"ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული, არ ნიშნავს, რომ არ აიცრება" - კიდევ რომელი ვაქცინის შემოტანა იგეგმება და განიხილება თუ არა ქვეყანაში მორიგი ლოკდაუნი? - კვირის პალიტრა

"ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული, არ ნიშნავს, რომ არ აიცრება" - კიდევ რომელი ვაქცინის შემოტანა იგეგმება და განიხილება თუ არა ქვეყანაში მორიგი ლოკდაუნი?

"ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ვაქცინაცია დასრულდება"

მიმდინარე კვირაში ვაქცინაცია ყველაზე აქტუალური თემა იყო ჩვენს ქვეყანაში, თუმცა რჩება კითხვები: "ასტრაზენეკას" ვაქცინით გარდაცვლილი ექთანის, მეგი ბაქრაძის ტრაგიკული შემთხვევა აისახება თუ არა აცრის მსურველთა რაოდენობაზე? რომელი ვაქცინით აცრის საშუალება ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს? როდის არის მესამე ტალღა მოსალოდნელი და განიხილება თუ არა ქვეყანაში მორიგი ლოკდაუნი?

ამ და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრას" დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ესეუბრება.

- ახალციხეში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ვაქცინაციის ტემპი უფრო შეანელა. რას ეტყოდით მათ, ვინც ისევ ფრთხილობს და აცრას არ ჩქარობს?

- მიუხედავად ამ ტრაგედიისა, დღევანდელი მონაცემებით, როცა 65 წელზე უფროსი მოქალაქეების აცრაც ნებადართულია, უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, ანუ ერთი კვირის წინ დარეგისტრირებულთა რაოდენობაზე 2-3-ჯერ მეტი.

- ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი "ფაიზერით" აცრის მსურველები არიან... - არა, ორივე ვაქცინით აცრის მსურველი ბევრია.

- გერმანიამ მართლა უარი თქვა "ასტრაზენეკაზე"? - უარი არავის უთქვამს. რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინით აცრა, რადგან თრომბოზებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები იყო და უნდა გაერკვიათ, იყო თუ არა ეს ვაქცინის ბრალი, მერე კი განაახლეს. ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება. მისი დამარცხების ერთადერთი გზა ეს არის.

- მაინც მგონია, ჩვენთან აცრის დღევანდელი ტემპი საკმარისი არ არის. ასე თუ გავაგრძელებთ, როდის დავასრულებთ ვაქცინაციის პროცესს? - ტემპი აჩქარდება. სხვა ქვეყნებშიც ასე დაიწყო, თანდათან კი აცრის მსურველთა რაოდენობამ იმატა. ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ვაქცინაცია დასრულდება. ასეა ყველაფერი დათვლილი.

- ამ დათვლაში გათვალისწინებულია ვაქცინის მიწოდება-ჩამოტანაც და ვაქცინაციის ტემპიც? - ზაფხულში პროცესი ალბათ უფრო გააქტიურდება, შემოდგომის ბოლოსკენ კი გვინდა, დავასრულოთ.

- "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" გარდა რომელი ვაქცინების შემოტანა იგეგმება? - კოვაქსის პლატფორმიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ აპრილში კიდევ უნდა ჩამოვიდეს "ასტრაზენეკა".

- რამდენი? - დაახლოებით 80 ათასი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინეთთან. ჩინური ვაქცინა ევროპაში, კერძოდ, უნგრეთშია რეგისტრირებული.

- შეიძლება ითქვას, ვაქცინაციის დაწყება იმიტომ გაჭიანურდა, რომ სწორედ ჩინურ ვაქცინას უფრთხოდნენ და ახლა ისევ ჩინურ ვაქცინას ვირჩევთ? - ზოგი "ფაიზერს" უფრთხის, ზოგი - "ასტრაზენეკას", ზოგი - ჩინურს... ფაქტი ერთია - ყველა ვაქცინა, რომლებიც მკაცრი მარეგირებელი ორგანოების მიერ იქნება აღიარებული, შეიძლება გამოვიყენოთ. ჩინური ვაქცინით ჩინეთის გარდა, სადაც უკვე 50 მილიონი კაცია აცრილი, იცრებიან არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ჩინურ ვაქცინას იყენებს ჩილეც.

- სადაც მოსახლეობის 90%-ია აცრილი... - სწორედ იმიტომ, რომ ძალიან ადრე დაიწყეს ვაქცინის გამოყენება. გამოქვეყნებულია ჩინური ვაქცინის მონაცემებიც. სხვადასხვა ქვეყანაში მისი ეფექტიანობა სხვადასხვაგვარია, მაგრამ, მიუხედავად ამ განსხვავებისა, მაინც ეფექტიანია. ჩინური ვაქცინა ძველი მეთოდით არის დამზადებული, "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერისაგან" განსხვავებით, რომლებიც ახალი ტექნოლოგიით დამზადდა და ბევრი სწორედ ძველი ტექნოლოგიით დამზადებულს ანიჭებს უპირატესობას.

- ბრიტანული შტამის გააქტიურებამდე შექმნილი ვაქცინები მის დამარცხებას შეძლებს? - ჯერჯერობით ეს ვაქცინები ბრიტანულ შტამზეც მოქმედებს. ჩვენთან ბრიტანული შტამის შემთხვევა ჯერ ცოტაა, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც უკვე თითქმის მხოლოდ ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

- მაგალითად? - ევროპის ბევრ ქვეყანაში ბრიტანულმა შტამმა მანამდე არსებული შტამები თითქმის ჩაანაცვლა. თუმცა ცნობილია, რომ ეს ვაქცინები ბრიტანული შტამის საწინააღმდეგო იმუნიტეტსაც გამოიმუშავებს.

- მართალია, რომ ბრიტანული შტამი შედარებით ახალგაზრდა ასაკში ვრცელდება? - კი ბატონო. ის უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე ძველი შტამები.

- ბავშვებში ვრცელდება უფრო ადვილად თუ ახალგაზრდებში? - ახალგაზრდებში, და რაც მეტს დაემართება, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევებიც მოიმატებს. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, ამიტომ გვინდა, სანამ ბრიტანული შტამი ფართოდ გავრცელდება, რაც შეიძლება მეტი რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანი აიცრას.

- ბრიტანული შტამის რამდენი შემთხვევაა ჩვენთან დადასტურებული? - 70-ზე მეტი. ეს, ძირითადად, არის ექვსი კლასტერი, მათ შორის ყველაზე დიდი კი 18-კაციანი ჯგუფი გახლავთ. ბევრი შემთხვევა შემოსვლისთანავე დადგინდა, ისინი იზოლაციაში იყვნენ და ამიტომ ეს შტამი არ გაუვრცელებიათ.

- მსოფლიო მესამე ტალღის მოლოდინშია. ჩვენ რას ველით? - თუ დავიცავთ პირბადის გამოყენების წესსა და დისტანციას, ასევე მოვერიდებით დიდ თავყრილობებს, შეიძლება ისე გავძვრეთ, რომ დადასტურებულმა შემთხვევებმა მნიშვნელოვნად არ მოიმატოს. ახლა ჩვენთან ავადობამ იმატა. ყოველკვირეულ მონაცემებს თუ შევადარებთ, ყველა მომდევნო კვირის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით მაღალია.

- და ამ მატებით მესამე ტალღამდე მივალთ? - ყველაფერი ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული, მათ შორის - ლოკდაუნიც. ასევე მნიშვნელოვანია, ბიზნესის წარმომადგენლებმა თავიანთ ტერიტორიაზე წესების დაცვა აკონტროლონ.

- კიდევ რომელი შტამებია ცნობილი მსოფლიოში? - სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და მათი ბევრი განშტოება.

- როგორი მიმდინარეობა ახასიათებს მათ? - ყველას უფრო ფართოდ გავრცელების უნარი აქვს.

- ბრიტანელ ვირუსოლოგს ვესაუბრე. მან თქვა, ჩვენ შევამოწმეთ ეს შტამები და ბრიტანულ შტამზე ვაქცინა მშვენივრად მოქმედებსო, აფრიკულთან დაკავშირებით კი იყო ეჭვი... - ჯერ კვლევები მიმდინარეობს იმის დასადგენად, როგორ იმოქმედებს ეს ვაქცინები სამხრეთაფრიკულ შტამზე. კვლევების გარეშე რამის გადაჭრით თქმა ძნელია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები მანამდე აიცრან, სანამ ეს შტამები გავრცელდება.

- კომენდანტის საათის ხანგრძლივობის შემცირება ხომ არ იგეგმება? - ეს ერთადერთი შემზღუდავი ღონისძიება დარჩა. ახლა ჩვენთან შემთხვევები იმატებს და როგორ შეიძლება ამ დროს კიდევ რამის შემსუბუქებაზე ვილაპარაკოთ?!

- ვაქცინა აცრიდან რამდენ ხანში მოქმედებს? - დაახლოებით სამ კვირაში.

- და ვაქცინაციის შემდეგ რამდენი ხანი იქნებიან დაცულები? - ჯერ ძნელია რამის თქმა, რადგან ეს ვაქცინები ახალია, მაგრამ ალბათ ერთი წელიწადი მაინც.

- ხომ არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ანტივაქსერებად დარჩნენ? როგორ იმოქმედებს ეს ერის იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე? - პოპულაციური იმუნიტეტი უნდა ჩამოყალიბდეს უმრავლესობის - 60-65%-ის აცრით. მაგალითად, ისრაელში ერთხელ ყველაა აცრილი და იქ ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან.

- მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა, რომ აცრა გაგრძელდება მხოლოდ იქ, სადაც რეანიმაციული განყოფილება აქვთ... - ეს დაზღვევაა, თორემ ტელევიზიით ვხედავთ, რომ სხვაგან ადამიანებს ცრიან ეკლესიებში, საგამოფენო დარბაზებსა და ქუჩებშიც კი, მანქანიდან გადმოუსვლელად.

- ამბობენ, რომ ვისაც გაკეთებული აქვს ფილერი, მათზე ვაქცინა არ მოქმედებს... - ამაზე ერთი ამბავი ატყდა და ახლახან ამერიკის NCDC-მ ეს კითხვა თავის კითხვარს დაუმატა. ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც ფილერი აქვს, არ აიცრება. ეს ნიშნავს, რომ უნდა გააფრთხილო ადამიანი, რადგან შეიძლება აცრის ადგილი შეუშუპდეს. ყველაფერში სიფრთხილეა მთავარი, ადამიანი მომზადებული და ინფორმირებული უნდა იყოს.

- რამდენი ხანი უნდა იყოს გასული ფილერის გაკეთებიდან, რომ ავიცრათ? - ორი-სამი კვირა.

- რას ეტყოდით ანტივაქსერებს?

- რა უნდა ვუთხრა, ყველა ადამიანს თავისი თვალსაზრისი აქვს. მე 25 წელია, აცრებზე ვლაპარაკობ, ახალი რა უნდა ვთქვა?! მთავარია ადამიანები იყვნენ დაცული და ეკონომიკაც ამუშავდეს... ტურიზმი ხომ გააქტიურდა - ისრაელიდან აცრილი ტურისტები თავისუფლად ჩამოდიან ჩვენთან. ცოტა ხანში ქვეყნებს შორის მიმოსვლა სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.