"ყველანაირ ზღვარს გადავედით - სულ ფორიაქში, კინკლაობაში, შუღლსა და რაღაცის მტკიცებაში ვართ" - კვირის პალიტრა

"ყველანაირ ზღვარს გადავედით - სულ ფორიაქში, კინკლაობაში, შუღლსა და რაღაცის მტკიცებაში ვართ"

"ყველანაირ ზღვარს გადავედით, სულ ფორიაქში, კინკლაობაში, შუღლსა და რაღაცის მტკიცებაში ვართ. არადა, გვყავს ისეთები, ვისაც საღად აზროვნება შეუძლია, ვინც არ აჰყოლია ამ ხელოვნურ ქაოსს, მაგრამ ისინი თითქმის არ ჩანან. დარწმუნებული ვარ, ასეთ ფონს ხელოვნურად ქმნიან - არსებობს ჯგუფი, ვინც ამ ისტერიკაშია ჩაბმული და მუდმივად აქტიურობს..."

ახმეტელის თეატრის მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე მტკივნეულად განიცდის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მიაჩნია, რომ ერთმანეთთან დაუსრულებელ კინკლაობაში, აგრესიასა და შუღლში დრო იკარგება...

- დღევანდელი ვითარება, ადამიანების შეხედულებები და განწყობები ფერების მიხედვით რომ შევაფასოთ, ყველაფერი კონტრასტულია, ერთ დიდ ქაოსს ქმნის და გადამეტებულ აგრესიასაც იწვევს. შესაბამისად, იქმნება ისტერიკული, ნერვიული გარემო, რაშიც ცხოვრება გვიწევს. ეს ეხება ყველა მიმართულებას, პროფილსა და სფეროს.

აგრესია ადამიანების ცხოვრებას ანგრევს და აზიანებს. სოციალურ ქსელებსა და მედიაში ისტერიკული ლანძღვა-გინება ისმის, რომ არაფერი ვთქვა გადაფასებულ ღირებულებებზე, ქალები რომ კაცებივით იგინებიან საჯაროდ. რომელი ერთი ჩამოვთვალო. საკმარისია, ვინმემ სხვებისთვის მიუღებელი პოსტი დაწეროს და რამდენიმე ასეული კომენტარი მოჰყვება, ლანძღვა-გინებით იკლებენ. ეს ახალი ტენდენციაა. უკიდურესობებში გადავცვივდით. ყველა სფეროში იგრძნობა აგრესიის მოჭარბება, პოლიტიკაში, საზოგადოებაში, რელიგიაში. ჭყონდიდის ეპარქიაში ეკლესიის მოაჯირიდან ადამიანები ცვივიან...

ყველანაირ ზღვარს გადავედით, ვერა და ვერ დავღვინდით, სულ ფორიაქში, კინკლაობაში, შუღლსა და რაღაცის მტკიცებაში ვართ. არადა, გვყავს ისეთები, ვისაც საღად აზროვნება შეუძლია, ვინც არ აჰყოლია ამ ხელოვნურ ქაოსს, თავის საქმეს გულწრფელად აკეთებს, მაგრამ ისინი თითქმის არ ჩანან. დარწმუნებული ვარ ასეთ ფონს ხელოვნურად ქმნიან - არსებობს ჯგუფი, ვინც ამ ისტერიკაშია ჩაბმული და მუდმივად აქტიურობს.

ოდესმე ყოველივე ეს გადაივლის, მაგრამ მანამდე ამ დუღილში დრო გადის, ხალხს ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა არა აქვს, ლუკმაპურზე უწევს ფიქრი. ეს ყველას ბრალია. ამ დროში უამრავი კარგი, სასარგებლო რამის გაკეთება შეგვეძლო, ცხოვრების დონე ოდნავ მაინც რომ შეგვეცვალა, ქვეყანა უფრო დამშვიდდებოდა.

ხშირად ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ხალხის თვალებში ვხედავ, რა დღეში არიან... რაც უნდა გაცვეთილი ფრაზა იყოს, ხელისუფლება ხალხის გასაჭირს უნდა გრძნობდეს. საქართველოს კი წლებია ასეთი ხელისუფალი არ ჰყოლია.

ვერ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამა თუ იმ საპასუხისმგებლო საქმეში პირადი ინტერესებითა და დამოკიდებულებით არ უნდა დაიყენო ადამიანი გვერდით. ჩვენთან ნიჭიერებს და პროფესიონალებს არ ეძებენ, პირად სიმპათიებზე აწყობილი ქვეყანა ვართ. ახლა პანდემიაა და როგორმე უნდა ვცდილობდეთ ისედაც დამძიმებული სოციალური ფონი უფრო არ გამწვავდეს. დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა მხოლოდ ურაპატრიოტიზმსა და ტრაფარეტულ განცხადებებს კი არა, სწორი მიზნისკენ სიარულს ნიშნავს. ჩვენი ქვეყნის მსახურებას მაშინ შევძლებდით, ქვეყნის სიყვარული რომ გვქონდეს გააზრებული. ქვეყნისა და ხალხის სიყვარული გვაკლია ან არასწორად გვესმის. მამაჩემი, ზურა იტყოდა, როგორ შეიძლება შენ გარშემო ერთი ადამიანი მაინც მშიერი, გაჭირვებული გეგულებოდეს და ბედნიერი იყოო. წლებია არაფერი იცვლება, დრო გადის, რაღაცებს ვკარგავთ, ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება კი იგივეა. მხოლოდ საკუთარ თავზე, პირად კეთილდღეობაზე ვართ გადართული. ხშირად მესმის, გაჭირვების დროს სხვანაირად შეკრული ვიყავით, ალბათ, ისევ უნდა გაგვიჭირდეს, რომ ერთმანეთს ხელები ჩავკიდოთო. ამდენი ომი, ტრაგედია, სისხლი და ცრემლი ვნახეთ, კიდევ რაღა უნდა გაგვიჭირდეს ან გაჭირვების გარეშე რატომ ვერ უნდა შევძლოთ ერთად დგომა?!

მუდმივად ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება რატომ უნდა გვჭირდებოდეს, როდესაც მეტი რესურსი გვაქვს, მეტის გაკეთება შეგვიძლია ქვეყნისთვის. წლებია პურის ფულის საშოვარზე უცხო ქვეყანაში გადავარდნილები ვართ, ისევ და ისევ იმის გამო, რომ პროფესიონალი კადრები განზე რჩებიან. სანამ ეს არ შეიცვლება, ერთ წრეზე ვიტრიალებთ.

- ხშირად ამბობენ, რომ საზოგადოება პოლარიზებულია, რადგან პოლიტიზებული ერი ვართ. ეთანხმებით ამას? - გაოცებული ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ევროპელ მედიატორებთან გამოიჩინა. რამხელა ძალისხმევა დასჭირდათ, რომ მოლაპარაკების მაგიდას მისხდომოდნენ. ამას ხომ მთელი მსოფლიო უყურებდა?! ალბათ, ფიქრობენ, ამათ როგორ უნდა ვენდოთ, ერთმანეთში ვერ მოუგვარებიათ ვერაფერიო. გასაგებია, რომ განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობა აქვთ, მაგრამ ევროპიდან ამხელა რანგის პირი რომ ჩამოდის, რაღაცაში მაინც უნდა გამოენახათ საერთო ენა. ახლა კინკლაობის, საკუთარ თავზე ფიქრის, ისტერიკისა და აქეთ-იქით მიხეთქების დრო არ არის, რთულ მდგომარეობაში ვართ.

ერთმანეთისკენ თითის გაშვერა კი არა, გავიდნენ ქუჩაში, იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ნახონ, რა დღეშია ხალხი. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ყოველდღე უნდა ფიქრობდნენ, რა შეიცვალოს უკეთესობისკენ. იმედია, როგორმე შეთანხმდებიან, პოლიტიკაშიც ხომ არსებობს ზღვარი... გაჭირვებულ ხალხს არაფერში სჭირდება ამათი კინკლაობის ყურება. მათ უნდა იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავენ. მთელი თაობა შეიცვალა, ჩვენ კი ისევ ერთმანეთთან დაპირისპირებაში ვართ. ამიტომაც გარბიან ქვეყნიდან, ვერც ვეუბნებით, სად მიდიხარო. შეიძლება სამშობლო მას ჩემზე მეტად უყვარდეს, მაგრამ აქ ცხოვრების კი არა, არსებობის პირობებიც არა აქვს. ვიცი, რომ ვინც წასულია, მათ დიდ ნაწილს აქეთ მოუწევს გული, მაგრამ რომ დაბრუნდნენ, რით იარსებონ?! ამიტომ ვერც განვსჯით მათ. ამასობაში კი ქვეყანა ინტელექტისგან, ნიჭისგან, ტალანტისგან იცლება, ეს ვიღაცას ხომ უნდა აღელვებდეს?! სხვანაირად საზოგადოებად ვერ შევდგებით.

- მაგრამ უკვე ხშირად გვესმის, სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდაო.

- ვერ ვიტყვი, რომ სასიკეთო ცვლილება არა გვაქვს, მაგრამ ვითარებიდან ჩანს, რომ საკმარისი არ არის. აუცილებელია განათლების დონის ამაღლება. შევხვედრივარ ისეთებს, ვინც მგონია, რომ განათლებას არ უჩივის, მაგრამ რაღაც საკითხზე ისეთი აზრი ჰქონიათ, გაოცებული დავრჩენილვარ. ამიტომ მგონია, საზოგადოებაში განათლების საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალი უნდა იყოს. ამ მხრივაც უნდა ვცდილობდეთ წინსვლას, განათლებული საზოგადოება ქვეყნის უკეთესი მომავლის წინა პირობაა. კოვიდპანდემიამ დაგვანგრია, ბევრი რამ გააჩერა და გაყინა, მათ შორის, განათლებაში, არადა, ამ დროის გამოყენება სხვანაირად შეიძლებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, მხოლოდ ჩვენთან კი არა, მსოფლიოში მძვინვარებს. ამიტომ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ შედეგებს, რაც გვაქვს - როგორმე რეგულაციების დაცვა უნდა გავაგრძელოთ.

საქართველოსთანა პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს უმძიმესი დარტყმაა. ეს საზოგადოების წევრებმაც უნდა გავაცნობიეროთ, როგორც სახელმწიფოს პრობლემა. იმდენი რამ გვაქვს გადატანილი, თუნდაც უახლოეს წარსულში და პანდემიასაც მოვესწარით, მართლაც მეტეორი არ დაგვცემია, თორემ სხვა ყველაფერი ვნახეთ. თუნდაც ამიტომ გვჭირდება მეტი განათლებული თაობა, რომელიც ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყანას მოახმარს. ახალი სისხლია საჭიროა. 90-იანი წლებიდან ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ პოლიტიკასა და სხვადასხვა სფეროში, ნუთუ ამ ქვეყანაში არ არსებობენ ახალგაზრდები, გზას რომ გაიკვლევენ და რაღაც ახალს, ჯანსაღს შემოიტანენ?!

- რა უშლის ამას ხელს?

- იმდენად აწეწილი და არეულია ბევრი რამ, მათ შორის, ადამიანური ურთიერთობები, რომ ის ახალგაზრდები ამ სიბინძურეში გარევას ერიდებიან.

მე არავის ვამართლებ და არც არავის ვუჭერ მხარს, მაგრამ ამის მაგალითია იმ ახალგაზრდის კრიტიკის ნიაღვარი, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ერთმანეთს. რატომ არ შეგვიძლია აზრის გამოხატვა და თუნდაც პასუხის გაცემა სხვანაირი ენით?!

ეს აგრესიული ენერგია სხვა მიმართულებით წარმართონ, რაღაც საქმე იპოვონ. მწარე გამოცდილებამ ხომ უნდა დაგვაფიქროს, რა მოგვიტანა ამ დაპირისპირებამ ცუდის გარდა.

- თქვენს შემოქმედებით საქმიანობაზეც გადავიდეთ. ხანგრძლივი პაუზის შემდგომ სცენაზე ბრუნდებით?

- დიახ, იგეგმება, რომ ყველა თეატრში განახლდეს რეპერტუარი და ერთხანს მოვერიდოთ დრამატულ-ტრაგიკული თემატიკის სპექტაკლებს. კოვიდპანდემიით გადაქანცულებს მეტი პოზიტივი გვჭირდება, რათა მაყურებელი დარბაზიდან დამძიმებული კი არა, გაღიმებული გავიდეს. საბედნიეროდ, ახლა ვაქცინა შემოვიდა და იმედია, ეს პანდემიის გადალახვაში დიდ როლს ითამაშებს.

ვერ ვიტყვი, ერთი სული მაქვს როდის ავიცრები-მეთქი, რადგან ჩვეულებრივი გამაყუჩებელი ნემსის გაკეთებაც არ მსიამოვნებს, მაგრამ როდესაც გარდაუვალი აუცილებლობაა, ავიცრები, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვასაც უქმნი საფრთხეს. არასერიოზულია თქმა, ვაქცინა მავნებელია, ჩიპს შემიყვანენ და უბედურება შემემთხვევაო.

- კულტურის სამინისტროში ცვლილებები გაქვთ...

- დიახ, ახალი მინისტრი გვყავს. მის მიმართ სრულიად ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს, არც კარგი, არც ცუდი, მაგრამ ვფიქრობ, ძლიერი ადამიანია. ახლა მნიშვნელოვანია თეატრში არსებული პრობლემების სწორად მიწოდება შევძლოთ. კულტურის სფეროში საერთო პრობლემის გარდა, არის პერსონალური პრობლემები. უბედურებაა, როდესაც ადამიანი თვეში 350 ლარად მუშაობს და ცხოვრობს. მათ გმირობას ვერ მოვთხოვთ, ახლა იქნებ თავად უნდა გამოვიჩინოთ გმირობა, რომ მათი ცხოვრება შევცვალოთ. თეატრში არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა პროექტშიც არის ჩართული, მაგრამ ზოგი მხოლოდ თეატრზეა დამოკიდებული და ამ ვითარებაში, როგორც რეჟისორის, ასევე მსახიობის მიერ შექმნილი პერსონაჟი ოჯახის წევრებზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება... ასე რომ, ამ ვითარებაში თავს ვერ მოვიტყუებ და მხოლოდ მშვენიერ რაღაცებზე ვერ ვილაპარაკებ. ამიტომ საიდანღაც უნდა დავიწყოთ, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს.

"საწნახელში ბიჭი იდგა ვადას ჩაფრენილი ხმლისას, აკვნიდან რომ არ ენახა მშვიდად დაღამება დღისა..." - ჩვენ ბრძოლის თაობა და ბრძოლის ქვეყანა ვართ, უბრალოდ, უნდა ვიბრძოლოთ იქ, სადაც საჭიროა და არა ერთმანეთთან. ჩვენ ვართ თაობა, ვინც მართლა ვადას ჩაფრენილი ვდგავართ და დღის მშვიდად დაღამება არ გვინახავს, ზუსტად ამიტომ, ვალდებული ვართ, ღირსეულად ვატაროთ ეს წუთისოფელი...