კოკო შანელის რჩეული ქართველი მოდელები - კვირის პალიტრა

კოკო შანელის რჩეული ქართველი მოდელები

"ცნობილი მხატვარი საველი სორინი ამბობდა, მელიტას სილამაზეს ფოტო ვერ ასახავს, მისი აღქმა მხოლოდ ცოცხლად არის შესაძლებელიო. ისეთი მოხიბლული იყო მელიტას გარეგნობით, რომ მისი დახატვა გადაწყვიტა. მელიტას რთული ხასიათი ჰქონდა, 30 სეანსს ძლივს გაუძლო, ბოლოს კი მხატვარს გამოუცხადა, რომ აღარ შეეძლო მისი პრეტენზიების ატანა და სახელოსნოს კარი გაიჯახუნა. სორინს ძალიან მოსწონდა თავისი ნამუშევარი, პორტრეტის დასრულება სურდა, ამიტომ მელიტას მეუღლისთვის უთხოვია, იქნებ დაითანხმო, სეანსებზე მოვიდეს, ნახატი რომ დავამთავროო..."

მეცხრამეტე საუკუნის პარიზი არაერთხელ მოხიბლულა ქართველი ქალების სილამაზით. სახელგანთქმულ კოკო შანელს რამდენიმე რჩეული ქართველი მოდელი ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ დედა-შვილი მელიტა ჩოლოყაშვილი და ლილია ზელენსკაია. რამდენიმე თვის წინ ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიის ფეისბუკგვერდზე ქართველი დედა-შვილის ცხოვრების შესახებ ვრცელი ინფორმაცია და საოჯახო ალბომის ფოტოები გამოქვეყნდა. სწორედ მათი საშუალებით დავუკავშირდი მელიტა ჩოლოყაშვილის შთამომავალს, ასევე მელიტა ჩოლოყაშვილს, რომელმაც დაწვრილებით მიამბო დიდი ბებიის თბილისურ-პარიზული ცხოვრების შესახებ.

მელიტა ჩოლოყაშვილი

მელიტა - არტისტების მუზა

ხაშმის სამხრეთ-დასავლეთით, ივრის მარცხენა ნაპირზე დღესაც დგას ჩოლოყაშვილების სასახლის კომპლექსი, სადაც მელიტა ჩოლოყაშვილი დაიბადა. ის თადო ჩოლოყაშვილისა და მაიკო ჯორჯაძის ექვსი შვილიდან ყველაზე უფროსი იყო. არისტოკრატული მანერები, ამაყი გამოხედვა, მაღალი კისერი, გრძელი, თხელი თითები და დახვეწილი მეტყველება - ასე ახასიათებდნენ მელიტას, რომელიც მრავალი ხელოვანის მუზა იყო, არჩევანი კი პეტერბურგელ ადვოკატზე, კონსტანტინე ზელენსკიზე შეაჩერა და ცოლად გაჰყვა. მათ შეეძინათ პარიზში სილამაზით განთქმული ლილია ზელენსკაია. მათი თბილისის სახლი მაშინდელ შემოქმედთა შეკრების ადგილი იყო. აქ ხშირად ნახავდით ტიციან ტაბიძეს, ვალერიან გაფრინდაშვილს, პაოლო იაშვილს, გრიგოლ რობაქიძეს, ძმებ ზდანევიჩებს, ზიგმუნდ ვიშნევსკის და ა.შ. ცნობილი მხატვარი საველი სორინი ამბობდა, მელიტას სილამაზეს ფოტო ვერ ასახავს, მისი აღქმა მხოლოდ ცოცხლად არის შესაძლებელიო. ისეთი მოხიბლული იყო მელიტას გარეგნობით, რომ მისი დახატვა გადაწყვიტა. მელიტას რთული ხასიათი ჰქონდა, 30 სეანსს ძლივს გაუძლო, ბოლოს კი მხატვარს გამოუცხადა, რომ აღარ შეეძლო მისი პრეტენზიების ატანა და სახელოსნოს კარი გაიჯახუნა. სორინს ძალიან მოსწონდა თავისი ნამუშევარი, პორტრეტის დასრულება სურდა, ამიტომ მელიტას მეუღლისთვის უთხოვია, იქნებ დაითანხმო, სეანსებზე მოვიდეს, ნახატი რომ დავამთავროო. ასე შეიქმნა მელიტას ყველაზე ცნობილი პორტრეტი, რომელიც საველი სორინის ქვრივმა მხატვრის გარდაცვალების შემდეგ ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

მელიტას აღტაცებით იხსენებდა არქეოლოგი იულონ გაგოშიძე, რომელსაც პარიზში ჩასვლის შემდეგ მისთვის ამანათი უნდა გადაეცა.

საფრანგეთში ჩასულმა მელიტას დაურეკა და ყავაზე მიიპატიჟა. მელიტა სიამოვნებით დათანხმდა ბატონ იულონს და უთხრა, ადვილად რომ მიცნოთ, გაზეთს დავიჭერო.

"თეთრი ბლუზონი და ლურჯი ქვედაბოლო ეცვა. როგორც კი შევედი დათქმულ კაფეში, მაშინვე შემომანათა. ის ისე განსხვავდებოდა ყველასგან, ნამდვილად არ სჭირდებოდა არანაირი გაზეთი", - იხსენებდა იულონ გაგოშიძე.

ფრანსუაზ საგანი: ქალი, რომელიც "კარაქივით შეადნა პარიზს"

ბოლშევიკებმა ჩოლოყაშვილების თბილისის სახლიდან ყველაფერი გაზიდეს. მელიტა თავის ქალიშვილთან ერთად პარიზში წავიდა და სწორედ იქ გახდა კოკო შანელის მოდელი. ამბობენ, რომ შანელს ხიბლავდა ქართული სილამაზე და ქართველ მოდელებს განსაკუთრებულად ექცეოდა.

როდესაც მელიტა პოდიუმიდან წავიდა, მისი ადგილი მისმა ქალიშვილმა ლილია ზელენსკაიამ დაიკავა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. მან ჯერ საბალეტო სტუდია დაამთავრა პარიზში, მერე კი სამოდელო კარიერა გააგრძელა. სხვადასხვა დროს ის იყო შანელის, ლუსიენ ლელონგისა და ელზა სკიაპარელის მოდელი.

ლილია ცოლად გაჰყვა იური როტვანს და ერთი ქალიშვილი შეეძინა, ისიც - მელიტა. დედა-შვილი ხასიათით ძალიან განსხვავდებოდა. ლილია გულჩათხრობილი იყო, ცოტას ლაპარაკობდა და არც მოგონებების გაზიარება უყვარდა. კითხვების (მათ შორის - შვილიშვილების) ძირითად ნაწილს უპასუხოდ ტოვებდა. ხიბლი ასაკშიც შეინარჩუნა. კლასიკურად ჩაცმული, ხელში სიგარეტით, უკვე ჭაღარა, მაგრამ ისევ ლამაზი და მიმზიდველი 2001 წელს, როცა საქართველოს ეწვია, თბილისის ქუჩებში სეირნობისას დიდ ყურადღებას იქცევდა. მისი ქალიშვილი მელიტა ადრე გათხოვდა, ბიზნესმენ ჟან-კლოდ გალიენს გაჰყვა ცოლად. მელიტასა და ჟან-კლოდს ოთხი ვაჟი ეყოლათ - სირიკი, დავითი, გიიომი და მეთიუ. სწორედ სირიკ გალიენის მონაყოლით ვიცი, როგორები იყვნენ დიდი მელიტა (1895-1985) და ლილია (1916-2007). მელიტა - თვითონ ყოველთვის პროგრესისა და წინსვლის აპოლოგეტი, შვილთაშვილის განვითარებაზეც ზრუნავდა. ასწავლიდა, რომ სანამ სრულწლოვანი გახდებოდა, კარგად უნდა შეესწავლა ფრანგული მანერები, ლიტერატურა, ხელოვნება და შემდეგ, უკვე შეგნებულ ასაკში, თავისი მშობლიურის, ქართულის სწავლაზე გადასულიყო. ნაბიჯ-ნაბიჯ, წვეთ-წვეთად უნერგავდა პატრიოტიზმსა და სამშობლოს მონატრებას. ლილიას ყველაზე მეტად ეშინოდა, რომ მისი შვილიშვილები ინტელექტუალური საზოგადოების მიღმა არ დარჩენილიყვნენ, ამიტომ მუდამ ასწავლიდა ეტიკეტის ნორმებს.

სტუმრად ამერიკის ელჩთან

როგორც სირიკ გალიენი იხსენებს, 25 წლის იყო, როცა ვაშინგტონში დაურეკა ლილიამ და გააფრთხილა, ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე უნდა გამომყვეო. "ახალჩამოსულმა მისალმება და მოკითხვაც არ დამაცადა, ისე შემიმოწმა გარდერობი, აინტერესებდა, მქონდა თუ არა მაღალი საზოგადოების შესაფერისი შარვალი, პიჯაკი თუ ჰალსტუხი... მე ძალიან კარგად ვიცოდი, როგორ უნდა მეპასუხა მისი მედიდური ამბიციებისთვის და მონდომებით მოვემზადე. ყველაზე ძვირად ღირებული ჰალსტუხი გავიკეთე, საგულდაგულოდ გავაპრიალე ფეხსაცმელი, თმა დავივარცხნე და ასე, წარმოსადეგი გამოვცხადდი ლილიასთან. ვეღარაფერი თქვა, შემათვალიერა და წავედითო, ბრძანა. ვაშინგტონის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში შევედით. გზაში რამდენიმე სხვადასხვა ვერსია განვიხილე, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ადამიანი, ვისთან შეხვედრასაც ლილია ასეთი ინტერესით ელოდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში ამერიკის ელჩი გველოდა", - იხსენებს სირიკ გალიენი.

ჩოლოყაშვილების შთამომავალთაგან ევროპა კიდევ ერთხელ გააოცა გიიომ გალიენმა. ის არის რეჟისორი, მწერალი, ხუთი ცეზარის მფლობელი, მოლიერის პრემიის ორგზის ლაურეატი. მისმა ფილმმა "ბიჭები და გიიომი მაგიდასთან" 2013 წელს ბერლინალეზე ოთხი დათვი მოიპოვა. რამდენიმე წლის წინ ის საქართველოში ჩამოვიდა, მოინათლა და თავისი წინაპრების სახლიც მოინახულა.

ლილია ზელენსკაია ლილიამ ხიბლი ასაკშიც შეინარჩუნა. კლასიკურად ჩაცმული, ხელში სიგარეტით, უკვე ჭაღარა, მაგრამ ისევ ლამაზი და მიმზიდველი 2001 წელს, როცა საქართველოს ეწვია, თბილისის ქუჩებში სეირნობისას დიდ ყურადღებას იქცევდა...