"ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ და უკან მწევდნენ. ყველგან "მბლოკავდნენ"
"ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ და უკან მწევდნენ. ყველგან "მბლოკავდნენ"
"მადლიერი ვარ უფლის, რომ ქართული გული მაქვს"

ამერიკაში მცხოვრებ ალექსანდრე ზაზარაშვილს გამორჩეული ცხოვრება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არასრულწლოვანია, მის შემოქმედებით ბიოგრაფიას აქვს ბევრი გამორჩეული ფურცელი, რომელიც საერთო ეროვნულ სიამაყედ უნდა ვაღიაროთ. სანდრო არ აპირებს შეჩერებას და მიღწეულით დაკმაყოფილებას. სახელოვნებო პარნასზე მეტად წინსვლას აპირებს და მოკლე ხანში კიდევ ერთი წარმატებით გვასახელებს.

- ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა უკრაინის ბავშვთა "ვოისის" გამარჯვება იყო 2019 წელს. ჩემი პირველი სიმღერა გახლდათ "ლალე", რომელიც
ჩემი სოფლის სამუსიკო გუნდთან ერთად შევასრულე. მაშინ ყველაზე პატარა წევრი ვიყავი იმ გუნდის, რომელთა შორის შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემი და იყო გუნდის წევრი და 3 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა საყურებლად წამიყვანა, მაგრამ იმდენად კარგად ავყევი გუნდში ბავშვებს, რომ მასწავლებელმა სახლში აღარ გამიშვა. წინა რიგშიც დამაყენა. სოლო
ყოველთვის მე მხვდებოდა ხოლმე. მახსოვს, პირველად ფესტივალზე რომ გაგვიშვეს, გავიმარჯვეთ და მთელი დღე დიპლომს ხელს არ ვუშვებდი, ვიდრე არ მომატყუეს, რომ ბუა მოვა და წაიღებსო... ეს იმისთვის, რომ არ გამეფუჭებინა.

- საყვარელი სიმღერა...
- ყოველკვირა თუ არა, ყოველ თვეში მაინც მეცვლება საყვარელი სიმღერა. მე ვფიქრობ ჩემი იღბლიანი სიმღერა სელინ დიონის All By Myself არის, რადგან მან უდიდესი წარმატება მომიტანა ცხოვრებაში...

- გამორჩეული კომპოზიტორი...
- გამორჩეული კომპოზიტორი დღევანდელი ინდუსტრიიდან არის ალისია კეისი. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: "როდესაც სიმღერის წერას ვიწყებ, ენერგიები სხვა სამყაროში მაგდებს. ვერ ვიგებ, სად ვარ, მაგრამ სადაც უნდა ვიყო, იქიდან რა გამომივა, არის "ეს" და "ეს" არის ის, რასაც მე ვეძახი მაგიასა და ჯადოქრობას". მეც ვწერ სიმღერებს და ვიცი, ეს ყველაფერი რასთანაა დაკავშირებული.

- გამორჩეული შემსრულებელი...
- ბევრი მომწონს, მაგრამ გამოვარჩევ ბილი ეილიშს, ის ყოველთვის რაღაც ახალს აჩვენებს მაყურებელს და მის სიმღერებში დიდი სული დევს! ეს არის მომღერალი, რომელიც ისტორიას დარჩება.

- საყვარელი ჟანრი...
- ჩემი საყვარელი მუსიკის ჟანრი არის პოპი და სოული; ეს ორი ჟანრია ის, რომლის შესრულებისას ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს.

- პირველი წარმატება, რომელმაც განსაზღვრა შენი ცხოვრების მიზანი.
- ეს იყო ბულგარეთში ფესტივალზე, როდესაც პირველად ავიღე გრან-პრი კონკურსზე. ამ კონკურსში ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსის ორგანიზატორმა გრიგოლ ჟღენტმა ჩემში დაინახა დიდი მომავალი და აი, სწორად ის იყო ადამიანი, რომელმაც გზა გამიკვალა "ვოისამდე" და ბოლომდე ჩემ გვერდით იდგა.

- შემოქმედებითი ბიოგრაფიის ყველაზე წარმატებული მომენტი ამერიკამდე, რომელმაც საზოგადოებრივი აღიარება მოგიტანა...
- ისევ და ისევ უკრაინის საბავშვო "ვოისში" გამარჯვება, რაც მანამდე ვერც წარმომედგინა! იცით, რატომ? იმიტომ, რომ ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ და უკან მწევდნენ. ყველგან "მბლოკავდნენ", რადგან მე არ მყავს დიდი კომპანიების მეპატრონე მამიკო ან დედიკო. ზუსტად იმიტომ, რომ უბრალო და პატიოსანი ოჯახიდან მოვდივარ, ეს მწევდა უკან ქართულ სატელევიზიო პროექტებში. ჩემთვის საქართველოში მიუღწეველი იყო ის წარმატებები, რასაც მივაღწიე სხვაგან. სამშობლოში "დაბლოკვის" შემდეგ მე დამასახელეს ტოპათეულის საუკეთესო ვაჟ მომღერლებს შორის პირველ ადგილზე. ბევრი სხვა ასეთი ჯილდოც იყო მერე... არასოდეს შემშინებია, არასოდეს დამიყრია ფარ-ხმალი. მინდა, არც სხვებს გაუტყდეთ გული. საქართველოში ათასობით უნიჭიერესი მომღერალი კონკურსიდან კონკურსებზე მიდის, მიუხედავად იმისა, რომ "ბლოკავენ". სხვა გზა არ არის, მეგობრებო, უნდა გავძლიერდეთ და ერთად შევქმნათ საქართველოს დღევანდელი კულტურა!

- ამერიკული ცხოვრების პერიპეტიები...
- ამერიკული ცხოვრება არც ისე ადვილი და სახალისო აღმოჩნდა, როგორც მეგონა. ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდ სირთულეებსა და მორალურ ტკივილს გავუძელი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ დავნებებულიყავი. ყოველთვის ვშრომობ, რათა მივაღწიო მიზანს.

- ახლო მომავლის გეგმები...
- სამომავლო გეგმებზე საუბარი არ შემიძლია გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ გეტყვით იმას, რომ დიდი ამბები გველოდება...

- სად აპირებ შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთის გატარებას?
- ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთის გატარება მინდა ამერიკაში - ეს ის ქვეყანაა, რომელიც დამეხმარება მიზნების მიღწევაში, რა თქმა უნდა, ამას თუ დავიმსახურებ.

- სამშობლო შენს ცხოვრებაში...
- ჩემი სამშობლო არც აზიაშია, არც ევროპაში, არც კავკასიაში! ის ჩემს გულშია და იცოცხლებს ყოველთვის. სადაც უნდა წავიდე, ჩემ გვერდით იქნება. მადლიერი ვარ უფლის, რომ საქართველოში დავიბადე და ქართული გული მაქვს, ესაა მთავარი.

- ჰობი...
- ჩემი ჰობია მსახიობობა, რეჟისურა. ძალიან მინდა მომღერლობასთან ერთად, რეჟისორი და მსახიობიც გავხდე. მსურს ჩემი ჰობი პროფესიად ვაქციო.

- რას ეტყვი ამერიკიდან სამშობლოს, შენს ხალხს?
- ძლიერად უნდა იდგეს ჩემი სამშობლო. საქართველოს ჰქონია უარესი გაჭირვებისა და დამარცხების მომენტები, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ; ქართველები, რომლებიც ყველაზე პატარა ჯარით უდიდეს გამარჯვებას ვაღწევდით. მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივი ვცეთ, ეს გადაგვარჩენს...

როლანდ ხოჯანაშვილი
ჟურნალი "გზა"

ირინა გუჯეჯიანი
07 აპრილი 2021 08:30
უმაგრესი და უკარგესი ხარ, წარმატებები.
ლიკა
31 მარტი 2021 14:46
წარმატებები.შეგიძლია ნებისმიერ ქვეყანაში იცხოვრო,ოღონდ ქართველობას ქართულობას ნუ მოუშლი.იხარეეეეეეეე...........რა დაგისავათ ,ბავშვია და ამ ასაკში ამხელა წინსვლას თვისით მიაღწია,გზა დაულოცეთ რააააააააააააააააა.
გიორგი.
31 მარტი 2021 07:53
რა გამართულად და გულითა წერს, ბევრი, ჩვენი, პოლიტიკოსებივით მსჯელობს

რუბრიკის სხვა სიახლეები