"მაშინ ქალს გულის შეტევა დაემართა და ლამის ხელებში ჩააკვდა შვილს" - კვირის პალიტრა

"მაშინ ქალს გულის შეტევა დაემართა და ლამის ხელებში ჩააკვდა შვილს"

800 მანეთად გაყიდული გოგონას საოცარი ამბავი

"მადლობა მას, რომ მუცლად მყოფი არ მომიშორა და უფლის ნებით, იდეალურ ადამიანებს გადასცა ჩემი თავი"

ნინა კახეთში, სიღნაღში გაიზარდა. მის გამზრდელ მშობლებს 14 წელი არ ჰყავდათ შვილი და როცა შანსი მიეცათ, მათ ოჯახში ბავშვს ერბინა, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს და, იყიდეს გოგონა! დიახ, არ მოგესმათ, იყიდეს ულამაზესი გოგონა და მას ისე უფრთხილდებოდნენ, როგორც საკუთარი თვალის ჩინს... ნინა მიყვება:

"თურმე, 1976 წლის 15 იანვარს, ჯერ სიღნაღის ცენტრში დამატარებდა ვიღაც ქალი და ცდილობდა ჩემს გაყიდვას, შემდეგ კი რაიონულ საავადმყოფოში მივუყვანივარ, სადაც ჩემი გამზრდელი დედის ბიცოლა მუშაობდა და მან დაურეკა ჩემს მომავალ მშობლებს, ასეთი ამბავია და მოდითო... მივიდნენ და მიშვილეს, შინ წამიყვანეს ამ ღვთისნიერმა ადამიანებმა და ისე გამზარდეს, მათგან გულის ტკენა არ მახსოვს. არასდროს მიგრძნია, რომ აყვანილი და ზედმეტი ვიყავი იმ ოჯახში. პირიქით, უნიკალური ადამიანები მყავდა გვერდით და მათი წყალობით, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მოკლედ, ძალიან გამიმართლა..."

ნინა 16 წლის იყო, როცა გამოჩნდა "კეთილისმსურველი", რომელმაც ნინას დედას კამათის დროს უთხრა: - დაიცავი, დაიცავი, ესეც შენი გაჩენილი არ იყოსო... მაშინ ქალს გულის შეტევა დაემართა და ლამის ხელებში ჩააკვდა შვილს. ნინასთვის ეს მოულოდნელობა, ცხადია, მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ გონიერმა, მშობლებზე მზრუნველმა გოგონამ ძალა მოიკრიბა და რადგან მიხვდა, დედას ამ ამბის გახსენება ტკივილს აყენებდა, სიმართლეს დროებით "კარი გამოუკეტა"...

"ვუთხარი: რატომ ნერვიულობ, დედა? არ არსებობს ჩემთვის შენი შემცვლელი, ნუ დარდობ. პირიქით, გამიმტკიცდა თქვენ მიმართ სიყვარული და გთხოვ, ნუღარ იდარდებ-მეთქი... როცა უკეთ გახდა, ყველაფერი თავად მიამბო და ის ტანისამოსიც მიჩვენა, რომელიც სახლში მოყვანის დღეს მეცვა. ეს იყო უბრალო ბამბაზიის ხალათი, ძველი მაისური, ხელით ნაქსოვი ქუდი, ჭრელი აბრეშუმის მოსახვევი. მოყოლის დროს ვატყობდი, ძალიან განიცდიდა, ნერვიულობდა და ვთხოვე, აღარაფრის მოსმენა არ მინდა-მეთქი. იმ დღის შემდეგ ამ თემაზე აღარ გვილაპარაკია... ცხადია, ყველაფერი მაინტერესებდა, მაგრამ გამზრდელ დედას გულს ვერ ვატკენდი, ეს უბრალოდ არ შემეძლო...

სამწუხაროდ, 17 წლის ვიყავი, როცა დედა დავკარგე... ზოგადად, მიცვალებულების შიში მაქვს და იმ ღამესაც, როცა მე და მამა სახლში მარტო დავრჩით, მიუხედავად იმისა, რომ დედის ცხედრის არ უნდა შემშინებოდა, ამხელა გოგოს ღამით მამასთან მეძინა - აი, ასეთი იდეალური მამა-შვილობა გვქონდა...

არაჩვეულებრივი ადამიანი იყო მამა, რომელიც სულ ჩემს დაცვას ცდილობდა, მიფრთხილდებოდა. ჩემი კარგად ყოფნისთვის უკან არ დაიხევდა..."

დედის გარდაცვალების შემდეგ, ნინამ გაბედა და მამას დაელაპარაკა. აუხსნა, რომ სურდა, სიმართლე გაეგო.

"მამამ მითხრა, თუ ეს გაწუხებს, მე შენ წაგიყვან იმ სახლში, სადაც საბუთები გავაფორმეთო და წამიყვანა დედოფლისწყაროში. მიმიყვანა ერთ ადგილას და მითხრა: აი, აქ იდგა პატარა სახლი. იქ იმ ქალის გარდა, ვისგანაც გიშვილე, იყო კიდევ ორი ახალგაზრდა გოგო და 5-6 წლის ბიჭი. ვთხოვე, ბიჭუნაც მოეშვილებინა, მაგრამ უარი მითხრაო. 800 მანეთი გადაუხდიათ ჩემში... ადგილობრივებმა გვითხრეს, - კი, ადრე აქ სახლი იდგა, უკრაინელი ანია ცხოვრობდა, სხვა არაფერი ვიცითო. მამას გაახსენდა, დაბადების მოწმობაში გერქვა ტატიანა. დედად მითითებული იყო ვინმე ლუდმილა (გვარიც ახსოვდა, მაგრამ ახლა ვერ ვახსენებ) და მამის გრაფა ცარიელი იყოო. ვეცადეთ, პოლიციასაც ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ამ სახელისა და გვარის ქალი ვერსად ვიპოვეთ, ამიტომ ხელი ჩავიქნიე..."

წლების შემდეგ, "ოდნოკლასნიკების" წყალობით ნინამ იპოვა ბიოლოგიური დედა. მისთვის პირდაპირ მიწერა ვერ გაბედა და ჯერ ნათესავებს დაუკავშირდა, ფრთხილად გამოკითხა მათ ამ ქალის შესახებ. ნათესავები მალევე მიხვდნენ, თუ ვინ იყო ნინა და მასთან დღემდე აქვთ ურთიერთობა ლუდასგან განსხვავებით, რომელმაც შვილი არ აღიარა. უფრო მეტიც, საქართველოში ჩამოსული შეხვდა იმის დასამტკიცებლად, რომ არ ტყუოდა. შემდეგ ფოტო გამოუგზავნა, სადაც თავად, ვიღაც კაცი და ქალი არიან გამოსახული და მოატყუა: მე კი არა, ჩემმა მეგობარმა გაგაჩინა და რადგან ამ ამბავს მალავდა, შენს დაბადების მოწმობაში ჩემი პირადი ნომერი ჩავწერეთ, მეგობარს დავეხმარეო... ფოტოზე გამოსახულ კაცზე უთხრა, ეს მამაშენია, მხოლოდ მისი სახელი მახსოვს და ის, რომ სამეგრელოში ცხოვრობსო... მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურ მამაზე სახელისა და მიახლოებითი ასაკის გარდა, არაფერი იცოდა, ნინამ მისი მოძებნა და ამ ფოტოს მისთვის ჩვენება მტკიცედ გადაწყვიტა:

- და ამხელა სამეგრელოში კაცი იპოვეთ მხოლოდ სახელით?

- წარმოიდგინეთ, ვიპოვე, ოღონდ როგორ, ამას სამწუხაროდ, ვერ მოგიყვებით... მამამ არ იცოდა ჩემი არსებობა. ეს სურათი რომ მივუტანე, ვკითხე, რომელია დედაჩემი-მეთქი? - ლუდას დაადო ხელი, ეს არის, მეორე კი ჩემს ძმაკაცთან მეგობრობდა... მე რომ მცოდნოდა, გაგაჩინა, ჩემს ბაღანას სხვას არ გავაზრდევინებდიო... აღმოჩნდა, რომ ლუდასთან ურთიერთობის პერიოდში, მამას ცოლი ჰყავდა. მისთვის ეს სამსახურებრივი რომანი იყო...

ჰოდა, როცა ლუდა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, ისევ ჩასულა სამეგრელოში მამაჩემის მოსაძებნად, მაგრამ იმ ადგილას, სადაც ეგულებოდა, კაცი ვეღარ იპოვა, არც მეგობრებმა უთხრეს, სად ცხოვრობდა და არც თავად თქვა, რომ ორსულად იყო, ისე დაბრუნდა კახეთში... ჩაიქნია ალბათ ხელი...

ნინამ მამა და მამის მხრიდან და-ძმები იპოვა. მათთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, ისევე, როგორც ბიოლოგიური დედის ნათესავებთან და ახლა მხოლოდ ერთ რამეს განიცდის: მიუხედავად ყველაფრისა, რატომ არ აღიარებს ლუდა, რომ მან გააჩინა?

- ჩემს გამზრდელ მამას ეგონა, რომ ორი და და ერთი ძმა მყავდა. სინამდვილეში, ის ქალი, ვინც მამას ფული გამოართვა, სულ სხვა ვინმე იყო, მან ჩემი დედობა დაიბრალა, ლუდა და მისი დაქალიც თავის შვილებად გაასაღა, ისევე, როგორც მე და ჩემი 5 წლის ძმა. ანუ რეალურად, ლუდას ჩემ გარდა, მხოლოდ ვაჟი ჰყავდა, რომელმაც თურმე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

- მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სხვას დაუთმო თქვენი თავი და ახლაც უარგყოფთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მზად ხართ, თქვენი შვილად აღიარების შემთხვევაში, ყველაფერი აპატიოთ... - მე ისეთი საწყალი გულის ვარ, მივიღებ... რა ქნას, თავისი გასჭირვებია... 5 თვე რომ მზრდიდა და მივლიდა, ეს ხომ რაღაცას ნიშნავს, ე.ი. თავიდანვე არ ვყავდი გაწირული. იქნებ მერე ვეღარ შეძლო ჩემი გაზრდა? თუ იმ ტანისამოსით ვიმსჯელებთ, რომელიც სოფელში დღემდე ინახება, ძალიან უჭირდა... სხვა თუ არაფერი, 46 წელი გავიდა ამ ამბიდან და იმას მაინც ვიმსახურებ, სიმართლე მითხრას. მე ხომ მას პასუხს არაფრისთვის ვთხოვ, არც განვსჯი. ეს იყო მისი პირადი ცხოვრება... პატარა გოგო იყო, ჩამოვიდა გასართობად და შეცდა. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ვიმეორებ, ცუდი ისაა, რომ სიმართლეს არ აღიარებს. არადა, რა კარგი იქნებოდა ახლა ეს მისთვისაც, მარტო აღარ დარჩებოდა, ჩემთან იცხოვრებდა. ახლა 67 წლისაა და სულ მარტო... მაგრამ ეშინია ალბათ აღიარების. ვფიქრობ, გაყიდვის მომენტი აფერხებს ან ძალიან ჯიუტია და რადგან ერთხელ უარი მითხრა, ვეღარ გადათქვამს...

არადა, მისი მადლიერი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ მუცლად მყოფი არ მომიშორა და გამაჩინა. უფლის ნებით, უკარგეს ადამიანებს გადასცა ჩემი თავი, რომლებმაც ვფიქრობ, ღირსეულ პიროვნებად გამზარდეს.

- გამზრდელ მამას როგორი რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე?

- სამწუხაროდ, აღმზრდელი მამაც გარდაცვლილი მყავს, თორემ მჯერა, ყველაფერში მხარს დამიჭერდა და იამაყებდა ჩემი ყველა გადაწყვეტილებით. ის საუცხოო პიროვნება იყო და იდეალური მამა...

დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ აყვანილ შვილს მივმართო, რომელიც სცოდავს და გამზრდელ მშობლებს ამაგს არ უფასებს. ძალიან ეშლებათ, როცა მხოლოდ ბიოლოგიურ დედ-მამას ეძებენ და გამზრდელები თითქოს მეორე ადგილზე ინაცვლებენ - ეს არასწორია. მათი ამაგი სულ უნდა გვახსოვდეს. ის სითბო გვიწილადეს, რაც ჩვენთვის სხვებს უნდა მოეცათ, იზრუნეს, ფეხზე დაგვაყენეს... იმაზე დიდი მადლი, ვიდრე სხვისი შვილის გაზრდაა, არ არსებობს.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)