დიდ-მარხვა - კვირის პალიტრა

დიდ-მარხვა

ვაჟა-ფშაველა

"დღეს გონების დავთრები დავკარგეთ, უკუღმა დავიწყეთ ფიქრი. რადა? რისთვის?"

სწორედ რომ დიდ-მარხვაა. ნუ გაგიკვირდება კი, მკითხველო, და უნდა მოგახსენო, რომ ამისთანა დიდ-მარხვა საქართველოს დიდი ხანია არ სწვევია. დღეს ჩვენი ყველასი სასმელ-საჭმელი ისეა შენელებული რაღაც უცნაური სანელით, რომ, კუჭი თავისთვის იყოს, სული გეხუთება, გული და გონება იკუმშება, სისხლი ძარღვებში იყინება, გუბდება, ჩვეულებრივ აღარ მდინარებს თავში, და - განა ერთის თავში. არა, ყველას თავში, თვით იმ "გარადავოის" თავშიაც კი, რომელსაც ხმლისა და რევოლვერის გარდა წვერზე ხიშტჩამოცმული ბერდენა დაუჭერია და ქუჩებზე დაყიალობს.

დღეს ორი ერთმანეთის მოჯიბრე და მოწინააღმდეგე აზრი დანავარდობს, ერთსა ჰქვიან სახელად "ჰო", მეორეს "არა". ამ "ჰოსა" და "არას" დარჩა ბურთი და მოედანი ჩვენს თავში. ერთმანეთს ეჩხუბებიან, მუშტებს უღერებენ, უნდა ერთს მეორე დაამარცხოს და მარტოკა თავად დარჩეს ადამიანის თავში ბატონ-მბრძანებლად.

მართლაც, თუ კარგად ვიფიქრებთ და ვიტყვით სიმართლეს, დღეს ის დღეა, რომ ადამიანი, როგორც პიროვნება, ქათმის როლს ასრულებს, იმ ქათმისა, რომელიც ერთხელ ჩიოდა: ღორი დაკლეს - ზედ წამაკლეს, ცხვარი დაკლეს - ზედ წამაკლეს, ძროხა დაკლეს - ზედ წამაკლესო. სწორედ ადამიანი დღეს ქათამია: ქათმის სიცოცხლე მეტად ფასობს, ხოლო ადამიანის სიცოცხლემ დაკარგა ყოველივე ფასი, აღარა ღირს ჩალად.

ეს "ჰო" - "არაც" საცოდავ ადამიანს სტანჯავს შიგნიდან, სტანჯავს და აწამებს, და გარედან ხომ ხიშტებია მზად. მიდიხარ არხეინად ქუჩაზე და ვინ არის თავდები, რომ ვინმეს არ მოუვლის პოხონდრია, მასხრობის ჟინი არ აიტანს და ხიშტს არ გატაკებს?! წადი და იჩივლე. ისე ჩაივლის თქვენის მტრის სიცოცხლე, როგორც ჩაილურის წყალი. მოკვდა ადამიანი? არაფერი. ნება აქვს: ალბათ საჭირო იყო ადამიანის მოკვლა და მოჰკლა. მორჩა და გათავდა. აი, დღევანდელი სამართალი, დღევანდელი ხელშეუხებლობა პიროვნებისა!

ინავარდეთ მხოლოდ თქვენ "ჰო" და "არავ", კაწრეთ ერთმანეთი, და გვტანჯეთ ჩვენც, ადამიანები, თქვენი უმორჩილესნი მონანი, თქვენს ფერხთ ქვეშ მდებარენი.

განა მარტო "ჰო" და "არა" ჩხუბობენ? ამათ ფეხის ხმას აჰყოლიან ჩვენი გაზეთებიც: ან კი რა გასაკვირალია, თუ კაცის თავსა და სისხლში ასეთი ორჭოფობაა, ქაღალდზე, რომელიც უფრო მომთმენია, რა თქმა უნდა, მუშტის-კრივი გაიმართოს, - კრივი ფრაზებისა, სიტყვებისა და სხვადასხვა? მე არ მიკვირს, რადგან ეს დღევანდელ დღეს მოსალოდნელია. მხოლოდ ის უფრო საკვირველია:

ფაქტი, მოვლენა, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ერთნაირია, ხოლო შეხედულება ამ მოვლენაზე, ამ ფაქტზე სხვადასხვანაირი, ე.ი. იმდენი, რამდენიც თავია ტანზე ამოსული. დღეს გონების დავთრები დავკარგეთ, უკუღმა დავიწყეთ ფიქრი. რადა? რისთვის? ფიქრმა, აზრმა რა დააშავა? თუ საშუალება აზრის მისაღწევად უვარგისი გამოდგა, ეს იმას როდი მოასწავებს, თვით აზრს წიხლით შევდგეთ და ზედ ვინავარდოთ, ვთელოთ, ვაფურთხოთ, ვლანძღოთ?

