ოქროს თევზის ძიებაში... - კვირის პალიტრა

ოქროს თევზის ძიებაში...

"ხატვამ გადამარჩინა!"

70 წლის უკვე გახდა. ის დროც გამოიარა, როცა ყველას მისი სახელი ეკერა პირზე, ყველას სჭირდებოდა... მზეს ყოველთვის შეჰხაროდა, მაშინაც, როცა თანამდებობა ჰქონდა და ახლაც, როცა არსად მუშაობს, მხოლოდ შინ, სახელოსნოდ ქცეულ ოთახში ხატავს...

- არაპოპულარობას ის ხიბლი აქვს, რომ შეგიძლია დიოგენესავით კასრში იჯდე და კეისარს უთხრა, - ჩაიწიე რა, მზეს მიჩრდილავო, - მეუბნება თემო გოცაძე.

- ფიქრობთ, რომ პოპულარული არ ხართ?

- არა!

- რას გულისხმობთ? თქვენ ხომ მშვენიერ ტილოებს ქმნით...

- მერე რა, ვინ ყიდულობს? საზოგადოებამ დაკარგა ინტერესი ყოველგვარი შემოქმედების მიმართ. რა ხდება უმაღლესში ჩაბარებისას? აბარებენ მარკეტინგზე, ეკონომიკაზე...

და მაინც, თემო გოცაძემ ამ გავაჭრებულ ქვეყანაშიც თავისი ოაზისი გადაარჩინა, სადაც ფიქრობს, ქმნის... წარსულზეც თავისუფლად ლაპარაკობს, იქ არაფერია ისეთი, რისთვისაც თვალის გასწორება არ შეუძლია...

KvirisPalitra.Geჩემი გარიჟრაჟი

ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი. მამა ომში იბრძოდა, დედა მსახურობდა - თბილისის ჯანმრთელობის განყოფილების უფროსი იყო. ბებია - იუსტინა მიქაძე და ბაბუა - კონსტანტინე გეგია ვაკეში ცხოვრობდნენ, ბარნოვის ქუჩაზე. ის მიწა დედაჩემს მისცეს. ბაბუამ დაიწყო სახლის მშენებლობა. უნდოდა, სამივე შვილს ერთად ეცხოვრა, შვილიშვილებიც ერთად გაზრდილიყვნენ. ეს ოცნება აიხდინა კიდეც. მახსოვს ბებია, უკვე ლოგინად ჩავარდნილი... ყველანი მის საწოლთან ვიყრიდით ხოლმე თავს. ბიძაჩემს საოცარი იუმორი ჰქონდა.

შემოგვხედავდა ბებიას გარშემო შეკრებილებს და იტყოდა, - მარქსმა თქვა, პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდითო, ის კი არ უთქვამს, იუს ლოგინთან შექუჩდითო. ერთხელ, ბებია აგონიაში ჩავარდა. პირველიდან მეორე სართულზე უნდა აგვეყვანა. მე ღონიერი ვიყავი, მოვკიდე ხელი. არასოდეს დამავიწყდება, როგორი მსუბუქი, უმჩატესი იყო! ჩემი ულამაზესი, სიცოცხლით სავსე ბებია უცებ დამიჩიავდა... ძალიან მეტკინა გული... თუ ვინმეს ვამწარებდი - ბებია იყო, თუ ვინმე მიყვარდა - ბებია იყო.

ბაბუა ბებიაზე ადრე გარდაიცვალა, ქათმის სიბრმავე სჭირდა. რომ დაბინდდებოდა, ვერაფერს ხედავდა. სახლი დაუმთავრებელი იყო, მოაჯირი ჯერ არ ჰქონდა, ეტყობა, ბაბუა გამოვიდა და სარდაფის ჩასასვლელში ჩავარდა...

მამაჩემის მშობლებს ერთი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი ჰყავდათ. დიდი ვენახები ჰქონდათ ცხრაწყაროში. ჭირდა მისი მოვლა. ბაბუა მემკვიდრე ვაჟებზე ოცნებობდა. ძალიან უნდოდა, ერთი ვაჟი ექიმი გამოსულიყო, მეორისთვის კი ვენახი დაეტოვებინა... მამას რომ პირველი ვაჟი გაუჩნდა, უთქვამს, პირველი მეც ბიჭი მყავდა, საქმე ისაა, მეორე ბიჭი თუ გაგიჩნდებაო. მე რომ დავბადებულვარ, გაგიჟებულა სიხარულით. მოუხდია ქვევრი და ყველა ამვლელ-ჩამვლელისთვის შვილიშვილის სადღეგრძელო დაულევინებია...

მშობლებს ხშირად უხდებოდათ ჩემი შინ მარტო დატოვება. მამა დავალებას მაძლევდა, რვეულში დამიხატავდა ძროხას, ცხენს და მიბარებდა, - გადახატეო. როგორც კი შემეცნება გამიჩნდა, მხატვრობის გარდა არაფერი მინდოდა...

KvirisPalitra.Geჩემი დილა

უსამართლობას ვერ ვიტანდი. ამის გამო ხშირად ვჩხუბობდი... ენა მებმოდა. ერთხელ გამიძახა მასწავლებელმა, - გაკვეთილი მოჰყევიო. დამება ენა. გამომაჯავრა, - რა დდდ-ო... გავგიჟდი, დავეჯახე თავით, გავატანინე კარი დერეფანში და პირდაპირ დირექტორის ფეხებთან დაეცა... იმ სკოლიდან გადასვლა მომიხდა. ენა შიშის გამო მებმოდა - ორჯერ დავიკარგე ბავშვობაში. ერთხელ მამას ვყავდი დოღზე... დავიკარგე. სანამ მიპოვეს, ჩემი დამემართა. მეორედ ჩემმა ძმამ წამიყვანა საახალწლო ნაძვის ხეზე. დარბაზში ერთი კარით შეგვიყვანეს და მეორიდან გამოგვიშვეს. ჩემი ძმა მთავარ შესასვლელთან მელოდა. ვიდექი, ვიდექი და რომ აღარ გამოჩნდა, გავწიე ფეხით შინ. მივედი - ალიაქოთი დამხვდა! ისევ მე მომხვდა... აბა, ჩემი რა ბრალი იყო?

კითხვა მიყვარდა, ღამით, საბნის ქვეშ ვკითხულობდი, დავდიოდი ოპერაში... მუსიკალურ სკოლაში 7 წელი ჯანჯალ-ჯანჯალ ვსწავლობდი. მოაწევდა გამოცდების პერიოდი. მამაჩემის შიშით დავჯდებოდი, ერთი კვირა ვმეცადინეობდი და წვალებით, ტირილითა და ბოღმით გავდიოდი გამოცდაზე... იქ კარგად ვუკრავდი. შვიდწლედის დამამთავრებელ გამოცდაზე რომ დავუკარი, დირექტორმა უგამოცდოდ ჩამრიცხა ტექნიკუმში. მე კი ხატვის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო და ცხადია, არ წავედი მუსიკალური განხრით.

მუსიკას რას მოუსმენდი თავისუფლად! ამიტომ ვიყავით რადიოზე ყურმიდებულები. ღამის 12 საათზე გადმოსცემდა ამერიკის ხმა ჯაზს. მართალია, ახშობდნენ, მაგრამ იყო ადგილები, სადაც დაჭერა შეიძლებოდა... ვგიჟდებოდი ბრუბეკსა და მის ტრიოზე, პიტერსონზე, გარნერზე...

როგორ გამოვიყურებოდი? მქონდა "ჩოლკა", მეცვა წითელი ჯემპრი, მწვანე ვიწრო შარვალი და სქელლანჩიანი თუთუნისფერი ჩინური ბათინკები. მომწონდა კონტრასტული ფერები... ხშირად მეც და ჩემი მეგობრებიც ვიღაცებს ვაღიზიანებდით სწორედ ამ გამორჩეული გარეგნობით. მომხდარა ისეც, რომ გვიჩხუბია და მერე დავმეგობრებულვართ მოქიშპეები... ვინმესთან ოჯახში რომ მივიდოდით, ერთი შეხედვით ხულიგნები ვეგონეთ, მაგრამ მერე რომ წავიდოდა ლექსები და სადღეგრძელოები, რომ ვიცეკვებდით ლეკურს, ხვდებოდნენ, რომ სულაც არ ვიყავით ხულიგნები. უბანში ყველაფერი ხდებოდა - მცემდნენ, ვცემდი...

არ მომიპარავს, ნარკოტიკებიც არასოდეს მიხმარია. მოჩხუბარი ბიჭი ვიყავი, რომელიც ვერ იტანდა შეურაცხყოფას. ყოველთვის მზად ვიყავი პასუხის გასაცემად. ეს ხდებოდა, საღამოს 6 საათიდან 12 საათამდე. მერე მივდიოდი შინ, რომ მეორე დილით აკადემიაში გამოვცხადებულიყავი. ეს ანეიტრალებდა ყველაფერს. ხატვამ გადამარჩინა!

აკადემიაში ჩარიცხვა ძალიან რთული იყო - ცხრა გამოცდა ჩავაბარე. საგამოცდო ნახატისათვის ჩარჩო გამიკეთა სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელმა ვახტანგ მარსაგიშვილმა. თვითონაც ხატავდა. "შევარდენის" წევრი იყო და კარგი სპორტსმენიც გახლდათ. გამოცდაზე გარეთ მელოდებოდა, მშობლები კი არ მელოდებოდნენ, მარტო ის.

ძალიან ურჩი ვიყავი, ხშირად ვვარდებოდი ფათერაკში. აკადემიის რექტორი აპოლონ ქუთათელაძე მიცავდა, - დაანებეთ ამ ბიჭს თავი, ჩემი ბავშვობა მახსენდებაო. დიპლომის დაცვა  კურიოზული იყო.  ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო "ჰიროსიმა" - მიყვარდა რეალიზმიდან გადახვეული კომპოზიციები. ჩვენს დროს დიპლომს იბარებდა მოსკოვიდან ჩამოსული პროფესორი, რომელიც ამოწმებდა, არაფერი გაპარულიყო, ყველაფერი სოცრეალიზმის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. ჩემი "ჰიროსიმა" რომ ნახა კომისიამ, ამის დაშვება არ შეიძლებაო. ვიცოდი, შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, ამიტომ პორტრეტიც მქონდა გაკეთებული, ერქვა "ქალი სახელოსნოში". ეთერ ეგაძის პორტრეტი იყო, მერე ეს ქალბატონი ჩემი მეუღლე გახდა...

ჩემი შუადღე

ჩემი პირველი სურათი იყო "ლურჯა ცხენები", რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს გალაკტიონის "ლურჯა ცხენებთან". ჩემი ცხენები არის ზღვრის დანგრევის მცდელობა და გალაკტიონის ლურჯა ცხენებს ზღვარი დანგრეულიც აქვთ და კოსმოსში გაჭრილნიც არიან. ჩემთან პროტოპლაზმაა გარეთ, რომელსაც ნებისმიერ ფორმას მიაღებინებს ლურჯა ცხენები, მაგრამ ვერ ანგრევს... წრიულ ბრუნვაში რჩებიან. მხატვრობა ახლოსაა ფილოსოფიასთან...

არაჩვეულებრივი შეხვედრები იმართებოდა ჭაბუა ამირეჯიბის სახლში. გვიკითხავდა "დათა თუთაშხიას" წინა ღამით დაწერილ თავებს. ყაჩაღებიდან და ყოჩაღებიდან დაწყებული გენიოსებით დამთავრებული, ყველაფერზე ვსაუბრობდით. რასაც "დათა თუთაშხიაში" ვკითხულობთ, მოსმენილი მაქვს რეალურ ადამიანებზე.

1965 წელს ტელე-რადიოკორპორაციის დირექტორმა კარლო გარდაფხაძემM ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად მიმიღო. 1968 წლიდან გავხდი ტელევიზიის მთავარი მხატვარი... სწორედ იქ გავიცანი მარინა ჯანაშია, რომელიც ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდა.

ჟიული შარტავა იყო კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი. ჩემი "ლურჯა ცხენები" წარადგინეს კომკავშირის პრემიაზე. ეს პრემია "ლურჯა ცხენებმა" მიიღო. ამით დაიწყო ის ხანგრძლივი ომი, რაც გადავიტანე. აკადემიის მაშინდელმა რექტორმა გოგი თოთიბაძემ გააკეთა ოფიციალური განცხადება, - არ შეიძლება სახელმწიფო პრემია მიენიჭოს ბურჟუაზიული ხელოვნების ნიმუშსო. ჟიული შარტავამ საკადრისად უპასუხა. აღშფოთებულმა თოთიბაძემ დიდი წერილი დაწერა და მოსკოვში გაგზავნა. წერილში მოხსენებული ვიყავი, როგორც ბურჟუაზიული ხელოვნების აპოლოგეტი.

მიჩიოდნენ, - სწორი არ არის, რომ მის გამოფენას და წიგნს, სადაც ის არის მოხსენიებული, როგორც პრემიის ლაურეატი, საშუალება ეძლევა ჰყავდეს მნახველი და მკითხველიო. ამ საკითხით დაინტერესდა ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილება. გამოფენა გააჩერეს, წიგნი დააპატიმრეს. 1976 წელია. ერთ დღეს ცეკას პროპაგანდის განყოფილების გამგემ, ნუგზარ ფოფხაძემ დამიძახა. გადმოიღო რეზოლუცია და წამიკითხა. გასწორებული ვარ მიწასთან. 1937 წელი რომ ყოფილიყო, ალბათ დამხვრეტდნენ.

მივედი ტელევიზიაში გულდამძიმებული, კომიტეტის თავმჯდომარე იყო გურამ ენუქიძე. დამინახა - რა გჭირსო. მოვუყევი. აიღე ფურცელი და დაწერეო. დამაწერინა ყველაფერი. დალუქა კონვერტი, დაურეკა ედუარდ შევარდნაძის თანაშემწეს და უთხრა, - ეს წერილი ედუარდს დახვდეს მაგიდაზეო. წიგნიც გაათავისუფლეს და გამოფენაც გავმართე... ერთადერთი მხატვარი ვარ, ვის მიმართაც რეჟიმმა ოფიციალური დოკუმენტი დატოვა - მიუღებელიაო.

ჩემი საღამო

მხატვრის სახლის დირექტორად ვმუშაობდი... ეროვნული მოძრაობა როცა დაიწყო, ჩემს კაბინეტში წყდებოდა ბევრი რამ... 8 აპრილს, ღამის სამ საათზე დარეკეს - ან იშლებით, ან ოპერაცია იწყებაო. ჩემთან ისხდნენ ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, რეზო ჩხეიძე, გიგა ლორთქიფანიძე, მერაბ ბერძენიშვილი... 9 აპრილის ღამეს მე და გოგი გუნია დავრჩით მარტო შენობაში. დარბევა რომ დაიწყო, კარი გავაღეთ. ისტერიკაში ჩავარდნილი ხალხი მოაწყდა დარბაზს. ჩვენ მესამე სართულზე ვიდექით. გამოჩნდნენ სპეცრაზმელები. არაადამიანურად ვიღრიალე. არ ვიცი, რატომ გაბრუნდნენ, სამაგიეროდ, თაბაშირის ქანდაკებებს დაუსვეს გალესილი ბარები...

როცა 90-იან წლებში ისევ დაიწყო რუსთაველზე საპროტესტო აქციები, ისევ ეპიცენტრში ვიყავით... 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. ...დაიწყო სროლა. ბევრი რამ გავიტანეთ გალერეიდან, რამდენიმე სურათი დაზიანდა. ნამუშევრები ძირითადად მაშინ დაიღუპა, როცა შენობა დაიწვა. მხატვრის სახლი იყო შესანიშნავი პლაცდარმი მთავრობის სასახლის ასაღებად, ამიტომ გადაწვეს პრეზიდენტის მომხრეებმა და არა მხატვრებმა! შემოცვივდნენ გალერეაში კამუფლიაჟებით... ბიჭებო, მიხედეთ, ნუ გააფუჭებთ-მეთქი, - ვთხოვე. არ გავაფუჭებთო... დაუშვეს მერე და დაადუღეს ყველაფერი. მახსენდება შავი რუსთაველი, ეს კოშმარია. იმ დროს მთელი ფონდები გალერეაში იყო. კიტოვანმა ჯარისკაცები დაგვახმარა და ყველაფერი დიდუბეში, გამოფენაზე გადაგვაზიდვინა... იქაც დაცვა არ იყო რამდენჯერმე გაიტეხა... დავრჩით ასე პირმშრალნი... ახლა ოქროს თევზის ძებნაში ვართ და არ ჩანს ეს ოქროს თევზი არსად... მიმწუხრიც ეს არის...

P.S. უცებ სულ სხვა თვალით შევხედე მხატვარს, მისთვის ბევრი რამ შეიძლება სულერთი იყოს, ოღონდ მზეს ვერავინ წაართმევს... მართალია, თემო გოცაძე კასრში არ ზის, მაგრამ თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ კეისარს უთხრას, - ჩაიწიე, მზეს ნუ მიჩრდილავო. იქნებ ყველაზე დიდი ბედნიერება ეს იყოს...