"ჩვენი დაბადების შემდეგ დედამ კიდევ ერთხელ იმშობიარა და ისევ ტყუპი დაიბადა... ჩვენი ოჯახის ამბავი მთელ ქალაქს მოედო" - კვირის პალიტრა

"ჩვენი დაბადების შემდეგ დედამ კიდევ ერთხელ იმშობიარა და ისევ ტყუპი დაიბადა... ჩვენი ოჯახის ამბავი მთელ ქალაქს მოედო"

ჩვენი სტუმარი 34 წლის ნინო ზავრაშვილია. ის გახლავთ ტყუპისცალი, ტყუპების და და, რაც უფრო იშვიათობაა, ტყუპების დედა და მამიდა. დაგაბნიეთ, არა?.. მეც ასე დაბნეული ვიყავი, სანამ ნინომ თავიდან ბოლომდე არ მიამბო თავისი ოჯახის ამბავი.

- მე და რეზო ვართ პირველი ტყუპი ოჯახში. 1986 წელს დავიბადეთ. მაშინ სულ ახალი შემოსული იყო ექოსკოპია და ცოტა ალმაცერადაც უყურებდნენ, ნაყოფის დასხივების ეშინოდათ, თურმე. არც დედაჩემი იყო გამონაკლისი და უარი უთქვამს ექოსკოპიაზე. დროზე ადრე დასწყებია მშობიარობა და დავიბადეთ ორნი. გენეტიკაში არც დედას და არც მამას ტყუპი არ ჰყავდათ. ჩვენი დაბადება ყველასთვის გასაკვირი და სასიხარულო იყო, თუმცა დღენაკლულები ვიყავით - შვიდთვიანები და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. გასაკვირი ის იყო, რომ ჩვენი დაბადების შემდეგ დედამ კიდევ ერთხელ იმშობიარა და ისევ ტყუპი დაიბადა, ოღონდ - ბიჭები, გოჩა და გიორგი, რომლებიც ახლა 31 წლის არიან. მოკლედ, სამ წელიწადში ოთხი შვილის დედა გახდა.

ჩვენ რუსთავიდან ვართ და ჩვენი ოჯახის ამბავი მთელ ქალაქს მოედო. თან იმ დროს მამაჩემი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი იყო და, რაღა თქმა უნდა, მეტალურგების ქალაქში ეს ამბავი ყველამ იცოდა. ჩვენს ბავშვობაში დედა და მამა ხშირად მოგზაურობდნენ და ამ დროს ჩვენი დატოვება იყო პრობლემა. ბებიები ოთხივეს ვერ დაგვიტოვებდნენ, ამიტომ ზოგი მათთან ვრჩებოდით, ზოგი - ნათლიასთან, ზოგიც - მამიდასთან.

ნინო ტყუპ ძმასთან ერთად

- იდენტური ტყუპი ხართ?

- არა, არც ერთი ერთმანეთს არ ვგავართ. ერთ ბაღში დავდიოდით, ერთ სკოლაში, ასე რომ, საერთო წრე გვყავს, საერთო ინტერესები და მოგონებები გვაქვს...

ნინოს ტყუპი შვილები

ყველაზე საოცარი ის არის, რომ ტყუპიანობა შემდეგ თაობებშიც გაგრძელდა. პირველად ჩემი უმცროსი ძმა, ანუ უმცროსი ტყუპის ერთი ტყუპისცალი დაოჯახდა, 20 წლის იყო. ცხრა წლის წინ დაიბადა მისი ტყუპი - დაჩი და ვატო. ისინიც განსხვავებული არიან. ერთი დედას ჰგავს, მეორე - მამას. ოთხი წლის წინ კი მეც ტყუპის დედა გავხდი. გულის სიღრმეში ყოველთვის ველოდი, რომ ტყუპი მეყოლებოდა, რადგან, მსმენია, ტყუპიანობა ქალის მხრიდან გადადისო.

- თქვენმა ძმამ ეს მითი ხომ დაანგრია?

- მეტ-ნაკლებად, იმიტომ, რომ მის მეუღლესაც ჰყავს ტყუპი და. პირველად ექოსკოპიაზე რომ მითხრა ექიმმა, ერთი ნაყოფი ჩანსო, არ დავუჯერე - კარგად დაათვალიერეთ, მე ისეთი გენი მაქვს, ორი ბავშვი უნდა მყავდეს-მეთქი. არა, ერთიაო, მითხრა. ორი კვირის შემდეგ განმეორებით მივედი ექიმთან. კარგა ხანს მათვალიერა, ხმას არ იღებდა. მერე მითხრა, წამოდი, მეორე აპარატზეც უნდა შეგამოწმოო. შემამოწმა და... ტყუპის დედა გახდებიო. ჰოდა, დაიბადნენ სერგი და ვაჩე ტაბატაძეები. ჩემი ტყუპიც არ არის იდენტური. მათ შემდეგ შემეძინა მესამე შვილი - გოგონა.

 ნინოს უმცროსი ტყუპი ძმიდან ერთ-ერთის ტყუპი შვილები

- ყველა დედმამიშვილი დაოჯახებული ხართ?

- დიახ. ჩემს ტყუპისცალს ერთი გოგონა ჰყავს, ნაბოლარა ძმა კი ახლახან დაოჯახდა და ვნახოთ, იმასაც შეეძინება თუ არა ტყუპი... ჩემს მშობლებს ხუთ წელიწადში ექვსი შვილიშვილი შეეძინათ. წარმოგიდგენიათ, ალბათ, ჩვენი შეკრება როგორი ხალხმრავალი იქნება, ამიტომ თავს, ძირითადად, ჩემს უმცროს ძმასთან ვიყრით ხოლმე - მას ყველაზე დიდი მისაღები ოთახი აქვს და გვყოფნის.