დიაღ, აზრი, აზრი, აზრი! მაგრამ რომელი აზრი?

ეჰ, თუმც ვერიდები მის გამომჟღავნებას, მაგრამ ტყუილად! ვიტყვი, რაც იქნება - იქნება. დაე მლანძღონ, ისევ მოქალაქობრივ სიმამაცის გამოჩენა სჯობიან გაჩუმებას, მხოლოდ ვეცდები ისეთი აზრი ვახსენო, კლანჭი არსაიდან გამოედვას, ყველა პარტია მოვიმადლიერო, ყველამ, თუ გული-გულში დამემდურება, აშკარად მაინც ვერ გაბედოს ჩემი გალანძღვა და შეურაცხყოფა. ეს გახლავთ: აზრი ქვეყნის ხსნისა.

ნუთუ ეს არ კმარა, რომ ყველა პარტიამ ეს იწამოს და ამ აზრის ქვეშ მოუყაროს თავი თავს? ან იქნებ აკლია ამ აზრს განმარტება? აკლიაო? დიაღაც რომ აკლია და კიდეც აქ არის ძაღლის თავი დამარხული, კიდეც ამის გამო არის, რომ ერთმანეთს გაზეთები სწეწენ, ცხვირ-პირს აჭამენ: ქვეყნის ხსნა ერთს ასე ესმის, მეორეს ისე. რადა? რისთვისაა ასე? ნუთუ ძალიან ძნელი გაგება უნდა აზრს ქვეყნის ხსნისას?... არა, ბევრს კარგადაც ესმის, კარგადაც გრძნობს, მაგრამ ძალად თვალებს და გონებას იბრმავებს, სჭირს პარტიული სიჯიუტე, რომელზედაც ჰერბერტ სპენსერი ამბობს, რომ ეს სიჯიუტე დიდად აფერხებს ქვეყნის კეთილდღეობასაო. სპენსერის ხსენება ან კი რა საჭიროა, სხვა რამდენი გონიერი კაცი ამბობს და ფიქრობს ამასვე. დიაღ, გონიერი, ხოლო გონიერი ჩვენში... გონიერება ჩვენში... ჰმ!..

წყეულო სატანავ, განვედი ჩემგან! ხომ გახსოვთ, როდის უთხრა მაცხოვარმა ეს სიტყვები მაცდურს? გაიხსენეთ, მოიგონეთ ეს სურათი დიდ-მარხვისა და სთქვით მედგრად, მტკიცედ!

წყეულო სატანავ, კვალად გეტყვი შენ, განვედი ჩემგან!

ვამბობ ამ სიტყვებს და თანაც ვიმედოვნებ, რომ იქნება გასჭრას ჩემმა მოწოდებამ მეთქი. საწყალი მეფელეტონე!... რა იმედი გაქვს, როგორ გულუბრყვილოდ მსჯელობ და არ უკვირდები საქმეს, სინამდვილეს. სხვები შეიძლება დაითანხმო, მაგრამ იმათზე რაღა სიტყვა გეთქმის, ვინც ეროვნებას, ენას და ყოველ ეროვნულ ნასახებს უარყოფს? კიდევ იმედს არა ვკარგავთ და ასე ვფიქრობ: ეს დროებითი სენი უნდა იყოს, გარდამავალი, როგორც ჟამი, ხორველა, ომიანობა, ავდარი, ზამთარი. ღმერთმა ქნას, ისეთივე დროებითი გამოდგეს ამ ადამიანთა რწმენა, როგორც ეს დალოცვილი დიდ-მარხვაა; მალე გამხსნილდება, მალე აღდგომა მოვა და ყველანი ერთად შემოვძახებთ: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.

აღსდგება ქრისტე, ნუ სტირით,

შემოიკრიბეთ მხნეობა!

რად მალე გული გაგიტყდათ

და დაგიმჩატდათ ზნეობა?

დაგვატკბობს ერთხელ ჩვენაცა

თავისუფლების დღეობა,

სისხლს - გულით ნადენს,

ცრემლს - თვალით,

შესცვლის ლხინი და ღრეობა!..