"ინგუშებს საშველად თვალი საქართველოსკენ აქვთ. ჩემთვისაც არა ერთხელ უთქვამთ, - საქართველოს გარეშე ჩვენი მომავალი ვერ წარმოგვიდგენიაო" - კვირის პალიტრა

"ინგუშებს საშველად თვალი საქართველოსკენ აქვთ. ჩემთვისაც არა ერთხელ უთქვამთ, - საქართველოს გარეშე ჩვენი მომავალი ვერ წარმოგვიდგენიაო"

ლარსის საზღვარზე ინგუშებისგან ქართველი სატვირთო მძღოლების დაპურებამ სოციალური ქსელი ააფეთქა: საქართველოს სამხედრო გზაზე ჩამოწოლილი ზვავის გამო, ლარსში რამდენიმე დღით გაჩერებულ მძღოლებს ახლომახლო სოფლების ინგუშებმა პროდუქტი მოუზიდეს და იქვე მოწყობილ საველე სასადილოში კერძები თავადვე მოუმზადეს კიდეც. ინგუშებმა ქართველებთან ერთად, ცხადია, კოლონის სხვადასხვა ეროვნების მძღოლებსაც უმასპინძლეს, - გაჭირვებაში მყოფის დახმარება მათი დაუწერელი კანონია.

"ვინც ქართველებისა და ინგუშების ისტორიული ერთიანობისა და გენეტიკური იდენტობის შესახებ იცის, ეს ამბავი არ გაუკვირდება", - წერს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კავკასიოლოგი მარიამ ბეჟიტაშვილი, რომელიც ქართულ-ინგუშურის ისტორიული ურთიერთობის ახალი გმირია: მარიამი სულ რამდენიმე წლის წინათ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სრულიად მარტო წავიდა ინგუშეთში ინგუშურ-ქართული ურთიერთობების საკვლევად, რომელსაც ახალი ძალა შესძინა. იმ ინგუშებიდან, რომელიც სატვირთო კოლონის მძღოლების სამასპინძლოდ ლარსზე გადმოვიდნენ, ერთ-ერთი - თემურ აბადიევია, მარიამისა და მისი ოჯახის მეგობარი. მარიამმა და მისმა ოჯახმა თემურთან ერთად სხვა ინგუშებსაც არა ერთხელ უმასპინძლა საქართველოში.

მარიამ ბეჟიტაშვილი: - პირადად ჩემთვის, რაც ლარსზე მოხდა, სრულიად ბუნებრივია. ინგუშები ვერაფრით აუვლიდნენ გვერდს გასაჭირში მყოფ ხალხს და მით უფრო - ქართველებს. მათი მორალური კანონები ამას არ დაუშვებს. ქართულ-ინგუშური ურთიერთობები ის თემაა, სადაც ერთგულებას საზღვარი არ აქვს. ჩვენ ერთმანეთის საყრდენი ვართ. ინგუშეთში დღესაც, საბედნიეროდ, არის თაობა, რომელსაც ახსოვს 14-წლიანი დეპორტაციის შემდეგ, 1958 წელს როგორ ხელუხლებლად დაახვედრეს სახლ-კარი იმ ქართველებმა, რომლებიც აქ გადასახლებული ინგუშების ნაცვლად შეასახლეს. და არა მხოლოდ სახლები, არამედ - ბევრი რამ, რაც თავად შექმნეს ამ 13 წლის მანძილზე, რაც ინგუშეთში ჩასახლებულ სხვა ერს აზრად არ მოსვლია. მათ ახსოვთ კიდევ სხვა მრავალი რამ, რაც ქართველების უღალატობასთან არის დაკავშირებული. ასე ცხოვრობენ თავადაც. სულ რამდენიმე წლის წინათაც კი, როდესაც ინგუშეთის ხელისუფლებამ გზის გაყვანა განიზრახა და ამ გზას დეპორტაციისას ჩასახლებული ქართველების სასაფლაოზე უნდა გაევლო, ინგუშებმა მიტინგი გამართეს და მთავრობა აიძულეს, რომ გზა სასაფლაოს გვერდის ავლით გაეყვანა. სასაფლაო შემოღობეს და ქართველი მიცვალებულების სახელებიც დააფიქსირეს.

მარჯვნიდან პირველი, თემურ აბადიევი

- როგორც ცნობილია, ამ დეპორტაციის დროს, 1944 წელს, ინგუშები არა მხოლოდ გადაასახლეს, რამდენიმე ათასი ლიკვიდირებულ იქნა...

-დიახ. და ამ ენით აუწერელ საშინელებას ისიც დაერთო, რომ ინგუშეთის ტერიტორიები დაჰყვეს და სხვებს გაუნაწილეს, ძირითადად, ჩრდილოეთ ოსებს, სადაც დასავლეთ ინგუშეთის სოფლები მოექცა. ასე რომ, არ წყდება ინგუშეთში თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომლის ლიდერები გამუდმებით ციხეში არიან. თავად ინგუშებს კი საშველად თვალი საქართველოსკენ აქვთ. ჩემთვისაც არა ერთხელ უთქვამთ, - საქართველოს გარეშე ჩვენი მომავალი ვერ წარმოგვიდგენიაო.

- თუმცა, სამწუხაროდ, ქართველები მომავალს ამ ეტაპზე თავადვე ვიგდებთ საფრთხეში. - ეს ყველაფერი მოგვარდება, ქართულ-ინგუშური ურთიერთობები კი - გაღრმავდება, ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, ამ ურთიერთობებს ჩვენ უფრო მეტი პოპულარიზაცია უნდა გავუწიოთ. თავად ინგუშეთში თაობიდან თაობაზე გადადის ანდერძად, რომ: "გურჟეჩოღ მოასტაღ ხურგვაც!" - ქართველი არასდროს იქნება მტერი! ყოველ ინგუშურ ოჯახში ყოველი ინგუში პაპა და მამა ანდერძით გადასცემს შვილს, რომ საქართველო უყვარდეს; ასწავლოს, ჩაუნერგოს თაობიდან თაობას საქართველოს სიყვარული. ინგუშურ ენაშიც ამ ურთიერთობას უამრავი საოცარი სიმბოლო აქვს. მაგალითად, ინგუშურად სიტყვა "გურჯი" (ქართველი) ყოველივე საუკეთესოს ნიშნავს. როდესაც ინგუშები ამბობენ სიტყვას "ბუალ" (ბალი), ჩვეულებრივ ბალზე ლაპარაკობენ, მაგრამ თუ იტყვიან, "გურჯბუალ", ესე იგი, საუკეთესო ხარისხის ბალია. ქართველი დედა ინგუშურ ენაში იმ დედის სიმბოლოა, რომელიც საუკეთესო შვილებს ზრდის. როდესაც ინგუშს თავის მოწონება უნდა, იტყვის, - ქართველმა დედამ მშობაო... ჩვენც ვცდილობთ. ბოლო შეხვედრა ინგუშებთან 2020 წელს გვქონდა საქართველოში, სადაც ინგუშების უცხოური დიასპორაც იყო. ეს ურთიერთობები პანდემიამ შეაყოვნა და, რა თქმა უნდა, ისევ გაგარძელდება.

- სამაგიეროდ, ლარსზე გაგრძელდა. ვხედავთ, როგორ მოიქცნენ ინგუშები, როდესაც ლარსზე 3 დღით სიცივესა და გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და მათთან ერთად - სხვებსაც რამდენიმე მანქანით მიუტანეს: წყალი, ხორცი და ა.შ. წერს კიდეც ამ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, თქვენი მეგობარი თემურ აბადიევი, - "ინგუშს არ შეუძლია ქართველი არ უყვარდეს, ისევე, როგორც ჭეშმარიტ ქართველს არ შეუძლია ინგუში არ უყვარდესო". - დიახ. ამ ამბის ამსახველი ფოტოებიც თემურ აბადიევმა გაავრცელა საკუთარ გვერდზე. როგორც გითხარით, ის ამ ადგილებიდან უფრო შორს, ნაზრანში ცხოვრობს, მაგრამ გული არ მოუთმენდა და არ იზამდა, რომ არ წასულიყო იქ, სადაც ქართველი ეგულებოდა. სხვებსაც, რა თქმა უნდა, ვინც უნდა ყოფილიყო იმ კოლონაში, რომელსაც ასე უჭირდა, ინგუში ყველას გაუწვდიდა ხელს, მაგრამ საქართველო მათთვის მთავარია. მთავარია ის იდეა, რომ საქართველოსთან ერთად იყვნენ.

სპეციალურად საიტისთვის