"ახლა ძვირად ღირებული აღვირახსნილობაა მოდური" - კვირის პალიტრა

"ახლა ძვირად ღირებული აღვირახსნილობაა მოდური"

"ვაცხადებ, თუკი პრობლემა შემექმნება, პრესაში აუცილებლად გამოქვეყნდება იმ რეალური პირების გვარ-სახელები, რომელთა ამბებიც ამ წიგნშია მოთხრობილი"

რა კავშირი აქვს ერთმანეთთან სექსსა და პოლიტიკას?! - ლალი მოროშკინამ ამ კითხვაზე პასუხიც იპოვა და მაღალჩინოსნების აღვირახსნილი პოლიტიკური თუ სექსუალური  ვნებანი წიგნადაც გამოსცა, თუმცა გაირკვა, რომ არა მხოლოდ მაღალჩინოსნები, ზოგიერთი ოპოზიციონერიც მოექცა მის თვალსაწიერში. "უსექსობა პატარა ქალაქში" წიგნის მაღაზიებში უკვე გამოჩნდა, ვწერ ისეთ თემებზე, რაზეც სხვა ვერ ბედავს", - აცხადებს სკანდალური წიგნის ავტორი.

- ამ წიგნში არც ერთი სიტყვა არ არის ირეალური სამყაროდან. აქ მოთხრობილი ამბების შესაქმენლად მწერლის ფანტაზია არ დამჭირვებია. ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელობაა, ჩვენივე გმირებითა თუ ანტიგმირებით. ყველა პერსონაჟის უკან დგანან რეალური პირები, რომლებსაც წიგნში გვარ-სახელები შევუცვალე.

წიგნის მთავარი პერსონაჟი - სოფო ჩემი პროტოტიპია.

მე ვამბობ, რომ ეს წიგნი თავისი მნიშვნელობით  პოლიტიკურია! ერთ-ერთმა ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა ადამიანმა როდესაც ეს წიგნი წაიკითხა, მითხრა: "ძალიან გაგიჭირდება, იმიტომ, რომ  მთავრობასაც და ოპოზიციასაც  ეტაკები". "სამაგიეროდ, საქართველოს და ქართველი ხალხის მხარეს ვდგავარ!" - ვუპასუხე მე.

- იქნებ ავხსნათ, რატომ არის ეს წიგნი პოლიტიკური, ასეთი რა დაწერეთ ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ ოპოზიციაზე?

- აქ მოთხრობილია დაზუსტებული პირების დაზუსტებული დანაშაულები. წიგნში დადებითი პერსონაჟებიც არიან. მაგალითად, ერთ-ერთი ქვეთავი გენერალ გიორგი კორინთელზე მას შემდეგ დავწერე, რაც აფხაზეთის ომის ვეტერანები დაარბიეს და უთხრეს, აქ წმინდა ადგილია და თქვენ აშარდავთო! ამის შემხედვარეს სიმწრისაგან ლამის ტყავი გამძვრა და გავიფიქრე, ეს თუ არ დავწერე, მაშინ აღარ ვყოფილვარ ჟურნალისტი-მეთქი! გიორგი კორინთელში ყველა ამოიცნობს გმირული სულისკვეთების ადამიანს - გიორგი ყარყარაშვილს.

ამონარიდი წიგნიდან: "რანდევუს" რედაქციის შორიახლო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი იყო. ორმოცდაათამდე ომის ვეტერანი აპროტესტებდა საკუთარი თავისა და ოჯახების გაუსაძლის ყოფას. ბევრი მათგანი სხვადასხვა ჯგუფის ინვალიდი იყო, ზოგი ინვალიდის ეტლით, ზოგიც ყავარჯნით, ბავშვებით და მეუღლეებით სამართალს ეძებდნენ

- აქ ვიცხოვრებთ, ამ მემორიალთან. ჩვენი ძმების სისხლით პატარა ქვეყანაა მორწყული. რითი ვჯობივართ ჩვენ, "ვითომ ცოცხლები", მათ?

...სოფო ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულ ახალგაზრდა, სიმპათიურ, წვერიან მამაკაცს მიუახლოვდა. მისი სახე საოცრად ეცნობოდა... რამდენი ტკივილია აღბეჭდილი მის თითოეულ ნაკვთში, რამდენი რამის მოყოლა შეუძლია მის ჭაღარას.

"ეს ხომ გენერალი კორინთელია! ნამდვილად ასეა! თავიდან როგორ ვერ მივხვდი..." - სინანულით გაიფიქრა ჟურნალისტმა.

- ბატონო გიორგი, აქ რამ მოგიყვანათ?

- აბა, რა ვქნა? ვეღარც ჩემი ძმის საფლავს ვპატრონობ და ვეღარც ჩემი სხვა ძმებისას. აბა, რა გვიგავს ცოცხლებს? ვის რაში ვჭირდებით? ვერ ავყევით ამ ვარდისფერ ცხოვრებას, ალბათ, ძალიან ჩამოვრჩით... მაგრამ ამ პატარა ქვეყანას უარესიც უნახავს. ხმლით შემოსულ მტერს კი ადვილად ვუმკლავდებოდით, მაგრამ ჰოლივუდის ღიმილით მოსული მტერი უფრო ძნელად მოსარევი ყოფილა. არა უშავს, ჩემო კარგო, სანამ აქ ერთად თუნდაც ათი კაცი შევიკრიბებით, მანამდე არ გადაშენდება ეს პატარა ქვეყანა...

შავოსანთა რაზმში აგრესიული ჩოჩქოლი ატყდა...

- გაეთრიეთ აქედან, თქვე უსაქმურებო! - ყვიროდა ყველაზე ბეხლეწი.

- ეგღა გვაკლია, აქაურობას მიაშარდოთ და წაგვიბილწოთ, სადაც გინდათ, იქ წაეთრიეთ, თორემ ამოგალპობთ ციხეში, - და ბეხლეწმა ხელკეტი აღმართა.

მისი საბრძოლო იარაღი ძალიან ახლოს აღმოჩნდა გენერალთან.

- დამარტყი, რაღას უცდი? - წყნარად მიმართა მან მტარვალს. გენერლის თვალებში წარმოუდგენელი ძალა და ვაჟკაცობა იკითხებოდა - სოფომ პირველად დაინახა ასეთი თვალები...

ბეხლეწი შეკრთა. ასეთი თვალები მასაც არ უნახავს. ასეთ თვალებს არც კუნთები, არც ძალა და არც თუნდაც ჯანმრთელი ფეხები სჭირდებოდა! ის ისედაც იპყრობდა, ისედაც იმონებდა და ისედაც ანადგურებდა გენერლის ნაიარევ გულში ჩახუტებულ, სათუთად შენახულ სამშობლოს დასალაშქრად მოსულ შინაურ თუ გარეულ მტერს.

- დავტოვეთ დისლოკაციის ადგილი! - ბრძანება გასცა ბეხლეწმა".

- ერთი ქვეთავის დაწერა უდანაშაულო ხალხისთვის წამლის ჩადების გახშირებულმა ფაქტებმა შთამაგონა. ერთი პატიოსანი კაცი რომ გააფუჭეს, მოთმინების ფიალა ამევსო, ალბათ, გონიერი მკითხველი მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ.

წიგნში ასევე მოთხრობილია რეალურ გუბერნატორზე, მის ვნებააშლილობასა თუ მოზღვავებულ სექსუალურ პოტენციალზე, რასაც, როგორც წესი, დაუკმაყოფილებლობის კომპლექსი იწვევს. პირდაპირ გეტყვით, ჩვენს ქვეყანაში მაღალჩინოსნებს პირველი ღამის უფლება აქვთ! ჟინის დასაკმაყოფილებლად საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავენ, სახელმწიფო ფულით დაქირავებული სუტენიორები ჰყავთ, მხოლოდ ერთი ღამის ჟინის დასაკმაყოფილებლად დიდძალ ფულს ხარჯავენ და სარეცელს სხვის გოგონებთან თუ ქალებთან იყოფენ! ისინი ამ ქვეყნის წურბლები არიან. ასეთია გუბერნატორიც, რომელზეც მოგითხრობთ, მას აღარ აღაგზნებს პატარა გოგონები, მხოლოდ ერთი ქალი უღვივებს ჟინს. ...

ამონარიდი წიგნიდან: "მინდა! თანაც იცოდე, ამ კვირას არ გადააცილო!" - ისმოდა ტელეფონში მხარის გუბერნატორის განრისხებული ხმა.

"ოღონდ ახლა არ გამეთიშოს ეს წყეული მობილური და სულ არ გადაირიოს ეს ჩემისა", - ფიქრობდა "მინი", მომცრო ტანის ცნობილი ქალაქელი "ტუსოვშჩიკი", უნიჭო "ტელევიზიონშჩიკი" და სუტენიორი. საქმე ის იყო, რომ გუბერნატორი მას საკუთარ საავტორო გადაცემას ჰპირდებოდა, ხოლო მისგან მიღებული ტელეფონის ფულიც და კიდევ ბევრი სხვა ბონუსი, "მინის" უკვე დიდი ხანია, კაზინოში ჰქონდა ჩაშვებული და აი, ახლა, ახალი "ზაკაზის" აღების დროს, ლომბარდიდან გამოტანილი ძველთაძველი "ნოკია" ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება იყო განრისხებულ დაუოკებელ "კაზანოვასთან".

- "მინი", ხომ იცი, რომ დედას გიტირებ, გადაცემას გაგიჩითავ კი არა და, მთელი ცხოვრება ვაგზლის ბოზივით მატარებლების განრიგს გაცხადებინებ!

გუბერნატორს ცალ ხელში გაზეთ "კალიას" ახალი ნომერი ეჭირა, რომლის გარეკანიდან სექსუალური და მიმზიდველი, გლამურული ქალბატონი ვიქტორია გორდეზიანი იმზირებოდა, მეორე ხელით კი შარვლის იმ ნაწილში ფათურობდა, სადაც, როგორც იქნა, რაღაც შეფრთხიალდა.

კაცმა რომ თქვას, 32 წლის ასაკში "ეს" პრობლემები არ უნდა დასწყებოდა, მაგრამ, ალბათ, გამუდმებული სტრესები, არაპროგნოზირებადი პრეზიდენტის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური ბრძანებების შესრულება, მთავრობის სხდომების სიურრეალისტური "დრეს კოდი", ხან ტბაზე ტყავის ქურთუკები, ხან სათხილამურო კურორტზე კომბინეზონები და ხანაც შემოდგომის სუსხიან დღეს ტოპლეს გახდა ზღვისპირეთში... თავისას შვრებოდა, უფრო სწორად კი, ვერ შვრებოდა..."

- ერთ-ერთ ქვეთავში, "მაკონტროლებელი ორგანო", მოთხრობილია, როგორ ეცა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თავის კაბინეტში გასაუპატიურებლად სამსახურში მისულ გოგონას.

რაღა თქმა უნდა, ეს ფაქტიც რეალურია. ვნებააშლილი პოლიტიკა ვნებააშლილ სექსში გადადის და პირიქით!

საერთოდ, სექსუალური აშლილობანი ხშირად ისახება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც.

ამ წიგნის დაწერა გადამაწყვეტინა ძალიან ცუდმა ამბებმაც, რომლებიც მაღალი ეშელონებიდან... მომდიოდა და "ფეისბუქზეც" გავავრცელე, თუ რომელიმე ყოფილხართ გავლენიანი და ცნობილი პერსონების ძალადობის მსხვერპლი, მომწერეთ-მეთქი. ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი ამბავი ატყდა, მომდიოდა და მომდიოდა უამრავი წერილი.

ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ერთ-ერთი ქვეთავი - "ვარდების რევოლუციით განქორწინებულები", სადაც აღწერილია, რომ ამა ქვეყნის ძლიერებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადახედეს  თავიანთ ცოლებს, აღარ მოეწონათ და მოიყვანეს უფრო "პრესტიჟულები".

იცით, რომ დღეს ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი პატარა ბიჭებზე ძალადობს?! ჰომოსექსუალიზმი ცალკე თემაა, რომელიც აყვავებული კი არა, უკვე გადაყვავებულიც არის ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას: თეთრს - თეთრი, შავს - შავი, ცისფერს - ცისფერი და ვარდისფერს - ვარდისფერი....

უმჯობესია ადამიანი თავისუფლად ამბობდეს, რა ორიენტაციის არის, ვიდრე რყვნიდეს ახალგაზრდას მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ. "ვარდების რევოლუციის" შემდგომ ბევრი რამ შეიცვალა, ახლა ძვირად ღირებული აღვირახსნილობაა მოდური. ადრე კი ეს ყველაფერი შეფარულად და ისიც რესტორნების კუპეებში ხდებოდა. კარგ ტონად იქცა ეპატაჟური ქორწინებები და განქორწინებები.

- ოპოზიციის წარმომადგენელთა პროტოტიპებზე რატომ არაფერი მითხარით?

- ახლავე მოგახსენებთ, თუმცა უმჯობესია წიგნში წაიკითხოთ.

ამონარიდი წიგნიდან: "საპროტესტო მუხტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ვინმე რატი დოლიძე, ძალიან ნერვებს უშლიდა არსებულ ხელისუფლებას. არა, იმიტომ კი არა, რომ ოდესმე მშიერ და მწყურვალ ხალხს მწყობრში ჩააყენებდა და სამთავრობო რეზიდენციის კარებს წიხლით შეაგლეჯინებდა, არა! მიზეზი მის ყოველწამიერად მზარდ მადაში იყო. საპროტესტო  მუხტი, ხალხის ნაკადის მატება პატარა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე თუ ახალი პლაკატი სიტყვებით "წადი", პირდაპირპროპორციული იყო რატისმიერი კალკულაციის. რა ექნა? მათემატიკაში სკოლიდანვე უჭირდა, გაყოფა და გამოკლება იმთავითვე არ იცოდა, აი, გამრავლება და მომატება, იცოცხლე! ბევრი ფიქრის მერე გადაწყდა ციხის შიგნიდან გატეხა..."

ამონარიდი წიგნიდან: "ლაშას რამდენჯერ გულით უცინია, ახლახან მისი საწოლიდან გაქცეულ ქალბატონზე, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ სიამოვნებისგან ნიკაპი და ქვედა ტუჩი უკანკალებდა და ახლა რაღაც ნახევარ საათში უკვე საგულდაგულოდ დავარცხნილი, გრიმის სქელი ფენის ქვეშ დაფარული ვნებით, მკაცრი ფერის კოსტიუმითა და ძვირად ღირებული მარგალიტებით, უეცრად პოლიტიკურ აგრესიაში გადასული, როგორ მაღალფარდოვნად აცამტვერებდა მის გარშემო მყოფთ, ხოლო მისი არანაკლებ გავლენიანი ქმარი, მოწიწებით ელოდა საქვეყნო საქმეებით გადაღლილ, "კდემამოსილ" მეუღლის სტუდიური ეთერიდან დაბრუნებას".

- როგორც ვხედავ, ამ წიგნის გამოცემის შემდეგ აშკარად შარში ხართ გახვეული, ხომ არ დაგმუქრებიან?

- როგორ არა, თანაც არაერთხელ... მე ბეწვეულის მაღაზია მაქვს და შვილების "გატყავებითაც" დამემუქრნენ. რატომღაც ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ჟურნალმა "რეიტინგმა" გამოაქვეყნა ამ წიგნიდან ერთ-ერთი ქვეთავი, რომელიც ჰომოსექსუალიზმის თემას ეხებოდა. ჩემი აზრით, მუქარა არა იმდენად ბეწვეულის მაღაზიით, არამედ ჰომოსექსუალიზმის თემის წამოწევით უფრო იყო  განპირობებული. ვაცხადებ, თუკი პრობლემა შემექმნება, პრესაში აუცილებლად გამოქვეყნდება იმ რეალური პირების გვარ-სახელები, რომელთა ამბებიც ამ წიგნშია მოთხრობილი.

- პროლოგსა და ეპილოგზე რას გვეტყვით?

- ჰანს კრისტიან ანდერსენის "შიშველი მეფე" უძღვის პროლოგად წიგნს, ეპილოგის ნაცვლად გამოყენებული მაქვს სოდომისა და გომორის ეპიზოდი ძველი აღქმიდან. ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა მეფე შიშველია, აუცილებლად  ყველაფერი დამთავრდება სოდომითა და გომორით.