"ქალი, რომელთანაც ვერაფერზე შეძლებ საუბარს, ჩემთვის ინტერესს კარგავს" - კვირის პალიტრა

"ქალი, რომელთანაც ვერაფერზე შეძლებ საუბარს, ჩემთვის ინტერესს კარგავს"

დიმუ მენაბდე პანდემიის პერიოდს ძირითადად სახლში ატარებდა იმის მოლოდინში, როდის გაუქმდებოდა შეზღუდვები და როდის დაუბრუნდებოდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამბობს, რომ მალე კვლავ იხილავს მაყურებელი.

- "ბავშვობაში ჩვენ ფულზე არ ვოცნებობდით" (ზიგმუნდ ფროიდი).

- ასეა, სოციუმი გარკვეულწილად ცვლის ადამიანს. არა მგონია, ბავშვობაში ვინმეს ფულის შოვნაზე ეოცნება. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი არ ვყოფილვარ. საერთოდ, არ ვარ მეოცნებე, უფრო რეალისტი გახლავართ.

- "კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება" (მარკ ტვენი).

- რთულია თქვა, ვისთვის რა არის იდეალური ცხოვრება ან არსებობს თუ არა საერთოდ. არიან ადამიანები, ვისაც სულ არ სჭირდება მეგობრები. ზოგს კითხვა არ უყვარს და არც ესაა ვინმეს განსასჯელი. რაც შეეხება სინდისს, ადამიანს თუ სინდისი არა აქვს, ალბათ მას არც უნდა ვკითხოთ, რას ნიშნავს იდეალური ცხოვრება. უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და ის საქმე, რასაც აკეთებ - ალბათ ეს შეგიქმნის კომფორტს.

- "მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ" (ნიცშე).

- არა მგონია, ეს სწორი მიდგომა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე ამ ნიშნით არ ვირჩევ მეგობრებს. მგონი, ჩერჩილს აქვს ასეთი გამონათქვამი - თუ მინიმუმ 10 კაცს არ სძულხარ, მაშინ ჩათვალე, რომ არაფერი არ გაგიკეთებია ცხოვრებაშიო. რასაც უნდა აკეთებდე, ყველაზე კეთილ საქმესაც კი, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც ისეთი, ვისაც შენი პოზიცია და გაკეთებული საქმე არ მოეწონება და გაგაკრიტიკებს. ჩერჩილის ეს ფრაზა მე უფრო მომწონს, რადგან მეტად სწორი მგონია, ვიდრე მეგობრების ამ ნიშნით არჩევა და ვინმეს სიძულვილი.

- "ადამიანი ახალგაზრდაა, როდესაც სისულელეების ჩადენის ჯერ კიდევ არ ეშინია" (პიოტრ კაპიცა).

- ადამიანი ახალგაზრდაა მანამდე, ვიდრე თვითონ არ გადაწყვეტს, რომ დაბერდა. არა მგონია, 50 წლის რომ ვიქნები, თავი დაბერებულად ჩავთვალო. ესეც ხომ პირობითია, შეიძლება, ჩემთვის არ იყოს სისულელე ის, რაც სხვისთვის სისულელეა. თოვლში სირბილი ყველას უყვარს ალბათ, ასაკის მიუხედავად. საქართველოში რატომღაც ყველა ზედმეტად სერიოზულია, სხვა ქვეყნებში წლებს ყურადღებას არ აქცევენ.

- "ექსცენტრიკულები იყავით ახლავე. ნუ დაელოდებით სიბერეს, რათა ღია წითელი ტანსაცმელი ჩაიცვათ" (დალაი ლამა).

- როცა გინდა და რაც გინდა, ის გააკეთე და არ დაელოდო სხვის რეაქციასო, - ეს გამონათქვამიც ამაზეა. არ მესმის, რატომ თვლიან, რომ არსებობს მაგალითად, საბავშვო ან არასაბავშვო მუსიკა? ან რატომ თვლიან, რომ ესა თუ ის საქციელი არ შეგეფერება რომელიღაც კონკრეტულ ასაკში - ასე მოქცევა ჯერ ადრეა შენთვის ან პირიქით, რაღა დროს შენი მასე მოქცევაა... რატომ ფიქრობენ ასე? ადამიანი ხომ მუდმივად ვითარდება. წინ მივდივარ და რაც მინდა, იმას გავაკეთებ. თუ ვინმეს რამეს ვუშლი, მითხარით, თუ არა, როგორც მინდა, ისე მოვიქცევი.

- "სიხარულიც და მწუხარებაც იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას" (პლატონი).

- ალბათ ასეა, ვეთანხმები. მეც ასე მემართება ორივე შემთხვევაში - გონებადახშული ვხდები (იცინის). სინამდვილეში კი, დროთა განმავლობაში გამოცდილება გემატება, გრძნობებში იწრთობი და ისე ძალიან აღარ განიცდი მომხდარს - არც კარგს და არც ცუდს.

- "გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა ცუღლუტობაა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს" (მიხეილ ჯავახიშვილი).

- ფულიანი და მდიდარი ადამიანი ყოველთვის ეძებს გზებსა და ხრიკებს, როგორ შეიძლება უკეთესად იყოს. თუ შენი საქმე მოგწონს და გიყვარს, კარგადაც გააკეთებ. ზოგჯერ ისე არ ხდება, როგორც ვფიქრობთ. თუ ზარმაცობ, ამით თვითონვე წააგებ, სიზარმაცე შენთვისვეა დამღუპველი. მე ზარმაცი ვარ და ვიცი, ბევრ რამეში ეს ხელის შემშლელია. ვცდილობ, სიზარმაცეს გადავეჩვიო.

- "ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან" (კონფუცი).

- ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი სევდაც და მხიარულებაც. ყველას უკეთია ნიღაბი, მე ალბათ მხიარული უფრო ვარ, ვიდრე სევდიანი.

- "ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასოდეს უცდია რაიმე ახალი" (აინშტაინი).

- ასეა, რა უნდა დავამატო ამას? შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა. როცა ნებისმიერ საქმეს იწყებ, შეცდომების დაშვება გარდაუვალია, მაგრამ ყველა ცდილობს, იგივე აღარ გაიმეოროს. არ ვიცი, ვისი ნათქვამია: სიგიჟის ყველაზე მარტივი ახსნა-განმარტებაა, მუდმივად ერთსა და იმავეს აკეთებდე და სხვადასხვა შედეგის მოლოდინი გქონდესო. ადამიანი, რომელიც შეცდომებს უშვებს და მერე ამას კვლავ იმეორებს, მგონი, გიჟია.

- "ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება - ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი).

- აპატიე რა ყველას... მე ალბათ, ყველას ყველაფერს ვაპატიებდი და ვპატიობ კიდეც, შემიძლია ასე მოქცევა. რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ მიპატიებია, თუმცა იმასაც ხომ გააჩნია, ვინ რას მიიჩნევს ღალატად? არ მესმის, მეგობარმა რაში უნდა დამაღალატოს? არ მოვიდეს? რაღაცას დამპირდეს და არ გააკეთოს? ჩემს საყვარელ ქალთან გააბას რომანი? ვენაცვალე ორივეს, ნებისმიერი საქციელი ხომ ადამიანის არჩევანია...

- "შეიყვარო ქალი მთელი გულით? - არ ღირს, არადა, სხვანაირად არ გამოდის" (სალვადორ დალი).

- ასეა? არ ვიცი (იცინის)... აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ქალი არ ღირს ამად. მგონი, ავტორი გულისხმობს, რომ შენთვის ჯობია, თუ ძლიერად არ შეიყვარებ, მაგრამ ყველას მთელი გულით გვიყვარდება, აბა, ნახევარი გულით როგორ უნდა შეიყვარო ვინმე?

- "ქალი სიყვარულისაგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება" (ერიხ მარია რემარკი).

- ეს ხომ სისულელეა... არის განსხვავებები, მაგრამ ჩემთვის კაცი და ქალი დაახლოებით ერთ სივრცეში არსებობს. ზოგს რა ემართება და ზოგს - რა, ეს სქესზე არ არის დამოკიდებული.

- "ქვეყნად უამრავი ქალია, რომელთანაც შეიძლება დაიძინო და საკმაოდ ცოტა, ვისთანაც შეიძლება ისაუბრო" (ერნესტ ჰემინგუეი).

- ვეთანხმები ჰემინგუეის - ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მწერალს, რომელიც ძალზე საინტერესო პიროვნება იყო თავისი ცხოვრების წესითაც. ქალი, რომელთანაც ვერაფერზე შეძლებ საუბარს, ჩემთვის ინტერესს კარგავს.

- "შურიანები კვდებიან, მაგრამ შური - არასოდეს" (მოლიერი). - შური თუ სწორი მიმართულებით გამოიყენე, წაგადგება კიდეც - ადამიანის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. როცა ვინმესი გშურს, მიზნის მისაღწევად უფრო მეტს აკეთებ. ასე რომ, შური მხოლოდ ცუდი არ არის.

- "ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი - ძუნწი" (შამფორი).

- ყველა მდიდარი მომჭირნე არ არის ისევე, როგორც ყველა ღარიბი არ არის ძუნწი. მომჭირნეობა არ გამომდის, ფულს ვერასდროს ვაგროვებ. როგორც სიგარეტისთვის თავის დანებება არ მიცდია, ასევე არ მიცდია ფულის შეგროვება.

- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).

- შიში არცოდნაა, არა მგონია, მდაბიო გრძნობა იყოს. ყველაფერი, რისიც გვეშინია, რეალურად არის არცოდნა იმისა, თუ რა მოხდება სინამდვილეში. მაგალითად, არ ვიცით, რა მოხდება, თუ პარაშუტით გადმოვხტებით და ამიტომ ვნერვიულობთ. მეც მაქვს ფობია, სიმაღლის მეშინია, დაუცველად ვგრძნობ თავს და დისკომფორტს განვიცდი.

- "ადამიანი არ არის ბედნიერი, რადგან მან არ იცის, რომ ბედნიერია. ვინც ამას შეიცნობს, ის იმ წამშივე ბედნიერი გახდება" (თეოდორ დოსტოევსკი).

- დეპრესია რომ აქვს ადამიანს და ეტყვი, კარგი ახლა, რა მოგივიდა, ხომ იცი, რომ ბედნიერი ხარო, გადაუვლის ვითომ? - ეს სიტყვებიც ასე ჟღერს ახლა - თუ არ ხარ ბედნიერი, იცოდე, რომ სინამდვილეში ბედნიერი ხარ და ამას რომ მიხვდები, ბედნიერი გახდები. საერთოდ, რუსული ლიტერატურა ბედნიერებისგან შორს არის და ვერ ვხვდები, რატომ არიან ლიტერატურული გმირები ტრაგიზმით სავსეები და უბედურები. სხვა საქმეა, ადამიანები არასდროს რომ არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, პატარ-პატარა ბედნიერებას ვგულისხმობ.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"