კიმლე მარან! - კვირის პალიტრა

კიმლე მარან!

ახალ რუბრიკაში - "მრავალეროვანი საქართველო" პერიოდულად მოგითხრობთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის შესახებ.

ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა და საამაყოა, რომ ქართველი ერის გვერდით საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ვინ არიან ისინი, საიდან, რატომ, როდის და როგორ მოვიდნენ, შევეცდებით ამ კითხვებს პასუხი გავცეთ. მოგითხრობთ მათი საფიქრალ-სატკივრის, ტრადიციებისა და ცხოვრების წესის შესახებ.

საქართველოში ასზე მეტი ეთნიკური უმცირესობის ჯგუფი ცხოვრობს. ამათგან საქართველოსთან ურთიერთობის დიდი ისტორია აქვთ ასირიელებს, იმავე აისორებს, ასურელებს.

სახალხო დამცველის მიერ გამოცემული წიგნის - "ეთნოსები საქართველოში" ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ასურელი მოსახლეობა საქართველოში მიწათმოქმედება-მესაქონლეობას მისდევდა. ასურელთა, როგორც მიწათმოქმედთა მაღალ კულტურაზე მეტყველებს გუთნის, კევრისა და სხვა სამეურნეო იარაღების დამზადების ტრადიცია. ტრადიციული მეთოდით ამზადებდნენ ასურელი ქალები თონესაც, რომელიც თიხითა და ღორის ჯაგრით იზილებოდა და მიწაში იყო ჩაფლული. ასურელთა შორის ყოფილან სახელგანთქმული კედლისმხატვრებიც, რომელთაც ხელობა თბილისში, იტალიურ ხატვის სკოლაში უსწავლიათ. სწორედ მათი მოხატულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა.

ამჯერად საქართველოში არსებობს საქართველოს ასირიელთა ეროვნული კონგრესი, სადაც 3000-ზე მეტი ქართველი ასირიელია გაწევრებული.

კონგრესის პრეზიდენტი დავით ადამოვი:

- ჩვენი ორგანიზაცია 1992 წლიდან არსებობს. ბოლო აღწერით 3268 ქართველი ასირიელი ირიცხება საქართველოში. პირველი ასირიული სათვისტომო კი XIX საუკუნეში შეიქმნა.

ქართველებისა და ასირიელების ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. მგონი, ასურეთის იმპერიის დროს დაიწყო ყველაფერი. ჩვენ სხვადასხვა მიმდინარეობის ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები, კათოლიკეები, ნესტორიანელები. მე კათოლიკე ვარ. ამჯერად ყველა ქრისტიანი ერთ დღეს აღნიშნNავს აღდგომას. ჩვენი სამზადისიც აღმატებულია ამ დღისათვის.

- დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ასირიელების გვარებს ქართული დაბოლოება აქვს, აღმოსავლეთში კი რუსულს ჰგავს. რატომ?

- პირველი მსოფლიო ომის დროს შემოვიდა ასირიელ ემიგრანტთა დიდი ტალღა. მაშინ საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, ამიტომაც საზღვარზე გადმოსვლისას რუსი სამხედრო ჩინოსნები ემიგრანტი ასირიელების გვარებს რუსულ დაბოლოებას უმატებდნენ.

ჩემი გვარია ადამი, მაგრამ ჩემს წინაპრებს რუსებმა გადაუკეთეს გვარი და გავხდით ადამოვები. ასირიელების ერთ ნაწილს სომხური დაბოლოების გვარიც აქვს, რადგან სომხეთიდან შემოდიოდნენ. როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა აქ დამკვიდრების შემდგომ არჩიეს გვარების გაქართულება. ასირიელების შემოსვლა, ძირითადად, რუსეთ-ირანის ომის დასრულების შემდგომ იწყება.  ტურმანშარის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით,  ირანელ ქრისტიან ასირიელებს შეეძლოთ გადმოსვლა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, აქ ცხოვრება და მოქალაქეობის მიღება. ამ პერიოდიდან იწყება გადმოსვლა საქართველოში...

IV-V საუკუნეებში საქართველოში ქრისტიანობა რომ ვრცელდებოდა, სწორედ ჩვენი წინაპრები თამაშობდნენ დიდ როლს. ჩვენთვის საამაყოა 13 ასურელი მამის მოღვაწეობა. საქართველოში მათი სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიაც არის. თბილისის მფარველი წმინდანი დავით გარეჯელიც ხომ ასურელ მამათაგან ერთ-ერთია.

- რა პრობლემები აქვს ასირიელებს საქართველოში?

- ამ სახელმწიფოს ნაწილი ვართ და ისეთივე პრობლემები გვაქვს, როგორიც ქართველებს. ეთნოსის პრობლემა ის არის, რომ ძალიან მცირერიცხოვანი სათვისტომო გვაქვს და გაბნეულად ვცხოვრობთ: უმრავლესობა - აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, თბილისსა და მის შემოგარენში. ერთი სოფელი გარდაბნის რაიონშია, ერთიც მცხეთის რაიონში, ძველი ქანდა. აქ მოსახლეობის 80% ასირიელია და ქართულ ენაზე შესანიშნავად ლაპარაკობენ. ენის პრობლემა მხოლოდ გარდაბანშია, სადაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობაა და სახელმწიფო ენის სწავლების საქმე მოუწესრიგებელია.

- მშობლიურ ენას როგორ ინარჩუნებთ?

- ვცდილობთ, შევინარჩუნოთ, მაგრამ პირობები არა გვაქვს. არ არსებობს ფაკულტატიური ჯგუფი, სადაც ბავშვები სკოლის გარეშე ისწავლიდნენ მშობლიურ ენას. თუ სახელმწიფო დაუშვებს ენის ამ სახით სწავლებას, სპეციალისტებით უზრუნველყოფას შევძლებთ. ამით ჩრდილი სულაც არ მიადგება ქართული ენის სწავლებას. ჩვენი სოფლის სკოლაში ყველა საგანი ქართულად ისწავლება და ჩვენც ეს მიგვაჩნია სახელმწიფოებრივ პოზიციად. ჩვენ ისტორიული სამშობლო აღარ გვაქვს, ამიტომაც საქართველოა აქ მცხოვრები ასირიელების სამშობლო, ჭერი.

ერთ ისტორიულ ამბავს გავიხსენებ: ერეკლე II-ს ასირიელთა პატრიარქთან ჰქონდა  მჭიდრო კავშირი. მეფე ანტიირანული კოალიციის შექმნას ცდილობდა და სურდა ამ საქმეში დიდი როლი ჰქონოდათ ასირიელებს. პატრიარქი მზად იყო 20000 ასირიელით დასდგომოდა გვერდით ქართველთა მეფეს. პოლიტიკური ინტრიგების გამო ერეკლემ ვერ წამოიწყო ეს საქმე და კავშირიც, სამწუხაროდ, ვერ შედგა. ასე რომ, ჩვენ ამ სახელმწიფოს ორგანულ ნაწილად მივიჩნევთ თავს და მას მივაგებთ პატივს. ამიტომაც, როდესაც ჩვენი ასირიელები საქართველოდან ემიგრაციაში მიდიან სხვა ქვეყნებში, ინარჩუნებენ ქართულ ადათსაც, ენასაც და ყველამ იცის, რომ საქართველოდან ჩასული ასირიელები არიან.

- ირანში, ფერეიდანში ქართველები, ძირითადად, მხოლოდ ერთმანეთზე ქორწინდებიან, რომ აბორიგენ ერში არ გაითქვიფონ. თქვენთან დაშვებულია შერეული ქორწინებები?

- ასირიელი შეიძლება ნებისმიერ ქრისტიანზე დაქორწინდეს. ეს არ იკრძალება, მით უფრო, ქართველებთან. ასირიელის ოჯახი ქართველის ოჯახისგან არაფრით განსხვავდება. თუმც, სააღდგომო სუფრაზე ჩვენს ეროვნულ კერძებს ვამზადებთ, მაგალითად, ჰარისას, ხორბლის ფაფას, რომელიც იხარშება მამალთან ერთად 7 საათის განმავლობაში. როდესაც ყველა ბრუნდება სააღდგომო ლიტურგიიდან, პირველად სწორედ ამ კერძს მიირთმევენ.

ქრისტიანთა სააღდგომო მილოცვა "ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა" საფუძველს თითქმის იმავე შინაარსის არამეულ ენაზე წარმოთქმული მილოცვიდან იღებს. კიმლე მარან (უფალი აღდგა), შუვხას შიმე (დიდება მის სახელს) სლავატ ე ლიმე (ლოცვები ღვთისმშობელს) - ეს არის ასირიელის სააღდგომო მისალმება მას შემდეგ, რაც უფალ იესო ქრისტეს აღდგომა ეუწყა სამყაროს.  სრულიად ქართველ ასირიელთა სახელით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, კიმლე მარან!