"შვილს მამა არასდროს უნახავს" - კვირის პალიტრა

"შვილს მამა არასდროს უნახავს"

საქართველოში სხვადასხვა საპყრობილეში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი მოხვდა, აქედან 20 ათასი დახვრიტეს. თუმცა, გულაგებში გარდაცვლილთა და დახვრეტილთა ზუსტი მონაცემები მაინც დაუდგენელია. ისევე, როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, საქართველოშიც ეს კოშმარი 1936 წლიდან დაიწყო. რეპრესიებმა ყველაზე მძაფრი ფორმა ერთ წელიწადში მიიღო. მიხეილ ასლამაზაშვილი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც 1937 წელს შეეხო საბჭოთა რეპრესიები. მისი შვილთაშვილი, იურისტი გიორგი გულუა საკუთარი ოჯახის ამბავს გვიყვება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემი დიდი ბაბუა მიხეილ კუნელაშვილი გახლდათ, შემდეგში ასლამაზაშვილი. გვარის გადაკეთების მიზეზი საკმაოდ პრიმიტიული ყოფილა: ბაზარში ყოფნის დროს, ერთ-ერთ კაცს, გვარად ასლამაზაშვილს გამოლაპარაკებია. როგორც ჩანს, მისი გვარის ჟღერადობა მოეწონა და თავადაც ასლამაზაშვილი გახდა..."

"როგორც ჩანს, ადრე დაოჯახდა, ვინაიდან 1931-ში პირველი შვილი მალხაზი შეეძინა და ამ დროს ის 25 წლის იყო. მისი მეუღლე ანა კობახიძე მეორე ბავშვზე გახლდათ ორსულად, როცა მიხეილი დააპატიმრეს. პაპიდაჩემი ლიანა რომ დაიბადა, მამამისი უკვე გადასახლებაში იყო და მშობელი არასდროს უნახავს..."

"მიხეილ ასლამაზაშვილის ბიძაშვილი ქმარმა მიატოვა. ის კაცი მეორე ცოლის მოყვანას გეგმავდა თურმე. მიხეილს ცეცხლსასროლი იარაღი დაჰქონდა, მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. როგორც ირკვევა, ბიძაშვილის ქმარს დაემუქრა და მოსთხოვა, ოჯახს დაბრუნებოდა. არც ჰაერში უსვრია და მით უმეტეს, არც ბიძაშვილის ქმრისთვის, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, სწორედ მან დაასმინა მიხეილი "სახკომში". თუმცა, დაკავების მიზეზი არა ოჯახური ამბავი, არამედ სულ სხვა რამ გახდა. კოლმეურნეობის კამეჩები დაიხოცა, გვარჯილა თუ თაგვის წამალი ჭამეს და მოიწამლნენ. თითქოს ეს ყველაფერი გამიზნულად მოხდა, ანუ კოლმეურნეობის თავმჯდომარემ პირუტყვი სპეციალურად დახოცა და ამის გამო ის "ხალხის მტერი" გახდა..."

"ციმბირში 1941 წლამდე იცოცხლა. ოჯახს წერილებს სწერდა. დიდი ქონება არ ჰქონიათ, ამიტომ ცოლს ურჩევდა, ჩვენს სახლს კრამიტი გადახადეთ, გაყიდეთ და იმ ფულით მალხაზს განათლება მიეცითო. ბაბუას გული სწყდებოდა, რომ დედამისს მამამისის წერილები არ შეუნახავს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს შიშის გამო მოხდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 1-ლი აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე