"ქალები უფრო სწრაფად ხდებიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული და მკურნალობასაც უფრო ძნელად ექვემდებარებიან..." - კვირის პალიტრა

"ქალები უფრო სწრაფად ხდებიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული და მკურნალობასაც უფრო ძნელად ექვემდებარებიან..."

"არანაკლებ რთული დასაძლევია დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე. რატომღაც ჰგონიათ, რომ მოწევა და აზარტული თამაშები ფსიქიკას არ აზიანებს"

"ვისაც ნარკოტიკული თრობა არ გამოუცდია, ვერ გაიგებს, რას ნიშნავს, როცა რეალობას გაურბიხარ, როცა მხოლოდ დაძინება და გათიშვა გინდა - სხვა არაფერი! რამდენჯერ ნარკოტიკი არ მქონია და სასწრაფო დახმარება გამომიძახებია, რომ დამამშვიდებელი გაეკეთებინათ, თვითმკვლელობაზეც ბევრჯერ მიფიქრია... სწორედ ამ მდგომარეობაში მივედი თაბორის მამათა მონასტერში, სადაც ცოტა ხანში რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. დღემდე ბედის მადლობელი ვარ, რომ ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი გავიცანი. რაიონიდან ჩამოვდიოდი, რომ მის სეანსებს დავსწრებოდი და იმ დღესვე უკან ვბრუნდებოდი. ჯგუფში იყო რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ლამის ცოცხალ-მკვდრები იყვნენ. ახლა კარგად ვართ და თამამად ვამბობთ, რომ მეორე სიცოცხლე შევიძინეთ. მე უკვე სხვებს ვეხმარები და მინდა სარეაბილიტაციო ცენტრი ჩემს რაიონშიც გავხსნა", - გვითხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ფსიქოთერაპევტ მანანა სოლოღაშვილს სწორედ მისი თხოვნით დავუკავშირდით.

- 2005 წლიდან ნარკოდამოკიდებულ პაციენტებს ე.წ. მინესოტის მოდელით ვმკურნალობ. მას "12 ნაბიჯის" მეთოდსაც უწოდებენ და ყველა სახის დამოკიდებულებასთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა.

- საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ნარკოტიკებისკენ სწრაფვა არ იკურნება.

- ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, მისგან სრული განკურნება არა, მაგრამ გამოჯანმრთელება შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ სულ პატარა მარცვალი, ფსიქოლოგიური მიდრეკილება მაინც რჩება. ნარკომანია ამით შაქრიან დიაბეტს ან ალერგიას ჰგავს: როცა ადამიანს ასეთი დაავადება აქვს, ფხიზლად უნდა იყოს და ისეთი საკვები არ მიიღოს, რომელიც მდგომარეობას გაამწვავებს. დაახლოებით ასევეა ნარკოტიკებიც.

"12 ნაბიჯის" პროგრამის მიხედვით, ნარკო და ყველა სხვა სახის დამოკიდებულება სულის დაავადებაა. ნარკოტიკებისკენ სწრაფვა ხშირად სათავეს გარემოდან ან ღრმა ბავშვობიდან იღებს. ეს ადამიანის სულის სიცარიელის ბრალია. ცარიელი სული შემავსებელს, თავშესაფარს, გარეთ, ნარკოტიკებში, ალკოჰოლში, აზარტულ თამაშებში ეძებს.

- "მსუბუქ" ნარკოტიკებზე დამოკიდებულება უფრო რთული სამკურნალოა თუ ინტრავენური ნარკომანია? - არსებობს აზრი, რომ ადამიანი, რომელიც ინტრავენურ ნარკოტიკს არ იყენებს, უფრო ადვილად იკურნება, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. ტაბლეტები, მოსაწევი და სხვა "მსუბუქი" ნარკოტიკი ისეთ რთულ პრობლემებს წარმოქმნის, რომლებიც ინტრავენურ ნარკომანიას არაფრით ჩამორჩება. არანაკლებ რთული დასაძლევია დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე. რატომღაც ჰგონიათ, რომ მოწევა და აზარტული თამაშები ფსიქიკას არ აზიანებს.

მინესოტის მეთოდი პაციენტის ხანგრძლივ მხარდაჭერას გულისხმობს. რეაბილიტაციაში სასულიერო პირიც ერთვება, თუ ეს პაციენტის სურვილია. პროგრამის გავლას 6-8 თვე სჭირდება. დღეს ეს მეთოდი ბევრ ქვეყანაში მუშაობს და განსაკუთრებით შედეგიანია ციხეებში.

- ნუთუ არსებობს გარანტია, რომ ყოფილი ნარკომანი ცდუნებას გაუმკლავდება? - ამის გარანტია არ არსებობს, მაგრამ ზოგი 7-8 წლის განმავლობაშიც ინარჩუნებს სიფხიზლეს. ცხადია, ზოგს "ჩავარდნაც" აქვს, მაგრამ სწორედ ამის პროფილაქტიკას გულისხმობს "12 ნაბიჯი". პაციენტებს ჯგუფში ანონიმურად ჩართვა შეუძლიათ.

- ალბათ, თქვენს პაციენტებს ბევრი ყოფითი პრობლემა აქვთ. - რა თქმა უნდა, მათ სხვა არაფერი აინტერესებთ, ოღონდ ფული იშოვონ წამლის საყიდლად, დალიონ ან ითამაშონ. ზოგი ნივთებს ოჯახიდანაც იპარავს, ყოფილა შემთხვევა, როცა ფული ბავშვის ყულაბიდან ამოუღიათ. დედის ან ცოლის სამკაულებზე აღარაფერს ვამბობ. ყველაფერი ლომბარდში აქვთ ჩაბარებული. ერთმა სარეცხი მანქანა ლომბარდში სარეცხიანად ჩააბარა...

- ყველაზე კარგად რომელი პაციენტის ისტორია გახსენდებათ?

- რამდენიმე პაციენტმა დიდ წარმატებას მიაღწია. ისინი "მეორე დედას" მეძახიან. ერთ მათგანს ციხეში ვმკურნალობდი, იმდენი შეძლო, მერე ჩემი თანამშრომელი გახდა. რამდენიმე ახლა სასულიერო პირია. სარეაბილიტაციო ცენტრები რომ არ გვქონდა, რთულ პაციენტებს მონასტრებში ვუშვებდით, იქ ვაცხოვრებდით. რამდენიმე იქვე დარჩა - შეეშინდათ, რომ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ და ერში ყოფნას მონასტერი არჩიეს.

ძალიან მტკივნეულად მახსენდება პაციენტები, რომლებმაც ნარკოტიკებს თავი ვერ დაანებეს და დაიღუპნენ. ერთხელ 16 წლის ბიჭი მოგვიყვანეს, რომელიც 12 წლიდან ინტრავენურ ნარკოტიკებს მოიხმარდა. დიდი ძალისხმევის შედეგად ნარკოტიკს აღარ ეკარებოდა, მაგრამ როგორც კი ჩვენთან ურთიერთობა შეწყვიტა, ისევ ცუდად გახდა... ჩვენს პაციენტებს ხშირად ვაფრთხილებთ, რომ საკუთარ თავზე მუშაობა არ უნდა შეწყვიტონ, მაგრამ ყველა როდი გვიჯერებს. მახსენდება ერთი პაციენტი, რომელიც თავისი შვილის სიტყვებმა აიძულა ჩვენთან სამკურნალოდ მოსულიყო. მოგვიყვა, როგორ ჰკითხა 6 წლის შვილმა, მამა, შენ ნარკომანი ხარო? ამბობდა, მაშინ მივხვდი, რას ვაკეთებდი და ჩემს ოჯახს როგორ ვექცეოდიო. რეაბილიტაცია კარგად გაიარა, მრავალი წლის განმავლობაში კარგად იყო, ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ, მის ხელში დიდი ფული რომ მოხვდა, კაზინოში თამაში დაიწყო და ბინაც დაკარგა და ოჯახიც დაენგრა.

- გამოდის, ერთი სახის დამოკიდებულებას ზოგჯერ სხვა ჩაენაცვლება ხოლმე? - ჩვენი პაციენტების უმრავლესობა ყველაფერზე ერთად არის დამოკიდებული - მოსაწევზე, ტაბლეტებზე, წამალზე, აზარტულ თამაშებზე. მათ შორის ქალებიც არიან. ქალთა ციხეშიც ვმკურნალობდი პაციენტებს. ერთ-ერთი ახლა ჩვენს ცენტრში მუშაობს... ქალები უფრო სწრაფად ხდებიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული და მკურნალობასაც უფრო ძნელად ექვემდებარებიან. გამოჯანმრთელების შემთხვევაც ცოტაა. ქალებში უფრო ხშირია ზედოზირების შემთხვევებიც.

ნარკოტიკზე დამოკიდებულება პიროვნებას ანადგურებს, ამიტომ გამოჯანმრთელებულს რომ ხედავენ, ეს მათთვის დიდი იმედია: ხედავენ კონსულტანტს, რომელიც ადრე მათ მდგომარეობაში იყო, ახლა კი სხვებს ეხმარება. ჩვენთან ასეთი ტრადიციაა: ვინც მე-12 ნაბიჯს მიაღწევს, მერე სხვებს უნდა დაეხმაროს. ამ მეთოდით ნარკოდამოკიდებულთა 30% ჯანმრთელდება, სხვა მეთოდებით - 7-10%. სწორედ ამიტომ "მინესოტის მეთოდმა" მთელი მსოფლიო მოიცვა.

ხათუნა ჩიგოგიძე