"აფხაზეთში რუსი თუ სომეხი ბიზნესმენის "კეთილსინდისიერების" შემოწმება მითია, რადგან რეგიონში ყველაფერი კორუფციული გარიგებებით წყდება"
"აფხაზეთში რუსი თუ სომეხი ბიზნესმენის "კეთილსინდისიერების" შემოწმება მითია, რადგან რეგიონში ყველაფერი კორუფციული გარიგებებით წყდება"
"აფხაზეთში უძრავი ქონების არალეგალური ბაზარი ყვავის. ყიდულობენ უცხოელები, აფორმებენ აფხაზებზე ან საერთოდ არ აფორმებენ. შედეგად კი ბიუჯეტში არაფერი შედის"

ოკუპირებულ აფხაზეთში თითქმის 30 წელია უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხი დგას. რუსეთის პერიოდული ზეწოლის მიუხედავად, მათ, ვისაც ე.წ. ადგილობრივი მოქალაქეობა არა აქვს, ვერც მიწას იფორმებს და ვერც უძრავ ქონებას. არადა, მასზე არაერთ რუსსა და სომეხს უჭირავს თვალი. ამიტომ რეგიონში, სადაც ბიზნესის დაწყება გამარტივებულია, რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ ადგილობრივი სანდო პირის პოვნას, რომ
ბიზნესი მის სახელზე გააფორმონ. რა თქმა უნდა, გარანტია არა აქვთ, რომ შეინარჩუნებენ, რადგან ზოგჯერ რუსეთის მოქალაქის თანხებით აწყობილ ბიზნესს ვინმე გავლენიანი აფხაზი­ ისაკუთრებს, დაზარალებული "კანონით" რომ ვერაფერს აღწევს, მკვლელს ქირაობს ან აფინანსებს კრიმინალებს, რომლებიც თაღლით აფხაზს უსწორდებიან და ასე უსასრულოდ...

ბევრმა აფხაზმა ქართველების ნასახლ­ა­რები, რომლებიც
ომის შემდგომ მიისაკუთრეს, რუსებს "მიჰყიდა". თაღლითობის სქემა თითქმის ყოველთვის ერთნაირია - აფხაზები ჯერ რუსი კლიენტის ნდობის მოპოვებას ცდილობენ, შემდეგ კი სთავაზობენ სახლის მიყიდვას, რომელსაც რუსი დამსვენებლები ყოველ ზღვის სეზონზე ქირაობენ. საწყისი ფასი იმდენად დაბალია, რომ რუსები ცდუნებას ვერ უძლებენ, მით უმეტეს, რომ სახლი, ხშირად ზღვასთან ახლოს ან ტყის პირას დგას. ერთი სიტყვით, რუსი კლიენტი თანხმდება "ახლობელი აფხაზის" შეთავაზებას,­ ნოტარიულად აფორმებენ უძრავი ქონების­ შესყიდვას, რის შემდეგაც ახალი "პატრონი" სახლის კაპიტალურ რემონტს იწყებს­. როგორც სასამართლო პროცესებსა და სოცქსელებში დაზარალებული რუსების პოსტებით ირკვევა, ნოტარიუსიც მოსყიდულია და "მოსამართლეც".

თაღლითი აფხაზი სახლის საბოლოო თანხას ასამმაგებს ან რუსს გარემონტებულ სახლს ართმევს. ის კი ვერაფერს აკეთებს, რადგან "კანონი" მის მხარეს არ არის, რუსეთის მოქალაქე მხოლოდ ყალბი ნოტარიუსის ფურცლის ამარა რჩება.

აფხაზეთში არარეზიდენტებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი 2014 წლის შემდეგ პერიოდულად აქტიურდება. აფხაზების თქმით, ახლა კრემლი ისევ იერიშზე გადმოვიდა, კოვიდპანდემიის გამო რეგიონში უმძიმესი სოციალური ვითარება მისთვის ძალზე ხელსაყრელია. "რუსეთმა კუთხეში მიგვიმწყვდია და ჩვენს გასრესას ცდილობს", - ამბობენ აფხაზები.

2016 წელს უძრავი ქონების გაყიდვის პერსპექტივაზე საუბრობდა სერგეი შამბაც,­ თუმცა მის ინიციატივას მოწინა­აღმდეგეები გამოუჩნდნენ და ეს საკითხი­ მიჩუმდა. 2020 წელს ბჟანია-ანქვაბის გუნდმა საკითხი ისევ წინ წამოსწია. როგორც ე.წ. მმართველი გუნდის კულუარებში ამბობენ, სხვა შემთხვევაში მოსახლეობას შიმშილი ელოდება, რადგან წლევანდელი ზღვის სეზონი ტურისტულად შარშანდელზე უარესი იქნება...


ერთი სიტყვით, შარშან ასლან ბჟანიამ "პარლამენტს" მიმართა "აფხაზურ-რუსული კანონმდებლო­ბების ჰარმონიზაციის" ინიციატივით, რაც რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის ლიბერალიზაციას გულისხმობდა. მისი ერთ-ერთი პუნქტის თანახმად,­ აფხაზურ "კანონმდებლობაში"­ რეგიონის ტერიტორიაზე უძრავი ქონების­ ყიდვის შესახებ ცვლილებები უნდა შევიდეს იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც "აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო". პრეზიდენტის ინიციატივა მოსახლეობის ნაწილმა რუსული ბიზნესის მასობრივ შემოდინებად და აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნია. თუმცა ბჟანიას ინიციატივას მომხრეებიც ჰყავს - "დეპუტატი" ნათელა აკაბა,­ რომელიც საკონსტიტუციო რეფორმების კომისიას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ "ეკონომიკური განვითარების ტერიტორიების წარმოქმნა და აპარტამენტების მშენებლობა აფხაზეთში სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის ზრდის წინა პირობაა". თუმცა დასძენს, რომ თითოეული პოტენციური მყიდველი კარგად უნდა შეისწავლონ. აკაბას თამამ განცხადებას კრიტიკის ნიაღვარი მოჰყვა, მაგრამ მას უკან არ დაუხევია...

აფხაზების თქმით, რეგიონში რუსი თუ სომეხი ბიზნესმენის "კეთილსინდისიერების" შემოწმება მითია, რადგან რეგიონში ყველაფერი კორუფციული გარიგებებით წყდება. თუმცა აკაბას განცხადებას უკვალოდ არ ჩაუვლია - ბიზნესმენი აბესალომ კვარჩია ამბობს, რომ ომიდან 30 წელი გავიდა და უამრავი შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის­ ძეგლები, დანგრევის პირასაა, მრავალსართულიან შენობებში ამოსული ხეები კი არანაკლები დანაშაულია, ვიდრე უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვა.

აფხაზები ახლა ორი მძიმე არჩევნის წინაშე დგანან: ზღვისპირა ქალაქების ბიზნესი სომხების ხელშია, რუსების შემოსვლამ კი შესაძლოა ისინი­ ჩააჩოჩოს, რასაც ის ერთადერთი პლუსი აქვს, რომ "ბიუჯეტში გადასახადები" შევა, მაგრამ უძრავი­ ქონების უცხოელებისთვის, ძირითადად, რუსებისთვის მიყიდვის უფლების მინიჭება, აფხაზურ ეთნოსს გადაშენების პირას მიიყვანს.­ რუსები თანდათან მთელ აფხაზეთს იყიდიან...

"ბენურ კვირაიამ ქართველი ბიზნესმენების შემოყვანაზე რომ ილაპარაკა, კინაღამ ჩაქოლეს. არადა, მგონია, ხელისუფლება ქართულ ფინანსებს უფრო გააკონტროლებს, ვიდრე რუსულს. ახლა აფხაზეთში უძრავი ქონების არალეგალური ბაზარი ყვავის. ყიდულობენ უცხოელები, აფორმებენ აფხაზებზე ან საერთოდ არ აფორმებენ. შედეგად კი ბიუჯეტში არაფერი შედის, თანხას რამდენიმე კაცი ინაწილებს", - ამბობს ერთ-ერთი აფხაზი.

რუსეთი კი აძლიერებს წნეხს. ახლახან საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი დაუბრუნდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების საკითხს".

ამ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო აფხაზები რუსული მედიის კრიტიკის ობიექტი ბევრჯერ გამხდარან. ამ აკრძალვის გამო რესპუბლიკის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გამოყენება შეუძლებელია და რეგიონი, ფაქტობრივად, კრემლის სუბსიდიაზეა.

ბოლო პერიოდში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველად დაიწყეს საუბარი გაყიდვის უფლების დადებით მხარეებზე. "ხელისუფლება ვერ ეწინააღმდეგება რუსეთის დაჟინებულ მოთხოვნას და ნელა-ნელა ნებდება",­ - წერს აფხაზური მედია. უძრავი ქონების გაყიდვა აფხაზებისთვის "დამოუკიდებლობის დაკარგვას" უტოლდება, რადგან ინვესტორებს მოჰყვებიან რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც ყველაფერს დაეპატრონებიან.

რეგიონში მწვავედ დგას იმ სახლების ბედი, რომლებიც პატრონებმა 90-იანი წლების მიწურულს იძულებით დატოვეს. ომის დასრულებისთანავე ქართველების ნასახლარებისთვის ნამდვილი ომი გამოცხადდა. აფხაზეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი "კვირის პალიტრასთან" ომის შემდგომ პერიოდს იხსენებს:

- დიდ და ლამაზ სახლებზე თვალი ეჭირათ მათ, ვისაც მეტი გავლენა ჰქონდა,­ წინასწარ დაიბევეს - ხელი არავინ დააკაროსო. მაშინ გავლენა ომში დამსახურების მიხედვით განისაზღვრებოდა. ხშირად ერთი კაცი რამდენიმე სახლს ებღაუჭებოდა, რასაც სხვები უსამართლობად მიიჩნევდნენ და ქართველების ქონების გამო დავა ერთმანეთის ხოცვაში გადაიზარდა. რამდენიმე წლის წინ გაგრაში ქართველის სახლის გამო ორი "ვეტერანის" დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა - ერთ-ერთი, გვარად ვოუბა, მეტოქემ მანქანაში ჩაცხრილა.

ომის შემდგომ ქალაქი არ დამიტოვებია.­ შვილი ლოგინად იყო ჩავარდნილი და ვერ წამოვედით. ჩემი მშობლების აშენებულ სახლში გუდაუთიდან ჩამოსული აფხაზი ძმები შესახლდნენ. ერთი იქ აპირებდა დარჩენას, ჩემთვის სადმე პატარა ფართობს ეძებდა და სახლის პროექტის შეცვლაზე ჩემ თვალწინ ლაპარაკობდა, სად მიამატებდა ოთახებს გასაქირავებლად. მახსოვს ორი სომეხი ძმაც, სოხუმის ცენტრში დაკეტილ სახლებსა და ბინებს არჩევდნენ. მე ჩემივე სახლში უკანა ოთახი დამითმეს და ამის მადლობელი უნდა ვყოფილიყავი, რადგან ჩემს "მფარველებად" ითვლებოდნენ. საბოლოოდ, თითოს ორ-ორი სახლი ერგო, მე ჩემი სახლის ზედა სართული დამითმეს. ქვემოთ მაღაზია გახსნეს.

ომიდან რამდენიმე წელში ორივე გარდაიცვალა ნარკოტიკის ზედოზირებით. აფხაზებს ომის შემდეგ იმდენი ახალგაზრდა დაეღუპათ, ზოგჯერ წამოსცდებათ, ეს სასჯელი, ალბათ, იმიტომ გვაქვს, რომ ქართველების ნასახლარებში ვცხოვრობთო. ზოგიერთი ცდილობს შუამავლის დახმარებით ნამდვილ პატრონს ფული გადაუხადოს, რათა სუფთა სინდისით იცხოვროს. არიან ისეთები, ვინც ქართველის სახლი გადაწვას გადაარჩინა და ახლა სარგებლობაში აქვს, ოღონდ პატრონს შეუთვალა - როდესაც დაბრუნდები, შენი სახლის გასაღებს დაგახვედრებო. ასეთები, ვინც ქონების გამო სინდისი არ დაკარგეს, საზოგადოებასა და პოლიტიკაში დღემდე პატივისცემით სარგებლობენ, მათ სიტყვას ფასი აქვს.
დათო
06 აპრილი 2021 18:37
ადრე თუ გვიან სომხები კი მიიღებენ საკადრის პასუხს მაგრამ აფხაზები ამას ვეღარ ნახავენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები