რას ვკითხულობთ ვულკანურ ნაკადებში­ "ჩაწერილ" ინფორმაციაში - კვირის პალიტრა

რას ვკითხულობთ ვულკანურ ნაკადებში­ "ჩაწერილ" ინფორმაციაში

"სხვათა შორის, დმანისში პირველი ევროპელის ასაკის დადგენაშიც დიდი როლი სწორედ ვულკანურმა ლავურმა ნაკადმა (დაახლოებით 1.8 მილიონი წელი) ითამაშა"

დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია და მუდამ იცვლება, ხშირად - სახიფათოდაც. ამ მარტივი ჭეშმარიტების დამტკიცებისთვის კაცობრიობას დიდი დრო დასჭირდა, დღეს კი მეცნიერები დედამიწის სიცოცხლის იმ იდუმალი წესრიგის შესწავლას ცდილობენ, რომლის მიხედვით ფატალური ცვლილებების შესახებ წინასწარ გვეცოდინება. დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებები ერთ-ერთია მათ შორის, რაც პლანეტის სიცოცხლეს ემუქრება... დედამიწის ისტორიაში არაერთი ინფორმაციაა "ჩაწერილი", როცა დედამიწის პოლუსებმაც კი შეიცვალა ადგილები. ანუ ჩრდილოეთ პოლუსი სამხრეთით გადაადგილდა, სამხრეთისა კი - ჩრდილოეთით. ამის წარმოდგენა, ალბათ, ძნელია, თუმცა, არა - მეცნიერებისთვის, რომლებიც ამ მოვლენის შესახებ დალექილ ინფორმაციებს ვულკანურ ქანებში ან სულაც უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებში პოულობენ.

მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის არქეომაგნეტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთო გოგიჩაიშვილი მსგავსი ინფორმაციების მკვლევარია მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, მათ შორის - სამშობლოშიც. უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად მისი კვლევები ჯავახეთის ჩამქრალ ვულკანებზე ათეული წლების მანძილზე გრძელდება, რასაც ბოლო დროს გრაკლიანის არქეოლოგიური არტეფაქტების კვლევაც დაემატა. ამ თემაზე სასაუბროდ პროფესორს მექსიკაში დავუკავშირდით.

- ბატონო ავთო, სამეცნიერო მუშაობისთვის ასეთ შორეულ ქვეყანაში როგორ აღმოჩნდით?

- ეს გზა ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იწყება, სადაც ფიზიკის ფაკულტეტზე უმძიმეს 1990-იანებში ვსწავლობდი გეოფიზიკის მიმართულებით. ისეთი მეცნიერები მასწავლიდნენ, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტს დაამშვენებდნენ.

1991 წელს ჯავახეთის ვულკანების საკვლევად საქართველოში ფრანგი მეცნიერის, მიშელ პრევოტის ექსპედიცია ჩამოვიდა, რომლის თარჯიმნობაც მე მომიხდა - ამ დროს მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და თბილისის 23-ე, ე.წ. ფრანგული სკოლის წყალობით ფრანგული ენა კარგად ვიცოდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწორედ ამ ფრანგმა მეცნიერებმა მიბიძგეს საფრანგეთის საელჩოს სამეცნიერო კონკურსისაკენ, გავიმარჯვე და საფრანგეთშიც აღმოვჩნდი. აქ ხუთი წლის განმავლობაში ვიმუშავე სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაციებზე, რომლებიც სწორედ ვულკანურ ნაკადებში "ჩაწერილ" იმ ინფორმაციას ეხებოდა, რომელსაც მაგნიტური ველი ტოვებს. ამის შემდეგ მექსიკაში გავემგზავრე. სადაც 23 წლის მანძილზე გავიარე გზა პოსტდოქტორანტობიდან სრულ პროფესორობამდე.

მექსიკაში 50 000 ვულკანური ნაკადია, ამ ქვეყნის ეროვნულ უნივერსიტეტში კი - დაახლოებით ნახევარი მილიონი სტუდენტი და პროფესორი, ასე რომ, აქ მუშაობის დიდი რესურსები დამხვდა. მოგეხსენებათ, დედამიწის მაგნიტური ველის დღევანდელ მდგომარეობას უამრავ სამეცნიერო ცენტრში იკვლევენ, მე კი პარალელურად არქეომაგნეტიზმის მიმართულებაც შევისწავლე.

- როგორც ცნობილია, მეცნიერების ეს დარგი ძალიან ახალგაზრდაა.

- შედარებით ახალი დარგი გახლავთ. ჩვენ მაგნიტური ველის იმ ინფორმაციებს ვიკვლევთ, რომლებიც უძველეს არტეფაქტებშია "ჩაწერილი". ეს მაგნიტური ინფორმაციების "ჩაწერის ტექნოლოგია" თავისთავად ძალზე საინტერესო პროცესია. ის დაკავშირებულია მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული საგნების გაცივებასთან. უძველესი ლითონის ან თიხის სადნობი მრავალათასწლოვანი ღუმელების ტემპერატურა 10 000 o C-საც აღწევდა, გაცივებისას კი მათში "იწერებოდა" და სამუდამოდ რჩებოდა მაგნიტური ველის ის ტალღები, რომლებიც იმ მომენტში არსებობდა, დღეს კი ჩვენ ვპოულობთ და ვკითხულობთ. სწორედ ასე ვარკვევთ, როგორი მიმართულება ჰქონდა მაშინ მაგნიტურ ველს, იყო თუ არა შეცვლილი დღევანდელთან შედარებით. ორი წლის წინ ამ მიზნით გრაკლიანის უძველესი ღუმელებიც გამოვიკვლიეთ. აქ, სავარაუდოდ, სამი-ოთხი ათასი წლის 4-5 ღუმელია აღმოჩენილი. არ შემიძლია არ აღვნიშნო პროფესორ ვახტანგ ლიჩელის უდიდესი ღვაწლი გრაკლიანის უნიკალური ძეგლის არა მხოლოდ შესწავლაში, მის შენარჩუნებასა და უკვდავყოფაშიც. სტრუქტურით სწორედ ისეთივე პროცესია მაგნიტური ინფორმაციების ვულკანების ლავაში "ჩაწერაც". ვულკანის ამოფრქვეული ლავის (ტემპერატურა 13 000 o C-მდე აღწევს) გაცივებისას მასზე მაგნიტური ინფორმაციები მილიონობით წელი რჩება.

სხვათა შორის, დმანისში პირველი ევროპელის ასაკის დადგენაშიც დიდი როლი სწორედ ვულკანურმა ლავურმა ნაკადმა (დაახლოებით 1.8 მილიონი წელი) ითამაშა. სწორედ ამ ასაკის ლავური ნაკადები ედო საფუძვლად იმ ნაშთებს, რომლებიც აქ აღმოჩნდა. ამ სამუშაოს უცხოელების ექსპედიციასთან ერთად ყოველ წელიწადს ვასრულებ ჯავახეთის ზეგანის ვულკანურ ნაკადზეც. წელს ამაში პანდემიამ შემიშალა ხელი.

- ესე იგი საქართველოს ტერიტორიაზე, ჯავახეთში, ვულკანი გვქონია. რა მაგნიტური ინფორმაციაა მასზე ჩაწერილი? - ჯავახეთის ზეგანი და მთელი ახალქალაქის პლატო ძალიან საინტერესო საკვლევი ობიექტია იმ თვალსაზრისით, რომ აქ მძლავრი ვულკანური კერები უკანასკნელი 5 მილიონი წლის განმავლობაში არსებობდა. აქ, ულამაზეს სოფელ თოკთან, სადაც 63 ლავური ნაკადი ფიქსირდება, დედამიწის სრული გეომაგნიტური ინვერსიის ანუ დედამიწის მაგნიტური ველის სრული ცვლილების შესახებ "წერია".

- ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს დედამიწის პოლუსები შეიცვალა? - დიახ. და ეს აღმოაჩინა ჩემმა მასწავლებელმა, პროფესორმა ჯემალ სოლოღაშვილმა. სწორედ ამ ინფორმაციის საკვლევად აღმოჩნდნენ ჯავახეთში 30 წლის წინ ფრანგი მეცნიერები.

- როდესაც პოლუსების შებრუნებას ახსენებთ, მხოლოდ ის შეიძლება წარმოიდგინო, რომ დედამიწა ამ დროს ვულკანებით და გრიგალებით დაიქცა და განადგურდა. - გეომაგნიტური ველის პოლარობის ცვლილება რთული ფენომენია. ამ დროს მაგნიტური ველის ინტენსიურობა მინიმუმამდე სუსტდება, რაც იმას განაპირობებს, რომ დედამიწის მაგნიტური ველი დედამიწის დამცავი ფარის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ვეღარ უმკლავდება მზის ქარით შემოსულ მაღალი ენერგიების ნაწილაკებს. ამ დროს ვითარდება ის გლობალური კატასტროფული მოვლენები...

- და რატომ ხდება ასე? რატომ იცვლება დედამიწის მაგნიტური ველი? - დედამიწის გეომაგნიტური მოვლენები წარმოიქმნება დედამიწის თხევად ბირთვში, სადაც ჩვენს ფეხქვეშ დაახლოებით 2900 კილომეტრის სიღრმეზე, დაახლოებით 50000 o C ტემპერატურაა. როდესაც ამ ბირთვში ცვლილებები ხდება, სწორედ მაშინ ხდება ცვლილებები დედამიწის მაგნიტურ ველზეც.

- კიდევ სად არის "ჩაწერილი" დედამიწის მაგნიტური ინფორმაცია?

- რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, როგორც უძველეს, ასევე უახლეს კედლის მხატვრობაში, თუმცა მხოლოდ წითელი მინერალებით შესრულებულ მხატვრობაში. ხატვისას მაგნიტური ინფორმაციები წითელ საღებავებში "შეიწოვება" და გაშრობის შემდეგ ათასეულობით წელი რჩება.

- ერთ "არაფიზიკურ" დეტალზეც გკითხავთ. როგორც ცნობილია, მთელ მსოფლიოში უძველესი კედლის მხატვრობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. რას იტყოდით უძველეს ლითონის სადნობ ღუმელებზე, ისინიც განსხვავებულია?

- უძველესი და ბოლოდროინდელი კედლის მხატვრობა მართლაც განსხვავებულია. მაგალითად, ქრისტიანული მხატვრობა რადიკალურად განსხვავდება სხვა რელიგიების კედლის მხატვრობისაგან, ღუმელების შემთხვევაში კი პირიქითაა - ისინი მთელ მსოფლიოში ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა, არა - სიძველით.

ჩვენი გამოკვლეული ღუმელებიდან ყველაზე ძველი საქართველოში, იტალიასა და ესპანეთშია და ისინი თითქმის იდენტურია. ამერიკაში უფრო "ახალგაზრდა" ღუმელებია, რადგან ხალხი ამ კონტინენტზე შედარებით გვიან - დაახლოებით 18000 წლის წინათ დასახლდა.

- ყველამ ვიცით, რომ დროდადრo Cამქრალი ვულკანები იღვიძებს. საქართველოში რომელი ვულკანი აპირებს გაღვიძებას? - ამაზე, ალბათ, უმჯობესია, ვულკანოლოგმა გიპასუხოთ, თუმცა, რადგან მეც მაქვს ჩამქრალ ვულკანებთან მუშაობის გამოცდილება, გეტყვით, რომ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ყაზბეგის ვულკანია, რომლის დათარიღება პროფესორ გოგა ვაშაკიძის დამსახურებაა. ეს ვულკანი დაახლოებით 6-7 ათასი წლისაა, რაც დედამიწის ასაკისთვის ერთი წამია.

- თქვენი სამეცნიერო პროექტები უმეტესად უცხოეთში ფინანსდება. საქართველოში ყოველ წელს უცხოური ექსპედიციით ჩამოსვლას როგორ ახერხებთ? - საკვლევი ობიექტი ყველა კონტინენტზე გვაქვს, აფრიკის ჩათვლით. ვფიქრობ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რამხელა სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ვცდილობ, ჩემს სამშობლოში მეცნიერების ის დარგები განვითარდეს, რომლებშიც ვმუშაობ. შვილებთან ერთად ყოველ წელიწადს ჩამოვდივარ საქართველოში და ვხუმრობ ხოლმე, გული მწყდება, ახალგაზრდა ვულკანები ჩემს მშობლიურ გურიაში რომ არ არის, რათა მუშაობისას ჩემს სოფელთან უფრო ახლოს ვიყო-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კონტინენტზე დავდივარ, ჩემი სამყაროს ცენტრი ლანჩხუთი და ჩემი სოფელია ჭინათია, ამიტომ ვეცდები, რომ საქმე, რომელსაც უცხოეთში ვაკეთებ, ჩემს სამშობლოშიც განვითარდეს.