"ქართველებმა პოზნერი გააგდეს? ნაადრევია სიხარული" - როგორ ეხმაურება რუსული მედია პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტს - კვირის პალიტრა

"ქართველებმა პოზნერი გააგდეს? ნაადრევია სიხარული" - როგორ ეხმაურება რუსული მედია პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტს

რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტსა და მასთან დაკავშირებულ პროტესტს ვრცელი გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაში. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

რუსეთის ყოველდღიურ გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცში" (Московский комсомолец) გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "პოზნერთან დაკავშირებულ ქართულ სკანდალში შეუსაბამობაა: "იგი მხოლოდ ხელში მოჰყვათ", რომელშიც გადმოცემულია ვლადიმერ პოზნერის თბილისში თავსგადახდენილი ისტორია, ექსპერტების კომენტარებთან ერთად (ავტორი - მიხეილ კატკოვი).

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

"ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში, სადაც მას დაბადების დღის აღნიშვნა ჰქონდა დაგეგმილი, სკანდალურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ქართველმა ოპოზიციონერებმა ჩათვალეს, რომ მან ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში გაშლილ სუფრაზე ყოფნისას კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული წესები დაარღვია, თუმცა შემდეგ ისიც გაიხსენეს, რომ ვლადიმერ პოზნერი აფხაზეთს მხარს უჭერს. საბოლოოდ კი, მას თავის დაბადების დღეზე საქართველოდან წასვლა მოუწია. პოლიტოლოგებმა ამ ისტორიაში შეუთავსებლობა იპოვეს - თურმე, ბოლო სამი წლის განმავლობაში ტელეწამყვანი მშვიდად ჩადიოდა საქართველოში და დაბადების დღეს იქ აღნიშნავდა.

რესტორნიდან აეროპორტამდე რუსი სტუმრები პოლიციის თანხლებით მივიდნენ. ოპოზიციამ ისარგებლა სიტუაციით, რომ 2019 წლის "წარმატება" გაემეორებინათ, როცა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ორი წლის წინ ქუჩის უწესრიგობებით 300-მდე ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 80 პოლიციელი და 31 ჟურნალისტი, ამჯერად კი ყველაფერმა უსისხლოდ ჩაიარა.

ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, რათა რუსებისთვის გაეხსენებინა: "საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისათვის ყოფნა სახიფათოა". მართალია, იმავდროულად მან შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ ვლადიმერ პოზნერის უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

თუ რატომ აღმოჩნდა რუსეთიდან ჩასული ჟურნალისტი თბილისური სკანდალის ცენტრში, "მოსკოვსკი კომსომოლეცს" ექსპერტებმა განუმარტეს.

ვლადიმერ ნოვიკოვი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგე:

"ეს არის საგარეო პოლიტიკის გამოყენება საშინაო პრობლემების გადასაწყვეტად. ოპოზიცია ცდილობს, ექსპლოატაცია გაუწიოს "რუსეთის საფრთხის" თემას ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვერ ვიტყვით, რომ ეს მცდელობა წარმატებული იყო, ოპოზიციამ მოსალოდნელი შედეგი ვერ მიიღო, პირიქით - მომავალში მათ ეს ყველაფერი შეიძლება უკან დაუბრუნდეთ. ვლადიმერ პოზნერისათვის დამნაშავე ჟურნალისტის ან რუსული იმპერიალიზმის მხარდამჭერის იარლიყის მიწებება სისულელეა. მას თავისი თვალსაზრისი აქვს, რომელიც სულაც არ არის კონსერვატიული, შესაბამისად, იგი კარგად ეწერება დასავლურ მედიასაზოგადოებაში. ასე რომ, შეტევის ობიექტად ვლადიმერ პოზნერი ნაკლებად შესაფერის ფიგურას წარმოადგენს.

სიტუაცია იმას ჰგავს, რაც სერგეი გავრილოვს თავს გადახდა 2019 წელს, მაგრამ იმ ისტორიის თავისებურება საპარლამენტო არჩევნების წინ ძალების ერთგვარ "შემოწმებაში" გამოიხატა - ოპოზიციონერებს სიტუაციის შერყევა სურდათ ხმის მიცემამდე ერთი წლით ადრე, ახლა კი ოპოზიციას ქუჩის მასშტაბური გამოსვლების ორგანიზება ან პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლა აღარ შეუძლია. ევროკავშირიც არ ჩქარობს ოპოზიციისადმი დახმარებას. შესაბამისად, თვითონ ოპოზიციას უწევს ძალისხმევის გამოჩენა. მათ ვლადიმერ პოზნერი თავიანთი მიზნების მისაღწევად, როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, "ხელში მოჰყვათ". იგი თბილისში ბოლო სამი წლის განმავლობაში დადის, ფრაზა აფხაზეთის შესახებ კი 5 წლის წინ თქვა. ეს რომ მართლაც პრობლემა ყოფილიყო, პრეტენზიები მისთვის უფრო ადრე უნდა წაეყენებინათ.

მთლიანობაში საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დღეს ისეთია, რომ რუსეთის საზოგადოებრივად ცნობადმა ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ქვეყანაში წასვლისაგან. საქმე უსაფრთხოებაში კი არ არის, არამედ - იმ რისკში, რომ საქართველოში ყოფნისას შეიძლება მძევლად იქცე ხელისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში".

ვადიმ მუხანოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (მგიმო) ევრაზიული კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:

"ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებული სიტუაცია განსხვავდება გავრილოვის თავგადასავლისაგან. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი საქართველოში ვითარების სერიოზულად ასარევად გამოიყენეს, პოზნერთან მიმართებით კი ქართულ ოპოზიციას ყურადღების მიქცევა სურდა. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თავდასხმის ობიექტი გახდა არა იმდენად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისათვის, არამედ - უფრო ანტიკოვიდური წესების დარღვევისათვის: ქვეყანაში ვირუსული სიტუაცია რთულია, ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, ადამიანები შეზღუდულები არიან და ამ დროს ისინი ხედავენ, რომ ვლადიმერ პოზნერი და მისი თანხმლები პირები რესტორანში სხედან...

თუმცა, რასაკვირველია, ეს ისტორია ოპოზიციის მიერ ძალიან გაბერილია, რასაც საქართველოს ხელისუფლებაც ადასტურებს. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების სამომავლო უსაფრთხოებას, ვლადიმერ პოზნერი მაინც მათგან ცოტა შორს დგას, იგი სხვებთან შედარებით ბევრად ცნობილ პიროვნებას წარმოადგენს. რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეები მსგავს სიტუაციაში საეჭვოა, რომ აღმოჩნდნენ, ქართულ ოპოზიციას ისინი არ აინტერესებს". (წყარო)

-------------

რუსეთის ფედერალურ გამოცემა - "როსიისკაია გაზეტაში" (Российская газета) დაბეჭდილია სტატია, რომლის სათაურია - "უკეთესია დაბადების დღე შინ აღნიშნოთ": თბილისელმა "ნაციონალისტებმა" ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღისთვის პროვოკაცია მოუწყეს" (ავტორი - იგორ დუნაევსკი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

"ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს რომ ჩრდილი არ მივაყენოთ, ვიტყვით, რომ საქმე ეხება არა საერთო-ეროვნულ პროტესტს, არამედ - პროვოკაციას ანტირუსულად განწყობილი ძალების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პროტესტების მოწყობაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველები დაადანაშაულა... პრემიერის შეშფოთება უსაფუძვლო არ არის - ასეთი პროვოკაციები ხომ რუსეთის მხრიდან ყურადღების გარეშე არ რჩება! აი, მაგალითად, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, მომხდარი ამბის კომენტირებისას, რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ საქართველოში არ წავიდნენ - "იქ ყოფნა რუსებისათვის სახიფათოა". მან ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღე მიულოცა და იქვე ურჩია: "უკეთესია, დაბადების დღე შინ აღნიშნო... ჩვენთან უფრო სიმშვიდეა".

საქართველოს შესახებ კომენტარი გააკეთა სახელმწიფოს სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ მოლოდინმაც: "ეს ყველაფერი რომ საზაფხულო ტურისტული სეზონის წინ ხდება, იმას გვაჩვენებს, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული არ იქნება". ესე იგი, თბილისი რაღაც-რაღაცებს უნდა მიხვდეს.

რაც შეეხება სასტუმრო "ვინოტელს", სადაც თავდაპირველად გაჩერდა ვლადიმერ პოზნერი, ის მე-19 საუკუნის შენობაშია და ერთი ჩვეულებრივი ნომრის საფასური დღე-ღამეში დაახლოებით 7 ათასი რუბლია ("ლუქსი" - 21 ათასი რუბლი). სასტუმროს აქვს თავისი ღვინის სარდაფი და სადეგუსტაციო დარბაზი, თავისივე სომელიებით. ერთ-ერთ დარბაზში 2017 წელს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მეუღლემ - კარენ პენსმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ივახშმა და განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა, რომ "ქართული ღვინო შესანიშნავია".

სასტუმრო "რუმს ჰოტელი" კი, სადაც სტუმრები "ნაციონალისტთა" თავდასხმის შემდეგ წავიდნენ, თავისუფლების მოედნიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს, ნომრების ფასი 9-16 ათასი რუბლია. სასტუმროს რესტორანი ამერიკულ საჭმელებზეა დასპეციალიზებული, აქვს სხვადასხვა მოცულობის რამდენიმე დარბაზი. (წყარო)

------------

რუსულმა გაზეთმა "კომსომოლსკაია პრავდამ" ("Комсомольская правда") გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ქართველებმა პოზნერი გააგდეს? ნაადრევია სიხარული. საქართველო შეიძლება მალე თურქულ-ირანულ კოლონიად იქცეს" (ავტორი - ედუარდ ჩესნოკოვი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ შემოკლებული სახით:

"ლიბერალურმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა დაბადების დღის აღნიშვნა საქართველოში გადაწყვიტა. სხვა ადგილები, რომელიც მის არისტოკრატულ სტატუსს შეეფერება, მიუწვდომელი იყო - საფრანგეთში [და ამერიკაში], რომელთა მოქალაქეცაა, კორონავირუსი მძვინვარებს და რესტორნები დახურულია...

საქართველოში კი მწვადის შეწვა და აჯიკის დაგემოვნება მაინც შეიძლება, მაგრამ დასვენება არ გამოუვიდა: ქართველი პატრიოტები მიუვარდნენ და იმ სასტუმროს, სადაც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩსა და მის მეგობრებს ბანკეტის მოწყობა ჰქონდათ განზრახული, ლაყე კვერცხები დაუშინეს.

ჩვენთან, მოსკოვში, შეიძლება ვინმე ოპოზიციონერობს, მაგრამ იგი, მათთვის, ყოფილ საბჭოთა განაპირა მხარეებისათვის, მაინც რუსი ოკუპანტია, თუნდაც თბილისში აშშ-ის მოქალაქის პასპორტით ჩაფრინდეს. სტატუსიანი ლიბერალობა მხოლოდ რუსეთში ფასობს...

მოკლედ, მე იმდენად პოზნერზე არ ვწერ, რამდენადაც საქართველოზე. იქაური დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ამზადებენ ანგარიშებს ჩანაწერებით:: "რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული აქცია წარმატებით ჩატარდა, რასაც თან ახლავს მიმდინარე წლის მეორე ნახევრის ფინანსური ხარჯები".

კი, ცხოვრება გართულდა, გაუარესდა, მაგრამ ქართველებს მაინც აქვთ იმედი, რომ ძველი, კარგი დაბრუნდება. უფროს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს ის დრო, როცა სიტყვა "გრუზინ" მდიდარი ადამიანის სინონიმი იყო, ხოლო თუ შენი გვარი "ძეზე" ან "შვილზე" ბოლოვდებოდა, შეგეძლო დაგეწერა წიგნები და ფილმები გადაგეღო... არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დონის - შენს წინაშე მოსკოვისა და ლენინგრადის დაწესებულებების კარი ფართოდ იღებოდა... რუსეთიდან კი საქართველოში ხელებდაკოჟრილი მუშები ჩადიოდნენ და ქარხანა-ფაბრიკებს, ჰესებს აშენებდნენ. რატომ? - "იმიტომ, რომ ჩვენ, ქართველები, ყველაზე საუკეთესოები ვართ".

რუსი ტურისტი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოური ნოსტალგიის ტყვეობაში იყო, მზიურ საქართველოში ჩადიოდა, ქართულ კურორტებზე ისვენებდა და ქართულ სინგაპურში აპარტემენტებსაც კი ყიდულობდა, რესტორნებსაც. პიკური გახდა 2019 წელი, როცა საქართველოში თითქმის 10 მილიონი ტურისტი ჩავიდა, დიდი ნაწილი - რუსეთიდან. ტურიზმმა იმ წელს ქვეყნის ეკონომიკას 4 მილიარდი დოლარი მოუტანა - მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი. საინტერესოა, რომ ამის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა მაინც მცირდება. რატომ? იმიტომ, რომ ქართველები საზღვარგარეთ გარბიან - თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ისრაელში, ევროპის სხვა ქვეყნებში. მათი "ევროპული გზა" მხოლოდ ცალმხრივია. იგივე ითქმის ჩვენთან, რუსეთში, ოკუპანტ ქვეყანაში წამომსვლელებზეც... მათ პერსპექტივა სამშობლოში არ აქვთ, სადაც "მაძღარ წლებშიც" კი უმუშევრობის დონე 20%-ს აღემატებოდა.

სამწუხაროდ, შანსი ხელიდან 10 წლის წინ გაუშვი, როცა რუსეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს ქმნიდა. რჩება ერთი შესაძლებლობა: უნდა გაიხსენო, რომ ოდესღაც რუსულ ენას სწავლობდი და რუსეთში ნათესავები გყავდა. უნდა მოძებნო მტვრიანი დიპლომი და რუსეთში წამოხვიდე. ჩვენ, რუსები, კეთილი ადამიანები ვართ: გვესმის, რომ "რუს ოკუპანტებს" იმიტომ გაჰყვიროდი, რომ ამ იდეას პოლიტიკოსები და მასმედია თავს გახვევდა. გახსოვდეს, რომ შენი ქვეყანა შეიძლება ისევ თურქულ-ირანული კოლონია გახდეს. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ასეთ სამარცხვინო მოქმედებას მოვესწარი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც პატივს სცემს საქართველოს... აბა, ასე როგორ შეიძლება?"

მოამზადა სიმონ კილაძემ