კუმბა-მელა - მსოფლიოს უდიდესი რელიგიური შეკრება - კვირის პალიტრა

კუმბა-მელა - მსოფლიოს უდიდესი რელიგიური შეკრება

კუმბა-მელა, ანუ "ქოთნის დღესასწაული", მომლოცველთა გრანდიოზული შეკრებაა ინდოეთში. ის მრავალი საუკუნეა იმართება, მაგრამ მხოლოდ ბოლო ათწლეულებია, რაც მას ათეულობით მილიონი კაცი ესწრება. კუმბა-მელა, რომელიც (Kumbha Mela) იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, მსოფლიოში ყველაზე დიდ რელიგიურ შეკრებად ითვლება და ადამიანთა ერთადერთი თავყრილობაა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს!

წლეულს კუმბა-მელა 14 იანვრიდან 27 აპრილამდე ქალაქ ჰარიდვარში მიმდინარეობს. 11 მარტს აქ რამდენიმე მილიონი კაცი მონაწილეობდა მე-5 განბანაში წმინდა მდინარე განგში. დღესასწაული სულ 9 განბანას მოიცავს. მორწმუნეთათვის განბანა სულისა და სხეულის განწმენდის სიმბოლოა.

ქალაქი ჰარიდვარი, იგივე "ღვთის კარი", ინდუისტური რწმენის თანახმად, ერთ-ერთია იმ 4 წმინდა ადგილიდან, სადაც დაეცა უკვდავების ნექტრის წვეთები, როცა ის ქოთნით გადაჰქონდა მითურ მეფე ჰარუდას - ნახევრად ფრინველსა და ნახევრად ადამიანს.

დანარჩენი 3 წმინდა ადგილიც ინდოეთის ქალაქებია - ალაჰაბადი, უჯაინი და ნაშიკი. ოთხივე ქალაქში "ქოთნის დღესასწაული" მორიგეობით იმართება ყოველ 12 წელიწადში, ანუ ქვეყანას მისი გამართვა ყოველ 3 წელიწადში უწევს. ყოველი 144 წლის შემდეგ კი დიადი კუმბა-მელა უცვლელად ალაჰაბადში იმართება.

კუმბა-მელას დაწყებასა და მიმდინარეობას განსაზღვრავენ ვარსკვლავთმრიცხველები პლანეტების განლაგების მიხედვით. პლანეტების განლაგების გამო წლეულს პირველად მორიგი კუმბა-მელა ჰარიდვარში 11 წლის შემდეგ გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ჰარიდვარში კუმბა-მელას 70 მილიონი კაცი დაესწრო.

განსაკუთრებით გრანდიოზული დღესასწაული ალაჰაბადში იმართება. მიაჩნიათ, რომ სწორედ აქ მოახდინა ბრაჰმამ პირველი მსხვერპლშეწირვა სამყაროს შექმნის შემდეგ. აქ არის 3 წმინდა მდინარის - განგის, იამუნისა და მითური სარასვატის შესართავიც. 2019 წელს ალაჰაბადში კუმბა-მელას 120 მილიონი მომლოცველი დაესწრო (სხვათა შორის, ალაჰაბადშია დაბადებული ინდოეთის შვიდი პრემიერ-მინისტრი, მათ შორის ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი და რაჯივ განდი).

საინფორმაციო და სატრანსპორტო საშუალებების განვითარებასთან ერთად, კუმბა-მელას მომლოცველებისა და სტუმრების რაოდენობა განუხრელად იზრდება. მაგალითად, ალაჰაბადში მომლოცველებისთვის გახსნეს ახალი აეროპორტი, განრიგში დაამატეს 100-ზე მეტი ახალი მატარებელი, 500-ზე მეტი ავტობუსი, დაასაქმეს 15 000 რიქშა, გააფართოეს ქუჩები, დააგეს 300 კმ ახალი გზა. თუმცა დამცავი ზომებისა და 10 ახალი საავადმყოფოს გახსნის მიუხედავად, მორწმუნეთა კოლოსალური რაოდენობის გამო ყოველთვის არის რამდენიმე ათეული ადამიანის მსხვერპლი.

თავად სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მთავრობა ალაჰაბადში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს. იდგმება 125 000 ბიოტუალეტი, 20 000 ნაგვის ურნა, ღარიბებს უფასოდ, ხოლო სხვებს შეღავათიან ფასში ურიგდებათ 45 000 კარავი, ხოლო საწყობებიდან ფქვილი, შაქარი, ბრინჯი. ღონისძიებას თვალყურს ადევნებენ 1000-ზე მეტი კამერით, უშიშროებას კი დრონებითა და კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი 30 000 პოლიციელი იცავს.

რამაზ გურგენიძე