თანამედროვე ლიტერატურა, როგორც სარკე - კვირის პალიტრა

თანამედროვე ლიტერატურა, როგორც სარკე

"ლიტერატურული პალიტრის" ახალ ნომერთან ერთად მკითხველი თანამედროვე ლიტერატურის პირველ ტომს - დათო ტურაშვილის რჩეულს მიიღებს. ერთი წლის განმავლობაში ამ სერიის 12 ტომი გამოვა, რაც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებას და, როგორც "ლიტერატურული პალიტრის" მთავარი რედაქტორი ზაალ ჩხეიძე ამბობს, ჩაიხედოთ სარკეში, რადგან არაფერი ისე ზუსტად არ ასახავს ჩვენს რეალობას, როგორც მწერლობა...

ზაალ ჩხეიძე - "ლიტერატურული პალიტრის" მთავარი რედაქტორი:

- თანამედროვე ლიტერატურული ბაზარი მთლიანად შეიცვალა. არ გამოდის არც ერთი ასე თუ ისე პოპულარული ჟურნალი, რომ წიგნი არ ახლდეს. ამ ჟურნალთაგან ზოგი ყვითელია, ზოგი - პოლიტიკური... ყველაზე  ლიტერატურული "ლიტერატურული პალიტრა" კი ახლა იწყებს მსგავს პროექტში მონაწილეობას და გთავაზობთ თანამედროვე ლიტერატურის სერიას. გარკვეული მოსაზრებით, ამ სერიაში დაწესებულია მწერალთა ასაკობრივი ზღვარი. ერთი წლის განმავლობაში მკითხველი მიიღებს თანამედროვე ახალგაზრდა მწერლების ნაწარმოებებს.

როცა ვახსენებ ახალგაზრდა მწერლებს, არ ვგულისხმობ მხოლოდ ბიოლოგიურ ასაკს, არამედ მათ მწერლურ ახალგაზრდობას. ავტორები, რომელთა წიგნებსაც შემოგთავაზებთ, არიან 30-45 წლისანი, ისინი, ვინც 20 წლის წინ და უფრო გვიან  მოვიდა ლიტერატურაში. როგორ ნაწარმოებებს ქმნიან ეს მწერლები, კრიტიკოსები და მკითხველები განსჯიან, მაგრამ რომ განსაჯო, უნდა იცნობდე...

სამწუხაროდ,  ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ თანამედროვე ლიტერატურას. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ერთ-ერთი წიგნების მაღალი ფასიცაა... ამიტომ ქართული ლიტერატურის აწმყო მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ხელმისაწვდომ ფასად - თითო კრებული 3 ლარი ეღირება. დღეს მწერლობა თბილისელი მკითხველის ამარაა დარჩენილი... თუმცა თბილისშიც არ არის იოლი ძვირად ღირებული წიგნების შეძენა. კაცი, რომელიც რაიონში ან სოფელში ცხოვრობს, მივა გაზეთის ჯიხურთან და ახალ წიგნს სამ ლარად შეიძენს.

- მაგრამ თანამედროვეა ის მწერალიც, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო თავისი ნაწარმოებების ბეჭდვა...

- ჩვენ მიზანმიმართულად გამოვარჩიეთ ისინი, ვინც 90-იან წლებში გამოვიდა საბჭოური წნეხისგან თავისუფალ ლიტერატურულ ასპარეზზე. ისინი სწორედ ახლა აღწევენ ლიტერატურულ სიმწიფეს და როგორც ვიცი, ეს თორმეტი წიგნი თითოეული მათგანისთვის პირველი მეტ-ნაკლებად სრული რჩეული იქნება. ჩვენ სპეციალურად არ შემოვისაზღვრეთ პროზით და სერიას დავარქვით "ახალი ქართული ლიტერატურა". აქ დაიბეჭდება თანამედროვე პოეტთა რჩეულებიც. ვისაც პოეზიასთან ოდნავი შეხება აქვს, მიხვდება, რამხელა პასუხისმგებლობაა 300-გვერდიანი პოეზიის რჩეული კრებული; ეს იქნება მათი პოეტური შემოქმედების ერთგვარი შეჯამება.

- პირველ წიგნს უკვე მაისში მიიღებს მკითხველი... ვინ იქნება პირველი ავტორი?

- პირველია დათო ტურაშვილის "გურჯი ხათუნი" და თერთმეტი მოთხრობა... დათომ მართლა რჩეული გააკეთა; რამდენჯერმე შეცვალა მოთხრობები... ვფიქრობ, კარგი წიგნი უნდა გამოვიდეს. შევეცადეთ, ავტორებს წიგნის დიზაინის შექმნაშიც მიეღოთ მონაწილეობა. მწერალი მიიღებს ისეთ წიგნს, როგორსაც თვითონ მოისურვებს. მაგალითად, დათოს წიგნს აღმოსავლური იერი აქვს. მეორე ტომს - თამრი ფხაკაძის რჩეულს, სრულიად განსხვავებული დიზაინი ექნება. თამრი ფხაკაძემ თავად მოამზადა და შესთავაზა რედაქციას  ესკიზი, რომელსაც დიზაინერი დაამუშავებს და მიიღებთ ისეთ წიგნს, როგორიც ავტორს წარმოუდგენია. ესეც იშვიათი მოვლენაა წიგნის ბაზარზე.

- თუ ადამიანი იცნობს ქართულ და მსოფლიო კლასიკას, შეიძლება ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი, ახალგაზრდა ქართველ მწერლებსაც გაეცნოს...

- რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნები? ასე ნუ დავსვამთ საკითხს. შეიძლება, არც წაიკითხო... მკითხველთა უმრავლესობა შეიძლება XX საუკუნის ბევრ ისეთ ცნობილ მწერალსაც  არ იცნობდეს, რომლებმაც შეცვალეს თავიანთი ქვეყნის ლიტერატურული გემოვნება თუ ფილოსოფიური ხედვა...

ნებისმიერი ქვეყნის მწერლობა ასახავს საზოგადოებრივ პრობლემებს აზროვნების თუ სულიერების სფეროში. ყველა სხვა პროექტი, რომელიც წიგნების სერიას გთავაზობდათ, არ იყო აწმყო, იყო წარსული... თუ გვინდა, საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ, თვალი გავუსწოროთ პრობლემებს და იმ ფილოსოფიას, რომლითაც ცხოვრებას ვცდილობთ ან პირიქით, არ გვინდა ცხოვრება, თანამედროვე ლიტერატურა უნდა წავიკითხოთ...

ამ 12 წიგნის გამოცემა არის მცდელობა, 90-იანი წლების რეალობასა და საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ.

წარმოიდგინეთ, 1925 წელს ვინმეს რომ ეთქვა, რად მინდა "ჯაყოს ხიზნების" წაკითხვა, მე ხომ ილია მაქვს წაკითხულიო...

არ გვაქვს პრეტენზია, რომ მსოფლიოს შევაზანზარებთ და ახალ მიხეილ ჯავახიშვილს აღმოვაჩენთ, ან ახალ გალაკტიონს. არც ვინმეს "დუელში" გამოწვევა მოუნდებათ, ისე, როგორც მიხეილ ჯავახიშვილისა, "ჯაყოს ხიზნების" გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენ 90-იანი წლების ლიტერატურულ აზროვნებას არ ვიცნობთ და ვეცადეთ, ეს სიცარიელე შეგვევსო. გავა დრო და ამ 12 სახელიდან რამდენიმე იქნებ მართლაც დარჩეს კლასიკურ ქართულ ლიტერატურაში...

მხატვრული დონე ყოველთვის სადავოა, მით უმეტეს - თანამედროვე მწერლობაში. ლიტერატურა წლებმა უნდა გამოცადოს, თაობებმა განსაჯონ...