"მე ვარ ის ოსიც და ის ქართველიც, ვისთვისაც სამშობლო მხოლოდ საქართველოა!" - კვირის პალიტრა

"მე ვარ ის ოსიც და ის ქართველიც, ვისთვისაც სამშობლო მხოლოდ საქართველოა!"

"ვერანაირი გლობალური პოლიტიკა ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსახურს ვერ აგვიკრძალავს!"

სანამ პოლიტიკოსები ერთმანეთთან ჩხუბით ერთობიან, ქვეყნის მთავარ პრობლემაზე - დაკარგულ ტერიტორიებზე ჩვეულებრივი ხალხი ფიქრობს. მართალია, მხოლოდ ფიქრი ვერაფერს ცვლის, მაგრამ გაუნელებელი ტკივილი ოდესმე მაინც გვაიძულებს საერთო ძალისხმევას. ამ იმედით ვესაუბრეთ მზია ხეთაგურს - მამით ოსსა და დედით ქართველ პოეტს, რომელმაც ქართველებისა და ოსების შესაჩერებლად არაერთხელ ჩაიგდო სიცოცხლე საფრთხეში, რადგან ორივე მხრიდან უტევდნენ. მსგავს მდგომარეობაში მყოფმა არაერთმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა იმის გამო, რომ ამ განსაცდელს ვერ გაუძლო, ქალბატონი მზია კი კვლავ სამშობლოშია და ტკივილს თავისი შემოქმედებით ებრძვის, რადგან როცა სხვა იარაღი არ გაგაჩნია, სულისშემძვრელი სიტყვა ერთადერთი საშუალებაა მიზნის მისაღწევად. შეუდრეკელი ქალბატონი საქართველოს პატრიარქმა წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი ლექსები კი უამრავი ადამიანის გულს ხვდება.

- ბევრს ახსოვს, თავის დროზე როგორი თავგანწირვით ცდილობდით სამაჩაბლოს დაკარგვისთვის ხელის შეშლას. არაფერი გამოვიდა, მაგრამ გზა დარჩა და ოდესმე, როცა ქვეყნის გაერთიანება რეალური გახდება, თქვენსავით შერეული გენეტიკის ხალხი დიდ როლს ითამაშებს ამ პროცესში. - აუცილებლად. თუმცა მეეჭვება, ეს დრო მალე დადგეს. ეს მოხდება მაშინ, როცა პოლიტიკაში მოვლენ ადამიანები, რომლებიც პირად კეთილდღეობაზე წინ ქვეყნის კეთილდღეობას დააყენებენ. ამ საშინელ წარსულზე რომ დავფიქრდები ხოლმე, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს - ნახევრად გიჟი უნდა იყო ადამიანი, რომ ასეთი მოვლენების შუაში ჩადგე და, ალბათ, მეც ნახევრად გიჟი ვარ. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ამ "ნახევრად გიჟების" თავგანწირვის გარეშე დიდი საქმეები ვერ კეთდება. დიახ, მართლაც მძიმე მდგომარეობაში ჩავიგდე თავი იმის გამო, რომ

აქეთ ოსებს ვუჩიჩინებდი, საქართველოსგან გამოყოფა დაგღუპავთ-მეთქი და იქით ქართველებს დავძახოდი, რას სჩადიხართ-მეთქი! როგორ შეიძლებოდა, ერთ კალაპოტში მოქცეულიყო და ერთნაირად დასჯილიყო საქართველოს მოღლატე ოსიც და ისიც, ვისი "დანაშაულიც" მხოლოდ პასპორტში ჩაწერილი ოსური გვარი იყო?!

მეც მამა ოსი მყავდა და მერე რა?! ჩემმა მამიდებმა ცხინვალი იმიტომ დატოვეს, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ქართველი დედაჩემი, გვარად თედიაშვილი, ცხინვალის მთავარი პედიატრი, ცხინვალის დატოვების შემდეგ პატარა პაციენტებზე ნერვიულობამ შეიწირა, მაგრამ, საუბედუროდ, აღარაფრის შეჩერება შეიძლება მაშინ, როცა უკვე დაძრული სისხლის მდინარე თავის წასალეკს წალეკავს. თუმცა, ერთი კია - სიტყვას მაინც აქვს ძალა, რადგან ადამიანების გულში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში ჩემი პლაკატები გააკრეს და ჩემს დაჭერაში ფულს იხდიდნენ, თბილისის მიტინგებზე კი არაერთხელ ვიწვნიე შიში და შეურაცხყოფა, ყველაფერი, რაც გავაკეთე, მაინც ღირდა.

ქართული გენის მთავარი ნაკლი ის არის, რომ მტრის პროვოკაციების ამოცნობის უნარი ვერ გამოვიმუშავეთ. ემოციებს აყოლილები გადავეშვებით ხოლმე იმ ბრძოლაში, რომელიც შეიძლება თავიდან ავირიდოთ და ამით საქმეს ისე ვაფუჭებთ, აღარაფერი გვშველის.

- ასე გაფუჭებული საქმეების დამსახურებაა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაც... - დიახ, ასეა. დღესაც ხომ ვხედავთ, როგორ დაუფიქრებელ სიტყვებს ისვრიან ჩვენი პოლიტიკოსები ტელეეკრანებიდან, არადა, ყველამ იცის, რომ საქართველო კავკასიის ხერხემალია და მის წელში გადასატეხად მტერი მუდამ ჩასაფრებულია, რადგან საქართველოს გატეხით მთელ კავკასიას იოლად გადაამტვრევს. მესმის, რომ პოლიტიკა დაკვეთაა და ჩვენს პოლიტიკოსთაგან უმეტესობა ისე იქცევა, როგორც დაუკვეთენ - ამისთვის ირგვლივ უამრავი მოსყიდული მუშაობს, მაგრამ ისეთი პოლიტიკოსებიც ხომ არსებობენ, რომლებიც სხვისი დაკვეთით აღარ მუშაობენ და საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძვიან?!

ასეთი პოლიტიკოსი მსოფლიომ უამრავი იცის და არ მესმის, ჩვენ რატომ არ გვეღირსა? ვინც შემეკამათება და მეტყვის, რომ ყველაფერს გლობალური პოლიტიკა წყვეტს და ერთეული პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ ქვეყნის სიკეთის გზით წაყვანას, ვუპასუხებ, რომ ეს სისულელეა და ვერანაირი გლობალური პოლიტიკა ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსახურს ვერ აგვიკრძალავს! როდესაც გვეღირსება და ჩვენს პოლიტიკაშიც გამოჩნდება ქვეყნისთვის გულანთებული ისეთი ხალხი, როგორებიც იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ თამარაშვილი და სხვა, ქვეყანას ეშველება, მანამდე კი ისევ ისე ვიქნებით, როგორც ვართ და ისევ ხალხი დაზარალდება.

ოთხი სახლი დავტოვე ცხინვალში - ორი მშობლებისეული და ორიც დეიდების. მინდა ჩემი და ჩემი შვილების ბავშვობის სურათები ვნახო და ვერ ვნახულობ - ისინი ცხინვალის ამ სახლებში დავტოვე და ცხადია, უკვე დამწვარი იქნება. ამ თემაზე მშვიდად საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ვერც გავჩუმდები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გარემოს შემხედვარეს რამის შეცვლის იმედი კარგა ხანს არ მაქვს. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები არასოდეს უსმენენ ჩემნაირებს, თორემ ბევრჯერ მიყვირია იმ საკითხებზე, ჩვენში დაპირისპირებას რომ უწყობს ხელს.

არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ არ მინდა ისეთი სამშობლო, სადაც ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ სხვა ეროვნების გამხელაზე ყოყმანობს, რადგან ასეთი დაძაბულობიდან კარგი არაფერი მოდის. ამას რომ ვამბობ, სულ ის მძიმე 90-იანი წლები მახსენდება, როდესაც ხალხს თავიანთი ეროვნების გამხელის ეშინოდა. არასოდეს დამავიწყდება გორში ოსი ქალი, რომელიც სურსათით დახმარების რიგში იდგა და ირწმუნებოდა, მართალია, პასპორტში ოსური გვარი მიწერია, მაგრამ სინამდვილეში ოსი მე კი არა, ჩემი ქმარი იყოო, არადა, ოსი იყო - ნახევრად ოსს ეს როგორ შემეშლებოდა, მაგრამ ამას იმ განმგმირავი მზერის თავიდან ასაცილებლად ამბობდა, რომლითაც სურსათს აძლევდნენ. რომ გავიდა, იმ ქალბატონს, რომელმაც მზერით კინაღამ განმგმირა, ვუთხარი, როდესაც ადამიანი იძულებული ხდება, ეროვნება დამალოს, ეს მომავლისთვის კარგს არაფერს მოასწავებს-მეთქი. მიპასუხა, მე ხომ არაფერი მითქვამსო, არადა, იმ წუთებში მის მზერას მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე სიტყვებს ექნებოდა...

- როგორ გაძელით, რომ საქართველოდან არ წახვედით?

- ეს თემა ჩემთვის დახურულია, მიუხედავად იმისა, რომ არ მილხინს. არასდროს დამიმალავს, რომ შემეძლო უცხოობაში, სახელდობრ, მოსკოვში, უზრუნველად მეცხოვრა, მით უფრო, რომ ეს ქალაქი ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან სტუდენტობა იქ გავატარე. რუსები და მოღალატე ოსები ბინას და მუდმივ შემოსავალს მთავაზობდნენ, ოღონდ, ამის სანაცვლოდ, უნდა ვმჯდარიყავი და საქართველოს წინააღმდეგ მეწერა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან მე ვარ ის ოსიც და ის ქართველიც, ვისთვისაც სამშობლო მხოლოდ საქართველოა; რომელსაც მიაჩნია, რომ ადამიანი სამშობლოში უფრო ბედნიერია, ვიდრე სხვაგან, სადაც იქნებ ლუკმაპური მეტია, მაგრამ სამშობლო არ არის. ჩემი მშობლიური ენა ქართულია და ქართველი მწერალი ვარ, ამიტომ უკიდურესად მძიმედ განვიცდი ქართული მწერლობის მდგომარეობას. ყველა ღატაკია, გარდა ხელისუფლებებთან დაახლოებული მწერლებისა. ჩემი და რომ არ იყოს, რომელიც თბილისში ცნობილი ექიმია, არც მე მექნებოდა სხვა სახსარი პენსიის გარდა და ეს ტრაგედიაა. განა იმიტომ, რომ შვილებს არ ვახსოვარ - ვინც ჩემს ოჯახს იცნობს, იცის, რომ საუკეთესო შვილები მყავს, ჭკვიანები, მშრომელები და განათლებულები, მაგრამ როცა ვხედავ, რომ მათი თავდაუზოგავი შრომა მათ შვილებსაც არ ჰყოფნით ხეირიანად, ცხადია, ვნერვიულობ. ჩემმა ვაჟმა სწორედ ამიტომ დაანება თავი ინტელექტუალურ სამსახურს და სულ სხვა საქმეს მიჰყო ხელი.

ქალიშვილი კი ქვრივია - მისი მეუღლე სწორედ ჩვენს ომებს შეეწირა, მაგრამ არც მე და არც ჩემს შვილებს აზრად არ მოგვსვლია, უცხოეთში გადავხვეწილიყავით შვილებით ან შვილების გარეშე. შრომას ალტერნატივა არა აქვს, შეიძლება ცოტა ხნით მართლაც გაიჭირვო და სადღაც იმუშაო, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რა ტრიალებს იმ ბავშვების თავზე, რომლებიც წლობით რჩებიან დედების გარეშე, მობილურ ტელეფონებს ჩახუტებულები. ამ თემასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული პროტესი მიჩნდება. ტექნიკის განვითარება ადამიანს თითქოს ყველაფრის შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ტექნიკა ვერასოდეს ვერც ერთ ბავშვს ვერ შეასწავლის სულიერებასა და სიყვარულს და ასეთი ბავშვები ვერც სამშობლოს გაგვიერთიანებენ. მიხარია, რომ უკვე ბევრი მშობელი ებრძვის ტელფონებით შეპყრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენ კი არა, მსოფლიოს არ ეყოლება ღირსეული მომავალი.

- მითხარით, რომ კარგა ხანს არ ელით საქართველოს გაერთიანებას. ამას მხოლოდ არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები უშლიან ხელს?

- ჩემი აზრით, ასეა. არა მგონია, პოლიტიკაში თუნდაც ექვთიმესნაირმა მოღვაწემ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე იზრუნოს და ხალხისთვის არაფერი გააკეთოს, ეს კი მაგალითი იქნება აფხაზისთვისაც, ოსისთვისაც და იმ ქართველებისთვისაც, ემიგრაციაში ამსიმძიმე სულიერ ტვირთს რომ ეზიდებიან. თუ ასეთი მოღვაწეები მოვლენ, სამაჩაბლოსაც და აფხაზეთსაც ათ წელიწადში დავიბრუნებთ. პოლიტიკაა მთავარი, თორემ ხალხს არაფერი უშლის გაერთიანებას. ამისთვის ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელმაც ჩემზე სულისშემძვრელად იმოქმედა. იმ წლებში, როცა სამაჩაბლოდან ლტოლვილები სასტუმრო "აფხაზეთში" ცხოვრობდნენ, ხშირად დავდიოდი მათ სანახავად. ერთ დღესაც, კიბეზე ასვლისას, ოსური სიმღერა გავიგონე და გავოგნდი - ვის უნდა ემღერა აქ ოსური სიმღერა, სასტუმროში ხომ მხოლოდ ქართველები იყვნენ! ნათესავთან მისულმა კი აი, რა დავინახე - სამაჩაბლოელ ქალებს პატარა სუფრა გაეშალათ, შემოსხდომოდნენ და ოსურ ხალხურ სიმღერას ღიღინებდნენ. რომ გამეღიმა, თვალცრემლიანებმა მითხრეს, ოსი მეზობლები მოგვენატრნენ და იმიტომაც მათ სიმღერებს ვმღერითო.

იმ ოსსა და ქართველს, რომელთაც ერთმანეთისთვის ოჯახები არ ამოუწყვეტიათ, ვერაფერი დააკავებს, რომ ერთმანეთისაკენ გაიწიონ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ურთიერთობაში ახლაც ბევრი ნაღმი იდება მავანთა დაფინანსებით, სიცოცხლეს ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსები ვინატროთ, რომლებიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ და ქვეყანაზე იზრუნებენ, ხალხი კი ისედაც ძალიან ადვილად დაუბრუნდება ერთმანეთს.