"ნათელია, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში ზოგს პატიმრად ამუშავებს, ზოგსაც მაგიდის ამყირავებლად" - კვირის პალიტრა

"ნათელია, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში ზოგს პატიმრად ამუშავებს, ზოგსაც მაგიდის ამყირავებლად"

"თურმე ევროპა ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს, რადგან შიდა საქმეებში ერევა, და ეს პოლიტიკურ ჯგუფებს აღიზიანებს. არადა, საფრთხე ძალზე რეალურია. დასავლეთი რომ არა, ერთ დღეში შეიძლება ერეკლე მეორის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამ უმძიმეს რეალობაში ოპოზიციისგან დასავლეთის ლანძღვა და მისთვის ზურგის შექცევა სწორედ ამ საფრთხის პირისპირ დარჩენას ნიშნავს..."

"დაუსრულებელ კინკლაობაში სახედაკარგული ქართული პოლიტიკა", - ასე აფასებს პოეტი დათო მაღრაძე დღევანდელ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს.

- ორ რეალობას შორის ვცხოვრობთ - ტელევიზია და ნამდვილი. ტელერეალობაში არის აპოკალიფსი, "იოანეს გამოცხადების" მსგავსად არის ტელეწამყვანების ყოველდღიური გამოცხადებები, კვამლით, ცეცხლითა და გოგირდით თენდება და ღამდება, მხეცი ხან მიწიდან ამოდის, ხან წყლიდან... ანუ ის, რაც მიხეილ სააკაშვილს სურს საქართველოში იყოს. მეორე რეალობაში კი, ანუ ჩვენს სინამდვილეში, მოსახლეობას წინსვლა, მშვიდობიანი, ევოლუციური განვითარება სურს. სამწუხაროა, რომ ქართული სულიერების, ქართული კულტურის თარგმნა სამოქალაქო შეგნების ენაზე ვერა და ვერ მოხერხდა. ეს არ ჰგავს ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრე ოცხელის, ნიკო ფიროსმანაშვილის სამშობლოს, ვერ ვტოვებთ კულტურული გენერაციის შთაბეჭდილებას. ქართული სულიერება ქართული პოლიტიკური კულტურის ენაზე ვერ გადაითარგმნა. არადა, დეკლარირებული გვაქვს დასავლური ფასეულობები და ოპოზიციის თუ ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ჰკითხოთ, ჩვენი არჩევანი ევროპაა, მაგრამ როგორც კი ევროპული ღირებულებები სააკაშვილის სცენარს დაუპირისპირდა, როდესაც სასწორის ცალ პინაზე დადგა ევროპა, მეორეზე კი მისი სცენარი, ოპოზიციამ პრიორიტეტი სააკაშვილს მიანიჭა, მისი რევოლუციური სცენარი აირჩია და არა ევროპული ღირებულებები. ეს მაშინ, როდესაც სრულიად აშკარაა, რომ ყველა ევროპული რეკომენდაცია პოლიტიკის პარლამენტში გადატანას ითვალისწინებს, რაც ოპოზიციამ არათუ არ გაითვალისწინა, დაგმო კიდეც, ევროპა მტრის ხატად აქცია და შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ იშურებენ.

- შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ აქცია ევროპას ზურგი.

- არ მაინტერესებს, ისინი რას ამბობენ, ევროპა ეუბნება, პარლამენტში შედით და იქ იბრძოლეთო, მაგრამ წყალწაღებული ოროსნებივით მოიქცნენ, უმაღლესი მათემატიკის ცოდნაზე დებენ თავს, არადა, გამრავლების ტაბულაც არ სცოდნიათ. დაუსრულებელ კინკლაობაში ქართულმა პოლიტიკამ სახე დაკარგა. ხელისუფლების წევრები იმას ცდილობენ, როგორ მოუგონ ნიშნი ოპოზიციის წევრების ამა თუ იმ გამონათქვამს, ოპოზიცია კი მხოლოდ სააკაშვილის სცენარზეა ორიენტირებული. მას ახსოვს, რომ 2003 წელს, შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, ხელისუფლების ლამის 100% ჩაიგდო ხელში, კალენდარში ჩარჩა და სურს მთელი ოპოზიციური სპექტრიც ჩატოვოს. სააკაშვილს 2021 წელს ისევ შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობა ჰგონია და ახლა სურს აღებული ხმების 25% როგორმე მაშინდელივით 85 ან 100%-ად გადააქციოს, თან ამის გაკეთებას დანარჩენი ოპოზიციის აყოლიებით ცდილობს.

