"არაჯანსაღად აგორებული პიარის გამო, საზოგადოების დამოკიდებულება სკეპტიკურია - ექიმებს ამ ჯაჭვის გაწყვეტის ვალდებულება გვაქვს" - კვირის პალიტრა

"არაჯანსაღად აგორებული პიარის გამო, საზოგადოების დამოკიდებულება სკეპტიკურია - ექიმებს ამ ჯაჭვის გაწყვეტის ვალდებულება გვაქვს"

უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინაცია დაიწყო, ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს, დილით, პირდაპირ ეთერში ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი - თბილისში პირველი მსურველები აიცრნენ. როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე “COVID-19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები და ა.შ.

ვაქცინაციის დაწყებას დიდი ოვაციით შეხვდნენ ქვეყანაში, თუმცა ექიმებისა და მედპერსონალის მხრიდან იმაზე მცირე მიმართვიანობაა, ვიდრე ამას ელოდნენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, პორტალზე BOOKING.MOH.GOV.GE ჯანდაცვის სექტორის 2067 მუშაკი იყო დარეგისტრირებული, ეს რიცხვი კი მოლოდინზე ცოტაა. ექიმების ნაწილს ახალი ვაქცინის კვლავ ეშინია.

ოჯახის ექიმი, ხათუნა ნუცუბიძე ერთ-ერთია, ვინც "ასტრაზენეკას" ვაქცინა უკვე გაიკეთა და თავს კარგად გრძნობს. ვაქცინაზე, მისი გაკეთების რისკებსა და სხვა საინტერესო თემებზე ოჯახის ექიმს ვესაუბრეთ.

ხათუნა ნუცუბიძე:

- ვაქცინის გაკეთების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე, როდესაც საქართველოში მისი შემოტანა დაიგეგმა, ვინაიდან პანდემია გლობალური პრობლემაა და ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახა, მივხვდი, რომ ბრძოლის ერთადერთი მეთოდი სწორედ აცრა იყო. ჩვენ - ექიმებს, ამ ჯაჭვის გაწყვეტის აუცილებლობა და ვალდებულება გვაქვს სწორედ, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ დავრეგისტრირებულიყავი და ჩემი წილი ვაქცინა მიმეღო.

მინდა გითხრათ, რომ თავს კარგად ვგრძნობ, არაფერი განსაკუთრებული სიმპტომი არ გამომივლინდა, ისევ ის ჩივილები მაქვს, რომელიც მქონდა გრიპის ვაქცინაციის შემდგომ - საერთო სისუსტე, ადინამია, თავისა და სახსრების ტკივილი. გვიან საღამოს დამიფიქსირდა სუბფებრილიტეტი ანუ დაბალი ტემპერატურა 37,2-37,3. სხვა სიმპტომები ამ ეტაპზე არ მაქვს და იმის შანსი, რომ რამე მოგვიანებით განვითარდეს, არ არის. თუ პოსტვაქცინალურად სწრაფი ტიპის ალერგიულ რეაქციას ველით, ეს უნდა მოხდეს ნახევარ სააათში, ამიტომ აცრის შემდგომ, როგორც წესი, პაციენტი ყოვნდება კლინიკაში და იგი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ არის. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი არის გვერდითი ეფექტი, რომელიც ორგანიზმის იმუნური სისტემის პასუხია და ბუნებრივი მდგომარეობაა.

- ვაქცინაციის დაწყებისას, სასქართველოში უამრავი მოსაზრება გავრცელდა, რომ, თითქოს, "ასტრაზენეკა" ნაკლებად სანდო ვაქცინაა, რას გვეტყვით ამის შესახებ? - თუ ვაქცინის მწარმოებელ ქვეყანას გავიხსენებთ, მაშინ ვერ ვიტყვით, რომ "ასტრაზენეკა" დაბალი დონის ვაქცინაა. საქართველოში მისი შემოტანა იყო ხარჯით ეფექტიანი, თუმცა ვაქცინას სხვა ბევრი დადებითი თვისება აქვს, რის გამოც გადაწყდა მისი შემოტანა.

"ასტრაზენეკა" არის ვექტორული ტიპის ვაქცინა, რომელიც ადენოვირუსის საფუძველზე არის შექმნილი, მარტივად რომ ავხსნათ, ჩვეულებრივი ვირუსული გრიპის საფუძველზე შექმნილი ვაქცინაა, რომელიც გენური ინჟინერიით მიიღეს და უკვე ძალიან კარგი შედეგები დადო. ვაქცინამ შემოწმების 3 საფეხური გაიარა და, შესაბამისად, შეგვიძლია მას თავისუფლად ვენდოთ.

- როგორია საზოგადოებისა და ექიმების დამოკიდებულება ვაქცინის მიმართ?

- არაჯანსაღად აგორებული პიარის გამო, საზოგადოების დამოკიდებულება სკეპტიკურია. ამ ახალ ვაქცინას სულ სტანდარტულ ვაქცინებს ადარებენ, რომლის შექმნასაც მეცნიერებმა წლები მოანდომეს, მაგალითად, ყვავილის, წითელასა და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინებს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ ტექნოლოგიური პროცესები მე-18, მე-19 საუკუნეებში სრულიად სხვანაირი იყო. მიკრობიოლოგიისა და, ზოგადად, ბიოლოგიის განვითარების დონე იმ ეპოქასა და ამ ეპოქაში განსხვავებულია. თუ ადრე რაღაც პროცესის დასრულებას წლები სჭირდებოდა, ახლა ტექნოლოგიური განვითარების გამო, ეს ყველაფერი დაჩქარდა.

- თქვენი დაკვირვებით, როგორ მიდის საქართველოში ვაქცინაციის პროცესი?

- ამ ეტაპზე, ვაქცინაციის პროცესი ისე არ მიდის, როგორც ველოდებოდით, რადგან პირველ დღეს დარეგისტრირებული 2000 სამედიცინო პერსონალიდან აცრაზე გამოცხადდა 600 ექიმი. როგორც ჩანს, ვაქცინაციის აუცილებლობა ყველამ ბოლომდე ვერ შეაფასა. ასევე, დიდია შიშის ფაქტორი, თუმცა თუ გადავხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვაქცინა და რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, თუ აცრას არ გავიკეთებთ, მასზე ასეთი მცირე დამყოლობა არ უნდა იყოს.

- თქვენ თუ გქონდათ შიში?

- უცხო მდგომარეობასთან შეგუება შიშს იწვევს. წინა საღამოს ნამდვილად ვღელავდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვაქცინის სარგებელი იმდენად დიდია, რომ ჩემი შიში ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ჩვენ უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩვენი გზა უნდა გაიარონ. ისინი ენდობიან ექიმს და, თუ ექიმი ამ ნაბიჯს არ გადადგამ, სხვა ადამიანს ვერ მოვთხოვთ ვაქცინის გაკეთებას და ეს პროცესი ჩავარდება. მიხედავად შიშისა, პანდემიის დასრულებაში ჩემი წვლილის შესატანად ეს პირველი ნაბიჯი იყო და სწორედ ამიტომ გადავდი ის დაუფიქრებლად.

მე არ მაქვს იმის მორალური უფლება, ექიმს ან სამედიცინო პერსონალს მოვუწოდო ვაქცინაციისკენ და ვერც ვერავის დავაძალებთ, აიცრან. ეს ნებაყოფლობითია. საფრთხე თვითონ უნდა გაიაზროს და გადაწყვეტილებაც თვითონ უნდა მიიღოს ადამიანმა.

- როგორ ფიქრობთ, პანდემიის დასასრულებლად ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია?

- ისტორია გვეუბნება რომ პანდემია სხვანაირად არ დასრულდება, ეს ჯაჭვი გაწყდება მხოლოდ ვაქცინაციის საშუალებით. თვითონ სიტყვა "ვაქცინაცია" ნიშნავს ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. მედიკამენტოზური თერაპია არ არის ბრძოლის მეთოდი, ეს არის დაავადების წინააღმდეგ მკურნალობა, მაგრამ ბრძოლა, რომ ეს დაავადება მარტივად გადაიტანო, არის მხოლოდ ვაქცინა, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

- კორონავირუსის შემდგომ გართულებებზეც ვისაუბროთ, ვირუსი უძილობას, თმის ცვენასა და ბევრ სხვა სიმპტომს ტოვებს...

- სამედიცინო სფეროში ჩამოყალიბდა ყველაზე ხშირად განმეორებადი სიმპტომები, რომელიც "პოსტკოვიდურ სინდრომად" მოიხსენიება. მათ შორის ყველაზე ხშირია: შფოთვა, ნერვული აშლილობა, დეპრესია, უძილობა, მკერდის ძვლის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება კუნთოვან სისტემაში, ძვლოვანი ტკივილები, ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, დაულაგებელი კუჭის მოქმედება, ასევე, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება ხანგრძლივი დროით, ვხვდებით ტინიტუსს ანუ თავბრუსხვევასა და ყურებში შუილს. დაახლოებით, 14-15 სიმპტომია, რომელიც პოსტკოვიდურ პაციენტებში ყველაზე აქტიურად მეორდება.

იმისთვის, რომ დავარქვათ მდგომარეობას პოსტკოვიდური, პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან და კოვიდის გასვლის შემდგომ უნდა გამორიცხოს ორგანული პათოლოგია. თუ მას აქვს კარდიალური ჩივილი, უნდა მივიდეს კარდიოლოგთან და ნახოს, ხომ არ არის გულის კუნთი დაზიანებული, ეს არის პოსტკოვიდური სინდრომი თუ ეს არის კოვიდის შემდგომი გართულება, მაგალითად, ექსუდაციური პერიკარდიტი, რომელიც ხშირად რჩება, როგორც კოვიდის გართულება და მას მედიკამენტოზური მართვა სჭირდება.

პირველ რიგში, ჯერ უნდა გამოვრიცხოთ დაავადება და თუ ექიმის გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ ეს დაავადება არ არის და "პოსტკოვიდური სინდრომია", მაშინ საშიშიც არაფერია, რადგან მდგომარეობა თავისით გადის. სიმპტომები ვლინდება 3 თვიდან 12 თვემდე, ეს, ძირითადად, იმუნურ სისტემასა და ორგანიზმზეა დამოკიდებული.

(სპეციალურად საიტისთვის)