"ბოევიკი" ჯეელები - კვირის პალიტრა

"ბოევიკი" ჯეელები

თვითმმართველობები მიკრომოდელია  58-პროცენტიანი მხარდაჭერის მქონე ივერიის გამაბრწყინებელი "ნაცმოძისა"

თვითმმართველობა უნივერსიტეტში იგივე კომკავშირია. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კომკავშირის ლიდერები (ხალხში მათ "კომსომოლებს" უწოდებდნენ) უშუალოდ არ სცემდნენ სტუდენტებს. მხოლოდ ერთხელ, ასე ოციოდ წლის წინ გეპეისთან რექტორმა ჩოგოვაძემ მიუქსია საკუთარი კომკავშირის აქტივი ეროვნული მოძრაობის იმ წევრებს, რომლებიც მიტინგს მართავდნენ ინსტიტუტთან. ის მუშტი-კრივი დღესაც ახსოვს ხალხს. ყოფილი "კომსომოლები", რომლებიც დღეს ზოგი სად არის, ზოგი - სად (ერთ-ერთი ძალიან მსხვილი ბიზნესმენიცაა), ალბათ, ძალიან უხალისოდ იხსენებენ იმ ჩხუბს.

რთულია იმის განსაზღვრა, სად აღმოჩნდებიან დღევანდელი თსუ-ის თვითმმართველობის ჯეელები ოცი წლის შემდეგ, შეიძლება გამთლიანებულ, გაბრწყინებულ საქართველოშიც. ალბათ წარმატებასაც მიაღწევენ, ფულსაც იშოვიან, ოჯახს შექმნიან,  მაგრამ შერცხვებათ თუ არა იმ ცემა-ტყეპისა, რომელიც წინა კვირას გამართეს უნივერსიტეტის დერეფნებში? ისტორია მარტივია - ხელისუფლებას სურს სტუდენტები აპოლიტიკურ-ასოციალურ საკანში ჩაკეტოს. ახალგაზრდული პროტესტი ხომ ძალიან  მძლავრი რამაა! ამიტომ კარგა ხნის აპრობირებულ ხერხს მიმართეს.

შექმნეს "ნაცმოძის" გაგრძელება ე.წ. სტუდენტური თვითმმართველობა და კარგა გვარიანი თანხაც გამოუყვეს (ასობით ათასი ლარი). ეს ფული მნიშვნელოვანწილად ექსკურსიებზე და სხვა გასართობ ღონისძიებებზე იხარჯება. შესაბამისად ჩინებულად მუშაობს სტუდენტების მოსყიდვა-მოქრთამვის მექანიზმიც. თუმცა ყველას ვერ იყიდი! სტუდენტთა მრავალათასიან კონტინგენტში მუდამ გამოჩნდება ერთი-ორი უკმაყოფილო ინდივიდი. აი, აქ თვითმმართველები დაშინების ნაცად ხერხს მიმართავენ.

ამასთან, რაიმე მზაკვრულ გეგმას კი არ აწყობენ და ვინმე "მობოევიკო" ტიპები კი არა ჰყავთ დაქირავებული, არამედ ბოლშევიკური ენთუზიაზმით თავად ურტყამენ ოპონენტებს. ხშირად  ცემის საბაბი იმდენად უმნიშვნელოა, საღი გონებით რომ დაუფიქრდე, ვერც კი მიხვდები, რა არის ამ ახალგაზრდების აგრესიულობის მიზეზი. არა მგონია, მათ რაიმე პოლიტიკური მითითება ჰქონდეთ ბოსებისგან, სტუდენტებს ურტყითო... ამიტომ მათი გააფთრების ახსნა ერთია - იმ ვითარებამ, რომელიც დღეს საქართველოშია, იმ ტოტალურმა ძალადობამ, რასაც ყველგან ვხედავთ, ასეთი ყმაწვილები შვა.

მართლაც, "ვარდების“რევოლუციის" დროს ეს ახალგაზრდები პატარები იყვნენ. ოდნავ წამოიჩიტნენ და ტელევიზიით დაინახეს მასობრივი დაპატიმრებები, შემდეგ იხილეს, თუ როგორ ართმევდნენ ქონებასა და სახლ-კარს მოქალაქეებს. მათ 7 ნოემბრის დარბევაც კარგად დაამახსოვრდათ და 9 აპრილის აქციებზე ტერორისტული თავდასხმებიც. ამიტომაც მოექცნენ აღვირახსნილი, უკონტროლო ძალადობის პროპაგანდის ველში. შესაბამისად, ჩვენი ნორჩები ვერ ამყარებენ ოპონენტთან მშვიდობიან კომუნიკაციას. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანში მოსისხლე მტერს ხედავენ, რომელსაც დისკუსიისას არგუმენტებით კი არ უნდა მოუგო, არამედ უნდა მოერიო. ზოგს ეს ქუჩური მიდგომა ჰგონია, თუმცა ეს ასე არ არის.

ქუჩაში ფორმალურად მაინც ხდება მტყუან-მართლის გარჩევა. რა თქმა უნდა, იქაც ჯუნგლების კანონი მოქმედებს, მაგრამ მასაც აქვს რაღაც პოსტულატები. აქ კი - წლების განმავლობაში სახელისუფლებო აგრესიით მოწამლული ჯეელები მიზეზის აუხსნელად ურტყამენ თანატოლებს. სამიზნეც ოსტატურად აქვთ შერჩეული - მსხვერპლი ძირითადად ისეთი ახალგაზრდაა, რომელსაც უჭირს ხურდის დაბრუნება, რომელიც არ შეკრებს უბანში ძმაკაცებს და მოძალადეებს არ მიტყიპავს. ასეთებს სტუდკავშირის ახალგამოჩეკილი "ბოევიკები" ერიდებიან.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს თვითმმართველობები მიკრომოდელია 56-პროცენტიანი მხარდაჭერის მქონე ივერიის გამაბრწყინებელი "ნაცმოძისა". ჩინოვნიკი სტუდენტები პარტოკრატებივით საუბრობენ, ხოლო მათი ზონდერჯგუფები კუდის ბოევიკებივით ძალადობენ. უბრალოდ ძალზე დასანანია, რომ უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ნორჩ ასაკში ეზიარება ძალადობრივ სისტემას.

შალვა რამიშვილი