"კორონავირუსი შემხვდა­ და ორმხრივი პნევმონიით მიმიყვანეს კლინიკაში,­ სადაც..." - კვირის პალიტრა

"კორონავირუსი შემხვდა­ და ორმხრივი პნევმონიით მიმიყვანეს კლინიკაში,­ სადაც..."

"ერთხელ ბატონი რამაზი ჰყვება: "აზდაკს ვთამაშობდი, ნაბახუსევზე ვარ და ვატყობ, რომ ბუნებრივი მოთხოვნილება მომეძალა. გავედი სცენიდან, მივედი ტუალეტთან და ვხედავ, დაკავებულია. ძალიან ცუდ დღეში ვარ, არადა, სწორედ ამ დროს ჩემი სცენაზე შესვლის დროა. შევედი, ლამის თვალები შუბლზე მაქვს ასული, ისე ვთამაშობ, მაყურებელიც გაგიჟებულია - როგორი გარდასახვა შეუძლიაო. რა გარდასახვა, ჩემი გასაჭირი მაქვს და ამ დროს ჩემი პარტნიორი სცენარის მიხედვით მეკითხება: "რა მოგართვათ ბატონო აზდაკ?" მეც, გამწარებულმა ვუპასუხე: "გარშოკი" მომართვით, ჩემო ბატონო, "გარშოკი"-მეთქი!"

ერთ იაპონურ ანდაზას თუ დავუჯერებთ, "ბედნიერება იმ სახლში მოდის, სადაც ადამიანები იცინიან". ბოლო ხანებში უსიამოვნო ამბები ერთმანეთს ისე მიეწყო, სიცილი სანატრელი გაგვიხდა! პაროდისტი მერაბ სიჭინავა მიიჩნევს, რომ გაღიმების სურვილი ყველაზე რთულ წუთებშიც არ უნდა დავკარგოთ:

- ბოლო ერთი წელი ჩემთვისაც რთული აღმოჩნდა: კორონავირუსი შემხვდა და ორმხრივი პნევმონიით მიმიყვანეს კლინიკაში, სადაც ექიმები და პაციენტები ერთმანეთს იუმორით ვამხნევებდით...

- ამბობენ, რეალურ ცხოვრებაში სატირიკოსებს რთული ხასიათი აქვთო, მართლა ასეა?

- ამ აზრს ბოლომდე ვერ დავეთანხმები - როცა ადამიანი შემოქმედებით წვაშია, ყოფითი პრობლემები სხვებზე მეტად აღიზიანებს. ამის გამო შეიძლება ხანდახან ბუზღუნა და უხასიათოც გახდეს. ლუი დე ფიუნესი გენიოსი იყო, მაგრამ მისი ახლობლები ამბობდნენ, ოჯახში აუტანელიაო. რთულია, როცა ახალ პაროდიაზე ფიქრობ და ამ დროს ონკანი გაქვს შესაკეთებელი...

- თქვენს პაროდიებს შორის ყველაზე კარგად რომელი გახსენდებათ?

- 90-იანი წლები იყო, მაშინ პროკურატურაში გამომძიებლად ვმუშაობდი და პარალელურად, სცენაზეც გამოვდიოდი. ერთხელ გენპროკურორის პაროდია შევასრულე ფილარმონიაში, ალექსანდრე ბასილაიას საღამოზე. გავიდა რამდენიმე დღე და ჩემმა უფროსმა მითხრა, გენპროკურორი გიბარებს, ალბათ, შენც მოხსნილი ხარ და მეცო. გულშემოყრილი შევედი შეფის კაბინეტში, კოპებშეკრული იჯდა და ხმას არ იღებდა. ერთხანს ასე მიყურებდა, მერე კი ფართოდ გაიღიმა და მომაძახა, ეს რა ვნახე, რა საყვარლად მბაძავდიო. მადლობა გადამიხადა და თქვენ წარმოიდგინეთ, კიდეც დამაწინაურა. მაშინ დავრწმუნდი, როცა შენი იუმორი კეთილი და უბოროტოა, მას ცუდი რეაქცია არასდროს მოჰყვება.

ერთხელ მეგობართან ერთად ჩემს ჩანაწერებს ვამონტაჟებდი. მოვიდა მისი ნაცნობი ფოტოგრაფი, ელიტური ქორწილი გადავიღე და არ ვიცი, რატომ, ერთ მომენტში თამადის ხმა წყდება, არადა, მეუბნებიან, ხვალ უცხოეთში მივფრინავთ და ქორწილის ვიდეო დისკზე ჩაგვიწერეო.

ჩანაწერს მოვუსმინე და ხმა მხოლოდ საქართველოს სადღეგრძელოზე წყდებოდა. თამადის ხმა კარგად შევისწავლე და დაზიანებული მონაკვეთი ისე შევავსეთ, ვერავინ შეატყობდა. ამ მონაკვეთში გალაკტიონის ლექსიც კი ჩავურთე. თამადას ჩანაწერი რომ მოუსმენია, უთქვამს, მართლა რა კარგად წამიყვანია ქორწილი, ლექსი ყველაზე მეტად მომეწონა, ოღონდ ნასვამი ვიყავი და აღარც მახსოვს, როდის ვთქვიო...

- ბატონო მერაბ, რატომ გადაწყვიტეთ თენგიზ ჩანტლაძის პაროდია გაგეკეთებინათ?

- ის მთელი ჩემი თაობის კერპი იყო. მის სპექტაკლებზე ხშირად დავდიოდი, დარბაზში ნემსი არ ჩავარდებოდა. მაყურებელი სიცილისგან იგუდებოდა. ცუდია, რომ მისი გამოსვლებიდან ნახევარიც კი არ შემოგვრჩა. სულ ვაკვირდებოდი მის მანერებს, მის განუმეორებელ პერსონაჟებს.

"სტუდენტურ დღეებზე" შესრულებული ჩემი პაროდია ძალიან მოსწონებია. რომ გამაცნეს, ხელი გამომიწოდა და შემაქო - ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ვინც ამ საოცარი კაცის შემოქმედებას ვიცნობდით და ვაფასებდით, ყოველთვის ვცდილობთ მის ხსოვნას პატივი მივაგოთ. ალბათ, ამიტომ გადავწყვიტე მისი გახმაურებული სკეტჩი "მილიციელი" სცენაზე ხელახლა გამეცოცხლებინა. ეს პაროდია ჯემალ ბაღაშვილმა რომ ნახა, ძალიან მოეწონა, შემაქო და მხოლოდ ამის მერე გავბედე მისი დიდ სცენაზე გატანა.

- ბევრ ცნობილ ადამიანთან თანამშრომლობდით. ვის ჰქონდა ყველაზე კვიმატი, სხარტი იუმორი?

- რამაზ ჩხიკვაძით დავიწყებ. ერთხელ ბატონი რამაზი ჰყვება: "აზდაკს ვთამაშობდი, ნაბახუსევზე ვარ და ვატყობ, რომ ბუნებრივი მოთხოვნილება მომეძალა. გავედი სცენიდან, მივედი ტუალეტთან და ვხედავ, დაკავებულია. ძალიან ცუდ დღეში ვარ, არადა, სწორედ ამ დროს ჩემი სცენაზე შესვლის დროა. შევედი, ლამის თვალები შუბლზე მაქვს ასული, ისე ვთამაშობ, მაყურებელიც გაგიჟებულია - როგორი გარდასახვა შეუძლიაო. რა გარდასახვა, ჩემი გასაჭირი მაქვს და ამ დროს ჩემი პარტნიორი სცენარის მიხედვით მეკითხება: "რა მოგართვათ ბატონო აზდაკ?" მეც, გამწარებულმა ვუპასუხე: "გარშოკი" მომართვით, ჩემო ბატონო, "გარშოკი"-მეთქი!"

ოთარ რამიშვილსაც კვიმატი იუმორი ჰქონდა, მზია კვირიკაშვილს ხომ დღესაც "სიცილის დედოფალს" ეძახიან... ზურაბ დოიჯაშვილს განუმეორებელი იუმორი ჰქონდა. ამ უნიჭიერეს ადამიანებზე ცოტა ხნის წინ მოვისმინე ისტორია, რომელიც ძალიან მომეწონა: მზია კვირიკაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, მამუკა ონაშვილი და სხვები საგასტროლოდ ჰოლანდიაში წავიდნენ. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ამსტერდამის აეროპორტში მზიას სკამზე ჩასძინებია. თურმე ბიჭებმა იცუღლუტეს და წინ ქუდი დაუდეს. უკან რომ დაბრუნდნენ, რას ხედავენ: მთელი შლაპა ევროებით არის სავსე! ქუდი დაცალეს და იქვე დატოვეს, თვითონ კი ამ ფულით კარგად მოილხინეს. რომ დაბრუნდნენ, ევროები კიდევ დახვდათ. ამასობაში მზიამაც თვალები გაახილა, გაიცინა და კოლეგებს უთხრა, "თქვე ოხრებო, წამოდით, ახლა ამ ფულით მე გეპატიჟებითო...

- კარგა ხანს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდით, იქ თუ ხდებოდა კურიოზები?

- პოლიციელები გარდაცვლილ ადამიანს "გვამს" ეძახიან. ერთხელ მორიგე ვარ და გვაცნობეს, ამა და ამ ადგილას გარდაცვლილი ადამიანია ნაპოვნიო. მე და ჩემი თანაშემწე მივედით, დიდხანს ვაკაკუნეთ და ბოლოს კარი ქალმა გაგვიღო. ჩემი თანაშემწე პირდაპირი კაცი იყო და მიახალა: ქალბატონო, თქვენი ქმრის გვამი აქ არისო? გადაირია ქალი და წივილ-კივილი ატეხა. მერე ტელეფონს მივარდა და დარეკა. თურმე მისამართი შეგვშლია და მისი მეუღლე ამ დროს სამსახურში თათბირს ატარებდა... ერთხელ გამოძახებაზე მივედით ბინაში, სადაც ნარკომანები ცხოვრობდნენ. ოთახიდან სპეციფიკური სუნი გამოდიოდა, ყველა გაბრუებული იყო, ერთი კი ცოცხალს აღარ ჰგავდა. მკვდრად ჩავთვალეთ, მაგრამ ცოტა ხანში რომ შეიშმუშნა და თვალები გაახილა, მართლა ძალიან დავფეთდით...

- დღევანდელ იუმორისტებს შორის ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?

- ვერავის გამოვყოფ, არ მინდა, ვინმე გამინაწყენდეს. პაროდისტებს შორის ბევრი მეგობარი მყავს: ბესო ბერულაშვილი, მერაბ გეგეჭკორი, ბიძინა მახარაძე, გურამ ჯაში... ყველას თავისებური, სხარტი იუმორი აქვს. სატირიკოსი ბეწვის ხიდზე გადის, რომ მისი ხუმრობა ვინმემ უხეშობად ან დაცინვად არ აღიქვას. საბოლოოდ კი ყველაფერი მსმენელზეა დამოკიდებული: კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო - ჩვენს წინაპრებს ტყუილად როდი უთქვამთ.

ხათუნა ჩიგოგიძე