"გავიგე, რომ ჩემს ირგვლივ ყველამ ყველაფერი იცოდა და ხმას არავინ იღებდა. ეს ამბავი დაივიწყეს..." - კვირის პალიტრა

"გავიგე, რომ ჩემს ირგვლივ ყველამ ყველაფერი იცოდა და ხმას არავინ იღებდა. ეს ამბავი დაივიწყეს..."

"ჩვენი შეხვედრა იმდენად ემოციური იყო, რომ ორივე ვტიროდით. რუსლანი შოკში იყო, არ სჯეროდა, რომ გვიპოვა"

სოციალურ ქსელში ჯგუფი "ვეძებ" არსებობს, სადაც დაკარგული ადამიანები ძმებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს ეძებენ. ნინო ბაძგარაძე თავის ამბავს ჯგუფის წევრებს უყვებოდა, ის ნახევარ ძმას ეძებდა, ბევრი რამ არ იცოდა, ხალხის იმედი ჰქონდა, სჯეროდა რომ ძმას აუცილებლად იპოვნიდა. პოსტის დადებიდან ორ კვირაში, ჯგუფის წევრების დახმარებით, რუსეთში ბიჭს მიაგნეს, ინფორმაცია დაემთხვა და ნინომ წლების უნახავი ძმა იპოვა. ამ ამბის მოსასმენად კი მას იტალიაში დავუკავშირდით:

- საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან ვარ, თუმცა ამჟამად იტალიაში ვცხოვრობ. სულ რამდენიმე დღეა, ძმა ვიპოვე, ახლაც ემოციებში ვარ და პირველად ვყვები ამბავს, რომელიც 1975 წელს დაიწყო.

მე-12 კლასში ვიყავი, როდესაც ბიცოლაჩემი გვესტუმრა, საუბარში მითხრა ნინო შენ ძმა გყავს და მის დედას სურს, რომ ის მოძებნოო. დავიბენი. პატარა ვიყავი და ამ ამბავს ნამდვილად არ ველოდი. შინ ეს აზრი გამოვთქვი. დედამ მითხრა, დაანებე მაგ საკითხს თავიო, მივხვდი არ ესიამოვნა. ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო, ცუდ დროში ვცხოვრობდით, გაშვილებული ბავშვების რცხვენოდათ და მათ შესახებ ყველაფერს მალავდნენ.

მეც გავჩერდი და ოჯახში ეს ამბავი წლების განმავლობაში მივივიწყეთ. სულ ვფიქრობდი, სად იყო და რას აკეთებდა ჩემი ძმა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, ხელთ არაფერი მქონდა, მისი სახელიც კი არ ვიცოდი. მამაჩემი 18 წლის იყო, როდესაც სოფელ საირხედან პირველი ცოლი - ეთერი შეირთო. ეთერი 16 წლის იყო და ოთხი თვის ორსულმა მამა დატოვა და წავიდა. მამამ ერთ წელში ახალი ოჯახი შექმნა და დედაჩემი მოიყვანა ცოლად. როგორც მოგვიანებით გავიგე, მამამ იცოდა ეთერის ორსულობაზე და ისიც გაიგო, რომ ქალმა ბავშვი გააშვილა -  1975 წელს გოგონამ იმშობიარა. მშობიარობიდან მეორე დღეს ეთერის დედის ძმამ და ცოლმა, ბიძამ და ბიცოლამ თოთო ბავშვი წამოიყვანეს და უთხრეს, რომ ბიჭს ისინი გაზრდიდნენ და როდესაც ბიჭი 16 წლის გახდებოდა, მას სიმართლეს ეტყოდნენ, მანამდე კი ეთერის თავს მამიდად გააცნობდნენ. ეს შეთანხმება შედგა, თუმცა იმ საუბარში მამა არსად მოიაზრებოდა, ჩემი ძმისთვის ბიოლოგიური მამის გაცნობას არ აპირებდნენ.

გოგონას ბიძა და ბიცოლა ასაკში იყვნენ, ბავშვი არ უჩნდებოდათ და ჩემი ნახევარი ძმა, რუსლანი თავის შვილად გაზარდეს. ეთერის ბიცოლა რუსი იყო და მალევე ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, რუსლანიც თან წაიყვანეს და პერიოდულად საქართველოს სტუმრობდნენ ხოლმე. როდესაც რუსლანი საქართველოში იყო, ეთერი მას ნახულობდა, ტკბილეულობას ჩუქნიდა და ცდილობდა, მის გვერდით ყოფილიყო, თუმცა ბიჭი წამოიზარდა და როდესაც შეკითხვების დასმა დაიწყო, ბიცოლამ და ბიძამ საქართველოში ჩამოსვლა შეწყვიტეს. მალევე ტელეფონის ნომერი გამოცვალეს და ეთერიმ მათი კვალი დაკარგა.

მაშინ რთული პერიოდი იყო, ამხელა ქვეყანაში ერთ ადამიანს მარტივად ვერ იპოვიდი. ჩემს ძმას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ბოლოს, ბიოლოგიური დედისგან წერილი 20 წლის წინ მიიღო და მას შემდეგ მასზე არაფერი იცოდა. ის გაიგო, რომ ნაშვილები იყო, მოგვიანებით ისიც უთხრეს, რომ საქართველოდან იშვილეს და მასზე დედამ უარი თქვა. ნინო ბაძგარაძე მამასთან ერთად

როდესაც რუსლანი 20 წლის გახდა, დაბადების დღეზე წერილი მიიღო, წერილში პატარა ფოტოსურათი იდო, ასევე ეწერა, რომ ის დედას არ სჭირდებოდა და ამიტომ გააშვილა. ვფიქრობ, ეს წერილი გამზრდელმა მშობლებმა დაწერეს და რუსლანს გაუგზავნეს იმისთვის, რომ ჩემს ძმას ზედმეტი ფიქრები და შეკითხვები აღარ ჰქონოდა.

- თქვენ როგორ მიაგენით ამხელა რუსეთში რუსლანს?

- ბიცოლაჩემი და რუსლანის ბიოლოგიური დედა, ეთერი კლასელები იყვნენ, ის უყვებოდა ბიცოლას თავის შვილზე, როგორ წაიყვანეს და ვეღარ პოულობდა. ერთ დღეს ბიცოლამ ჩემი ძმის სურათი მოგვიტანა. ეს სურათი მამას და ბიძას ვანახე, ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ, რუსლანი ბიძაჩემის ასლია.

ფოტოსურათის გარდა არაფერი ხელჩასაჭიდი არ მქონდა, არ ვიცოდი, რომელ ქვეყანაში იყო, მამა არაფერს ამბობდა, ყველა დუმდა. შემდეგ ჯგუფის შესახებ გავიგე და ბიცოლას ყველა დეტალი მოვაყოლე. ჯგუფში პოსტი დავწერე და ჩემი ძმის ძებნა დავიწყე.

2 კვირაში ანა გრძელიშვილის დახმარებით რუსეთში ბიჭი ვიპოვეთ, რომელიც რუსლანი აღმოჩნდა. მე რუსული არ ვიცი, მან ქართული, საერთო ჯგუფი შექმნეს და მესამე პირის დახმარებით ერთმანეთი გაგვაცნეს. ჩვენი შეხვედრა იმდენად ემოციური იყო, რომ ორივე ვტიროდით. რუსლანი შოკში იყო, არ სჯეროდა, რომ გვიპოვა.

როგორც საუბრიდან გავიგე, მის გამზრდელ მშობლებს მოგვიანებით შვილიც ეყოლათ.

- რა რეაქცია ჰქონდა მამას, როდესაც ეს ამბავი ახარეთ?

- მამა ძალიან ხათრიანი, ალალი და კეთილი ადამიანია, გულის სიღრმეში ნანობს თავის საქციელს და შვილის მოკითხვა რომ ნდომოდა, ამ ხათრის გამო ვერ მოიკითხავდა, რცხვენოდა, რომ ის მის გარეშე იზრდებოდა.

მამას ტელეფონზე დავურეკე და ფოტოები ვანახე, ვუთხარი, ნახე, როგორ გგავს, იცანი-მეთქი? და, - კი, ვიცანიო. მერე დედამ მითხრა, სახლში არ შემოდის, ასე იძახის გარეთ საქმე მაქვსო. მამა ნანობს და ამ სინანულს ხმამაღლა არ გამოხატავს, ვიცი, სადაც მოფარებულ ადგილს ნახავს, იტირებს, ისე, რომ არავის დაანახოს თავისი სისუსტე. ნინო ბაძგარაძე ბიოლოგიურ ძმასთან ერთად

- ის დღე გაიხსენეთ, როდესაც რუსლანი გამოჩნდა...

- დილით ანამ დამირეკა, მივხვდი რაღაც კარგი ხდებოდა. ჩემი საქმეები მალევე მოვაგვარე და საერთო ჩათში რუსლანი გავიცანი, ბევრი ვერ ვისაუბრეთ, პირველი შეხვედრა ემოციურად მძიმე იყო. ცოტა ინფორმაცია გამოვკითხე და ჩემზეც ვუთხარი ერთი-ორი რამ.

როგორც გავიგე, ეთერი მას შემდეგ გათხოვდა და ორი შვილი ჰყავს. ბიოლოგიურ დედას ჯერ რუსლანი არ უნახავს, ისიც არ იცის, რომ ვიპოვე. მე უნდა დავუკავშირდე ეთერს და ყველაფერი ვუთხრა.

- ბავშვი საქართველოში ჩამოჰყავდათ, დედას შანსი ჰქონდა ის წამოეყვანა, რატომ არ მოიქცა ასე?

- ძველი დრო იყო, სიტუაცია სხვანაირად განვითარდა, რთულ პერიოდში ვცხოვრობდით და, ალბათ, ისე ვერ მოიქცა, როგორც უნდოდა. შეიძლება სურვილი ჰქონდა ბავშვის წამოყვანის, მაგრამ რცხვენოდა ან ეშინოდა. არ ვიცი, მის გულში რა ხდებოდა.

- ამდენი წელი ძმის დანაკარგს განიცდიდით?

- ყოველთვის მინდოდა მეპოვნა, მაგრამ მის შესახებ არაფერი ვიცოდი. როდესაც ბიცოლას დეტალურად მოვაყოლე ეთერის ამბები და რუსლანიც ვიპოვე, გავიგე რომ ჩემს ირგვლივ ყველამ ყველაფერი იცოდა და ხმას არავინ იღებდა. ეს ამბავი დაივიწყეს.

- თქვენ ოჯახი გყავთ, მათ რა თქვეს?

- ჩემმა მეუღლემ ისე განიცადა ჩემი სიხარული, რომ ცახცახებდა, ცრემლიანი თვალებით მიყურებდა კამერიდან. ჩემს ძმას დაურეკა, ზაზას, რომელიც საქართველოშია, მოდი, აღვნიშნოთ ეს ამბავიო. სამი შვილი და შვილიშვილი მყავს, ყველა ბედნიერია ჩემი ბედნიერებით. ნინო ბაძგარაძის ნახევარძმა რუსლანი

- რას აპირებთ მომავალში, რუსლანი როდის უნდა გაიცნოთ?

- არ ვიცი, საქართველოში როდის დავბრუნდები, დაახლოებით, 4 წელი ემიგრაციაში უნდა ვიყო, თუმცა ჩემი ძმა საქართველოში აუცილებლად ჩავა, ჩემს შვილებსა და ოჯახს გაიცნობს. ვიცი, ისინი უჩემოდაც კარგად დახვდებიან.

ახლა ჩემი და რუსლანის შეხვედრაზე ვერ ვფიქრობ, ალბათ, ძალიან ემოციური იქნება. სულ ვიცოდი, ჩვენზე უარს არ იტყოდა. ისეთი ხასიათის და თვისებების ოჯახი ვართ, დარწმუნებული ვიყავი, მამაჩემის შვილი და-ძმას ზურგს არ შეაქცევდა.

ამ ამბავში არავის ვადანაშაულებ, ვერავის გავკიცხავ, მაგრამ მეც დედა ვარ და ეთერისიც მესმის, 16 წლის გოგოს შვილი წაართვეს. დედა შვილს ასე არ უნდა მოექცეს. მეეჭვება, ეთერს თვითონ ბავშვის გაშვილება ნდომოდა, დარწმუნებული ვარ ისე მოიქცა, როგორც დედამ უთხრა.

ჩემი ამბის შემდეგ, ყველას ვურჩევ სცადონ, ეძებონ და იმედი არასდროს დაკარგონ. იბრძოლონ და აუცილებლად იპოვიან მას, ვისაც ეძებენ.

(სპეციალურად საიტისთვის)