"სიზმრებს მხოლოდ ქართულად ვხედავ..." - კვირის პალიტრა

"სიზმრებს მხოლოდ ქართულად ვხედავ..."

"მე სამშობლოს ერთადერთ შვილს ვაძლევ - ჩემი შვილი ისრაელის ჯარში წავა და მე დამიცავს! შენ? შენ რას აძლევ სამშობლოს?.." - რას პასუხობს საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ებრაელი იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს...

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი ანი შიმშილაშვილი-კოლი 32 წლის ემიგრანტი ლელას პოსტს, რომ ის იტალიამ გულში ჩაიკრა და საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება, ასე პასუხობს: "არ მინდა, აკაკის ღამურასავით დაგემართოს. ლელა, შენგან იტალიელი ისე ვერ იქნება, როგორც ჩემგან - მარსელი, არ მინდა, საქართველოში დაბრუნებული ქართველებმაც ვეღარ გიცნონ. ახლობლები და მეგობრები მენატრება, სამშობლო - არაო. აბა, რა არის სამშობლო, თუ არა ახლობლები და მეგობრები? ცხოვრება არ ცვლის ადამიანებს, მხოლოდ მათ ნამდვილ სახეს აჩვენებს, შენი სული კი გააშიშვლა ამ ცხოვრებამ. არ გამოგივიდა ჩანაფიქრი, ვერ ააგორე აგრესიის ტალღა. მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული ეგ შენი აგრესია და არ გამოგივიდა...

ხალხო, დაბრუნდით თქვენს სამშობლოში, ნუ გააპარტახეთ სულ ეს ქვეყანა, ეს დაბოლილი ახალი თაობაც თქვენი შექმნილია, იტალიიდან გამოგზავნილი ფულებით დაბოლილი! ვისთვის ყიდულობთ, ემიგრანტებო, ამ სახლებს, თუ თავად არ ცხოვრობთ? ან თუ იცით, რომ საქართველოში დატოვებული შვილებიც სრულწლოვანი გახდებიან თუ არა, ქვეყნიდან გაიქცევიან? სამშობლო ისაა, ვინც შოკოლადს მომცემსო! შენ რას აძლევ სამშობლოს? მე სამშობლოს ერთადერთ შვილს ვაძლევ - ჩემი შვილი ისრაელის ჯარში წავა და მე დამიცავს! შენ? შენ რას აძლევ? სამშობლო არაფერს მოგცემს. მან უკვე მოგცა, დანარჩენი კი შენ ააგე მოცემულზე!

ჩემო ლელა, ჩემო ემიგრანტებო, 26 საუკუნის შემდეგ მაინც დავბრუნდით ისრაელში, არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ორად ვიხლიჩებით - აქ ვართ და მანდ გვინდა, მანდ ვართ და აქ გვინდა. მაინც დავბრუნდით, დავტოვეთ შოკოლადიც და პურიც! არ გამომიხტეთ არავინ და არ მითხრათ, ჩვენ სად დავბრუნდეთო? სად და, საქართველოში! თქვენ ქვეყანა გაქვთ, ჩვენ კი ქვიშაზე ჩამოვედით, 40 გრადუს სიცხეში ქვიშას ვთხრიდით, კარვებში გვეძინა უწყლოდ და უპუროდ, მაგრამ ეს ვარჩიეთ სხვა ქვეყნის შოკოლადს! თქვენ ხომ ქვიშა არ გელოდებათ? მიწა, წყალი, სახლი და კარი გელოდებათ. ჩვენ ხე კი არა, ბუჩქიც არ გვედგა... დაბრუნდით სახლებში და ააშენეთ! თქვენ ხომ ქვიშიდან არ იწყებთ?!".

ანი 25 წლის იყო, როდესაც საქართველოდან ისრაელში წავიდა საცხოვრებლად. დღეს სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორია. მისი სიტყვები, სიზმრებს მხოლოდ ქართულად ვხედავ და სიყვარულიც ქართულად ვიციო, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. ამ სიყვარულმა არ მოასვენა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ასე ემოციურად უპასუხა:

- სოციალურ სივრცეში გავრცელდა წერილი, ლელა წერდა, რომ ორი წელია, იტალიაშია და ვისაც თავში ტვინი აქვს, საქართველოში დაბრუნებაზე არც იოცნებებს; რომ მის ქვეყანაში ზოგი ისე კვდება, ხორცის გემო ენატრება. წერდა, რომ იტალიამ გულში ჩაიკრა, საქართველო კი მის მეხსიერებაში დარჩება იმ ნაცრისფერ ქვეყნად, სადაც ხალხი ჭიანჭველასავით შრომობს, მაგრამ უმარილოდ ცხოვრობსო... ამ წერილმა გული მატკინა. არ მესმის, რატომ მოსწონთ სამშობლოს ლანძღვა.

ებრაელი ვარ და საქართველოში გავატარეთ 90-იანი წლები, ერთ-ერთი რთული პერიოდი - "მხედრიონი", დაყაჩაღება, დარბევა. ამის მიუხედავად, დღემდე მენატრება ის პერიოდი. ისრაელს ყოველთვის ვთვლიდით სამშობლოდ, მაგრამ მან ვერ შეცვალა საქართველო. მე დღემდე ქართულად ვხედავ სიზმრებს. მყავს 20 წლის გოგონა, მთელი ბავშვობა საქართველოს მოქალაქეობაზე ოცნებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაინც გახდა საქართველოს მოქალაქე.

ჩემს შვილს კანადაში ცხოვრება სურს, თუმცა კარგად იცის, რომ ებრაელს აქვს ერთი ქვეყანა, მას ისრაელი ჰქვია და სადაც უნდა წავიდეს, ბოლოს მაინც ისრაელში დაბრუნდება. საქართველოში საკავშირო ოლიმპიადების ლაურეატი ვიყავი ცეკვასა და სიმღერაში, მაგრამ 18 წლისას მამამ თავი დამანებებინა, მითხრა, სამედიცინოზე ჩამებარებინა - ებრაელები ვართ, არ ვიცით, ხვალ სად ვიქნებით და მინდა ისეთი პროფესია გქონდეს, რომლითაც ყოველთვის თავს ირჩენო. მან იცოდა, რომ როდისმე აუცილებლად დავბრუნდებოდით ისრაელში.…

იცით, კიდევ რატომ გამაბრაზა ამ წერილმა? ისრაელში პირველად რომ ჩამოვიდა ემიგრაცია, სად იყო მაშინ დახმარება? ამის მიუხედავად ებრაელები ჩამოდიოდნენ, ქვიშას ყიდულობდნენ და იქ სახლდებოდნენ. 1925 წელს საქართველოდან წამოსულ ებრაელებს ვიცნობ, რომელთაც მანდ დატოვეს უზარმაზარი სახლები და აქ იასამნის პლანტაციებში დაიწყეს მუშაობა, ჭაობების ამოშრობას ცდილობდნენ.

- ფეისბუკგვერდზე ატვირთეთ ფოტოები წარწერით: "საქართველოში დედის დღეს ზეიმობენ, ჩვენთან კი ოჯახის დღე იყო. ეს ფოტოები ისრაელის რეალობაა, ეს გოგონა დედაა, ეს ახალგაზრდა კი - მამა. ასე იზრდებიან ისრაელში ბავშვები და მაინც მაგრები და კარგები არიან. იქნებ და ეს რეალობაა მათი წარმატების მიზეზი?" - ისრაელში სამხედრო სამსახური სავალდებულოა ქალისთვისაც და კაცისთვისაც. ჩემი გოგონაც სამხედრო სამსახურშია. დაამთავა სკოლა კომპიუტერის, არაბული და ჩინური ენების განხრით, იცის ინგლისური, ფრანგული, რუსული. განათლების სისტემა ისეთია, რომ ბავშვები კარგ მოქალაქეებად ყალიბდებიან. ერთ ინციდენტს გავიხსენებ, რომელიც ჩემი შვილის სკოლაში მოხდა. ბავშვებმა ეზოში ნაგვის ურნა გადმოაყირავეს და ეზო დაანაგვიანეს. დირექტორმა ნაგვის ურნა კლასში შეიტანა, ამოატრიალა და გამოაცხადა, ვერავინ გავა კლასიდან, ვიდრე აქაურობას არ დაალაგებთ. ასე მიხვდებით, რამხელა შრომაა საჭირო და რა გაუკეთეთ მეეზოვეებსო.

მარტოხელა დედა ვარ, ჩემი გოგონა ოთხი წლისაც არ იყო, ქმარს რომ დავშორდი. ხუთი წლიდან ჩემთან ერთად დამყავდა პროდუქტის შესაძენად, ერთ-ორ პაკეტს მასაც დავაჭერინებდი ხოლმე, რომ სცოდნოდა შრომის ფასი.

- განათლების სისტემა ახსენეთ... როგორია სასკოლო განათლება ისრაელში? - ექვს წლამდე არის ე.წ. გან ხოვა, ანუ სავალდებულო ბაღი, სადაც ბავშვებს პირველი კლასისთვის ამზადებენ. ისრაელში არ არის კერძო სკოლები, უფრო სწორად, სულ რამდენიმეა. ქალაქის მერია გავალდებულებს, ბავშვი უბნის სკოლაში მიიყვანო. ამის გამო ბავშვებს ტრანსპორტი არ სჭირდებათ. ყველა სკოლა ფერს ირჩევს და მაისურებს სასკოლო ემბლემა ახატია. აქ უბრალოებაა მთავარი - უბრალო მაისურები და არა - ბრენდები!

გაკვეთილების შემდეგ ჩემი შვილი გახანგრძლივებულში და საღამოს სკოლასთან არსებულ სხვადასხვა წრეზე ჩავწერე, რათა სულ დატვირთული ყოფილიყო და მე მშვიდად მემუშავა. მეორე კლასის პირველი ნახევრის ბოლოს განათლების სამინისტროდან წერილი მივიღე, თქვენი გოგონა სკოლამ ნიჭიერ ბავშვად დაასახელა და თუ გაქვთ სურვილი, ქალაქის ნიჭიერთა სკოლაში გადაიყვანოთ, გამოცხადდით გამოცდებზეო. ჩავირიცხეთ, მაგრამ ბავშვმა ჩემს ამხანაგებს ვერ დავშორდებიო, სკოლის მასწავლებელმაც - ნიჭიერი ყველგან ნიჭიერიაო და ჩვენც ძველ სკოლაში დავრჩით.

მეოთხე კლასში კვლავ მივიღეთ წერილი - თქვენი გოგონა დასახელდა, როგორც ნიჭიერი მათემატიკაში და თუ გსურთ, ბარ ილანის უნივერსიტეტში ჩააბარეთ გამოცდებიო. ეს არის მათემატიკაში ნიჭიერ მოზარდთა კურსი, სადაც ლექციებს უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტები ატარებენ. მოკლედ, სკოლის პარალელურად, 18 წლის ასაკში ისინი უკვე არიან მათემატიკოსები. ამით იმის თქმა მინდა, რომ სკოლა, სახელმწიფო ზრუნავს ამ ბავშვებზე, თავიდანვე ურჩევენ მიმართულებას შესაძლებლობების მიხედვით!

მე-8 კლასის ზემოთ, ყველა ბავშვი ვალდებულია, იყოს მოხალისე სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში. სკოლის შემდეგ ისინი მოხალისედ მუშაობენ მოხუცებთან, სასწრაფო დახმარების სამსახურში, ვეტერინარებთან, ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში და ასე შემდეგ.

მანამდე კი, ანუ მერვე კლასამდე, არის საზოგადოებრივი მოძრაობა "ნორჩი ბრიგადელები", ეს ორგანიზაცია 1907 წელს ბრიტანელმა გენერალმა რობერტ ბადენ პაველიმ დააარსა. აქ ასწავლიან ბავშვებს საზოგადოებაში თვითდამკვიდრების წესებს, უფროს-უმცროსობას, ბუნების სიყვარულს, დახმარება-გაცემას და, რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარულს.

ასეთ სკოლებს ჯარი აკვირდება, ზუსტად იციან, სახელმწიფომ სად შეიძლება ეს ბავშვები გამოიყენოს. იმის გარდა, რომ აქვთ ურთულესი გამოცდები, ჯარი ცალკე გამოცდებს ატარებს და ჯერ კიდევ სკოლაში, მე-11-მე-12 კლასებში ანაწილებენ მათ სამხედრო სამსახურში. ანუ, სულ გამოცდებია, რათა სახელმწიფომ საუკეთესო ბავშვები არ დაკარგოს. თუ აქამდე სახელმწიფო ზრუნავდა მათზე, დღეს მოვიდა დრო, ბავშვებმა იზრუნონ სახელმწიფოზე - ასეთია მიდგომა.

- 25 წლის წახვედით საქართველოდან. ალბათ, ძალიან რთული იყო საქართველოს მიტოვება, ახალ გარემოსთან შეგუება... - ისრაელში 1993 წელს ჩამოვედით. ბევრ სხვა რამესთან ერთად, იყო მენტალური პრობლემებიც. გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერი თვიდან დავიწყე. მალე გარიგებით დავოჯახდი, თუმცა მალევე დავშორდით ერთმანეთს.

თბილისში სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი. ამიტომ კოსმეტოლოგიურ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. ამ პერიოდს დაერთო ფეხმძიმობა და სახეზე ლაქები გამიჩნდა. ლაბორატორიაში დავიწყე ექსპერიმენტების ჩატარება და საუცხოო საცხები და პილინგები გამომივიდა. ჩემს კოლეგებს მოეწონათ და ასე ჩაეყარა საფუძველი ახალ ესთეტიკურ ფირმას. 90-იანი წლების ბოლოს ამ სფეროში მე ვიყავი ერთ-ერთი პიონერი. ერთმა საავადმყოფომ თანამშრომლობა შემომთავაზა, მერე ბევრ ქალაქში ავაწყვე ეს საქმე. ბოლო რამდენიმე წელია, დავიწყე პროექტი - სამედიცინო ტურიზმი ისრაელსა და საქართველოს შორის.

როდესაც ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი იყო, უნდოდა საჩხერის საავადმყოფოს ბაზაზე ისრაელის საკოორდინაციო და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მსგავსი შეექმნა. ვიყავი კიდეც ჩამოსული ექიმების ჯგუფთან ერთად. მინისტრად რომ დაინიშნა, პროგრამა გაჩერდა. მერე მოინდომა, გაეკეთებინა სახელმწიფო პროგრამა, რომ პირველადი დახმარება სულ სხვა დონეზე ყოფილიყო, მაგრამ კორონამ გეგმები ჩაგვიშალა.

- ამჟამად თელ-ავივში ტოპიხილოვის საავადმყოფოში მუშაობთ. როგორია დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება? - საავადმყოფოს ბაზაზე არის კერძო სამედიცინო ცენტრი და მისი დირექტორი ვარ.

ისრაელში ერთხელ 5 მილიონამდე ადამიანი აიცრა, 3 მილიონ-ნახევარზე მეტი კი - ორჯერ. აუცრელი დარჩა 4 მილიონი. აცრას არავის აიძულებენ. ჩემს სამედიცინო ცენტრში სამს არ უნდოდა აცრა - ერთი ალერგიულია, მეორე ფეხმძიმედაა და მესამეს, უბრალოდ, არ უნდა აცრა, მაგრამ ამის გამო არავინ დამუქრებიათ სამსახურიდან მოხსნით. ადამიანები იცრებიან, რადგან აქვთ მოტივაცია, ქვეყანა მალე გაიხსნას. მეც ავიცერი დეკემბრის ბოლოს, მაგრამ არც კუდი გამზრდია და არც რქები ამომსვლია.…

- მინდა გკითხოთ იმ ახალი პრეპარატის შესახებაც, რომელიც ისრაელმა გამოიგონა. ამბობენ, რომ მძიმე პაციენტების გადარჩენა შესაძლებელი იქნება. - ეს არის ახალი საცდელი პრეპარატი, წამალი და არა - ვაქცინა, რომელიც "კოვიდ-19"-ით დაავადებულ 30 მძიმე, კრიტიკულ და საშუალო ავადმყოფს მიეცა. 30-დან 29 ერთ-ორ დღეში გამოჯანმრთელდა და ხუთ დღეში სახლშიც გაეწერა. ოცდამეათეც გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა. წამალი ეძლევათ დღეში ერთხელ, ხუთი დღის განმავლობაში. ეს არის ტოპიხილოვის საავადმყოფოს პროფესორის, ნადირ არბერის შექმნილი პრეპარატი CD 24, რომელიც კიბოსთვის შეიქმნა, მაგრამ გადაწყვიტეს, ეცადათ ძალიან მძიმე ავადმყოფებზეც, რომლებიც სასუნთქ აპარატზე იყვნენ მიერთებული. პრეპარატი არის ცილა, რომელიც ფილტვებში ინჰალაციით შეჰყავთ.

ინიშნება ადგილობრივად, მოქმედებს ინტენსიურად და არ აქვს გვერდითი მოვლენები. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის წარმოება ძვირი არ არის. გვაქვს მეორე პრეპარატიც, რომელიც ვენიდან შეჰყავთ, ის აძლიერებს სუნთქვას, ზრდის სისხლში ჟანგბადის რაოდენობას და იმუნიტეტსაც აუმჯობესებს. ეს ორივე პრეპარატი ჯერჯერობით გამოსაცდელია.

- დაბოლოს, სიზმრებს მხოლოდ ქართულად ვხედავ, ქართულად ვფიქრობ და ვაზროვნებო, ამბობთ. ეს სიტყვები ააფორიაქებს ნებისმიერ ქართველს... - სიზმარში რატომღაც ყველაფერი ხდება რაჭაში, ონში, ჩემი ბავშვობის სახლში. სახლი ჩვენი აღარ არის, მაგრამ მაინც...

2010 წელს ჩამოვედი საქართველოში, გზა ამერია და მამას დავურეკე. თერჯოლის გადასახვევიდან მელაპარაკებოდა და ისე მივყავდი, ყოველი ქვა და ყოველი კუთხე ახსოვდა. ახლა ეს კლდე გამოჩნდება, ახლა ეს ქვა, ასეთი ჩასახვევიო... ბოლოს მკითხა, შაორი გამოჩნდაო? კი-მეთქი და - ახლა აღარ გჭირდები, უკვე მანდ ხარო. ასეა - ცეკვა ქართული, სიყვარული ქართული, ლოცვა ივრითული - თითქოს ასე უკეთ ვილოცები, წერა და აზრები კი ქართული.…

ნინო ჯავახიშვილი