"2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა? მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ?" - კვირის პალიტრა

"2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა? მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ?"

კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი ამბობს, რომ ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ პროტესტის ფორმა მისთვის იყო მიუღებელი.

"რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას მან 2011 წელი გაიხსენა, როდესაც კახეთში რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"ფორმა უნდა იყოს შემუშავებული და იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვარს ჩემი ქვეყანა, არ უყვარს აფხაზეთი, არ უყვარს ოსეთი, არ უყვარს იმ ბიჭების და იმ ადამიანების საფლავები, რომლებიც ამ ბრძოლას შეეწირნენ, ჩემთვის ასეთი ადამიანები არიან მიუღებელი.

მე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით განცხადება, მაგრამ ფორმა იყო ცუდი. 2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა?

მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ? რთულია წარსულზე საუბარი. წარსულზე ნუ საუბრობო, ამბობენ, მაგრამ თუ წარსულზე არ ისაუბრე, მომავალზე ვერ ისაუბრებ" - განაცხადა დათო ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია.

"ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.