ჩვენ - დაბადებულები საქართველოში - კვირის პალიტრა

ჩვენ - დაბადებულები საქართველოში

"დაბადებულები საქართველოში" ჯერ კიდევ ეკრანებზე გამოსული არ იყო, რომ უკვე დიდი მითქმა-მოთქმა ჰქონდათ ატეხილი ინტერნეტ ფორუმებზე.რამდენიმე ვიდეო რგოლის ნახვის შემდეგ, გაუჩნდათ აზრი რომ ეს მართლაც საინტერესო და განსხვავებული ფილმი იქნებოდა. საქართველოში მიჩვეულები ვართ წაუკითხავ წიგნებსა და უნახავ ფილმებზე ცხარე კამათს, თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში - ფილმის "დაბადებულები საქართველოში" რამდენიმე კადრის ნახვისთანავე მართლაც ჩნდება აზრი, რომ ეს არ ჰგავს სხვა, იოლი, იაფფასიანი პოპულარობის მაძიებელ სურათს. ფილმის ნახვის შემდეგ სწორედ იგივე აზრი გრჩება, ეს მართლაც საინტერესო არაკომერციული ფილმია, ღრმა ფსიქოლოგიური წიაღსვლისა და მაქსიმალური ესთეტიზმის მიღწევის სურვილით.

ფილმი რეჟისორ თამარ შავგულიძის სადებიუტო ნამუშევარია და რეოგორც პირველი შეიძლება მართლაც მაღალი შეფასების ღირსი იყოს, თუმცა ქართველები განებივრებულები ვიყავით და ისეთ სადიპლომო ქართულ ფილმებსაც ვიცნობთ, რომლებიც სამართლიანად იქცნენ ქართული კინოს კლასიკად.

KvirisPalitra.Ge"დაბადებულები საქართველოში" სათაურიდანვე გამზადებთ, რომ თუკი საქართველოში დაიბადეთ, ეს თქვენი განაჩენია. იძულებული ხართ თქვენს მიწაზე აიტანოთ რუსი სამხედროები და არა მარტო 2008 წლის ომის შემდეგ, არამედ ამ ომამდე კარგა ხნით ადრეცა და კაცმა არ იცის კიდევ რამდენი ათეული წელი. თქვენ უნდა დაემორჩილოთ აზრს, რომ მიუხედავად მიღებული განათლებისა, დიდი შანსია, შესაფერისი სამსახური ვერ იპოვოთ და პატარა მაღაზიის დახლში მოგიწიოთ მორჩილად დგომა. მეტიც... შეიძლება საერთოდ ვერ იშოვოთ ვერანაირი სამსახური და უმუშევრად ყოფნა გერგოთ წილად. უსახსრობისა და მოუწყობელი ცხოვრების გამო, დაგეკარგებათ სიყვარული, დაგენგრევათ ოჯახი... თქვენ გექნებათ ბევრი სტრესი და ბევრი სანერვიულო, იმიტომ რომ დაიბადეთ საქართველოში და ამას აღარასოდეს აღარაფერი შეცვლის.

ჩაკეტილი წრე, სახელად სამშობლო განაჩენია ფილმის გმირებისათვისაც, რომლებსაც მართლაც ძალიან კარგად თამაშობენ ნუცა კუხიანიძე, თამრი ბზიავა, ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი გიორგანაშვილი. მხატვრის - სალომე სხირტლაძის გემოვნება და სისადავე სურათის მნიშვნელოვანი ღირსებაა, ისე როგორც გიო ცინცაძის მუსიკა. ცხადია, ამ ყველაფრის უკან თავად რეჟისორი მოიაზრება, რომლის ფილმებსაც ამიერიდან დაველოდებით. ამისი საფუძველი ამ ფილმა შექმნა.

"დაბადებულები საქართველოში" არის კინო, რომელიც მართლაც ცდილობს ფსიქოოგიური წიაღსვლის თანაზიარი გაგხადოს, თუმცა ეს სუსტად გამოსდის, რადგან ადამიანთა განცდების გადმოცემის ენა ღარიბია. ცუდად თუ ხარ, ამისი გამოხატულება მხოლოდ ანთებული სიგარეტი არ არის... დუმილსაც კი თავისი ენა აქვს, რომელიც უნდა იცვლებოდეს და იტვირთებოდეს სათქმელით, მაშინ გაწელილი დროის შეგრძნებაც აღარ დაგრჩება. არ შეიძლება ძირითადი სათქმელი თქვას მონოლოგით წაკითხულმა წერილმა, ისიც ფილმის მიწურულს, მოსწრებაზე.  ჩვენ  ჩვენი უბედურება რუსის გარეშეც გვაქვს, რუსის ჯარის ფონზე - გაათკეცებული.

ამიტომაცაა თამარ შავგულიძე აქცენტს ოკუპანტებზე კი არა, საქართველოში დაბადებულთა შინაგან სამყაროზე აკეთებს. ეს სწორი გადაწყვეტაა. თუმცა ოკუპანტების გულუბრყვილო მსხვერპლი და გულუბრყვილო პროტესტი მათი აქ ყოფნისა, გიტოვებს აზრს, რომ ჩვენ - დაბადებულებს საქართველოში, ძალიან გვიჭირს სათქმელის ჩამოყალიბება. ამიტომაცაა, რომ თანამედროვე ქართული კინოს ძირითადი ნაკლი დრამატურგიის სისუსტეა (ზოგჯერ არარსებობაც). აღარ იწერება სცენარები, რომლებიც გარკვეულწილად განსაზღვრავენ მომავალი ფილმის წარმატებულ ბედს. ჩვენ გვაქვს ხედვა, ინტელექტი, გვიყვარს მეგობრები და ოჯახის წევრები, გვტკივა საქართველოს მოგლეჯილი მიწები და ერთმანეთის შეუმდგარი პირადი ცხოვრებები... და მაინც ვერ ვქმნით სცენარებს, რომლითაც ამ ყველაფერს ვიტყვით. (ან ვქმნით და შესაბამის კონკურსებზე ვერ ვხედავთ...)

დასასრულს მინდა განვაზოგადო: ჩვენ - დაბადებულები საქართველოში მართლაც გააზრებისა და გამოხატვის კრიზისს განვიცდით. დანარჩენი ყველაფერი ადვილად მოგვარდება: ტექნიკურად სრულვყოფთ ფილმებს, დავწერთ მუსიკასა და უზრუნველვყოფთ სადა, ამაღლებულ მხატვრობას...

იმედია, დრო გავა და სათქმელს დიდი შინაგანი გზის გავლის შემდეგ მაინც ვიტყვით.

P.S. იმასაც ვიტყვით რომ საქართველო ჯვარი კი არ არის, რომელიც უნდა ვიტვირთოთ, ჩვენ ვართ - დაბადებულები საქართველოში.

(სპეციალურად საიტისთვის)