძე ორჯერ ციხეში

"სააკაშვილის ციხეში ადამიანებს მიზანმიმართულად და შეფარულად ხოცავენ"

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მწერალთა კავშირის წევრი, ორგზის პარლამენტარი - ასეთი ბიოგრაფიული მონაცემის კაცზე ბევრი იტყვის, აუწყვია კარიერაო, მაგრამ... კითხვის ნიშანს აჩენს მისი ერთი ბიოგრაფიული ცნობა - ორგზის პატიმარი.  ვახტანგ ტალახაძეს სწორედ ამ შეუსაბამო ბიოგრაფიულ ნიუანსზე ვკითხეთ, ანუ იმაზე, თუ როგორ მოხვდა  (მეცნიერი, მწერალი და პარლამენტარი) ორჯერ ციხეში.

პიარის მსხვერპლი

პირველად ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, 1991 წელს დამაპატიმრეს გია ჭანტურიასა და ირინა სარიშვილთან ერთად. მაშინ ედპ-ის წევრი ვიყავი და მოსკოვში მივფრინავდით საერთაშორისო კონფერენციაზე. აფრენიდან ნახევარ საათში თვითმფრინავი მოაბრუნეს, თბილისის აეროპორტში დასვეს და იქვე დაგვაპატიმრეს. თვითმფრინავის დასმა, როდესაც ავზი საწვავით არის სავსე, ძალიან სახიფათოა, შეიძლება ავფეთქებულიყავით. "ტუ 154"-ის 300 მგზავრი, ფაქტობრივად, გაწირეს, როდესაც შეიძლებოდა ნებისმიერ ადგილას, მათ შორის - მოსკოვშიც, დავეპატიმრებინეთ, რადგან საბჭოთა კავშირი დაშლილი არ იყო. პირველად ორი თვით მომიწია ციხეში ჯდომამ. ზვიად გამსახურდია ფიქრობდა, რომ რუსეთში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები მიგვქონდა.

პიჯაკის ჯიბეში მქონდა კასეტა, რომელზეც ასახული იყო 1991 წლის სექტემბერში გამართული ოპოზიცის მიტინგი. ამ მიტინგზე კიტოვანი და სიგუაც მოვიდნენ და გამოჩნდა, რომ ზვიად გამსახურდიას არც ისე ბევრი უჭერდა მხარს. გვინდოდა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გვეჩვენებინა მიტინგის კადრები. ციხეში კასეტა ჯიბით როგორც შევიტანე, ისე გამოვიტანე. დაპატიმრებისას არც კი გავუჩხრეკივარ, არც აინტერესებდათ, რა მიგვქონდა. ჩვენ მხოლოდ პიარისთვის დაგვიჭირეს, თითქოს რაღაც ცუდს ვგეგმავდით...

მეორე დაპატიმრება უფრო "შთამბეჭდავი" იყო: ხმაურით, სპეცრაზმის სახლში შემოვარდნით, შვეულმფრენებით... როდესაც იზოლატორში მივყავდი, ვითომ საშიში დამნაშავე ვიყავი, მანქანების სვლას შვეულმფრენი აკონტროლებდა.

დამბრალდა, რომ იგორ გიორგაძის პარტია "სამართლიანობის" წევრებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას ვგეგმავდი. სინამდვილეში პარტია "სამართლიანობასთან" ბლოკში ირინა სარიშვილის პარტია "იმედი" იყო, ხოლო პარტია "ქართულ მოძრაობას", რომლის თავმჯდომარეც ვარ, არავითარი კავშირი არ ჰქონია არც "სამართლიანობასთან" და არც მოძრაობა "ანტისოროსთან".  ეტყობა, ხელს არ აძლევდათ ცალ-ცალკე ჩვენი დაჭერა და ერთად დაგვიჭირეს, ვითომ რამდენიმე პარტიის მონაწილეობით დიდი შეთქმულება აღმოაჩინეს. ადამიანები, რომლებიც ამ საქმეზე დააპატიმრეს, ნანახიც არ მყავდა, მხოლოდ თემურ ჟორჟოლიანს ვიცნობდი ეროვნული მოძრაობიდან.

დაპატიმრების მერე კუდ-ის იზოლატორში მიმიყვანეს. იქ ერთი ახალგაზრდა და ერთი შუახნის მამაკაცი დამხვდნენ, რომლებიც  საზღვრის გადაკვეთისას დაეკავებინათ. მკითხეს, რატომ დაგიჭირესო. არ ვიცი, გაირკვევა და გამიშვებენ-მეთქი. ახალგაზრდამ მიამბო, დაგვაბრალეს, თითქოს კრება ჩავატარეთ და სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდითო. გავიფიქრე, უჰ, საწყალი, ამას, ალბათ, 20 წელს მიუსჯიან-მეთქი. ბიჭმა გვარი მკითხრა, რომ ვუთხარი, უი, შენი გვარი ბრალის წაყენებისას წამიკითხეს, მგონი, შენც ამავე ბრალდებით დაგაპატიმრესო.

შენ ვინღა ხარ-მეთქი, კოკა კვინიკაძეო. პარტია "სამართლიანობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ყოფილა. კოკასგან გავიგე, რომ თურმე სახელმწიფოს გადამტრიალებელი ვყოფილვარ და ხელისუფლების დამხობა დამიგეგმავს.  მოგვიანებით ზაზა დავითაიამ მიამბო, დაკავების მერე საბურთალოს პოლიციაში მიმიყვანეს. უცებ გაიღო კარი და ვიღაც წვერებიანი დაბღვერილი ტიპი შემოვიდა.

ვიფიქრე, ეს ნამდვილად ჩემს საწამებლად მოიყვანეს-მეთქი. გვერდით რომ დამიჯდა, დავინახე, მასაც ბორკილები ედო. ერთმანეთს რომ გამოველაპარაკეთ, ვალერი გალდავა აღმოჩნდა. იქ გავიცანი და ამ დროს ერთად შეთქმულების მოწყობას გვაბრალებდნენ. მაია ნიკოლეიშვილმა კრებაზე რომ მისცა ჩვენება, თურმე სინამდვილეში ეს კრებაც არ ჩატარებულა. ჩვენს პროცესზე მაია ნიკოლეიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ცრუმოწმეებად გამოიყვანეს. მერე ითქვა, მაია შეაშინესო...

ყველამ სასამართლოზე გავიგეთ, რომ რაღაც კრებაზე ვყოფილვართ ერთად და ამიტომ დაგვიჭირეს.  ამოიღეთ სატელეფონო ჩანაწერები, გვქონდა თუ არა ერთმანეთთან საუბრები, ან ვინ სად იყო კრების დროს-მეთქი. მართლაც, ამოიღეს სატელეფონო საუბრები, დღესაც სახლში მაქვს უზარმაზარი დასტა. არც ერთ ბრალდებულს არა გვაქვს ნალაპარაკები ერთმანეთთან.

არ ვიცნობდით ერთმანეთს  და საიდან ვილაპარაკებდით? აღმოჩნდა, რომ იმ საათებში, როდესაც ვითომ კრება ტარდებოდა, მე გლდანში ვიყავი, ვიღაც გორში, ვიღაც საბურთალოზე. ეს არგუმენტი რომ მოვიყვანეთ, გვითხრეს, ტელეფონები განგებ დატოვეთ, რომ ალიბი გქონოდათო. მაშინ საუბრები შეამოწმეთ-მეთქი. 12 დაკავებულს 350 კაცთან გვქონდა ნალაპარაკები. დავუძახოთ ყველას და ვკითხოთ, ვის ელაპარაკნენ-მეთქი, მაგრამ ამ ძალზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებით არც დაინტერესდნენ...

ციხე - გენოციდის იარაღი

ციხეში ძალიან ბევრია ამ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული. ე.წ. ჩადება (იარაღის თუ ნარკოტიკის) ყოველთვის იყო, მაგრამ ადრე "ჩადებით" შეიძLლება მაქსიმუმ  2-3 წელი მიესაჯათ. ახლა, როცა "ჩადებით" აკავებენ ადამიანს, თუ პირველი შემთხვევაა,  7-დან 14 წლამდეა სასჯელი, მაგრამ სასჯელი ციხეშიც შეიძლება გაუზარდონ ცუდი ქცევის გამო და შესაძლოა უდანაშაულო ადამიანი 30 წელი იჯდეს. Nნარკოტიკის გამო დაკავებისას არ მოქმედებს უდო. პატიმრებს ბოლომდე უწევთ სასჯელის მოხდა.

საბჭოთა ციხეშიც ვმჯდარვარ და სააკაშვილის ციხეც ვიცი. დღევანდელი ციხე გარემონტებული და კეთილმოწყობილია, მაგრამ ეს გარეგნული სატყუარაა. პატიმრებს ნარები ახლაც არ ჰყოფნით, მორიგეობით სძინავთ. 20-30-კაციან კამერაში 40-50 კაცი ჰყავთ. ხათუნა კალმახელიძე მოვიდა ერთხელ, დაცვა არ გვაკარებდა, მაგრამ ჯაჭვი გავარღვიე, მივვარდი და ყველაფერი ვუთხარი. ესენი ადამიანები არიან თუ ცხოველები-მეთქი. გავითვალისწინებთო, მაგრამ გაითვალისწინა? ჩვენმა "მაღალმა" და "დიდმა" ხომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა, სწორედ ამ პოლიტიკას ატარებენ.

ეს გენოციდის ერთ-ერთი სახეა. სრული კატასტროფაა, როდესაც ახალგაზრდას 30 წელი აქვს მისჯილი და მისთვის ხანგრძლივი პაემანი არ არსებობს. ხანგრძლივი პაემნები ახლა მხოლოდ თეორიულად დაუშვეს, 7 წელია ციხეში ხანგრძლივი პაემანი არ ჰქონიათ პატიმრებს. ოჯახები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შეყარონ ციხეში და მთავარი - პატიმარი უნდა მიიყვანონ იმ ზომამდე, რომ ავად გახდეს და მოკვდეს. ციხეში ავად თუ გახდი, გამოჯანმრთელების შანსი არ არის. საავადმყოფომდე მიღწევა პრობლემაა. ხშირად ავადმყოფი ისე კვდება, რომ საავადმყოფომდე ვერ მიდის. ზოგჯერ ცოცხალ-მკვდარი პატიმარი მიჰყავთ საავადმყოფოში. სააკაშვილის ციხეში ადამიანებს მიზანმიმართულად და შეფარულად ხოცავენ.

განუკითხაობა

ბევრი ადამიანი ციხეში მოხვედრის შემდეგ დაინვალიდდა. მათი გვარები რომ დავასახელო, უფრო დაუმძიმებენ მდგომარეობას.

2006 წელს, ციხის ცნობილი ბუნტის დროს, დაშავდა 22 წლის ახალგაზრდა, რომელზეც  თვითონ ციხის გამოძიებამ დაადგინა, რომ ბუნტში მონაწილეობა არ მიუღია.

Bბუნტის დროს საკანში ვიღაცამ ხელი შეყო და ავტომატის ჯერი მოატარა. ამ ბიჭს ერთი ტყვია ხელში მოხვდა, მეორე ფეხში  და მესამე სასქესო ორგანოში. ამ ბიჭს თითი აღარ აქვს და ხელი ატროფიას განიცდის, უხმება. მკლავი დაკრუნჩხული აქვს.

3 წელი დარჩა. ან გავა ციხიდან, ან არა. თუ ცოცხალი გადარჩა, სამუდამოდ ინვალიდი იქნება.

ერთ თბილისელ ბიჭს ბუნტის დროს სცემეს. თურმე პატიმრები დააჩოქეს. სპეცრაზმი საკნიდან რომ გადიოდა, ბიჭმა წამოდგომა დააპირა. სწორედ ამ დროს გამოექანა ერთი სპეცრაზმელი, ფეხი მთელი ძალით ჩასცხო და ხერხემალი ჩაუმსხვრია.

ოპერაცია გაუკეთეს, რამდენიმე მალა ამოუღეს. 40 წელს გადაცილებული კაცი ფეხზე ძლივს დგება.

35 წლამდე კაცი ვნახე, სახე ჰქონდა ერთიანად მონგრეული. თურმე ქუჩაში მოდიოდა, სპეცოპერაცია ტარდებოდა და სროლის დროს ტყვია მოხვედრია სახეში. გონზე რომ მოვედი, მითხრეს, ყაჩაღობის თანამონაწილე ხარო.

ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ხმაური არ ამტყდარიყო, სპეცოპერაციისას უდანაშაულო კაცი დააზიანესო.

ბევრია ისეთი პატიმარი, რომელსაც ბიზნესი ჰქონდა და იმის გამო შერისხეს, რომ ხელისუფლებას არ გადაურიცხა ფული.

დავით სიხარულიძეს სამშენებლო კომპანია ჰქონდა და არჩევნებზე ხელისუფლებისთვის 50 ათასის გადარიცხვა მოსთხოვეს, არ გადაურიცხა და დაიჭირეს. 10 წელი უნდა მოიხადოს. როგორც მითხრა, ბიზნესმენთა სია აჩვენეს. მათგან ყველამ გადარიცხა ფული, მხოლოდ "ბადაგონმა"  და ჩემმა კომპანიამ თქვა უარიო. ამის მერე დაუღვარეს "ბადაგონს" ღვინო. დავით სიხარულიძის კომპანიამ მხოლოდ 20 ათასი გადარიცხა, მეტი არა მაქვსო და დაიჭირეს ვითომ ტენდერის ჩაწყობაზე. 2-ათასკაციანი ორგანიზაცია დაუნიავეს.

დავით სიხარულიძეს სტრასბურგში აქვს სარჩელი შეტანილი. ვინც მას განათლების სამინისტროდან ადგებოდა პირზე (სიხარულიძის კომპანია "ამაღლება 97" სკოლებში ატარებდა სამშენებლო სამუშაოებს. მის საქმეზე დაიჭირეს დეპუტატი გია ნუცუბიძე), ზოგი დაჭერილია და ზოგიც სამსახურიდან გააგდეს.

თუ პატიმარს კარგი პატრონი არა ჰყავს, მისი ავადმყოფობის ისტორიას აქრობენ.

ციხეში ადამიანი შეიძლება ისე მოკვდეს, რომ საბუთების მიხედვით ჯანმრთელი იყოს.

40 წლის კაცი მოკვდა იმის გამო, რომ ზაფხულში ჩაგვკეტეს და ორი დღის განმავლობაში არ გახსნეს კამერა.

სიხარულის უფლებაც წაგვართვეს

რუსთავის ციხეში დიდი ეზო გვქონდა. პატიმრებმა ბაღის გაკეთება დაიწყეს, თუთა და ბროწეულიც კი გვქონდა. აყვავებული ბროწეულის ცქერა სიცოცხლის ხალისს გვიბრუნებდა. დილით სიხარულით გარბოდნენ პატიმრები და ხეებს ეფერებოდნენ. ერთმა მოძღვარმა პატიმარს ღვთისმშობლის ცრემლების (მცენარეა) კრიალოსანი შემოუტანა. კრიალოსანი დაშალეს, თესლი მიწაში ჩაფლეს და ორი სიმინდისმაგვარი მცენარე ამოვიდა. ისეთ ბურთულებს ისხამდა, მართლაც ღვთისმშობლის თვალებს ჰგავდა.

პატიმრებმა ამ მცენარეებს სახელებიც კი დაარქვეს. ეტყობა, ეს არ მოეწონა ციხის რომელიღაც ჩინოვნიკს. ციხის ეზოში ტრაქტორები შემოიყვანეს და ბაღი გადაასწორეს. რადგან ამ დროს პატიმრების ეზოში ყოფნა არ შეიძლებოდა, კარი დაგვიკეტეს და ის კაციც სწორედ მაშინ იმსხვერპლეს. დავით შარაძე გულის უკმარისობით გარდაიცვალა. გულის უკმარისობით ციხის გარეთაც კვდებიან ადამიანებიო. არადა იმ კაცის  სიკვდილის მიზეზი ის იყო, რომ ადმინისტრაცია არასწორად მოიქცა - ზაფხულში პატიმრები ორი დღე ჩახუთულ საკანში ამყოფა და ორი შვილის მამა მკვდარი გაიტანეს ციხიდან. იმ ბაღისკენ პატიმრებს აღარც გაუხედავთ. ჩვენ ხომ სიხარულის უფლება წაგვართვეს.

ხელისუფლების ზონდერი

ციხეში ბევრი იყო ისეთი, ვისაც ადრე დიდი თანამდებობა ეკავა. ახლაც იხდის სასჯელს წინა ხელისუფლების ერთ-ერთი გუბერნატორის მოადგილე. ბევრი ბიზნესმენი წამალზე დაიჭირეს. ასეა, სანამ თავიანთად მიაჩნიათ ვიღაც, არ იჭერენ, მაგრამ თუ კონფლიქტი მოუვიდა ხელისუფლებასთან, თავისიანსაც არ ინდობენ. შერისხული უცებ აღმოჩნდება ნარკომანიც, მექრთამეც...

ერთი პატიმარი ამ ხელისუფლების ზონდერების უფროსი ყოფილა. პოლიციის უფროსის დავალებით აქციების დროს მეგობრებთან ერთად სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული არბევდა ხალხს. ამ კაცის მეგობარი თურმე ლევან გაჩეჩილაძის მომხრე იყო და მიტინგებზე დადიოდა. რამდენჯერმე ნაციონალების ზონდერიც წაიყვანა აქციაზე. თანდათან მიხვდა ეს კაცი, რომ ხელისუფლება არასწორად იქცეოდა. ამასობაში მისიანებმაც გაუგეს, ოპოზიციის აქციებზე რომ დადიოდა, დაავლეს ხელი და შემოაგდეს ციხეში. ამ კაცს აბსოლუტურად უკანონოდ აქვს მისჯილი 10 წელი. თურმე რაღაც ფუთა დაანახეს, ეს ამოგიღეთ ჯიბიდან, ნარკოტიკიაო...

სააკაშვილის პირადი პატიმარი

სააკაშვილი იმის გამო გადამეკიდა, რომ არჩევნებში დახმარება მთხოვა და არ დავეხმარე.

2003 წლის არჩევნების დროს ბონდო შალიკიანის საარჩევნო შტაბის უფროსი ვიყავი ტყიბულში. შალიკიანი დამოუკიდებელი დეპუტატი იყო. მიშა მაშინ საკრებულოში იყო. ერთხელ ტყიბულში ჩამოვიდა. ბონდო შალიკიანი იქ არ იყო და მე შემხვდა. მითხრა, შალიკიანს შემახვედრეო, მაგრამ ბონდომ არ ისურვა, რამდენი პარტიის ლიდერი ჩამოვა, ყველას ხომ არ შევხვდებიო. მოკლედ, არჩევნებში ბონდომ გაიმარჯვა. ტყიბულში "ნაცების" ხელმძღვანელი მოვიდა ჩემთან, დაგვეხმარეო. ვერ დაგეხმარები, მაგრამ ობიექტურობას დავიცავ-მეთქი. გამაფრთხილა, მიშას ეწყინებაო. იმ არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" 1700 ხმა მიიღო, "მოქალაქეთა კავშირმა" - 4 ათასი. შედეგები რომ უნახავს მიშას, გაგიჟებულა, ასე ცოტა ხმა რატომ არის ტყიბულიდანო.

"ნაციონალების" თავმჯდომარე ისევ მოვიდა, იქნება, ოქმები ჩავასწოროთ და მიშა დაგიფასებსო. მაგის დაფასება არ მინდა-მეთქი და ჩანს, ჩემი ნათქვამი მიუტანეს მიშას. ამის მერე მიუცვივდნენ ბონდო შალიკიანს და დაიჭირეს, მე დავრჩი ოპოზიციაში და მიშასთან დაპირისპირებული. ისე სააკაშვილთან მანამდეც მქონდა ურთიერთობა. მე და ჩემს, მეუღლეს მაია ელოშვილს გვთავაზობდა მათი სიით გვეყარა კენჭი. ჩემი მეუღლე მაშინ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.

იმ დროს იყო საკრებულოში კობა ბექაურიც, რომელიც მიშამ "მოქალაქეთა კავშირიდან" გადმოიბირა. მაიამ ჰკითხა მიშას, ასეთი ხალხით გინდა გამარჯვებაო? არა, ეგ ახლა მჭირდება, თორემ მაგას პარლამენტში კი არ წავიყვანო.

ბექაური მაშინაც ფულის შეწერაზე დარბოდა. ჩემმა მეუღლემ მიშას უთხრა, ასეთ ადამიანებთან ერთად ვერ ვიქნებიო და ამის მერე აგვითვალწუნა. ამას დაემატა ტყიბულის ამბავიც და... ჩვენი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

(გაგრძელება იქნება)