"ადვილი როდი იყო განქორწინება და შვილით მარტო დარჩენა... მძიმე, თუმცა საინტერესო წლები გავიარე" - კვირის პალიტრა

"ადვილი როდი იყო განქორწინება და შვილით მარტო დარჩენა... მძიმე, თუმცა საინტერესო წლები გავიარე"

"აქ ჩანს ის ჰარმონია, რომელიც ჩემი სოფლიდან მომდევს და მამშვიდებს"

ნათელა გრიგალაშვილი - "ქალი ფოტოაპარატით". ჩემთვის ეს ორი სიტყვა იმ ნახატივითაა, რომლითაც რომელიღაც "მარშრუტკით" რომელიღაც უცნობ სოფელში ფოტოაპარატიანი ლამაზი ქალის ჩასვლას წარმოვიდგენ. მართალია, ამ სოფელში მას არავინ ელოდება, მაგრამ წამოსვლისას მთელი სოფელი მოაცილებს. ამ ორ მოქმედებას შორის კი იქმნება ის ფოტოფანტასტიკა, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში ასეთ კომენტარებს წაიკითხავთ: "ასე მგონია, ერთხელ გაქვთ ნანახი სამოთხე და იმის მერე დასდევთ დედამიწას, რომ რაც ამ სამოთხეს ჩამოჰგავს, ის გადაიღოთ, მაგრამ მგონი, ამ სამოთხეს თქვენ კი არ პოულობთ, ყველგან თქვენი სამოთხით დადიხართ"; "რა ხასიათზეც უნდა ვიყო, საოცარ სიმშვიდეს მგვრის თქვენი ფოტოები, საოცრება ხართ".

ეს ფოტოები სრულიად განსხვავებულია. ისინი უკვე უცხოეთშიც პოპულარულია. სხვადასხვა ქვეყნის მედიაში ხშირად წაიკითხავთ ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის შესახებ. ის ხაშურის რაიონიდან არის, სოფელ თაგვეთიდან, რომელსაც უამრავი ფოტო მიუძღვნა და სადაც ფოტოგრაფი არავინ ყოფილა, მით უფრო - ქალი. ამის გამო მისი არჩევანი არც ოჯახში მოსწონდათ და არც - ოჯახს გარეთ.

- ფოტოაპარატი როგორ აიღეთ, თუ მაგალითი არ გქონდათ?

- ეს თავისთავად მოხდა, ხელი კი, ალბათ, იმან შემიწყო, რომ განსხვავებული ბავშვი ვიყავი. სულ სხვა სამყარო მომწონდა, ვიდრე ჩემს ტოლებს. ყოველთვის მერჩივნა, შინ ვყოფილიყავი, მეფიქრა და რაღაც განსხვავებულზე მეოცნება, მაგალითად, მოგზაურობაზე. რთული ცხოვრებაც თვითონ ავირჩიე - ამას ხშირად ვამბობ იმის დასტურად, რომ ყველა ადამიანის ბედი მის ხელთაა. სკოლის დამთავრების შემდეგ 16 წლისამ დედაქალაქში დამოუკიდებლად გადავწყვიტე ცხოვრება. დავიწყე სამხატვრო სასწავლებლით - ბავშვობიდანვე ვხატავდი და ამას დავეყრდენი.

ისე, კინოოპერატორობა მინდოდა, ვგიჟდებოდი დოკუმენტურ კინოზე, თუმცა აქაც მარტოს მინდოდა მუშაობა, მხოლოდ ჩემი არჩევნით, ამ საქმეს კი ინსტიტუტში გამოცდების ჩაბარება სჭირდებოდა და ფოტოგრაფობის ცოდნაც, ამიტომ ერთ-ერთ ფოტოატელიეში დავიწყე ტექნიკური სამუშაოების შესწავლა. ქალის ფოტოგრაფობა აქაც კი გაუკვირდათ, თუმცა თვითონაც ხომ პირველად ვნახე ქალი ფოტოგრაფიაში - ისიც თბილისის ერთ-ერთ ფოტოატელიეში ფოტოგრაფ ქმარს ეხმარებოდა. ცოტა ხანი რედაქციაშიც ვიმუშავე ფოტორეპორტიორად. აქაც გაკვირვებული მხვდებოდნენ რესპონდენტები - ფოტოგრაფი თქვენ ხართო? მალე რედაქციიდან წამოვედი, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ფოტოკამერა დამოუკიდებელი აზროვნების საშუალებას მაძლევდა და ცხოვრებაშიც მეხმარებოდა. ადვილი როდი იყო განქორწინება და შვილით მარტო დარჩენა, დამოუკიდებლად თავის რჩენა... ასე რომ, თავიდან იყო ბევრი "შავი სამუშაო"...

- ერთგან წერთ, მეუღლესთან განშორება არ იყო ადვილი, მეშინოდაო.

- რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი. მძიმე, თუმცა საინტერესო წლები გავიარე.

დღეს უკვე ჩემი პროექტები მაქვს, არავინ არაფერს მკარნახობს და ვაკეთებ იმას, რაც მინდა. მართალია, ჩვენს სამშობლოში ფოტოგრაფიის ფასს ჯერ ვერ ვხვდებით, მაგრამ ჩემი ფოტოები საზღვარგარეთ იყიდება. ამ საქმეში მენეჯერობას ჩემი შვილი მიწევს. დილაობით ვდგები, ვიკიდებ ფოტოკამერას და რადგან საკუთარი ავტომანქანა არ მყავს, "მარშრუტკით" მივდივარ იქით, საითაც გული გამიწევს. ზოგჯერ ეს სრულიად უცნობი სოფლებია...

- წარმომიდგენია, როგორ ჩადიხართ უცნობ სოფელში და ეძებთ მასპინძელს ღამის გასათევად. ეს, ალბათ, ძნელია. - დიახ, შეიძლება დაბრკოლებებიც მხვდება, მაგრამ მერე, როდესაც უკან მოვდივარ და ვფიქრობ, როგორ შევძელი მუშობა აქ, ამ ადგილზე, დაბრკოლება აღარაფრად მეჩვენება და სიხარული მოდის.

- უამრავი პროექტი გაქვთ, მათ შორის - უცხოელების დაფინანსებული მაღალმთიანი სოფლებისთვის. ნებისმიერი თქვენი ფოტონამუშევარი კინოკადრი თუ ნახატია... - როდესაც ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა, რომ პროექტებისთვის დაფინანსება მომეპოვებინა, ჩემი ბავშვობა მედგა თვალწინ. წარმოვიდგენდი, ჩემს მივარდნილ სოფელში, რომლისთვისაც სახელმწიფო, საუბედუროდ, დღესაც არაფერს აკეთებს, ერთ დღეს რომ ვიღაც მოსულიყო და გადაღება ესწავლებინა, ეს ხომ ბედნიერება იქნებოდა?! ჰოდა, ამიტომ შევქმენი მაღალმთიან სოფლებში ბავშვებისთვის ფოტოსაქმის სწავლების პროექტი, რომელიც დამიფინანსეს. ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ საქმის კეთების საშუალება მომცეს და იმ ხალხსაც სიხარული მიანიჭეს, ვისთანაც მივდივარ, ვმუშაობ და ვცხოვრობ.

- თქვენს ფოტოებზე უცხო ადამიანები თქვენი ოჯახის წევრებივით შინაურულად ჩანან. ეს ადვილი არ უნდა იყოს... - ჩემთვის ჯერ ადამიანია და მერე - ფოტო. ალბათ, ასეთი დამოკიდებულება ქმნის ამ შთაბეჭდილებას. მე არ ვარ ის, ვინც მივა ადგილზე, იტყვის: "ჩხაკ" და ამით ყველაფერი დამთავრდება. ჯერ ადამიანი უნდა გავიცნო, დავუახლოვდე და მერე გადავიღო, ოღონდ მაშინ, როცა თვითონ ენდომება და ფოტოაპარატს ვეღარ შეამჩნევს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ გადაღება თავიდანვე ბუნებრივად გამოდის, მაგრამ მქონია შემთხვევებიც, როცა ჩავმჯდარვარ "მარშრუტკაში", წავსულვარ უცხო ადგილებში და იქიდან ერთი ფოტოც ვერ ჩამომიტანია, რადგან ადამიანები მიყვებოდნენ თავიანთ განცდებზე, მე კი ვერ გავაწყვეტინე, ჩემი "ჩხაკ" ვერ ვაკადრე. როდესაც ამ ხალხის გვერდით ვცხოვრობ, მათ ვუახლოვდები, მაინტერესებს მათი ყოველდღიურობა, როგორ ზრდიან შვილებს, როგორ უმკლავდებიან სიძნელეებს, რა ადარდებთ და აბედნიერებთ. ეს არის ადამიანად ყოფნა. ადამიანი გულს გიხსნის მაშინ, როცა გრძნობს, რომ მისიანი ხარ.

გორელოვკაში, დუხობორების სოფელში, პირველად არც მეკარებოდნენ, ამიტომ ლამის ნახევარი დაფინანსება უკვე გადაღებული ფოტოების დაბეჭდვაზე დავხარჯე. მერე კი, როცა ეს ფოტოები ვაჩვენე, დაინახეს, რას განვიცდიდი მათ მიმართ და მიმიღეს. ახლა იქ ჩასულ ჩემს ნაცნობებს ჩემზე ეუბნებიან, ნამდვილი დუხობორიაო. მეც ხშირად ვფიქრობ მათზე. დუხობორების უმრავლესობა უკვე წასულია, ინგრევა მათი სახლები, რომლებშიც მათი მძიმე წარსულია ჩაბუდებული და მე ვიცი, რომ როდესაც ისინი აღარ გვეყოლებიან, ძალიან დაგვწყდება გული.

- თქვენს ფოტოებში თითქოს სხვა სამყარო, სხვა ცხოვრებაა ასახული - შეულამაზებელი და უფრო რთული, ვიდრე სინამდვილეში გვაქვს, მაგრამ მათში ჩანს ბედნიერებაც, რომელიც ბევრისთვის მიუწვდომელია. - იმიტომ, რომ ეს ხალხი ბუნების ნაწილია. აქ ჩანს ის ჰარმონია, რომელიც ჩემი სოფლიდან მომდევს და მამშვიდებს. ჩემს სოფელში პატარა მიწის ნაკვეთი ვიყიდე და პატარა ბაღი გავაშენე, რომელზე ფიქრიც მახარებს.

ვაკვირდები გორელოვკას, პანკისის და ხულოს ბავშვებს და სულ უფრო და უფრო მომწონს ისინი, რადგან უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ბავშვობას, მაგრამ გაცილებით ადრე ხდებიან დიდებიც, თავისუფლებიც, პატივს სცემენ უფროსებს, შრომას კი ლამის ფეხის ადგმისთანავე იწყებენ. ძალიან მიყვარს აჭარა, სადაც ბავშვი, როგორც კი გაივლის, თითქმის მაშინვე ხელში ჯოხს იღებს და უფროსებს პირუტყვის საძოვარზე გარეკვაში ეხმარება. ამავდროულად, არიან საოცრად გონებაგახსნილები. ხშირად მაოცებენ, ისე თავისუფლად ლაპარაკობენ სიყვარულზე, ცხოვრებაზე.…

- ბავშვებს ადვილად განდობენ? მაინც საეჭვოა უცნობი ქალი ფოტოაპარატით, რომელსაც ბავშვები გადასაღებად აქეთ-იქით დაჰყავს და არავინ იცის, რაზე ესაუბრება.

- მესმის, რასაც მეკითხებით და მაგის მეც მეშინოდა, მაგრამ მალე შევძელი, რომ მე და ბავშვებს გუნდ-გუნდად გვევლო. მშობლები ამბობდნენ, ეს ჩვენი შვილები მერცხლის გუნდივით დაგყვებიანო. ხულოში უფრო ზაფხულობით მიწევს ყოფნა, როდესაც ხალხი საძოვრებზეა გასული. ამ დროს პატარებსაც საქმე აქვთ, მაგრამ ცდილობენ, სწრაფად მოითავონ და მერე ერთად ვართ. იმის მიუხედავად, რომ პროექტები 14-15 წლის ბავშვებისთვის იყო, ყველაზე პატარებიც ჩვენ გვერდით იყვნენ, ეს კი მათი მშობლებიდან მოდის, რომლებიც, ჩემი აზრით, ღვთის კანონებით ცხოვრობენ. მაგალითად, აჭარაში ზოგჯერ დამღამებია და ღამე უცხო ოჯახში გამითევია, რადგან გვიან არაფრით გავუშვივარ. ეს კი არა, გზას რომ ჰკითხავ, სახლში მიგიპატიჟებენ, გეტყვიან, უცხო ხარ, ალბათ, დაიღალე და გშია, მშიერს ვერსად გაგიშვებთ, ცოდვა დაგვედებაო.

- ცხოვრება ამტკიცებს, რომ სამყაროში სითბოსა და სიყვარულის გარდა ყველაფერი ცვდება, ამ ხალხმა კი ეს იცის... - გეთანხმებით. დავამატებ იმასაც, რომ ფოტოგრაფიას, რომელსაც ჩვენს მართლაც ულამაზეს ქვეყანაში ჯერ ვერ ვაფასებთ, ძალიან დიდი როლის თამაში შეუძლია. სწორედ ის აქცევს ცხოვრებას ისტორიად. შეიცვლება დრო, შეიცვლებიან თაობები, შეიცვლება ის ყოფაც, რომლის მომსწრენი ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩება ფოტოებზე. ეს არის ფოტოგრაფიის მნიშვნელობაც, დანიშნულებაც და ამას უნდა ვაფასებდეთ.