"ამერიკაშიც კი, ოჯახური ტვირთი ქალზე გადადის, ქალი ოჯახის დიასახლისია - პანდემიის დროს სამსახურდაკარგულთა შორის ქალები ლიდერობენ" - კვირის პალიტრა

"ამერიკაშიც კი, ოჯახური ტვირთი ქალზე გადადის, ქალი ოჯახის დიასახლისია - პანდემიის დროს სამსახურდაკარგულთა შორის ქალები ლიდერობენ"

"პანდემიის დროს ამერიკაში ქალებმა უფრო მეტად დაკარგეს სამსახური, ვიდრე კაცებმა. იმიტომ კი არა, რომ ნაკლებად პროდუქტიულები არიან, უბრალოდ, მაღალგანვითარებულ საზოგადოებაშიც კი ქალი ოჯახის დიასახლისია... სტატისტიკური მონაცემებით, აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, ქალის ფუნქციაა ოჯახის მოვლა"

კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მედიასა და ჟურნალისტიკაში მარიამ ბეთლემიძე წლებია მოსახლეობაში მედიის გავლენას, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას სწავლობს და სტუდენტებსაც ასწავლის. "კვირის პალიტრა" მას აშშ-ში დაუკავშირდა.

- ჩემი სფერო კომუნიკაციების ანალიზია, რომელშიც შედის მედიის როლი კონფლიქტებში, მაგალითად, როგორ აშუქებს მედია ოჯახურ ძალადობას, ასევე, ამ თემატიკაზე გადაღებული მეინსტრიმფილმების, სერიალების გავლენას საზოგადოებაზე. ამ სფეროში კვლევები მაქვს მომზადებული ევროპის იმ ქვეყნებშიც, სადაც ინგლისური, ფრანგული და რუსული ენებია მიღებული... ვიკვლევ იმ ქვეყნების მედიას, თუ რა თემებია საზოგადოებაში აქტუალური და რა ფაქტორები ახდენს მათ აზრზე გავლენას.

მაგალითად, პანდემიის დროს საზოგადოება ჩაკეტილია და დროის გაყვანას ფიქციურ სამყაროში შესვლით, ფილმებით და სერიალებით ცდილობს. საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრები ქალთა უფლებებსა და როლზე გარდაქმნილია ფილმის სიუჟეტებში, სადაც კიდევ უფრო მყარდება პატრიარქალური აზროვნება. როდესაც მაყურებელი უყურებს ქალებზე ძალადობის ან მათ მიერ შექმნილი ცუდი დედის, ცუდი მეუღლის პერსონაჟს, ეს ნიშნავს, რომ მედია ქმნის ქალს როგორც კრიტიკის ობიექტს და აძლიერებს მოლოდინს, რომ ქალებმა დააკმაყოფილონ უნაკლო ქალის იმიჯი როგორც ოჯახში, ისე სამსახურში, სამეგობროში და ა.შ., რასაც ვერ ვიტყვით კაცის იმიჯზე, რომლის ნაკლოვანებები ხშირად დადებით მახასიათებლებად მიიჩნევა.

- ჩვენი ინფორმაციით, პანდემიის გამო ამერიკაში უამრავმა ქალმა დაკარგა სამსახური. ეს ინფორმაცია სანდოა? - დიახ, ქალებმა უფრო მეტად დაკარგეს სამსახური, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ნაკლებად პროდუქტიულები არიან, უბრალოდ, მაღალგანვითარებულ საზოგადოებაშიც კი ქალი ოჯახის დიასახლისია. სტატისტიკური მონაცემებით, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ საზოგადოებაში ქალის ფუნქციაა ოჯახის მოვლა.

რადგან ბავშვები ონლაინსწავლაზე გადაიყვანეს, მათზე ზრუნვა დედებმა იკისრეს და მუშაობა ამიტომაც გაუჭირდათ. ამერიკაშიც კი, რომელიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა ქალთა უფლებებით, ოჯახური ტვირთი ქალზე გადადის. სტატისტიკის თანახმად, ამერიკაში სამსახურდაკარგულთა შორის ქალები ლიდერობენ. ამასთან, ნაწილმა ნებით დატოვა სამსახური, სანამ ბავშვები სკოლას არ დაუბრუნდებიან და ცხოვრება ჩვეულ რიტმში არ გაგრძელდება. არადა, ზოგადად, ითვლება, რომ ქალები კარგი მენეჯერები არიან, დროის სწორად გადანაწილება შეუძლიათ - სანამ ბავშვი სკოლასა და სხვადასხვა წრეზეა, ქალი დროის შუალედების ზუსტად ათვისებას ახერხებს. თუმცა პანდემიის დროს ბალანსი დაირღვა, ოჯახში ქალის დატვირთვა გაიზარდა.

ბოლო ხანებში ამერიკასა და ევროპაში ბლოგერი ქალების თემა ძალზე აქტუალურია "სუპერდედის" ან სხვა პროექტის სახელით, მაგრამ ასეთი აქტივობებით ქალისა და მამაკაცის როლები კი არ გათანაბრდა, პირიქით, ქალის ტვირთი უფრო დამძიმდა.

ამერიკასა და ევროპაში ჩამოყალიბდა ილუზიური წარმოდგენა, რომ ქალებმა უკვე გადალახეს ყველა ბარიერი და გაუთანაბრდნენ მამაკაცებს, რაც მხოლოდ ილუზიაა...

ამერიკაშიც კი, რომელიც მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, უამრავი დაბალშემოსავლიანი ოჯახია. მას შემდეგ, რაც ქალებმა სამსახური დაკარგეს, მათი რიცხვი უფრო გაიზარდა, ქალებზე ძალადობა გახშირდა, გაიზარდა განქორწინების მაჩვენებელიც...

- თქვენზეც გვიამბეთ - ემიგრანტი ქართველი ქალი ხართ, რომელიც ამერიკაში ქალთა უფლებების დაცვას ცდილობს.

- არა მარტო ქალების, ოფიციალურად ამას არავინ აღიარებს, მაგრამ ამერიკაში რასობრივი განსხვავება და დაყოფა, თუნდაც კანის ფერის გამო, მაინც არსებობს. ამჟამად ჩემი კვლევის საგანი ისიც არის, თუ რა როლს თამაშობს ადამიანის კანის ფერი საზოგადოებაში და როგორ აშუქებს ამას მედია.

ამერიკაში წამოსვლამდე სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების თემებზე ვმუშაობდი. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ხდება ადამიანების დაყოფა, რომლებიც კონფლიქტის ხაზის სხვადასხვა მხარეს დგანან, ასევე იმ ადამიანების მიმართ განწყობა, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებლად ითვლება შეხედულებების, ცხოვრების წესის, სექსუალური ორიენტაციის გამო... დღეს ამ მხრივ საქართველოშიც შეიცვალა რეალობა...

საერთოდ, ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ განსაზღვრული რადიკალური ჯგუფები ყველა ქვეყანაში ქმნიან საზოგადოებრივ აზრს.

როგორც ამერიკაში მიიჩნევენ, დონალდ ტრამპი იმიტომ გახდა პრეზიდენტი, რომ მას რელიგიური ოჯახები უჭერდნენ მხარს. აქ მედიაც საკმაოდ პოლარიზებულია დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ტრიბუნებად. ნეიტრალურ მედიას აქაც უჭირს ელექტორატის შენარჩუნება და უმრავლესობა მისთვის მისაღები პოზიციის მქონე მედიით ინტერესდება.