ბრძოლა ტერაკოტის არმიისთვის - კვირის პალიტრა

ბრძოლა ტერაკოტის არმიისთვის

იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში პირველი ჩინური ძეგლი 1987 წელს შეიყვანა და ეს გახლდათ არა ჩინეთის დიდი კედელი, არამედ კომპლექსი სახელწოდებით "ცინის დინასტიის პირველი იმპერატორის საფლავი". გაერთიანებული ჩინეთის პირველი იმპერატორის ცინ ში ხუანდის მავზოლეუმი ჩინელთა თვითიდენტიფიკაციის ნაწილია. მასში შემავალი ტერაკოტის არმიის დათვალიერება კი ქვეყნების მეთაურთა ჩინეთში ვიზიტის განრიგში შედის. აქ ნამყოფია პრეზიდენტი რონალდ რეიგანი თუ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II

კომპლექსი 1974 წელს აღმოაჩინეს ქალაქ სიანის მახლობლად მდებარე ლიშანის მთაზე ჭის თხრის დროს. ამჟამად გათხრების მესამე ეტაპი მიმდინარეობს, უშუალოდ იმპერატორის საფლავი ჯერ კიდევ არ გახსნილა. უახლესმა გეოფიზიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კომპლექსი გაცილებით დიდია, ვიდრე ვარაუდობდნენ და ბევრად აღემატება ეგვიპტის მეფეთა ველს. სხვათა შორის, ცინ ში ხუანდიმ არა მარტო გააერთიანა ჩინეთი, მანვე შეაერთა ჩინეთის დიდი კედლის ყველა ნაწილი. ის 13 წლის ასაკში ავიდა ტახტზე ძვ.წ. 246 წელს, ერთ წელიწადში კი თავისი მომავალი სამაროვნის აგება ბრძანა - აკროპოლს 700 000 მუშა 38 წლის განმავლობაში აშენებდა.

იმპერატორს იმ ქვეყნად სამსახურისთვის ტრადიციულად გათვალისწინებული 4 ათასამდე ცოცხალი მეომრის ნაცვლად რატომღაც ნატურალური ზომის 8 ათასამდე გამომწვარი თიხის ჯარისკაცი და ოფიცერი ჩააყოლეს. ისინი მიწის ქვეშ 3 პარალელურ კოლონად არიან დამწკრივებული. სამაგიეროდ, ცოცხლად ჩააყოლეს მდიდრულად შემოსილი 60 ხარჭა და სხვადასხვა შეფასებით, 70 000-მდე მუშაც ოჯახებითურთ...

არქეოლოგებმა მრავალ სხვა სიმდიდრესთან ერთად აღმოაჩინეს ბრინჯაოს ორი 4-ცხენიანი ეტლი, რომელთაგან თითოეული 300-ზე მეტი დეტალისგან შედგება, ტერაკოტის ცხენებს ოქროსა და ვერცხლის აკაზმულობა აქვთ. თუმცა მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თიხის მეომრებისა და მათი იარაღის შესრულების მაღალი დონე, თანაც ამ 8 ათასამდე ქვეითს, მოისარსა და მხედარს შორის არც ერთი სახე არ მეორდება.

2016 წელს მკვლევრები: არქეოლოგი, ექსპედიციის უფროსი მკვლევარი, დოქტორი ლი სიუჟენი და ვენის უნივერსიტეტის პროფესორი ლუკას ნიკელი მივიდნენ სენსაციურ დასკვნამდე, რომ ტერაკოტის არმიის ნატურალური ზომის მეომრები შეიქმნა უშუალოდ ძველ ბერძენ ხელოვანთა დახმარებით, რომლებიც ცენტრალურ აზიაში ალექსანდრე მაკედონელის ინდოეთზე ლაშქრობების შემდეგ გამოჩნდნენ!

პირველად ეს ვარაუდი მაშინ გაჩნდა, როცა ჩინეთის სინძიანის პროვინციაში იმ პერიოდის ევროპელთა გენეტიკური მასალა აღმოაჩინეს. ამასთან, მანამდე ჩინეთში მხოლოდ 20 სმ სიმაღლის ფიგურებს ამზადებდნენ, შემდეგ კი სამარხის მიმდებარედ იპოვეს ისეთი ტექნიკით დამზადებული აკრობატებისა და ფრინველების ბრინჯაოს ფიგურები, რომელთაც მხოლოდ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში იყენებდნენ.

ყოველივე ამან ჩინეთში, რომელიც თანდათან სულ უფრო შორდება დასავლეთს, დიდი წინააღმდეგობა გამოწვია. გამოცხადებულ ბრძოლაში ტერაკოტის არმიისთვის დოქტორი ლი სიუჟენი იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ არასწორად გაუგეს, თუმცა ბევრი არქეოლოგის აზრით, ბრძოლა გრძელდება...

რამაზ გურგენიძე