პოზნერის სტუმრებს შორის ნიკოლოზ ცისკარიძეც იყო? - როგორ მიულოცა ქართველმა ბალერონმა რუს ჟურნალისტს დაბადების დღე? - კვირის პალიტრა

პოზნერის სტუმრებს შორის ნიკოლოზ ცისკარიძეც იყო? - როგორ მიულოცა ქართველმა ბალერონმა რუს ჟურნალისტს დაბადების დღე?

მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა და მას დაგეგმილზე ადრე მოუწია მოსკოვში დაბრუნება.

პოზნერი თავდაპირველად, რუს შოუმენებთან ერთად, სასტუმრო "ვინოტელს" სტუმრობდა, ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. თუმცა სასტუმროს დატოვება პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

ცნობილია, რომ სასტუმრო "ვინოტელი" ბიზნესმენს, "ქართული ოცნების" წევრს ბენო ქაშაკაშვილს ეკუთვნის. როგორც ქაშაკაშვილმა "რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები 35-კაცამდე იყვნენ და მათ შორის მხოლოდ 2 ადამიანი იცნო: თავად პოზნერი და რუსეთში მცხოვრები ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე. "ყველაზე ცნობილი მათ შორის ჩემთვის ნიკა ცისკარიძე იყო", - განაცხადა ქაშაკაშვილმა.

ცისკარიძე პოზნერს დაბადების დღეს "ინსტაგრამის" საშუალებითაც ულოცავს და წერს:

"ჩვენ ერთმანეთი დიდი ხნის წინ გავიცანით. მაშინ ვერც კი ვიოცნებდი, რომ მექნებოდა მასთან ხშირი ურთიერთობის პატივი და მასთან პირდაპირ დარეკვის შესაძლებლობა, ასევე მის პირად დღესასწაულებზე ვიქნებოდი ერთ-ერთი მიწვეული სტუმარი. 2011 წელს მე ვიყავი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის გადაცემის გმირი. ეს იყო ყველაზე რეიტინგული ინტერვიუ იმ კვირის სატელევიზიო სივრცეში. ძალიან თბილად შეხვდა პუბლიკა ამ ინტერვიუს და როდესაც მოგვიანებით პოზნერის გუნდმა ეს ინტერვიუ Tefi-ზე (სატელევიზიო კონკურსი) წარადგინა და ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა ჯილდო მიიღო, ძალიან მესიამოვნა. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა, გადმომიგზავნა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის წიგნიდან ნაწყვეტი, სადაც ჩემს შესახებ წერდა. როდესაც წავიკითხე, ფეხზე წამოვდექი, რადგან ჩემი მისამართით დაწერილი კეთილი სიტყვები ძალიან ძვირფასი და საამაყო აღმოჩნდა. თან ეს იყო იმ პერიოდში როდესაც მე ათას ჭუჭყს მესროდნენ, ამ დროს უცებ ჩემზე ასეთმა კეთილმა სიტყვებმა, ძალიან გამიხარდა.

ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ძალიან ვამაყობ თქვენი ყურადღებით. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენი აზრი. ბედნიერი ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა და მაქვს პატივი თქვენთან მქონდეს ურთიერთობა. გისურვებთ, რაც შეიძლება დიდ ხანს გქონდეთ ძალა და სურვილი შეკრიბოთ დიდი კომპანია და იმხიარულოთ. გეხვევით თქვენ და თქვენ ნადიუშას, ძალიან მიყვარხართ, ყოველთვის თქვენი კოლია...“

წყარო