"შორიდან ვუყურებ ჩემი უმცროსი შვილიშვილის ლოცვას. დაიჩოქებს ხატის წინ და, მუხლმოდრეკილი, უფალს სთხოვს, ღმერთო, ჩემი დედიკო მაჩუქეო" - კვირის პალიტრა

"შორიდან ვუყურებ ჩემი უმცროსი შვილიშვილის ლოცვას. დაიჩოქებს ხატის წინ და, მუხლმოდრეკილი, უფალს სთხოვს, ღმერთო, ჩემი დედიკო მაჩუქეო"

"რიმამ რომ გაიგო, ამხელა თანხაზე იყო ლაპარაკი, უთქვამს, ამის გადახდას ჩემი ოჯახი ვერ შეძლებს, ყველაფერი რომ გაყიდონ, ამ თანხით მეც ვერ მიშველიან და მერე რა ეშველება ჩემს ოჯახსო"

36 წლის რიმა წულაია 2 თვეზე მეტია, თურქეთის კლინიკაში უმძიმეს დაავადებას ებრძვის. მას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და თურქეთში ქიმიოთერაპიის 2 კურსი უკვე ჩაუტარდა, თუმცა მოულოდნელად მისი მდგომარეობა დამძიმდა და დამატებითი ქიმიოთერაპიის ჩატარება ვერ ხერდება. ამიტომ დრო არ ითმენს, ექიმები ამბობენ, რომ მაქსიმუმ 10 დღეში, მისი სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფოდ ზურგის ტვინის გადანერგვა უნდა მოხდეს, რისთვისაც ოჯახს 65 000 დოლარის გადახდას თხოვენ.

საზოგადოებამ იცის, რომ ლეიკემია განაჩენი არ არის და, ძვლის ტვინის გადანერგვის შემთხვევაში, ექიმები მის გადარჩენას შეძლებენ. დონორიც უკვე ნაპოვნია - თურქეთში დის გადასარჩენად მისი ძმა მიემგზავრება და ის იქნება რიმას დონორი. ახლა პრობლემა ფინანსებია, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე სწორედ თანხაზეა დამოკიდებული. მისი ოჯახი ხალხის გვერდში დგომის იმედად არის დარჩენილი და ორი შვილის დედის გადარჩენა მხოლოდ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. არა ერთი სიცოცხლე გადარჩენილა ამ გზით, კიდევ ერთხელ ერთად უნდა დავდგეთ ყველანი და ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ.

ლილი გულორდავა-ბერიშვილი, რიმას დედამთილი:

- პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი გასაჭირი. ვიცით, დღეს უამრავი ბავშვია ავად, უამრავი ადამიანი ებრძვის მძიმე დაავადებას, მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა დიდ თანხასთან არის დაკავშირებული და ხალხის გაღებული სიკეთის იმედად არიან დარჩენილები. დღეს ჩვენც ამ მდგომარეობაში ვართ; დღეს ჩვენც ვებღაუჭებით იმ იმედს, რომ ისევ ჩვენი ქართველების გვერდში დგომით და დახმარებით შევძლებთ ამ თანხის მობილიზებას და ჩემი ახალგაზრდა რძლის გადარჩენას. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენს ოჯახს დაუდგება გვერდში და დაეხმარება. ყველას ვთხოვ, დაგვეხმარონ ჩემი რიმას გადარჩენაში და მის ორ მცირეწლოვან შვილს დედა აჩუქონ. როცა იცი, რომ ეს ოპერაცია გადაარჩენს მას, ხედავ ამ დროს, ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული და საჭირო თანხა არ გაქვს, ეს ძალიან მძიმეა.

ძალიან მტკივა გული, ენერგიული და სიცოცხლით სავსე გოგოა რიმა და ახლა სიკვდილს ებრძვის. ორ თვე-ნახევარია, თურქეთის კლინიკაში წევს. ჩემი მეორე რძალი იყო თურქეთის კლინიკაში მასთან ერთად და ის უვლიდა. რიმამ რომ გაიგო, ამხელა თანხაზე იყო ლაპარაკი, უთქვამს, ამის გადახდას ჩემი ოჯახი ვერ შეძლებს, ყველაფერი რომ გაყიდონ, ამ თანხით მეც ვერ მიშველიან და მერე რა ეშველება ჩემს ოჯახსო. ნერვიულობისგან ჭამაც კი მიატოვა, ყველაფერზე ხელი ჩაიქნია. ჩემი მეორე რძალი მეუბნებოდა, ისეთი სასოწარკვეთილი იყო, ვერც ვაძალებდი საჭმლის ჭამას და ძალიან დასუსტდა, ამის ყურება უკვე აღარ შემეძლო და ჩუმად ვტიროდიო. სასწრაფოდ მისი მეუღლე - ჩემი შვილი წავიდა თურქეთში, როგორღაც მოახერხა რიმას გამხნევება, იმედი მისცა, რომ მოერევიან ამ პრობლემას. ახლა ცოლთან ერთად ისიც იქ არის, უფლის და ხალხის იმედად დარჩენილი. მართლა არაფერზე დაგვიხევია უკან. სახლი დავაგირავეთ, მანქანა გავყიდეთ, რაც კი გვებადა, ყველაფერი მოვაგროვეთ, ოღონდ გადარჩეს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ თანხასთან, რაც დავხარჯეთ და რაც კიდევ გვჭირდება. ახლა ყველაზე მთავარი ოპერაციის თანხაა, ოპერაციის შემდეგ კიდევ 3 თვეს კლინიკაში უნდა იყოს რიმა. ოღონდ გადარჩეს და დაუბრუნდეს თავის მცირეწლოვან შვილებს, სხვა არაფერი მინდა, მხოლოდ ამაზე ვლოცულობ.

რიმა სიცოცხლით სავსე გოგონაა, ძალიან ენერგიული, მშრომელი, სახლში მას გაჩერებულს ვერ ნახავდი. ზრდიდა ორ პატარას. 13 იანვარს ტემპერატურა აეწია, გვეგონა, კორონავირუსი ჰქონდა და სასწრაფოდ წავედით მარტვილში. იქ ანალიზი რომ აიღეს, არ მოეწონათ პასუხები და ხელმეორედ გადაამოწმეს. მაშინ გვითხრეს, ცუდი ანალიზები აქვს და სასწრაფოდ ქუთაისში წაიყვანეთო, იქ კი მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, 4 თვის ამბავია ეს და პროცესები ძალიან სწრაფად მიდისო. 15 იანვარს უკვე თბილისში წავიყვანეთ, ექიმებმა აქაც იგივე გვითხრეს - პროცესები სწრაფმავალია, დრო არ ითმენს და სასწრაფოდ ძლიერი ქიმიოთერაპიის დაწყებაა საჭიროო. ეს იყო თავზარდამცემი ამბავი. მანამდე არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, წინა დღეს სახლში ყველაფერი დაასუფთავა, დააწკრიალა და უცებ ტემპერატურა აეწია. თხილის საამქროში მუშაობდა, ამიტომ გვეგონა, კორონა ჰქონდა და ანალიზის გასაკეთებლად წავიდა. ამ დროს გამოვლინდა ეს საშინელი დაავადება. მას მერე ვიბრძვით. ერთი წუთი არ დაგვიკარგავს.

ქიმიოთერაპიამ ძალიან დაასუსტა. თბილისში გვითხრეს, ძვლის ტვინის გადანერგვას აქ ვერ გავაკეთებთ, თან ძლიერი ქიმია რადგან სჭირდება, ჯობია თურქეთში წაიყვანოთო. იქ გავგზავნეთ ანალიზის პასუხები და მერე წავიდნენ. იმედს გვაძლევენ, რომ ოპერაციის შემდეგ გადარჩება, თურმე, ძალიან ძლიერი ტკივილები ექნება ოპერაციის შემდეგ, მაგრამ ამბობს, ტკივილებს რამენაირად გავუძლებო. ახლაც საშინელი ტკივილები აქვს, - ფეხები ისე ძალიან მტკივა, ვეღარ ვძლებო, - ტირილით მეუბნება. დონორი მისი ძმა იქნება, ახლა ფინანსებია მთავარი. 10 დღეში უნდა მოხდეს ამ ფულის მობილიზება. ბავშვები ჩემთან არიან, სოფელში და ძალიან განიცდიან დედის ასეთ მდგომარეობას. განსაკუთრებით პატარა დადარდიანდა. დედის გარეშე ერთი ღამე არ გაუთენებია აქამდე, სულ დედასთან ეძინა და იძახის, ჩემი დედიკო მინდაო. რომ ურეკავს, ეუბნება, დედიკო ძალიან მენატრებიო. ვინ იცის, დღეში რამდენჯერ ანთებს სანთელს. მე შორიდან ვუყურებ და ჩუმად ვტირი, როცა ვისმენ მის ლოცვას და გულიდან წამოსულ მის სიტყვებს. დაიჩოქებს ხატის წინ და, მუხლმოდრეკილი, უფალს სთხოვს, ღმერთო, ჩემი დედიკო მაჩუქეო. უფროს ძმასაც ეუბნება, ჯობია, შენც ხშირად ილოცო  დედიკოსთვის, პირჯვარი გადაიწერე და თქვი, ღმერთო ჩემი დედიკო მაჩუქეო. მეც სულ ამას ვლოცულობ, უფლის იმედად და ხალხის იმედად ვართ დარჩენილები. ოღონდ გადარჩეს და დაუბრუნდეს თავის ოჯახს, ოღონდ უყუროს თავის შვილებს და თუ დასჭირდა მთელი ცხოვრება მოვლა, მე მოვუვლი.

ჯანდაცვამ მხოლოდ 9000 გადაგვირიცხა, ვეხვეწეთ მარტვილის რაიონის გამგეობას, ცოტათი მაინც დაგვხმარებოდნენ, მაგრამ გვითხრეს, არ გვაქვს ფონდი, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა დავაფინანსოთო. საქართველოში კი ეს ოპერაცია არ კეთდება. აქამდეც ძალიან დიდი ხარჯებია გაწეული, ისევ ხალხი გვეხმარება, სრულიად უცხო ადამიანებიც. თითოეულ მათგანს უდიდეს მადლობა ვეუბნები, ღმერთმა ეს სიკეთე ასად დაუბრუნოს უკან. დღეს ისევ ამ კეთილი ხალხის იმედად ვართ დარჩენილები. ყოველი დღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მერე უჯრედები გამოიღვიძებს და გართულდებაო. ძალიან სუსტად არის ახლაც, ძალიან გახდა. კიდევ ქიმიას ვეღარ გაუძლებს. ამიტომ ვთხოვ ყველას, დაგვიდგეს გვერდში და გადაგვირჩინოს ჩვენი რიმა. ღმერთი კი ამ სიკეთეს აუცილებლად დაინახავს. მჯერა, ჩვენი ქართველები გულთან მიიტანენ ჩემი ოჯახის გასაჭირს და როგორც ბევრი სხვა ადამიანი გადაურჩენიათ, ჩვენც გადავრჩებით.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:

თიბისი ბანკის ანგარიშზე: GE89TB7409945062100002 მიმღები გვანცა კვესელავა

საქართველოს ბანკის ანგარიში: GGE11BG0000000365861720 მიმღები თენგო ბერიშვილი (მეუღლე)

საქველმოქმედო ზარი 0901701588 ზარის ღირებულება 1 ლარი

(სპეციალურად საიტისთვის)