"თაღლითები და ცრუპენტელები ყოფილხართ" - ხათუნა ჟორდანია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიმართავს - კვირის პალიტრა

"თაღლითები და ცრუპენტელები ყოფილხართ" - ხათუნა ჟორდანია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიმართავს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ზურაბ ხაჩიძის მეუღლე ხატუნა ჟორდანია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიმართავს:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სერიოზული ორგანიზაცია მეგონეთ და ჩვეულებრივი თაღლითები და ცრუპენტელები ყოფილხართ! უხსოვარ დროში დარეგისტრირებული ორგანიზაციები, რომლებსაც არასდროს უფუნქციონირებია და რომლის არსებობაც აღარც კი მახსოვდა, თქვენ XXI საუკუნეში გააცოცხლეთ, როგორც მოქმედი ბიზნესი და არც კი გადაამოწმეთ, ოდესმე რამე შემოსავალი თუ ჰქონია ამ კომპანიებს. კატეგორიულად მოვითხოვ, თქვენს მიერ ტირაჟირებული ცრუ ინფორმაცია, დოკუმენტურად დაასაბუთოთ!დაამტკიცეთ, რომ მე მაქვს მოქმედი ბიზნესი და შესაბამისად შემოსავალი ამ კომპანიებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ კანონით პასუხისგება ან საჯარო ბოდიში!!!!! "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო. ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია; 4 შემთხვევაში კი, საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.

კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცნობით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზურაბ ხაჩიძემ 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ნატალია ჟორდანია არის დირექტორი და ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს “ივენთ კომპანი ნან - Event Company NAN” - 50% წილი, დირექტორი და შპს “ტრანსატლანტიკი და პარტნიორები” - 25% წილი. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

„იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძეს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ იგი არის შპს “სასარგებლო წყალი ნაბეღლავი” - 100% წლის მფლობელი და დირექტორი და შპს “ჯორჯიან ფეროელოის” - დირექტორი. ლევან კიკნაველიძე ასევე არის შპს “გამა 222” - 50% წილის და შპს “ალიანსი 222” - 30% წილის მფლობელი, ეს ინფორმაცია მან ასახა დეკლარაციაშიც, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია. ლევან კიკნაველიძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე ქეთევან ძიგრაშვილი ს.პ.ს “ძიგრაშვილი და კონსალტინგ ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია, რაც კანონის დარღვევაა.

ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას 2018-20 წლებში იკავებდა, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის წევრია. მოწერელიას 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ მისი მეუღლე, ლალი ხუადე ფლობს 50%- იან წილებს ორ კომპანიაში: შპს „გ.გ.გ.“ და შპს „ანამო“, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასიას 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ იგი არის შპს “კოლხმშენის” 30% წილის მფლობელი, მეუღლე იზა ხასია კი ინდივიდუალური მეწარმე, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე, ლევან ქვათაძე ფლობს შპს “პერეირა საქართველოსა” და შპს “SNM GROUP”-ის 50% წილს, ასევე არის შპს “ნობათი 2012”- ის 20% წილის მფლობელი. ეს ინფორმაცია მან ასახა 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე გიორგი გონაძე ფლობს შპს “რაჭული ღვინო - 97”-ის 10% წილს. მან ეს ინფორმაცია ჩაწერა 2020 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილმა 2020 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ არის შპს “იბერია დისთილერის” 5% წილის მფლობელი, თუმცა, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე შპს “ესდეკას” 35% წილის მფლობელია, მან ეს ინფორმაცია ჩაწერა 2020 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში, სადაც ასევე აღნიშნული აქვს წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული წილის მართვის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია სამეწარმეო რეესტრში მითითებული არ არის.

ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული იყო 2016-2020 წლებში. ამჟამად იგი საქართველოს პარლამენტის წევრია. ირაკლი ქადაგიშვილი ფლობს შპს „ჯეოდილის“ 15%-იან წილს. მას ეს კომპანია 2020 წელს დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, თავისი წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე ფლობს შპს “დი ბი ეს ჯგუფისა” და შპს “პარტნი-2” 50% წილს. მან ეს ინფორმაცია ჩაწერა 2020 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით“,-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი განმატებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს" - აღნისნულია ორგანიზაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო