როგორ ხვდება ევროპა მესამე ტალღას - კვირის პალიტრა

როგორ ხვდება ევროპა მესამე ტალღას

ევროპა მესამე ტალღისთვის ემზადება - კორონავირუსის ბრიტანული შტამის შემთხვევების მკვეთრად მატებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გერმანიამ ლოკდაუნი 18 აპრილამდე გააგრძელა. თითქმის იგივე სურათია იტალიასა და საფრანგეთში. ვაქცინაციის კვალდაკვალ რატომ გამკაცრდა რეგულაციები, რას მოიცავს ახალი შეზღუდვა და როგორ შეხვდა აკრძალვებს მოსახლეობა, ევროპელები გვიამბობენ...

"ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას"

მეგი სტემპენი, გერმანიაში მცხოვრები ქართველი:

- 22 მარტიდან რეგულაციები კვლავ გამკაცრდა - ლოკდაუნი 18 აპრილამდე გაგრძელდება. არ ვიცით, მერე მაინც მოიხსნება თუ არა, რადგან ვითარება პროგნოზის საშუალებას არ იძლევა. წელს აღდგომას გერმანია გამკაცრებული ლოკდაუნით ხვდება. აღდგომის კვირაში სუპერმარკეტები მხოლოდ ერთი დღით - შაბათს გაიხსნება. ანგელა მერკელმა სასულიერო პირებს მოუწოდა სააღდგომო ლიტურგია შეძლებისდაგვარად ონლაინრეჟიმში ჩაატარონს.

ხელისუფლების ცნობით, ინფიცირებულების რაოდენობა 100 000 მოსახლიდან 100-ს არ უნდა ასცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანიაში სრული ლოკდაუნი გამოცხადდება. ჯერჯერობით მუშაობენ სკოლები, ოღონდ მასწავლებლები და მოსწავლეები ვალდებული არიან ტესტი კვირაში ორჯერ გაიკეთონ. ასევე არ დაუკეტავთ სილამაზის სალონები. თუმცა დახურულია რესტორნები, სასტუმროები, ბარები, მუზეუმები. წესები სწრაფად იცვლება, ამიტომ რეგულაციების დარღვევა არ გვინდა და სულ ინფორმაციის ძიებაში ვართ.

- როგორ შეხვდა ხალხი ლოკდაუნის გახანგრძლივებას?

- ისევ მკაცრი რეგულაციები მაშინ, როდესაც ვაქცინაცია დაწყებულია, დიდ უკმაყოფილებას იწვევს - არის მოსაზრება, რომ ვაქცინა საკმარისი არ არის, რის გამოც მოსახლეობის მასობრივი აცრა ვერ ხერხდება. მოსახლეობა სახელმწიფო მეთაურების უუნარობაზე ლაპარაკობენ და ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მძიმე დღეში არიან სტუდენტები, რომლებიც უმეტესად სასურსათო მარკეტებში იყვნენ დასაქმებული, ხელისუფლება მათ ანაზღაურების 70%-ს უხდის, მაგრამ ეს არ კმარა. დახმარება არც სხვებისთვის არის საკმარისი, მით უფრო ბავშვებიანი ოჯახებისთვის.

- ბრიტანული შტამის გავრცელება მასშტაბურია? - მუტირებული ვირუსი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე შარშან დეკემბერში დაფიქსირდა, ბრიტანეთიდან გერმანიაში შემოსულ ქალს აღმოაჩნდა, თუმცა არსებული ვარაუდით, ბრიტანული შტამი გერმანიაში უფრო ადრე დაფიქსირდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო ხანების მონაცემებით, 72%-ს შეადგენს. ბრიტანელი ექსპერტების თქმით, ეს შტამი "კოვიდ-19"-თან შედარებით 70%-ით სწრაფად ვრცელდება, რაც ძალიან გვაშინებს, მით უფრო, რომ სხვა, უცნობი შტამებიც არის დაფიქსირებული, რასაც მეცნიერები იკვლევენ.

ვაქცინა მინიმალური რაოდენობით შემოიტანეს. ახლახან ვესაუბრე ჩემს პირად ექიმს. მითხრა, რისკის ქვეშ მყოფთა აცრაზე საუბარი ჯერ არც არის, ყველაზე კარგ შემთხვევაში შემოდგომაზე გეტყვი, როდის მოგიწევსო...

"ჯარი ცხელ წერტილებში გადაგვანაწილეს"

რობერტ გიუნტერი, გერმანიის შეიარაღებული ძალების ოფიცერი:

- პირველი ტალღისას რამდენიმე ბუნდესმიწაზე მდგომარეობა კატასტროფული იყო. საზღვრის უეცრად იძულებითმა ჩაკეტვამ სამი დღის განმავლობაში პოლონეთის საზღვართან დიდი საცობი შექმნა. საქმეში "წითელი ჯვრის" მოხალისეთა ჯგუფი და ჩვენი არმიის რამდენიმე დანაყოფი ჩაგვრთეს. რამდენიმე დღის განმავლობაში საცობში ჩარჩენილებს ცხელი კერძებით ვამარაგებდით და სამედიცინო დახმარებას ვუწევდით. მეორე ტალღის დროს ჯარი უფრო ფართოდ, სხვადასხვა მიმართულებით იყო ჩართული - საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვა ცხელ წერტილებში გადაგვანაწილეს.

შევითავსეთ ცხელი ხაზის საინფორმაციო პუნქტებიც. ზოგიერთი დანაყოფის ჯარისკაცები დეზინფექციას აკეთებდნენ, მოხუცებს უვლიდნენ. იანვარში ქალაქ პირნაში გამგზავნეს, მოხუცთა თავშესაფარში, სადაც პერსონალს ტესტირების კოორდინირებაში, საკვების გაცემასა და ოთახების მოწესრიგებაში ვეხმარებოდით. მესამე ტალღა არც იყო დაწყებული, ისევ შეგვაბრუნეს, რადგან პერსონალი დაინფიცირდა. ახლა სიტუაცია გამწვავდა და შესაძლოა აპრილის შუა რიცხვებამდე დავრჩეთ. მიუხედავად იმისა, რომ ორ დღეში ერთხელ ტესტს ვიკეთებდით, არაერთი სამხედრო დაინფიცირდა, მათ ოჯახის წევრებს გადასდეს.

მესამე ტალღისთვის ჯერ ჯარში პირდაპირ ბრძანება არ შემოსულა. თუმცა უკვე განიხილება სხვადასხვა დაწესებულებაში სამხედრო მოსამსახურეთა გადაგზავნის საკითხი.

- არმიაში ვაქცინაცია არ დაწყებულა? - არა. ვაქცინის შემოტანის შემთხვევაში პირველად რისკის ქვეშ მყოფი ჯარისკაცები აიცრებიან, მერე კი ისინი, ვისაც ფეხმძიმე ცოლები, შემდეგ კი ვისაც შვილები ჰყავთ.

"ასტრაზენეკას" დროებით შეჩერებამ ვითარება გაამწვავა და ამაზე აჟიოტაჟია ატეხილი"

მერი ალფაიძე, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი:

- მესამე ტალღა ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ახალი შეზღუდვები დაწესდა. სურსათის მაღაზიების გარდა, ყველაფერი დაკეტეს. მედიიდან მუდმივად ისმის მოწოდებები, თავი შევიკავოთ სახლიდან გასვლისგან.

საფრანგეთის 16 დეპარტამენტში, მათ შორის პარიზში, აქტიური ვაქცინაციის პარალელურად რეგულაციები გამკაცრდა. ექიმების ოჯახში ვმუშაობ და ახალ რეგულაციებს ასე ხსნიან - იმუნიზაციას დრო სჭირდება და ვირუსს ვერ ვასწრებთ, ისე სწრაფად პროგრესირებს, რეანიმაციები ისევ გადაივსოო.

- ვაქცინაცია როგორ მიმდინარეობს? - "ასტრაზენეკას" დროებით შეჩერებამ ვითარება გაამწვავა.

ანტივაქსერებიც გააქტიურდნენ, რაც აფერხებს ვაქცინაციას. არადა, ყველამ იცის, თუ მოსახლეობის 60%-ზე მეტი არ აიცრება, რეგულაციები არ შემსუბუქდება. კარჩაკეტილობა საშინლად მოქმედებს ხალხის ფსიქიკაზე. ასე მგონია, პირველი-მეორე ტალღა უფრო მარტივად გადაიტანეს, ახლა კი ძალიან განიცდიან. ონლაინმუშაობამ დეპრესია გააღრმავა. ჩაკეტილობას თან ახლავს ეკონომიკური სიდუხჭირე.

იმატა განქორწინების რიცხვმა და ქალთა უფლებების შელახვამ... ბევრმა სამსახური დაკარგა, სამსახური დაკარგეს ემიგრანტებმაც.