"არ მოეწონა, დახია და გადააგდო... ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განვახორციელე" - კვირის პალიტრა

"არ მოეწონა, დახია და გადააგდო... ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განვახორციელე"

...ქუჩაზე შეუხვევ თუ არა, თვალში მოგხვდება ღია ფერის სახლი, ფრანგული აივნებით. ალბათ ეს იმიტომ, რომ ბოლო წლებია, თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ბუმია და მათ შორის ე.წ. საკუთარ სახლს რომ ხედავ, თავისთავად იქცევს ყურადღებას. აქ რუსთაველის თეატრის მსახიობები თათული დოლიძე და ჟანრი ლოლაშვილი ცხოვრობენ. კიბეზე რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ, კარზე ზარს რომ დარეკავ, აღმოჩნდები სივრცეში, სადაც მუდმივმოქმედი გამოფენა გხვდება.

აქ ყველგან ნახატებია. კედლებზე და არამხოლოდ. მასპინძელი ხატავს. მსახიობის პროფესიის პარალელურად, მის ცხოვრებაში მხატვრობა ყოველთვის იყო.

"ბატონო ჟანრი, სხვა ავტორების ნამუშევრებიცაა, თუ

მხოლოდ თქვენი?" - ვეკითხები. "რატომ სხვა, რა უნდათ?! სხვების ნამუშევრები მუზეუმშია, ჩემი - სახლში". "შეიძლება ის ადგილი მაჩვენოთ, სადაც მუშაობთ?" - ვთხოვ, თუმცა ვფიქრობ, შეიძლება არ დაგვთანხმდეს. არც "კის" ამბობს და არც "არას", ბრუნდება, უხმოდ მიგვიძღვის წინ და ხის კიბეს ერთი სართულით ქვევით მივყვებით. ერთი შეხედვით ორსართულიანი სახლია, თუმცა ნახევრად სარდაფისა და სხვენის წყალობით, ოთხს იტყვი. ჟანრი ლოლაშვილის სახელოსნო სახლის ყველაზე ქვედა სივრცეშია განთავსებული. სახატავად დღის შუქი არ სჭირდება. რამდენიმე ნათურა ანათებს იმ ადგილს, სადაც ნამუშევრები იქმნება. "მზა ქაღალდები" იატაკზე სიმეტრიულად აწყვია, ჩარჩოში ჩასმულები კედელთან - ერთი-მეორეს "მიყუდებიან".

დღის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ატარებს. ხატავს და თან მუსიკას უსმენს. ერთი კონკრეტული მუსიკალური ჟანრი არ აქვს ამოჩემებული, ხან რას უსმენს და ხან რას, განწყობას გააჩნია. როცა მუშაობს, თუ მეუღლეს ან შვილს თავად არ დაუძახა, ისე მის "სამფლობელოში" არავინ შედის. "ეს ხომ ინტიმური პროცესია და რა საჭიროაო", - იძახის.

გამოდის, გაგვიმართლა, მხატვარმა თავის "სახელოსნო-სამზარეულოში მორიგი კერძი-ნახატის მომზადების პროცესს" რომ დაგვასწრო.

ამასობაში დიასახლისიც გვიერთდება და სახლის მშენებლობის ამბავს გვიყვება.

თათული დოლიძე:

- 30 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ. მისი აშენების იდეა მე მეკუთვნის. აქ ორი ძირითადი სართულია და არის დიდი სხვენი და ქვედა სივრცე, სადაც ჟანრის სახელოსნო და სამუშაო ოთახია; ასევე საუნა და აუზი. სახლის პროექტის ავტორები ძალიან კარგი არქიტექტორები არიან. მისი მშენებლობა დაიწყო ალიკა ჯაფარიძემ, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის ნუგზარ ხვედელიანმა და შოთა ყავლაშვილმა დაასრულეს.

- პატარა, ლამაზი ბაღი გქონიათ, მცენარეებით, ხოლო მთელ სახლში თქვენი მეუღლის ნამუშევრებია...

- საერთოდ, მომწონს გამწვანებული სივრცე. ბაღს მე ვუვლი. თუმცა ჩრდილოეთია, მზე ნაკლებად ხვდება და ცოტა ძნელია მცენარეების გახარება. თან გარშემო სულ მშენებლობებია და თავიდან რა განათებაც იყო, ისიც აღარაა. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. რაც შეეხება ნახატებს, ბევრი მხატვარი მომწონს და გვაქვს კიდეც სხვების ნამუშევრები, უბრალოდ აღარ გვაქვს სივრცე, რომ ცალკე გამოვფინოთ. მათ შორისაა: თემო ჯაფარიძე, თემო გოცაძე, გივი ვაშაკიძე, გივი კასრაძე, შალვა მატუაშვილი...

- მეუღლე გხატავთ ხოლმე? აქვს თქვენი პორტრეტი შექმნილი?

- არა, საერთოდ არ მხატავს. უბრალოდ, ყველა ამა თუ იმ ნამუშევარში ჩემს თავს ამოიკითხავს ხოლმე. თუმცა, რატომღაც ყველა ქალში მე მხედავენ, მაგრამ ნამდვილად არ ვმჯდარვარ, რომ დავეხატე. მხოლოდ ერთხელ სცადა, მაგრამ არ მოეწონა, დახია და გადააგდო. საერთოდ, ჟანრი არ გადის სადმე, რომ პეიზაჟი იქ შექმნას, ან ვინმე დასვას და მისი პორტრეტი დახატოს. თავისი ფანტაზიით ქმნის ყველაფერს.

- ქალბატონო თათული, ეს ის სახლია, როგორიც გსურდათ გქონოდათ?

- ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განვახორციელე, ამას სხვა საშუალებები სჭირდება, მაგრამ... საერთოდ, რაღაც-რაღაცები ცოტა მბეზრდება ხოლმე, ამიტომ მირჩევნია, ახალ-ახალი ვაკეთო, იდეები სულ მომდის. ამ სახლს დიდი ხნის განმავლობაში ვაშენებდით, თითქმის ათი წელი, სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით. ასე ნამდვილად ძალიან ძნელია. თუ საშუალება გაქვს, სჯობს ბოლომდე მიჰყვე, თუმცა ხშირად არ გამოდის. სხვათა შორის, ამ ასაკში აღმოვაჩინე, რომ არქიტექტურა ჩემი დიდი სიყვარულია და მშენებლობა არ მბეზრდება (იღიმის). ბევრს არ უყვარს რემონტისა და მშენებლობის პროცესი, მე პირიქით ვარ - ჩემთვის სახალისო და საინტერესოა და, შეიძლება ითქვას, ერთგვარი ჰობია. არა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, არამედ ბავშვობიდან საშინელი გამოუსწორებელი კერძო მესაკუთრე ვარ. პატარაობიდან ვფიქრობდი და მინდოდა საკუთარი მიწა, საკუთარი სახლი! ჩემს ბავშვობაში ამაზე არავინ ოცნებობდა. როგორც ჩანს, ასეთი დამოკიდებულება მამისგან გამომყვა. მან კარგად იცოდა მიწის ფასი და ხშირად ამბობდა, რომ ეს მთავარი იყო. როგორც ჩანს, ასეთი დამოკიდებულება მისგან გენეტიკურად გადმომეცა. თუმცა მიწა არსად მაქვს, ამ ტერიტორიის გარდა (იღიმის). გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები