"გულანთებული ადამიანი ვაქცინას შეეწირა, ამის მიუხედავად, ჩვენ კოვიდთან ბრძოლის სხვა იარაღი არ გაგვაჩნია..."
"გულანთებული ადამიანი ვაქცინას შეეწირა, ამის მიუხედავად, ჩვენ კოვიდთან ბრძოლის სხვა იარაღი არ გაგვაჩნია..."
"მეგის შემთხვევა მოხდა ისეთ კლინიკაში, სადაც რეანიმაცია იყო და ანესთეზიოლოგიც 15 წუთის შემდეგ ჩაერია, მაგრამ..."

19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. მას 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა "იმედში" "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა... მეგი ბაქრაძე კოვიდკლინიკაში ექთნის ასისტენტი იყო. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. შს სამინისტრომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. "კვირის პალიტრა"
სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ჩვენს კითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.

- ბატონო ბიძინა, ამ ტრაგედიის შემდეგ საზოგადოება ძალიან შეშინდა... გაჩნდა კითხვა, როგორ მოვემზადოთ აცრისთვის, რომ მსგავსი რეაქცია გამოვრიცხოთ?
- პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ მეგის ოჯახს. ეს უდიდესი დარტყმაა ახლობლებისთვის, ჯანდაცვის სისტემისთვის, ქვეყნისთვის. გულანთებული, კოლეგებს­ შორის
გამორჩეული ადამიანი მივიდა და ვაქცინა გაიკეთა, მაგრამ ამას შეეწირა. ამის მიუხედავად, ჩვენ სხვა იარაღი არ გაგვაჩნია, არც წამალი გვაქვს... საზოგადოებამ უნდა იცოდეს: ყველას,­ ვინც ასაცრელად მიდის, ექიმი­ უსვამს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას. მაგალითად: ცუდად ხომ არ გრძნობს თავს? რაიმე ჩივილი­ ხომ არ აქვს? აქვს თუ არა რეაქციები ალერგენებზე, სხვა ვაქცინებზე, ან საინიექციო მედიკამენტებზე?­ ბოლო 14 დღის განმავლობაში ხომ არ გაუკეთებია სხვა ვაქცინა? ხომ არ ყოფილა­ ოდესმე კოვიდდადებითი, ან ხომ არ აქვს ანტისხეულები დაავადების გადატანის შემდეგ? ხომ არ აქვს სიმსივნე, აივ-ინფექცია, ან იმუნური სისტემის სისუსტით მიმდინარე რომელიმე დაავადება? აქვს თუ არა სისხლდენისკენ მიდრეკილება, ან ხომ არ იღებს სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს? ქალბატონებს­ ეკითხებიან, ხომ არ არიან ორსულად, ან მეძუძური დედები? თუ რამე პრობლემა ჩნდება, ვაქცინაციაზე უარს ეუბნებიან. კატეგორიულად არ შეიძლება ორსულებისა და 18 წლამდე ახალგაზრდების აცრა.

- კოვიდგადატანილისთვის რა დრო უნდა გავიდეს აცრამდე?
- ზოგიერთი ქვეყანა ერთი თვის შემდეგ ცრის, ზოგი - ორი თვის შემდეგ. ჩვენთან ეს ვადა 120 დღეა.

- მეგიმაც შეავსო კითხვარი და პასუხების მიხედვით, ის მზად იყო აცრისთვის, თუმცა, ვნახეთ, რაც მოხდა. როცა პასუხები დამაკმაყოფილებელია და მაინც ვითარდება ანაფილაქსიური შოკი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- შოკის განვითარებას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენების დაახლოებით მილიონი შემთხვევიდან მხოლოდ რვა შემთხვევაში განვითარდა ანაფილაქსიური შოკი, "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენებისას - მილიონიდან ხუთ შემთხვევაში, "მოდერნას" ვაქცინით აცრისას კი 2,5 შემთხვევაში. ჩინური ვაქცინების მონაცემები არ ვიცით.

- არც რუსული ვაქცინის?..
- არა, შეუსწავლელი და უცნობია, არაფერს აქვეყნებენ. თუ ადამიანს ანამნეზში აქვს რთული ალერგიები, სასურველია, ის მივაკუთვნოთ განსაკუთრებული სიფრთხილის ჯგუფს და ვაქცინაციამდე გავგზავნოთ ალერგოლოგ-იმუნოლოგთან. კოვიდვაქცინების შემდგომი ალერგიული რეაქციების აღრიცხვის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს აშშ-ს, რადგან იქ 100 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა. 12 თებერვლის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ანაფილაქსიური შოკი 66 ადამიანს დაემართა.

- აქედან ლეტალური რამდენი იყო?
- არც ერთი. რეაქციათა 90% განვით­არდა ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთში.

- მეგი ბაქრაძეს ანაფილაქსიური შოკი რამდენ ხანში განუვითარდა...
- როგორც ვიცი, მეგის პირველი სიმპტომები 15 წუთში დაეწყო.

- არსებობს ვარაუდი, რომ მას იქვე ვერ გაუწიეს სათანადო დახმარება.­...
- ამ შემთხვევის დეტალური განსჯა ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან­ დოკუმენტაცია­ ჯერ რეგულირების სააგე­ნტომ უნდა შეის­წავლოს. მნიშვნელოვანია სამხარაულის ბიუროს დასკვნაც. წინასწარი მონაცემებით, ერთი შეხედვით ყველაფერი სწორად გაუკეთეს - გადასხმა, "დექსამეტაზონი", "ადრენალინი"; გულის გაჩერებისთანავე გაუკეთდა საჭირო მედიკამენტები, მაგრამ ყველაფერს ჯერ მაინც სწორი სამედიცინო ექსპერტიზა, შეფასება სჭირდება, ამიტომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში კოვიდვაქცინის შედეგად განვითარებული ალერგიით ჯერ არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, ეს პირველი შემთხვევაა. ჩვენ ამის ზუსტ შეფასებას დაგვავალებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო, თვითონ კომპანია "ასტრაზენეკა". ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ, თუ საჭირო იქნება, პროცესში ჩაერთვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების კომიტეტის ორი ექსპერტიც, რათა ყველა დეტალი ზუსტად გაირკვეს.

- მახსენდება, რომ საქართველოში ანაფი­ლაქსიური შოკი გოგონას განუვითარდა ცხვირის პლასტიკური ოპერაციის დროს და ისიც გარდაიცვალა...
- ანაფილაქსიის მთავარი მიზეზი მედიკამენტებია. მათ შორის, ანტიბიოტიკები, შემდგომ - კუნთის მომადუნებლები, რომლებიც ოპერაციის დროს გამოიყენება, ასევე ლოკალური საანესთეზიო საშუალებები, ყველაზე ხშირად კი - "ლიდოკაინი"­ და "ნოვოკაინი". შეიძლება ანაფილაქსია გამოიწვიოს მედიკამენტებმა, რომლებიც გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფიის ან კორონაროგრაფიის დროს. ანაფილაქსიის მიზეზებს შორის მედიკამენტების შემდეგ მოდის "ლატექსი", რომელიც გავრცელებულია სამედიცინო და საყოფაცხოვრებო სფეროში. შემდეგი მიზეზია მწერის ნაკბენი, ბოლო ადგილზე კი საკვებია - თხილეული, თევზის პროდუქტები და ა.შ.

- რა კლინიკური სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ანაფილაქსიური შოკი?
- დაავადებას ახასიათებს მწვავე დასაწყისი - წუთიდან რამდენიმე საათი. მთელ სხეულზე ჩნდება ქავილის შეგრძნება­ და ჭინჭრის ციება, შეიძლება ამას რამდ­ენიმე წუთში ან წამშიც კი მოჰყვეს ტუჩის, ენის შეშუპება, მაგრამ მდგომარეობა ანაფილაქსიად რომ შეფასდეს, კანისა და ლორწოვანის ცვლილებებს ერთი სხვა ორგანოს და სისტემის პრობლემა მაინც უნდა ახლდეს - სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი ხიხინი, ხმაურიანი სუნთქვა, არტერიული წნევის ვარდნა, გონების დაკარგვა და ა.შ. ამის შემდეგ იწყება გადაუდებელი დახმარება. თავდაპირველად სასწრაფოდ უნდა მოხდეს სასუნთქი გზების გათავისუფლება.­

ამ დროს პირველი­ წამალია "ადრენალინი", რომელიც საქართველოში ყველა­ ვაქცინაციის კაბინეტში აქვთ შპრიცდოზით გამზადებული. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება, მეორე დოზა 5-15 წუთში მეორდება. ანაფილაქსიას ზოგჯერ ახასიათებს ორფაზიანი მიმდინარეობა. თავდაპირველი შეტევა თითქოს დასრულდება და რამდენიმე წუთში­ ან საათში ისევ შემობრუნდება. მეგის რეანიმატოლოგი, აფციაური ამბობს, რომ ეს ორფაზიანი შემთხვევა იყო.

მივიღეთ გადაწყვეტილება, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ სანამ მეგის გარდაცვალების მიზეზი გაირკვევა და მოსახლეობას შიში გაუქრება,­ უსაფრთხოებისთვის ვარჩიეთ, აცრა ჩავატაროთ მხოლოდ მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ყველა დარგის ექიმია. როდესაც ვაქცინების დიდი პარტია შემოვა, ასე ვერ გაგრძელდება. თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ ვაქცინაცია, დასახული მიზნის მიღწევას დიდი ხანი დასჭირდება. დღეს აცრილია 3642 ადამიანი, არადა გვინდა მილიონ შვიდასი ათასი აიცრას, ამას კი ასეთი ტემპით 10 წელი დასჭირდება. მთელ მსოფლიოში ხალხი იცრება სკოლებში, სტადიონებზე, სუპერმარკეტებში... ამერიკაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მანქანიდანაც არ გადმოდის, ისე იცრება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეგის შემთხვევა მოხდა ისეთ კლინიკაში, სადაც რეანიმაცია იყო და ანესთეზიოლოგიც 15 წუთის შემდეგ ჩაერია, მაგრამ...


- რეგიონებში მზად არის ცენტრები, რომ პაციენტებს დახმარება გაეწიოთ? რატომ გახდა მეგის თბილისში წამოყვანა აუცილებელი?
- მეგის მდგომარეობა გართულდა. პერიფერიული კლინიკებიდან ისედაც ხშირად გადმოჰყავთ პაციენტები უფრო მაღალი დონის კლინიკ­ებში. რაც შეეხება რეგიონულ ცენტრებს,­ ვაქცინაციაში მონაწილე ყველა ბრიგადას და ექიმს ჩაუტარდა ტრენინგი, დეტალურად განვიხილეთ პროტოკოლი, ეტაპები...

- მეგის შემთხვევაში შეიძლება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
- უნდა გაირკვეს, ეს იყო მხოლოდ იზოლირებული ანაფილაქსია და ამით გამოწვეული სიკვდილი თუ მისი ფონური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაწყებული ალერგიული რეაქცია გახდა სხვა გართულების მიზეზი. ისიც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, აღმოუჩინეს თუ არა კვალიფიციური, ადეკვატური დახმარება, ანუ რა გაკეთდა პირველად, მეორედ, რამდენ წუთში... თუ რამე გადაცდომა მოხდა, შესაბამისი გადაწყვეტილებაც არ დააყოვნებს.

- ამ ფაქტის შემდეგ ვაქცინაციის ბევრი­ მომხრე დაფრთხა. ნაწილს საკუთრივ "ასტრაზენეკასი" შეეშინდა. რას ეტყოდით მათ?
- დღეს ზოგიერთი ქვეყნის მოსახლ­ეობის 90% უკვე აცრილია. ასეთია ისრაელი,­ ჩილე და ა.შ. აშშ და ბრიტანეთიც ახლოს არიან იმუნიტეტის პოპულაციურ ჩამოყალიბებასთან. თუ ჩვენ გვინდა ცხოვრება გაგრძელდეს, სხვა გამოსავალი არა გვაქვს.

მე, როგორც ექიმს, მესმის ყველა რისკიც და სარგებელიც და მიმაჩნია, რომ ვაქცინაცია ჩემთვის, ჩემი ქვეყნისთვის ერთადერთი შანსია, ამიტომ ყველას ვთხოვ, წვლილი შევიტანოთ პანდემიის დასრულებაში.

- ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი "ასტრაზენეკათი" აიცრა. ნდობის მოსაპოვებლად მსგავსი­ მაგალითი საქართველოშიც საჭიროა?
- მორალური მაგალითები აუცილებელია. პრეზიდენტმა სწორედ ასეთი მაგალითი უჩვენა საზოგადოებას. გამიხარდა­ ჯანდაცვის მინისტრმაც რომ განაცხადა, ამ ვაქცინით ავიცრებიო. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება, თუ მთელი მინისტრთა კაბინეტი აიცრება - ცხადია, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს. უნდა გაფართოვდეს ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფები - კულტურის მოღვაწენი, გამოჩენილი ადამიანები და ა.შ.

- ანტივაქსერებს რას ეტყოდით?
- ეს იდეოლოგიური მიმდინარეობაა, ისინი ყველანაირ ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ საქართველოში ძალიან ცოტანი არიან. საქართველოში ბავშვების 90% იკეთებს წითელას, წითურასა თუ სხვა აცრებს.

კოვიდვაქცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილებს კითხვებზე პასუხი სჭირდებათ, ამიტომ ასეთებს ბევრი მაგალითი უნდა ვუჩვენოთ. აუცილებელია, საზოგადოებამ ირწმუნოს ვაქცინაციის სიკეთე. სხვაგვარად პანდემიის დასრულება ვერ წარმომიდგენია. როგორც ზღვა არ დაიღლება ტალღების აზვირთებით, ისე არც ეს ვირუსი დაიღლება, თუ არ დავუპირისპირდით და იმუნური ფონი არ შევქმენით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები