"მშენებლობების გამო ქანებში ზედაპირული წყლები ჩადის" - სად შეიძლება აღმოჩნდეს დაძრული ნაწილი? - კვირის პალიტრა

"მშენებლობების გამო ქანებში ზედაპირული წყლები ჩადის" - სად შეიძლება აღმოჩნდეს დაძრული ნაწილი?

"ვერეს ხეობაში საქმე გვქონდა მეწყრული მასების ღვარცოფულ ნაკადად გარდაქმნასთან. ამ ზონაში ასეთი რამ გამორიცხულია. დაძრული ნაწილი შეიძლება ისეთ ტერიტორიაზე ჩავიდეს, სადაც არავინ ცხოვრობს..."

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყერი, როგორც ამბობენ, დინამიკაშია მოსული და მისი გაჩერება შეუძლებელია. მართალია, მასა გადაადგილდება, მაგრამ მერია გვარწმუნებს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის. უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის მდგომარეობას სწავლობენ. გერმანელ ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მერია პრევენციის ღონისძიებების გატარებას იწყებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი სპეციალურად შექმნილი ჯგუფი 24-საათიან მონიტორინგს ატარებს.

"ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის"

ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერის მოადგილე:

- ეს არის მოძრავი მეწყერი და აქ მუდმივად არის ცვლილებები. უცხოელი ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის მოსაზრებები ძირითადად, თანხვედრაშია. წლების განმავლობაში აქ მშენებლობები მიმდინარეობდა. ჩვენი პირველი ამოცანაა მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, ფერდობს დაუყოვნებლივ დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, რათა შევამციროთ აქტიური მეწყერი. გაკეთდება დროებითი წინაღობა და მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები;

გარკვეულ უბნებზე ჩამოიჭრება მიწის მასა, დაიწყება ტერასული სამუშაოები. სხვა ღონისძიებებთან ერთად, მნიშვნელოვანია დაანკერება, მცოცავი ფერდობის მოძრაობის შეჩერება. აპრობირებული მეთოდია, ის წყნეთი-ბეთანიის მეწყრის დროსაც გამოიყენეს. ამ ღონისძიებების გატარებას რა დრო დასჭირდება, ჯერ ძნელია თქმა. მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღდგება მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ მიმოსვლა უსაფრთხო იქნება. ექსპერტების და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის. ნებისმიერ ადგილზე, სადაც მოსახლეობას საფრთხე შეექმნება, ყველგან გატარებული იქნება პრევენციული ღონისძიებები.

მოსახლეობის დამშვიდებისთვის შემიძლია ვთქვა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არა გვაქვს. ჩვენს ქალაქს გაცილებით დიდი მასშტაბის მეწყრები ახსოვს და ყოველთვის გატარდა ეფექტიანი ღონისძიებები.

"მშენებლობების გამო ქანებში ზედაპირული წყლები ჩადის და მეწყრული პროცესებიც იწყება"

კონსტანტინე მჭედლიშვილი, პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი:

- თბილისი გაშენებულია რთულ რელიეფზე, მტკვრის ხეობაში და მისი მიმდებარე ტერიტორიების ისეთი გეოლოგიური წყობა გვაქვს, მეწყრული მოვლენების განვითარება გამორიცხული არ არის. თბილისის უმრავლეს ტერიტორიაზე ძირითადი ქანები წარმოდგენილია თიხოვანი ფიქლების და ქვიშა-ქვების შრეების მონაცვლეობით. საკმაოდ მყიფე კლდოვან ქანებზე ზემოდან განლაგებულია ზედაპირული ქანები ღორღის, ხრეშისა და ქვიშის ჩართვით.

ქანები მეწყერსაშიშია, ვინაიდან ფერდობების უმრავლესობის ძირითადი ქანები დაქანებულია გარკვეული კუთხით, მდინარის მიმართულებით და ამ მიმართულებებზე თუ შევიჭრებით, მაშინ ისინი მდგრადობას კარგავენ. გზის გაყვანა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარება ყველგან შეიძლება, თუ იქნება კარგად შემუშავებული პროექტი, რომელიც დაეყრდნობა გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ გამოკვლევებს, გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ცოდნას და ა.შ. თუ აღმოჩნდა, რომ არის მეწყრის საშიშროება, აუცილებელია ვარიანტული პროექტირება, რათა შეირჩეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე ყველაზე უმჯობესი, ასევე ისიც, თუ ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და რამდენად მიზანშეწონილია ეკონომიკურად.

- გამოდის, თავის დროზე არ იყო ტექნიკურად და ეკონომიკურად საკმარისად შესწავლილი აღნიშნული ზონა და, როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი არასწორი დაგეგმარებისა და ყალბ გეოლოგიურ დასკვნებზე აშენებული კორპუსების გამო ხდება?

- თბილისი გაიზარდა, 500 კვადრატულ კილომეტრამდე გახდა და ეს ტერიტორიები დიდი ხანია კარგად არის შესწავლილი. ამჟამადაც მიმდინარეობს გეოლოგიური ზონირების რუკის შედგენა. ჯერ კიდევ 60-იანი წლების ბოლოს გიორგი ჯაფარიძემ გამოსცა შესანიშნავი მონოგრაფია "თბილისის გეოლოგია", სადაც დაწვრილებით აღწერა, თუ როგორი გრუნტებია თბილისში, სად არის მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები საჭირო და სხვა. ეს ყველა მშენებელი და დამპროექტებელი ინჟინრისთვის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს. თბილისში ბოლო 20 წელია ინტენსიურად დაიწყო მშენებლობები, სპეციალისტებს კი არაფერს ეკითხებიან. ჩვენს დეველოპერებს, ასევე ჩინოვნიკებს, რომელთაც თბილისის ეკოლოგიური გარემო პირობების დაცვა ევალებათ, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თბილისში, პრაქტიკულად, მცირესართულიანი განაშენიანებაა. მთაწმინდიდან რომ გადმოიხედოთ, რა ჩანს თბილისში? ქოხმახები. რამდენიმე მაგისტრალური ქუჩა გვაქვს - რუსთაველი, ძველი პლეხანოვი, ძველი თბილისის უბნები და მორჩა, დანარჩენი ქოხმახებია. იმის მაგივრად, ეს ტერიტორიები აითვისონ, შექმნან არსებულ ტრადიციებთან შერწყმული თანამედროვე ინფრასტრუქტურა, დაუსახლებელ ტერიტორიებზე, რომლებიც ძალიან იაფია, გიგანტურ მშენებლობებს იწყებენ. არადა, იქ ხშირია მეწყერსაშიში ზონები.

ვაშლიჯვრის ფერდობებიც ერთ-ერთი მეწყერსაშიში ზონა, კლდოვანი ქანების დახრილობა მტკვრის მიმართულებით არის. ფერდობს რომ ჩამოჭრი, ხშირად გრუნტის წყლები არსებულ რეჟიმს იცვლიან და ფერდობები ბუნებრივ მდგრადობას კარგავენ, ქანები დახრილობის მიმართულებით იწყებენ ცოცვას.

ახალი მშენებლობების გამო ქანებში ზედაპირული წყლები ჩადის და მეწყრული პროცესებიც იწყება.

- რამ გააჩინა ნაპრალები ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე?

- გზის გაყვანისას ჭრილის ფერდობი ვერტიკალურად ჩამოიჭრა და ეს იცით, რატომ გააკეთეს? იქ მთელი ტერიტორია გაყიდულია და იმიტომ. ფერდობისთვის ნაკლები დახრილობა რომ მიეცათ, უფრო მდგრადი იქნებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვიღაცის კუთვნილ ტერიტორიაზე უნდა შესულიყვნენ. მათ ჰქონდათ მცირე ბუფერული ტერიტორია, რომელშიც საავტომობილო გზის ვაკისი (პლატფორმა, რაზეც ასფალტი იგება) უნდა ჩატეულიყო. აქ იყო ძველი გრუნტის გზა, რომელიც ქალაქის სამეურნეო მიზნებს ემსახურებოდა. შემდეგ, როცა ვაშლიჯვარში, ნუცუბიძის პლატოზე და ვაჟა-ფშაველას ბოლოში დასახლება გაიზარდა, აუცილებელი გახდა ვაჟა-ფშაველას პროსპექტისა და საბურთალოს ქუჩების ქსელის განტვირთვა. ამ გზას მიენიჭა საქალაქო მნიშვნელობის მაგისტრალური ქუჩის ფუნქცია.

აქედან გამომდინარე, არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი შვიდმეტრიანი გზა მეტრნახევრიანი გვერდულებით, უნდა გაეყვანათ მაგისტრალური ქუჩა, სულ ცოტა, ორმეტრნახევრიანი ტროტუარებით ორივე მხარეზე, ოთხი სავალი ზოლით და შუაში გამყოფი მინიმალური სიგანის ზოლით მაინც. დღეს მას რა ფართობიც უჭირავს, ორჯერ მეტი მაინც უნდა ყოფილიყო. ვინაიდან გარშემო ტერიტორია თავიდან ბოლომდე გაყიდული იყო, მაგისტრალური ქუჩის მაგივრად, ძლივს გაიყვანეს ორზოლიანი ჩვეულებრივი საავტომობილო გზა.

თავის დროზე, ეს ტერიტორია გაასხვისეს - ზოგს იაფად მიჰყიდეს, ზოგს აჩუქეს. ახლა კეთილი ინებოს მერიამ და ეს ბუფერული ზონა გამოისყიდოს და გაზარდოს 5-5 მეტრით ორივე მხარეს. ასეთ შემთხვევაში ფერდობებსაც შესაბამისი დახრილობა ექნება და მეწყრის რისკიც ნაკლები იქნება.

- რით შეიძლება გამაგრება? - უპირველესად, სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, ხომ არ არის გრუნტის წყლების შემოდინების ახალი წყაროები გაჩენილი, ვინაიდან ზემოთ მრავალი შენობაა, რომელთა საძირკვლები საკმაო სიღრმეზეა გრუნტში და გრუნტის წყლების მიმართულებები შეცვლილია. სავარაუდოდ, შემოიჭრა გრუნტის წყლების ახალი ნაკადი, რომელმაც კლდოვან ფილაზე დაცურების ზედაპირი შექმნა. უნდა იქნეს შეფასებული ფერდობების მდგრადობა; უნდა განიტვირთოს ფერდობი, მოიხსნას ზედაპირული ქანები სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით. თიხნარ გრუნტთან ერთად ნელ-ნელა უნდა ჩამოიჭრას კლდოვანი ქანებიც. ალბათ, მიზანშეწონილი იქნება მეწყრული ფერდობების გამაგრება ნაბურღ-ნატენი ხიმინჯებით და ა.შ. ასე რომ, კომპლექსური ღონისძიებებია ჩასატარებელი: განტვირთვა, დაძრული ნაწილის მოხსნა, ხიმინჯებით გაკავება, ზედაპირული წყლების ასაცილებელი ღონისძიებები სამთო არხებით. ზედაპირული წყლები სამთო არხებით უნდა ავაცილოთ.

გრუნტის წყლებისთვის უნდა აშენდეს სპეციალური მიწისქვეშა კოლექტორების სისტემა, რომელიც გამოიყვანს გრუნტის წყლებს. რთული არაფერია, მხოლოდ სამუშაოებს ახლავს სირთულე - შეხების შედეგადაც შესაძლოა რისკები განვითარდეს.

- ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ ასე მოხდა, მოწყვეტილი და დაძრული მასა სად წავა? შესაძლებელია თუ არა ვერეს ისტორია განმეორდეს? მოსახლეობის ევაკუაცია აუცილებელია? - მოსახლეობის ევაკუაცია, ალბათ, არ იქნება საჭირო, სიფრთხილე მართებთ მუშაობის დროს. ამიტომაც შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია. თუ მეწყერი დაიძრა, ვერეს ისტორია არ განმეორდება, ვინაიდან იქ საქმე გვქონდა მეწყრული მასების ღვარცოფულ ნაკადად გარდაქმნასთან. ამ ზონაში ასეთი რამ გამორიცხულია. დაძრული ნაწილი შეიძლება ისეთ ტერიტორიაზე ჩავიდეს, სადაც არავინ ცხოვრობს.

მეწყერსაშიში ზონები თბილისში

კონსტანტინე მჭედლიშვილი:

"ყველაზე საშიში ლისის ტბის მიმდებარე და მთაწმინდის ფერდობებია, სადაც სახიფათო შეჭრები გააკეთეს. 80 წლის წინ ეროზირებული და ჩამორეცხილი კალთები შესანიშნავი ფიჭვნარით დაიფარა. წლების შემდეგ დეველოპერები და ჩინოვნიკები მიადგნენ ფიჭვნარ ტყეს და ჭონქაძის ბოლოში უზარმაზარი ნაკვეთები ჩამოჭრეს. მანდ მეწყერი უკვე ჩამოვიდა და ერთი კაციც დაიღუპა. მეწყერსაშიში ზონაა ვაკის ზემოთ, ჟვანიას ქუჩა, სადაც უზარმაზარი კორპუსები აშენდა, ქანები იძვრის და მოდის. კლასიკური მაგალითი იყო გლდანში შეშელიძის ქუჩა, სადაც თიხნარი ფერდობებია. ტერიტორია იმეწყრებოდა, მოდიოდა, მაგრამ უშველეს - თიხნარი გრუნტის განსატვირთავად მეწყრიანი მასივი მოიხსნა და ფერდობი დატერასდა. მეწყრიანია მუხათგვერდის ფერდობები და ვერეს ხეობა. "მზიურში" არის ინფრასტრუქტურული სამუშაოებით გამოწვეული კლასიკური მეწყერი. ახლა ფერდობი, ასე თუ ისე, გამაგრებულია, მაგრამ მდინარე ვერემ ხშირად იცის ადიდება, 50-60 წელში ერთხელ კატასტროფული მოვარდნა ახასიათებს..."