"მჯერა და მწამს, უფალს გამოვთხოვ ჩემს შვილს" - კვირის პალიტრა

"მჯერა და მწამს, უფალს გამოვთხოვ ჩემს შვილს"

"ფარმაცევტი მინდა გამოვიდე. ისეთ წამალს გამოვიგონებ, რომ ყველა ავადმყოფს დაეხმაროს. იმ დროისთვის ნიკიტა უკვე კარგად იქნება. ამიტომ, ამ სამაჯურებისგან განსხვავებით, ჩემს წამალს მხოლოდ გავაჩუქებ"

გადავწყვიტე გაგაცნოთ ძალიან საყვარელი ანა სალაღაია - პატარა გოგონა დიდი ტკივილით. ის 12 წლის ხდება. არც ისე დიდი ხნის წინ ანას ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა თანატოლების ცხოვრებისგან - მამა დილით სამსახურში მიდიოდა, დედას კი შინ შვილებთან, ანასა და ნიკიტასთან ერთად საინტერესოდ გაჰყავდა დრო მეუღლის დაბრუნებამდე...

30 იანვარს ამ ოჯახის ყოველდღიურობა შეიცვალა - ავტოკატასტროფის შედეგად ანას მამა გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფმა ნიკიტამ კი ბარძაყის მოტეხილობა და ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. ის იაშვილის კლინიკაში დიდხანს იყო კომატოზურ მდგომარეობაში, ახლახან კი თვალები გაახილა და ეს მისი ოჯახის წევრებისა და ექიმებისთვის დიდი სიხარულისა და იმედის მიზეზად იქცა.

ოჯახის მეგობარი, ქალბატონი ლელა, რომელსაც თავისი მაღაზია აქვს, ანას შესახებ ფეისბუკპოსტში წერდა: "მეგობრებო, დამირეკა ანიჩკამ: - ლელა დეიდა, ვაკეთებ სამაჯურებს და შეგიძლიათ გამიყიდოთო? ანიჩკა არის ნიკიტას და. გოგომ გადაწყვიტა იშრომოს და ასე ამოუდგეს გვერდში დედას. მე ვუერთდები ანას წამოწყებას და მისი პირველი მომხმარებელი ვარ. ვადიდოთ უფალი სხვადასხვა ფერის სამაჯურებით. მომწერეთ და გადაგიდებთ, ან თქვენი ფერი შეუკვეთეთ და დაგიმზადებთ".

ანა სალაღაია: - დედა თითქმის სულ საავადმყოფოშია, მე იქ არ მიშვებენ, პატარა ხარო. სახლში რომ ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ხელსაქმე ყოველთვის მომწონდა, ერთ დღეს მამიდაჩემმა ფერადი ძაფები მომიტანა და მე და ჩემს მამიდაშვილს სამაჯურების ქსოვა გვასწავლა. ჯერ ჩემთვის მოვიქსოვე, მერე მეგობრებს დავურიგე. ყველას მოეწონა, ამიტომაც გადავწყვიტე, ყველასთვის მომექსოვა, გასამრჯელოთი კი დედას დავხმარებოდი. რაც ლელა დეიდამ პოსტი დაწერა, იმდენი მსურველი გამოჩნდა, რომ მარტო ჩემი მამიდაშვილის დახმარება აღარ არის საკმარისი და ვფიქრობ, მეგობრებიც დავიხმარო. უკვე ინსტაგრამგვერდსაც ვაკეთებ და იქიდან ვუკავშირდები ყველას.

- რაზე ოცნებობ? - ფარმაცევტი მინდა გამოვიდე. ისეთ წამალს გამოვიგონებ, რომ ყველა ავადმყოფს დაეხმაროს. იმ დროისთვის ნიკიტა უკვე კარგად იქნება. ამიტომ, ამ სამაჯურებისგან განსხვავებით, ჩემს წამალს მხოლოდ გავაჩუქებ.

ევგენია სუმაროკოვა-სალაღაია (ანას და ნიკიტას დედა): - მე და ჩემმა მეუღლემ ამერიკაში გავიცანით ერთმანეთი. საქართველოში 10 წლის წინ ჩამოვედით და ამ ტრაგედიამდე საქართველოში 10 ბედნიერი წელი ვიცხოვრეთ. ეს 10 წელი ყველაზე კაშკაშა იქნება ჩემს ცხოვრებაში.

ნიკიტას სულ უნდოდა, რომ ცნობილი ყოფილიყო და ყველას მასზე ელაპარაკა, მართლაც მთელმა ქვეყანამ გაიცნო, ყველა მისი გულშემატკივარია. დღეში ერთხელ მიშვებენ მასთან, დილით მისთვის საჭირო ნივთები მიმაქვს საავადმყოფოში, დაცვასთან ვტოვებ და რეანიმაციის განყოფილებაში ააქვთ. მეუბნებიან, ნუ წუხდებით, არ არის საჭირო ამდენჯერ მოსვლაო. რა იციან, ჩემთვის რამხელა სიამოვნებაა ნიკას პალატის ფანჯრების ქვეშ გავლა.

ახლა ნიკას გადარჩენაზე ვზრუნავთ იაშვილის კლინიკის ექიმების არაჩვეულებრივი გუნდი, ჩვენი ოჯახი და ახლობლები.

ლიტერატურაში ბევრჯერ შემხვედრია გამოთქმა "ღმერთს გამოსთხოვა" და მხოლოდ ახლა გავიაზრე ამ სიტყვის მნიშვნელობა. მჯერა და მწამს, უფალს გამოვთხოვ ჩემს შვილს. ნიკას ექვსი ოპერაცია გაუკეთეს. ვიცი, წინ დიდი გზა გვაქვს (ჯერ - ჯანმრთელობა, შემდეგ - ხანგრძლივი რეაბილიტაცია საზღვარგარეთ), მაგრამ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს, ყველასგან განსაკუთრებულ თანადგომას ვგრძნობთ და ეს იმხელა ძალაა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ.

GE93BG0000000655506900GEL

მიმღები: ევგენია სუმაროკოვა-სალაღაია