"მხოლოდ ორი წლის შემდეგ გავიგეთ, რა მოუვიდათ მამას, ჟიული შარტავას, იმ ხალხს, რომელიც სოხუმის მთავრობის შენობაში ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ორი წლის შემდეგ გავიგეთ, რა მოუვიდათ მამას, ჟიული შარტავას, იმ ხალხს, რომელიც სოხუმის მთავრობის შენობაში ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული"

"მხოლოდ ორი წლის შემდეგ გავიგეთ, რა მოუვიდათ მამას, ჟიული შარტავას, იმ ხალხს, რომელიც სოხუმის მთავრობის შენობაში ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული. ეს ყველაფერი დაწვრილებით არის გადაღებული ვიდეოფირზე... მამას ავტომატს უმიზნებენ, უყვირიან, დაიჩოქეო, ის კი პასუხობს, არასოდესო! სულ ბოლოს ის კადრებია, როდესაც ქართველი ბიჭები დასახვრეტად გაჰყავთ, "მარშრუტკაში" სხამენ და ზურგზე კონდახებს ურტყამენ..."

ახლა, როდესაც ხშირად გაიგონებთ, რომ ქართველები უღირს და უმომავლო ერად ვიქეცით, ალბათ, ყველაზე მეტად არის საჭირო გმირების გახსენება, მათი, ვინც ღირსება სიკვდილით დაამტკიცა და ღირსეული მომავლის იმედიც დაგვიტოვა. როდესაც შენი წინაპარი ისე კვდება, როგორც გურამ გაბესკირია, ეს ამტკიცებს, რომ ხელწამოსაკრავი არ ყოფილხარ. გურამ გაბესკირიაზე მისივე ვაჟს, ვლადიმერ გაბესკირიას ვესაუბრე, რაც ძალიან ძნელი იყო. მას, მართალია, ძალიან უჭირს ვიდეოფირზე ასახული მამის დახვრეტის სცენის ყურება, მაგრამ სიამაყე აძლებინებს, რადგან მამამისი თავისი სიკვდილით მთელი ერის სათქმელს ეუბნება მტერს - ჩვენ შეიძლება დაგვხოცოთ, მაგრამ ვერასოდეს დაგვაჩოქებთ!

- როდესაც მეკითხებიან, როგორი მამა მყავდა, ხანდახან ლაპარაკის დაწყებაც კი მიჭირს. სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ვერ გამოვთქვამ. რა შეიძლება თქვა მამაზე, რომელიც ჩემთვის, 12 წლის ბიჭისთვის, ყველაფერი იყო? ის იყო სიცოცხლე და სილაღე, იუმორით და ბედნიერების წყურვილით სავსე ადამიანი. რამდენჯერ შინ გვიან დაბრუნებული მხოლოდ იმიტომ გაგვაღვიძებდა, რომ მთელ ოჯახს მოგვფერებოდა, საყვარელ სიმღერებს ჩაგვირთავდა, რომლებზეც მე და ჩემი და ვცეკვავდით. მამა მხოლოდ ჩვენთან კი არა, ჩვენს მეგობრებთანაც შეხუმრებული იყო. ამიტომაც უხაროდა ჩვენს ოჯახში მოსვლა ყველას. მამაჩემმა თავდადებული ზრუნვა იცოდა.

კარგად მახსოვს, რას აკეთებდა, როდესაც მისი რუსი მძღოლის შვილმა მდუღარე გადაისხა და დაიწვა - მანამდე ვერ მოისვენა, სანამ ეს ბავშვი სამკურნალოდ სოხუმიდან თბილისში არ გაგზავნა საკუთარი ხარჯით და არ დარწმუნდა, რომ გადარჩებოდა.

როდესაც სოხუმში საუკეთესო ქართველი ვოვა ვეკუა მოკლეს, მამა ხშირად გვთხოვდა, ვოვას ბიჭები სახლში ხშირად მოიყვანეთო. ჩვენ მეგობრები ვიყავით და ამას სიამოვნებით ვაკეთებდით, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდით, რომ მამას ობლებზე მზრუნველობა სურდა. უხვ სუფრას გაგვიშლიდა და ბედნიერი შემოგვცქეროდა. თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, ამას ისე სწრაფად აკეთებდა, გეგონებოდა, ეშინია, ვინმემ არ დაასწროსო. ფეხბურთი უყვარდა ძალიან. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე კვირით ადრე, როგორც კი სროლა დროებით შეწყდა, სოხუმის სტადიონი გააწმენდინა და ფეხბურთის მატჩი ჩაატარა გალელებსა და სოხუმელებს შორის... როდესაც სიტუაციის გამწვავების გამო სოხუმის დატოვებაზე საუბარს წამოვიწყებდით, გიჟდებოდა, ქალაქის მიტოვების ხსენებას ვერ იტანდა, ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკი შევწყვიტეთ. ახლა ვფიქრობ, მამა ცოცხალიც რომ დარჩენილიყო, ის სოხუმს მაინც ვერ მიატოვებდა. ამ ქალაქში მას უამრავი აფხაზი მეგობარი ჰყავდა, მაგალითად, სერგეი ბაღაფში. ისეთი ახლო მეგობრები იყვნენ, რომ შვილებიც ერთად ვიზრდებოდით. ამიტომაც ვერ წარმომიდგენია რომელიმე აფხაზის ყოფნა იმ ალყაში, რომელიც სოხუმის მინისტრთა საბჭოს შენობას ერტყა გარს, საიდანაც მამაჩემი, ჟიული შარტავა და სხვები გამოიყვანეს და დახვრიტეს.

- რამდენიმე წლის განმავლობაში დანამდვილებით არ იცოდით მამის დახვრეტის ამბავი, ცოცხალიც კი გეგონათ...

- ასე იყო და, არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, როცა საყვარელ ადამიანზე არაფერი იცი.

დედაჩემი მოსკოვშიც კი ჩავიდა მამას აფხაზ მეგობრებთან ამ ამბის გასარკვევად. მათ უთხრეს, შენ იცი, გურამი როგორ გვიყვარდა, მაგრამ მის საქმეში ისეთი ხალხი მონაწილეობდა, ჩვენ რომ არაფერს გაგვაგებინებდაო. ასეც იყო.

სანამ სოხუმი დაეცემოდა, დედაჩემი და ჩემი და გამოვიდნენ ქალაქიდან, მერე, 16 სექტემბერს - მე და ბებია. მამა მოვიდა გამოსამშვიდობებლად. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ ხომ ვხედავდი, ქალაქში რაც ხდებოდა, ამიტომ მამას ვუთხარი, რაც უნდა მოხდეს, შენ უნდა გადარჩე-მეთქი. ამის პასუხად უკანასკნელად ჩამიხუტა და მითხრა, იცოდე, რამე რომ მოხდეს, ოჯახში შენ ერთადერთი კაცი ხარო. ეს სიტყვებიც დღემდე მომყვება.

სოხუმის დაცემის დღეს ყველანი უკვე ფოთში ვიყავით. წინა ღამეს მამამ როგორღაც დარეკა ალყაშემორტყმული შენობიდან. მე და ჩემი და წამოვცვივდით, დედა ტელეფონს მივარდა და მამას ჩასძახოდა, გურამ, ტელევიზორში აცხადებენ, რომ სოხუმში ცუდი ამბებია, ჩქარა გამოდიო, მან კი თქვა სიტყვები, რომლებიც თითქოს მისი არც იყო - როგორმე შევძლებთ აქედან გამოსვლასო. ახლა ძალიან ხშირად ვფიქრობ - მამას რომც გამოეღწია, სოხუმის გარეშე მაინც ვერ იცოცხლებდა. წელს 74 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამ ასაკამდე ვერ მიაღწევდა, ახლა კი ჩემი ტოლია, 42 წლის.

მხოლოდ ორი წლის შემდეგ გავიგეთ, რა მოუვიდათ მამას, ჟიული შარტავას, იმ ხალხს, რომელიც სოხუმის მთავრობის შენობაში ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული. ეს ყველაფერი დაწვრილებით არის გადაღებული ვიდეოფირზე, რომელსაც, ალბათ, ყველას აჩვენებდნენ. ამ ვიდეოფირზეა ის მომენტიც, როდესაც მამას ავტომატს უმიზნებენ, უყვირიან, დაიჩოქეო, ის კი პასუხობს, არასოდესო!

- თქვენამდე როგორ მოვიდა ეს ფირი? - ერთ-ერთი იმ ქართველი ბიჭის დამ გამოისყიდა, რომელიც მამაჩემთან ერთად დახვრიტეს. სულ ბოლოს მასზე ის კადრებია, როდესაც ქართველი ბიჭები დასახვრეტად გაჰყავთ, "მარშრუტკაში" სხამენ და ზურგზე კონდახებს ურტყამენ. როცა ვნახე, ცრემლი მომაწვა, მაგრამ თან სიამაყე მომერია - მამაჩემმა მთელი ერის სახელით უთხრა მტერს, რომ ქართველებს ვერასოდეს დააჩოქებენ... ვიცი, ვინც დახვრიტა მამა და სხვები - ესენი იყვნენ ძმები პაპასკირები, რომელთაგან არც ერთი აღარ არის ცოცხალი.

- ქართველები...

- დიახ, მაგრამ გაყიდულები და ასეთი კაცი უფრო საშიშია, ვიდრე გადამთიელი. სწორედ გადამთიელმა კაცმა, ბალყარელმა, რომელიც იმ ამბებში მონაწილეობდა, რუსულ პრესაში დაწერა, ქართველებს დახვრეტისას შიში არ ეტყობოდათ, განსაკუთრებით უშიშრად კი ჟიული შარტავა და გურამ გაბესკირია გამოიყურებოდნენო. თითქოს ნანობდა იმ საქციელს. მამაჩემი, რომელსაც ასე ველოდი, მხოლოდ 2017 წელს ჩამოვასვენეთ და პატივით დავკრძალეთ, თუმცა მაშინაც, ახლაც და მომავალშიც ყოველთვის მექნება განცდა, რომ ის ბედნიერი კაცია. სამშობლოსათვის სიკვდილი ბედნიერებაა და ეს მამამ ძალიან კარგად იცოდა.