ციდან დანახული კაპადოკია - კვირის პალიტრა

ციდან დანახული კაპადოკია

ყოველწლიურად მსოფლიოში აეროსტატების რამდენიმე ათეული დიდი ფესტივალი იმართება. მათ რიცხვში შედის კაპადოკიის საჰაერო ბურთების ფესტივალიც, მაგრამ ყველასგან განსხვავებით, ის კარგა ხანია ყოველდღიურობად იქცა. მიზეზი მარტივია - წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სამშობლო კაპადოკია მსოფლიოს "მერვე საოცრება" და ბუნების ისეთი სასწაულია, რომლის სრულყოფილად დათვალიერება შეუძლებელია ციდან ნახვის გარეშე.

უცნაური ფორმის ლანდშაფტი კაპადოკიაში მილიონობით წლის წინ ვულკანებმა წარმოშვა, საოცარი პეიზაჟების შექმნაში კი, წვიმისა და ეროზიის გარდა, ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა - კლდეში გამოკვეთილ თუ მიწისქვეშა ქალაქებში აქ ძვ. წ. I ათასწლეულიდან ცხოვრობდნენ. ქრისტიანობის გარიჟრაჟზე კაპადოკიას ათასობით მორწმუნე აფარებდა თავს, ამჟამად კი აქ მრავალი სიწმინდეა. ამიტომაც განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ: "კაპადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანისთვის"...

კაპადოკიის ორი ობიექტი - კლდეში ნაკვეთი დასახლება და გორემეს ისტორიული ეროვნული პარკი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. გორემეს ველი კაპადოკიის ცენტრად ითვლება. სწორედ აქაა ყველაზე მეტი ეკლესია-მონასტერი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი თუ უზარმაზარი მიწისქვეშა კომპლექსი. აქ მიწისქვეშა გვირაბების ყველაზე გრძელი კომპლექსია მსოფლიოში, რომელიც მიწის სიღრმეში 8 სართულად ეშვება.

კაპადოკია და საჰაერო ტურიზმი განუყოფელი გახდა

უნიკალური გეოლოგიური, ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნების გამო კაპადოკია მთელ მსოფლიოში უაღრესად პოპულარული გახდა. მრავალი კლდის გამოქვაბული ამჟამად მუზეუმადაა ქცეული, ხოლო გაცილებით ბევრი მოწყობილია სასტუმროებად. აქაურ სტუმრებს ბუნების საოცარ ქმნილებებსა და უძველეს კულტურულ ძეგლებს სწორედ აეროსტატიდან ათვალიერებინებენ, რაც მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ბუნებრივია, წლების განმავლობაში ტურისტების მომსახურე აეროსტატების კაპადოკიელი პილოტები გარკვეულწილად გიდებადაც იქცნენ.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტურისტებისთვის აეროსტატის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 300 მეტრამდეა შეზღუდული. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალები გაცილებით მაღლა დაფრინავენ (საერთოდ კი აეროსტატით მიღწეული რეკორდული სიმაღლეა 34 668 მ). საჰაერო ბურთებს რამდენიმეკაციანი ეკიპაჟი ემსახურება. აეროსტატის ასაფრენად საჭიროა იმ ჰაერის გაცხელება, რითაც საჰაერო ბურთია გავსებული.

ამისთვის გონდოლაზე დამონტაჟებულია პროპანზე მომუშავე ჰაერის გასაცხელებელი სპეციალური აპარატები. გონდოლაზე ასევე კიდებენ ბალასტს - ქვიშით სავსე მომცრო ტომრებს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ფრენის სიმაღლის მოსამატებლად ეკიპაჟი დაბლა ყრის, აეროსტატის დაბლა დასაშვებად კი ჰაერის გაცხელებას წყვეტენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ტურისტების რაოდენობით თურქეთში კაპადოკიას მხოლოდ სტამბოლი უსწრებს და როგორც მცოდნენი ამბობენ, ამაში კაპადოკიის უნიკალურობის გარდა, დიდ როლს სწორედ საჰაერო ტურიზმი თამაშობს - კაპადოკია და საჰაერო ტურიზმი განუყოფელი გახდა.

რამაზ გურგენიძე