"ჩემი ქმარი ისე გარდაიცვალა, ეგონა, მამამისი ცოცხალი აღარ იყო"
"ჩემი ქმარი ისე გარდაიცვალა, ეგონა, მამამისი ცოცხალი აღარ იყო"
ფოტო:ძალიან შევშფოთდი, როდესაც იუსტიციის სამინისტროდან შეტყობინება მომივიდა, რომ რომელიღაც საბუთი მაკლდა
რამდენიმე კვირაა, რაც სოციალურ ქსელში დაკარგული ადამიანების საძიებელი შეიქმნა. ამ ჯგუფის მეშვეობით არაერთმა გაშვილებულმა ბავშვმა იპოვა ბიოლოგიური მშობელი და პირიქით. სხვა საქმეა, ამან ვის ბედნიერება მიანიჭა და ვის - მწუხარება, თუმცა ირმა გიქორაშვილი-კილაძის გამაოგნებელი ისტორია სხვებს ოდნავაც არ ჰგავს. ქალბატონმა ირმამ ამბავს ყოფილი მეუღლისა და მამამთილის, ირაკლი და თენგიზ რამიშვილების ფოტოებიც დაურთო. მამა-შვილი წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს, არადა, გვერდიგვერდ ცხოვრების მიუხედავად, მათ ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ქალბატონ ირმას ყველაფრის
დაწვრილებით მოყოლა ვთხოვეთ.

- როდესაც ჩემი ყოფილი ქმარი გავიცანი, ის მხოლოდ 23 წლის იყო, მაგრამ უკვე რთული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. მიამბო, როგორ დაკარგა მამა 5 წლისამ, დედა კი - 15-ისამ, თუმცა, გარდაცვლილი მშობლების მიმართ სხვადასხვანაირი დამო
კიდებულება ჰქონდა. დედას აღმერთებდა, ხშირად დადიოდა მის საფლავზე, მამის საფლავი კი სად იყო, არც იცოდა და არც აინტერესებდა, რომ მოეძიებინა.

ძალიან გვიჭირდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ჩემმა ყოფილმა ქმარმა მისი დანატოვარი ბინა გაყიდა და ნაქირავებში ხან სად ვცხოვრობდით, ხან სად.

გავიდა დრო და ოჯახი დაგვენგრა, მაგრამ ჩემი ყოფილი ქმარი შვილებზე ზრუნვას არ წყვეტდა. აქ რომ ვერაფერს გახდა, უცხოეთში წავიდა სამუშაოდ. დღე არ გავიდოდა, რომ ბავშვები არ მოეკითხა. გამოხდა ხანი და ოჯახი მეორედ შევქმენი. ჩემი ყოფილი ქმარი ძველებურად რეკავდა ბავშვებთან და მათი ცხოვრებით ინტერესდებოდა.

ერთ საღამოსაც მამა ბავშვებს "სკაიპით" ესაუბრებოდა, როდესაც მოულოდნელად ლაპარაკი შეწყვიტა. ბავშვები ვერ მიხვდნენ, რა მოხდა, მერე კი შევიტყვეთ, რომ სწორედ იმ დროს ბავშვებს რომ ელაპარაკებოდა, გარდაიცვალა. ბავშვებს თავზარი დაეცათ, მე კი ჩემი შვილების მამის ჩამოსვენება გადავწყვიტე - მას ხომ ჩვენ გარდა არავინ ჰყავდა და მინდოდა, ჩემს შვილებს მაინც ჰქონოდათ მამის საფლავი.

ყველა დოკუმენტი მოვაწესრიგე, საბოლოო პროცედურისთვის იუსტიციის სამინისტროში საბუთები ჩავაბარე. ძალიან შევშფოთდი, როდესაც შეტყობინება მომივიდა, რომ რომელიღაც საბუთი მაკლდა. იუსტიციის სახლში მისულს კი თანამშრომელმა განმიცხადა, რომ მიცვალებულის მამის ნებართვის გარეშე გადამოსვენების უფლება არ მქონდა! წარმოიდგინეთ, რა მომივიდოდა! ჩემი მამამთილი გარდაცვლილია-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ... მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ჩემი მამამთილი ცოცხალი იყო და მისი მისამართიც გავიგე, ჩემი ქმარი კი ისე გარდაიცვალა, ეგონა, მამამისი ცოცხალი აღარ იყო. აღმოჩნდა, რომ ჩემი მამამთილიც იმავე უბანში დადიოდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. არც ვაჟისა და არც ქალიშვილისთვის არაფერი გამიმხელია, ბაბუასთან ისე წავიყვანე, თუმცა, სამწუხაროდ, იმ მისამართზე აღარ აღმოჩნდა. სამაგიეროდ სახლში დაგვხვდა მისი და, ანუ ჩემი ქმრის მამიდა, რომელმაც არ დაიჯერა ჩემი ნაამბობი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყოფილი ქმრისა და მამამისის მამაშვილობის დამადასტურებელი საბუთი ვუჩვენე. მხოლოდ ის მითხრა, რომ ცოლ-შვილთ ან ერთად ლანჩხუთში ცხოვრობსო და ტელეფონის ნომერი მომცა, დაურეკეთ და გიპასუხებთო.

- გიპასუხათ?
- მის ნაცვლად მისმა ქალიშვილმა გვიპასუხა, მამა სიმსივნით არის ავად და ვერ შევაწუხებო, მითხრა და ტელეფონი გათიშა. არ მოვეშვი და რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ ჯიუტად მითიშავდა და იძულებული გავხდით, ლანჩხუთში მოსალაპარაკებლად ვინმე ისეთი გაგვეგზავნა, ვინც მათ ყველაფერს აუხსნიდა, ეტყოდა, რომ არაფერი გვინდოდა, გარდა იმისა, რომ მამას შვილის უცხოეთიდან გადმოსვენების ნებართვა მოეცა, თუმცა არც ამ მოლაპარაკებით გამოვიდა რაიმე. რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი ყოფილი მეუღლის მამა ისე გარდაიცვალა, მისთვის შვილის ამბავი არავის უთქვამს.

- გადმოსვენების ბედი როგორ გადაწყდა?
- მეგობარმა ქალმა დაკრძალა ბელორუსში და ჩვენს შვილებს მამის გარდაცვალების ცნობა გამოუგზავნა. მალე ჩემი ვაჟი 18 წლის ხდება და თვითონ ექნება მამის ჩამოსვენების უფლება.

- ნუთუ თქვენი მეუღლის ახლობლები, რომლებმაც მისი გარდაცვალების შესახებ გაიგეს, არ დაინტერესდნენ, რა ბედი ეწია მას?
- ჩემი ყოფილი მეუღლე 2019 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ არც ერთხელ არ დაურეკავთ, მათგან უარყოფის მიზეზს კი მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი - ნათესავებს ჩემი ყოფილი ქმრის არსებობის აღიარების შეეშინდათ, რადგან ჩათვალეს, რომ ამის შემდეგ ჩემი შვილები მათი ქონების წილს მოითხოვდნენ. მაგრამ მე ხომ მათი მართლაც არაფერი მინდოდა?! მხოლოდ იმას ვცდილობდი, ჩემს შვილებს მამის საფლავი ჰქონოდათ.

ამ ამბის გახმაურების სურვილი მხოლოდ იმიტომ გამიჩნდა, რომ აღარავინ მოინდომოს შვილებისთვის ნამდვილი ისტორიების დამალვა და ტყუილით გამოკვება. არ გაუკეთონ შვილებს ისეთი რამ, რის გამოც, ზრუნვის ნაცვლად შვილებსაც და მათ შთამომავლებსაც დიდი ტკივილით "დაასაჩუქრებენ".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები