"მარხვა სხვა რამაა და დიეტა - სხვა. ადამიანები წონის შესანარჩუნებლად შიმშილობენ" - როგორი უნდა იყოს კვების რაციონი მარხვის დროს - კვირის პალიტრა

"მარხვა სხვა რამაა და დიეტა - სხვა. ადამიანები წონის შესანარჩუნებლად შიმშილობენ" - როგორი უნდა იყოს კვების რაციონი მარხვის დროს

"მარხვა სხვა რამ გახლავთ და დიეტა - სხვა. ადამიანები წონის შესანარჩუნებლად შიმშილობენ, რაც დაუშვებელია. მარხვისას კვების რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს და ის ყველამ თავისი ჯანმრთელობის შესაბამისად, ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს. როდესაც მარხვა მთავრდება, ვერ წარმოიდგენთ, ადამიანები რამდენი გამწვავებით მიმართავენ ექიმს, ყველაზე ხშირად ნაღვლის ბუშტი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი აწუხებთ, ამიტომ მარხვის დროს განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო...."

დიდი მარხვა აღდგომამდე შვიდი კვირით ადრე იწყება. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მირთმევა; თევზით ხსნილია მხოლოდ ხარებას, ბზობას და ლაზარეს შაბათს. მარხვის დროს კვების რაციონზე თერაპევტ-დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი გვესაუბრება.

- მარხვის სტიქიურად დაწყება არ შეიძლება. აუცილებელია ადამიანმა გარკვეული კვლევები ჩაიტაროს, რათა ყველაფერი იცოდეს თავისი ჯანმრთელობის შესახებ, რადგან მათთვის, ვისაც კონკრეტული დაავადებები აწუხებთ, მკაცრი მარხვა მიზანშეწონილი არ არის. წარმოიდგინეთ, ადამიანს, რომელსაც აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, მარხვისას რამდენი სახამებლის მიღება მოუწევს! მე არ ვამბობ, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა არ უნდა იმარხულოს, მაგრამ ზოგიერთი პროდუქტის მირთმევა უნდა შეეძლოს. ვისაც აწუხებს ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, კუჭ-ნაწლავის, შარდკენჭოვანი, ნაღველკენჭოვანი დაავადებები თუ სხვა, ექიმთან ერთად უნდა შეადგინოს სპეციალური კვების რაციონი და დააკვირდეს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ადამიანები, რომელთაც შარდკენჭოვანი ან თირკმლის დაავადება აქვთ, მარხვის პერიოდში დიდი რაოდენობით მიირთმევენ ისპანახს, ისპანახი კი ამ დაავადებების გამწვავებას იწვევს.

ამის გარდა, ვისაც სისხლის შესქელებისკენ აქვს მიდრეკილება, ან ქვედა კიდურების ვენები აწუხებს, დიდი მწვანეფოთლოვანი მცენარეების მიღებას არ ვურჩევ, რადგან ეს პროდუქტი ააქტიურებს და აძლიერებს სისხლის შედედებას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვეგეტარიანელებს, რომლებიც დიდი რაოდენობით სახამაბელს მოიხმარენ, დღეს თუ ხვალ ათეროსკლეროზი ემუქრებათ; ამასთან, ისინი წონას იმატებენ და მერე დაკლება ძალიან უჭირთ.

როდესაც მარხვა იწყება, მომარხულეთა რაციონში უპირატესობა პურსა და პურპროდუქტებს ენიჭება და ისინი ამით ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ. ეს პურპროდუქტები უმეტესად მზადდება თერმოფილური საფუარით, რაც ჩვენს ორგანიზმზე ძალიან ცუდად მოქმედებს. შორს წაგვიყვანს იმის მოყოლა, რა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, ან ვისთვის არ შეიძლება ასეთი ცომით მომზადებული საკვების მიღება, მე გეტყვით, როგორ უნდა შევცვალოთ ეს პურპროდუქტები სწორად მომზადებული ცომით. ჩვენი წინაპრები ცომს ყოველთვის პურის დედით ზელდნენ.

- თქვენ როგორ ცომს მოგვამზადებინებთ? - ფქვილი არ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, რადგან დამუშავების დროს B ჯგუფის ვიტამინები მიჰყვება ქატოს და რჩება აბსოლუტურად დემინერალიზებული, დევიტამინიზებული პროდუქტი და ცარიელი სახამებელი. ჩვენს ორგანიზმს სახამებლის მომნელებელი ფერმენტები არ გააჩნია, ამიტომ ძალიან მარტივ რჩევას შემოგთავაზებთ: 1 კილოგრამ ფქვილს დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ქატო და ცომი მოვზილოთ ბორჯომით. თუ გვინდა, ცომი გამოვიდეს ფაფუკი, ბორჯომი აუცილებლად ცხელი უნდა იყოს. ასევე დავუმატოთ 2-3 სუფრის კოვზი ზეთი. რომ მოვზელთ, მერე ცომი უნდა დავასვენოთ. თუ მაცივარში შევდებთ, მისი გამოყენება მთელი კვირის განმავლობაში შეგვეძლება. როცა დაგვჭირდება, გამოვაცხოთ პური ან ღვეზელი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში - ლობიანი, რადგან ლობიო და ეს ცომი ერთმანეთთან ვერ მეგობრობენ; არც კარტოფილის ღვეზელების მომზადებას გირჩევთ.

- მაშ, რა გამოვაცხოთ? - ფხლოვანები და სხვადასხვა ბოსტნეულის ღვეზელები. მარხვისას ასევე ყურადღება მიაქციეთ ცილოვანი პროდუქტის მიღებას. ეს არის ოსპი, ბურღულეული, ხორბლის ფაფა, წიწიბურა. ამ დროს წითელ ლობიოს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, თუ 18 საათის განმავლობაში ცივ წყალში არ დავალბობთ, მისი მირთმევა მიზანშეწონილი არ არის. ლობიოს ჭარბად მოხმარება კუჭის წვენის მჟავიანობას იწვევს, ამიტომ ვისაც კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადება აწუხებს, წითელი ლობიო ოსპით უნდა შეცვალოს. ოსპი უვნებელია და ბევრ ცილას შეიცავს.

- რას ურჩევთ მას, ვინც დიეტას, ან სწორი კვების რეჟიმს იცავს და სურს, მარხვაც დაიცვას? როგორ უნდა იკვებოს, რომ წონაც შეინარჩუნოს და მარხვაც შეძლოს? - მარხვა სხვა რამ გახლავთ და დიეტა - სხვა. ადამიანები წონის შესანარჩუნებლად შიმშილობენ, რაც დაუშვებელია. მარხვისას კვების რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს და ის ყველამ თავისი ჯანმრთელობის შესაბამისად, ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს. როდესაც მარხვა მთავრდება, ვერ წარმოიდგენთ, ადამიანები რამდენი გამწვავებით მიმართავენ ექიმს, ყველაზე ხშირად ნაღვლის ბუშტი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი აწუხებთ, ამიტომ მარხვის დროს განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.