- ოპოზიციაში არიან შედარებით დაბალანსებული ძალებიც, რომლებიც საერთო აზრს იზიარებენ... - ეს მეც ძალიან მაოცებს, მაგრამ ნათელია, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში ზოგს პატიმრად ამუშავებს, ზოგსაც მაგიდის ამყირავებლად. მე არც "ნაციონალებისთვის" მიმიცია ხმა და არც "ოცნებისთვის", მაჟორიტარის სიით გასულ კანდიდატს, ჯაბა ჯიშკარიანს მივეცი, რომელსაც ისეთი ბიოგრაფია აქვს, "ოცნებაში" ბევრი რომ ვერ დაიკვეხნის, თუმცა ჩემი, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ამომრჩევლის ხმა, სააკაშვილთან გადაამისამართეს, ანუ მომატყუეს, ისევე როგორც ბევრი სხვა. სააკაშვილისთვის რომ მნდომოდა ხმის მიცემა, მივცემდი. ეს აღარასდროს განმეორდება, რადგან უკვე ვიცი, რომ ამ ოპოზიციისთვის ხმის მიცემა არ ღირს.

მათ ხშირად უწოდებენ პოლიტიკურ ლიდერებს, რაც არასწორი მგონია, რადგან პოლიტიკურ ლიდერს მხარდამჭერები უნდა ჰყავდეს, მათ კი არ ჰყავთ. ასე რომ, ისინი ოფიციალურად რეგისტრირებული პარტიის თავმჯდომარეები არიან, ოღონდ უმეტეს შემთხვევაში წევრებიც თავად არიან და მხარდამჭერებიც.

- არაერთხელ გვისაუბრია მესამე ძალაზე, რომელიც ამა თუ იმ პროცესის დასრულების შემდეგ უნდა გამოსულიყო ასპარეზზე. ჩანს ამის ნიშნები?

- ვფიქრობ, ნუმერაცია შეიცვალა და ახალი ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოჩნდეს, მესამე კი არა, მეორე გამოდის, რადგან ბოლო პროცესებმა უკვე აჩვენა, რომ ოპოზიცია როგორც ძალა, აღარ არსებობს, გაქრა, რადგან პარლამენტში არ შედიან, ქუჩაში კი მხარდამჭერი არ ჰყავთ. რეალურად, ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებელ მაგიდას ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი კაცი, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი უზის. შესაბამისად, მას ძალას ვერ დავარქმევთ. თუნდაც ამიტომ უნდა შეიქმნას ახალი ძალა, რომელიც არარევანშისტული იქნება. მე-19 საუკუნე, რაზეც თანამედროვე საქართველო დგას, დიადი იმიტომ არის, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რევანშისტული არ იყო.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა მის გასანადგურებლად კი არ მოდის, გაცნობიერებული აქვს, რომ ქვეყნის მართვა არსებულზე უკეთესად შეუძლია.

მხოლოდ ამ ამბიციით უნდა მოვიდეს. ამით გამოირჩეოდა მე-19 საუკუნის საქართველო, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ დოდაშვილის მოძრაობას ეროვნულ-განმათავისუფლებელი, არარევანშისტული, სახელმწიფოებრივი მიზნები ჰქონდა.

ახლა პარლამენტში ოპოზიცია მცირე რაოდენობით არის, მაგრამ შესაძლოა მას კონსტრუქციული ოპოზიციის ეგიდით კიდევ დაემატოს ვინმე. პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის, რადგან იქ უკვე არიან "მოქალაქეები" და "პატრიოტთა ალიანსი". ამიტომ წარსულში დარჩა მისი ერთპარტიულობაც... ცნობისთვის: მოვისმინე ევროპაში ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრის განცხადება და უნდა ვაღიარო, რომ ეს სახელმწიფო მოხელის კი არა, სახელმწიფო მოღვაწის განცხადება იყო.

- რას გულისხმობთ?

- იმ მნიშვნელოვან აქცენტს, რომელიც გაახმოვანა, მის განცხადებას გამაერთიანებელი შინაარსი ჰქონდა და არა ხისტი ან შეუვალი... ამ სიტუაციაში ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან გააზრებული სიმტკიცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცესის ელასტიკური ფორმულირებები, რაც უფრო ხშირად თავმოწონების საგანია, ვიდრე ხვალინდელი დღის სასარგებლოდ გამიზნული.

- საზოგადოების ნაწილის აზრით, პოლიტიკური მხარეები ჯიუტი თხებივით იქცევიან რეგიონში შექმნილ ძალზე რთულ ვითარებაში, რომ მედიატორ კრისტიან დანიელსონს ევროპაში ვერაფერი გავატანეთ. - ორი ძალზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მის განცხადებაში წავიკითხე, არის რეგიონის უსაფრთხოების აუცილებლობა. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრებას. რეგიონში ჩვენი უსაფრთხოება ასე ითარგმნება - ექვსეულის ფორმატის შექმნა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ახმოვანებს, მაგრამ რუსეთი საქართველოს ეპატიჟება თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთიანობაში, მეორე მხარეს კი არის ევროპა, რომელიც ხედავს და აცნობიერებს ამ საფრთხეს და ცდილობს რეკომენდაციებით დაგვეხმაროს. მაგრამ როდესაც ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი, ტაქტიკა შეცვალა და პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის მაღალი რანგის წარმომადგენლები გამოუშვა, მაგრამ ამ დროს, როგორც გვჩვევია ხოლმე, სრულიად უნიადაგო ქართულმა ამპარტავნობამ გაიღვიძა.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თურმე ევროპა ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს, რადგან შიდა საქმეებში ერევა, და ეს პოლიტიკურ ჯგუფებს აღიზიანებს. არადა, საფრთხე ძალზე რეალურია. არაერთხელ მითქვამს, დასავლეთი რომ არა, ერთ დღეში შეიძლება ერეკლე მეორის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ-მეთქი. ამ უმძიმეს რეალობაში ოპოზიციისგან დასავლეთის ლანძღვა და მისთვის ზურგის შექცევა სწორედ ამ საფრთხის პირისპირ დარჩენას ნიშნავს...

ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა, კრემლმა კი პასუხად ელჩი გამოიძახა ვაშინგტონიდან მოლაპარაკებისთვის. ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და, ძალზე ახლოა ომი, ფრონტის ხაზი კი ბროდვეისა და წითელ მოედანზე კი არა, უკრაინაზე, საქართველოზე, სამხრეთ კავკასიასა და სირიაზე გაივლის.

ამას გულისხმობდა რეგიონის უსაფრთხოებაში. ამიტომ ახლა დასავლეთი ზრუნავს ჩვენზე, ჩვენს ნაცვლადაც, რადგან საკუთარ თავზე ზრუნვის თავი და უნარი არ აღმოგვაჩნდა, პოლიტიკური კულტურა არ გვეყო.

- ქართველი საზოგადოება სად დგას ამ მძიმე რეალობაში?

- ვფიქრობ, სწორედ ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს, რომ მათი არჩევანი თუნდაც რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტოს. იმედია, მოსახლეობა თავისი სულისკვეთების იდენტიფიკაციას შეძლებს და "ოცნებისა" და ოპოზიციის კინკლაობის შემყურე არ დარჩება. ახლა ჯერი ჩვენზეა, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, თორემ პოლიტიკური დაპირისპირება ყოველთვის ამ გაუგებრობამდე მიგვიყვანს... რა დროს პოლიტიკური კინკლაობაა, როდესაც ასეთი რთული საგარეო ვითარებაა?! პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკებებს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, მით უფრო რეგიონში ასეთი მძიმე რეალობაა. ახლა ყველანაირი მხარე ქრება და ერთადერთი რჩება - "ჩემო სამშობლო მხარეო..." სხვა გამოსავალი არა გვაქვს.