"ამ გოგომ მისთვის სრულიად უცხო ადამიანს სიკეთე უანგაროდ გაუკეთა ისევე, როგორც კიდევ ბევრ ადამიანს დახმარებია" - კვირის პალიტრა

"ამ გოგომ მისთვის სრულიად უცხო ადამიანს სიკეთე უანგაროდ გაუკეთა ისევე, როგორც კიდევ ბევრ ადამიანს დახმარებია"

საოცარი ადამიანობის მაგალითი სალომე ფაცაციასგან, რომლის ავტომობილსაც მატარებელი დაეჯახა

24 მარტს ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავტომობილს ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, სალომე ფაცაცია მართავდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ ზუგდიდის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი -  თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. როგორც ახლობლები ამბობენ, ექიმი ლევან რატიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით, თავს იკავებს...

იმედია, სალომე მალე გამოჯანმრთელდება, მე კი მინდა, ამ ადამიანის უსაზღვრო კეთილშობილებასა და იმაზე გიამბოთ, თუ როგორ აჩუქა მან ბედნიერება ერთ უსახლკარო, ფიზიკური ტკივილებისგან განადგურებულ ბიჭს, რომელსაც მისი დაავადების გამო ახლოსაც არავინ ეკარებოდა... ეს ბიჭი მერე მიყვებოდა, რომ სალომემ მას ადამიანად აგრძნობინა თავი...

წლებია, ჟურნალში "გზა" ვმუშაობ. ჩვენი მკითხველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ქველმოქმედების სურვილით... ჰოდა, ერთხელაც დავწერე სტატია მძიმედ დაავადებულ 29 წლის ბიჭზე - ზურა ფურტუნზე, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა და ფიქრობდა, რომ განწირული იყო. მიუხედავად ამისა, ხელი არ ჩაუქნევია, სიცოცხლისთვის იბრძოდა. საშინელი ტკივილი უმწარებდა სულს, მაგრამ მაინც, სიცოცხლის წყურვილი კლავდა...

ზურა ფოთიდან იყო. ძალიან პატარა, მამამ მიატოვა. ბოლო 10 წელი ცხოვრობდა უსახლკაროდ, რადგან დედის გარდაცვალების შემდეგ ვალი დაედო და იძულებული გახდა, გაეყიდა. მას მერე კარგა ხანს ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მუშაობდა ხან მშენებლობაზე, ხანაც მანქანების სამრეცხაოში... ბოლოს თურქეთში წავიდა, სადაც გაცივდა და ტუბერკულოზი "აიკიდა"... 2 წელი ზუგდიდის ტუბდისპანსერში იმკურნალა. მერე ქუჩაში აღმოჩნდა - დასნებოვნებულს მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოძიება კი არა, სრულფასოვნად კვების საშუალებაც არ ჰქონდა და როცა საავადმყოფოში არ იწვა, დღეებს სკვერებში, მიტოვებულ შენობებსა თუ სადარბაზოებში ატარებდა...

მერე, ტუბერკულოზს ისიც დაერთო, რომ მისი მკერდის ძვალმა ზრდა დაიწყო და ამით გამოწვეული ტკივილი დროთა განმავლობაში, თანდათანობით ძლიერდებოდა. წარმოიდგინეთ, ის დღეები უხაროდა, როცა საავადმყოფოში უწევდა წოლა. ამბობდა: ბევრჯერ შიმშილისგან დავტანჯულვარ, მაგრამ რა ვქნა, ვერ მოვიპარავ, ნაცნობებს თავისი გასჭირვებიათ, სახელმწიფო მოხელეებს კი, როგორც ჩანს, ჩემისთანებისთვის არ სცალიათო...

მას შემდეგ, რაც ზურას ინტერვიუ დაიბეჭდა, მის სახელზე უამრავი გამოხმაურება მივიღე. ძველმა ნაცნობებმაც გაიხსენეს და მწერდნენ მის კარგ ადამიანობაზე... მაგრამ იმან, რაც ამ ბიჭისთვის სალომემ და კიდევ რამდენიმე გოგონამ გააკეთა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ სალომეზე ვისაუბრებ...

ამ ინტერვიუს მერე ზურა ზუგდიდში, ტუბდისპანსერში დააწვინეს, სადაც წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდიდან, რომელსაც სწორედ სალომე ხელმძღვანელობდა, მას მიაკითხეს და მიუტანეს საკვები, ტანსაცმელი, ცოტადენი ფულიც...

ზურა მიყვებოდა: "როცა ნახეს, რეალურად რა მდგომარეობაში ვიყავი, არ მიმატოვეს. ძალიან ბევრი იბრძოლეს, რომ თბილისში ჩამოვეყვანეთ. აქ ბიოფსია გამიკეთეს, ტომოგრაფია გადამიღეს. სიმსივნის ნიშნები მაქვს. მითხრეს: მკერდის ძვალი "შეჭმულია" და ოპერაციას ვერ გაგიკეთებთ, ეს ძალიან სარისკო საქმეაო. მერე კიდევ რაღაცებს მიხსნიდნენ, მაგრამ აღარაფერი მახსოვს... რეანომობილით ონკოლოგიურში გადმომიყვანეს. სალომე ფაცაციამ კომპიუტერიც კი მიყიდა, ფილმებს უყურებ და გაერთობიო... და ძმას არ დაეხმარება ისე, როგორც ესენი მე მიდგანან მხარში... ხალხი ყურადღებას რომ მაქცევს, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ხელახლა დავიბადე. არადა, იყო დრო, როცა არავის აინტერესებდა ჩემი ბედ-იღბალი.... სალომემ და მისმა მეგობრებმა უბედნიერესი დღე მაჩუქეს. ადამიანად მაგრძნობინეს თავი. მამაოსთანაც მიმიყვანეს და აღსარება ჩავაბარე. ძალიან ბედნიერი ვიყავი. არ მინდოდა, ის დღე დასრულებულიყო..."

მაშინ სალომე ჯერ კიდევ არ იყო პოლიტიკაში გარეული და მასთან კომენტარი ჩავწერე, როგორც წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის დირექტორთან. მიყვებოდა ზურას გასაჭირზე და ვხვდებოდი, როგორ უკანკალებდა ხმა: "ზურა ფურტუნი ჩვენი ფონდის მეთვალყურეობის ქვეშაა უკვე. მის შესახებ თქვენი წერილიდან შევიტყვეთ. ავადმყოფებს არ ვეხმარებით, მაგრამ მისმა თავგადასავალმა გული გვატკინა, ამ ბიჭის მონახულების სურვილი გაგვიჩინა. მივედით ერთჯერადი დახმარების მიზნით, მაგრამ ტუბდისპანსერში ისეთი სურათი ვნახეთ, ამ ბიჭის მიტოვება დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. ფონდის წევრებთან ერთად გადავწყვიტე, ზურას პატრონობა გვეკისრა... მისთვის შევიძინეთ ლეპტოპი, რათა ხანდახან მაინც არ იფიქროს თავის ავადმყოფობაზე... ახლა "დაიკოს" მეძახის. უკვე მეც ვფიქრობ, რომ ჩემი ძმაა. სიცოცხლე უზომოდ უყვარს. მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე წავიყვანეთ - ეს სურვილი შევუსრულეთ, სიონის ტაძარში ჯანმრთელობის პარაკლისიც გადავუხადეთ, შემდეგ გავასეირნეთ, "მაკდონალდსში" წავიყვანეთ. ვცდილობ, მამამისთან მივიდე, რადგან ამ ბიჭის ნატვრაა: თუნდაც ერთხელ, ტელეფონზე დაელაპარაკოს. მას არ მივატოვებ სიცოცხლის ბოლომდე..."

მერე სალომე ხშირად მირეკავდა და მეუბნებოდა: "აი, ზურასთვის ეს სახლი ვიქირავეთ, ნახე ფოტოები..." "აი, ზურას ექთანი ავუყვანე, რომ მოუაროს..." და ა.შ.

სამწუხაროდ, ზურამ დიდხანს ვერ იცოცხლა და როცა სალომემ მისი გარდაცვალების ამბავი, ნამტირალევმა შემატყობინა, ისიც მითხრა: ნუ ინერვიულებ მასზე, ღირსეულად დავკრძალავთო. ამ გოგომ მისთვის სრულიად უცხო ადამიანს სიკეთე უანგაროდ გაუკეთა ისევე, როგორც კიდევ ბევრ ადამიანს დახმარებია. თუმცა, ეს იყო სულ სხვა შემთხვევა: როცა ზურას მისი დაავადების გამო სხვები გაურბოდნენ, სალომემ ადამიანად აგრძნობინა თავი.

P.S. სალომე, აუცილებლად კარგად უნდა გახდე! სხვა თუ არაფერი, შენს ნანატრ გაბრიელს სჭირდები და იმ პატარა გოგონას, რომელსაც წლებია, ცხოვრება ზღაპრად უქციე და პრინცესად აგრძნობინე თავი. და კიდევ, უამრავი მოხუცი და ბავშვია ზუგდიდში სალომეს და მისი მეგობრების იმედად!..

"კვირის პალიტრა" სალომეს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს!

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)