"იქ "ჩაკრულო" შემოხვდება და წაიღიღინებს, ეს იქნება მისი სამოთხის საშვი" - კვირის პალიტრა

"იქ "ჩაკრულო" შემოხვდება და წაიღიღინებს, ეს იქნება მისი სამოთხის საშვი"

"ახლა უკვე ზეცაში მიიკვლევს გზას, იქ "ჩაკრულო" შემოხვდება და წაიღიღინებს, ეს იქნება მისი სამოთხის საშვი"

31 მარტს ანსამბლ "რუსთავის" მესაძირკვლე, ყველასათვის საყვარელი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. 3 აპრილს სამების საკათედო ტაძარში ანზორ ერქომაიშვილი უკანასკნელად შეხვდა გულმხურვალე გულშემატკივრებს, იქიდან კი გაუყვა გზას მარადისობისაკენ...

"მან ძალიან დიდი სიმდიდრე დაუტოვა თავის ქვეყანას"

ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტი:

- მთელი საქართველოსთვის არის სამძიმარი სათქმელი. არც ახალია და არც საკვირველი, რომ ასეთი ადამიანები უკვდებიან ქვეყანას. ის მოგვიკვდა ყველას და ეს არ არის გაზვიადებული ნათქვამი... მაგრამ ბატონი ანზორი მარადიულად იქნება, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სიმდიდრე დაუტოვა თავის ქვეყანას.

არიან ადამიანები, რომლებიც რაც უფრო შედიან ასაკში, მით მეტის გაკეთება შეუძლიათ. სწორედ ასეთი იყო ანზორ ერქომაიშვილი. 80 წელი მისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. ქართულ ფოლკლორისტიკას გამორჩეული მოღვაწე დააკლდა.

მე დიდი ხნის წინ გავიცანი... მახსოვს, ერთად იმღერეს ვახუშტის საღამოზე მან, ბადრი თოიძემ და ბადრის შვილმა. მაშინ მოვიდა ჩემთან და თბილად მითხრა, რომ გიჟდება ამ ლექსებზე. ამის შემდეგაც სულ მაქებდა და ზეცაში ამაფრენდა ხოლმე. ისეთ თბილ რაღაცას იტყოდა ჩემზე, აქეთ-იქით ვერც კი ვიხედებოდი, ისე მრცხვენოდა. მისგან მხოლოდ სიკეთე და სიყვარული მახსოვს.

ძალიან მტკივა მისი მარტოდ დარჩენილი მეუღლე ლალი, რომელმაც ცხოვრება შესწირა ბატონ ანზორს. მან უნდა გაძლოს... მთის ქალია და გაძლებს, სხვანაირად არ შეიძლება... მის დაუმთავრებელ საქმეებს ლალიზე კარგად ვინ მიხედავს? მასზე კარგად ვინ იცის, რას გეგმავდა?!

ბოლოს ანსამბლ "მართვესთვის" საკულტო ტექსტი მთხოვა. მოვუძებნე და აღფრთოვანებულმა დიდი მადლობა გადამიხადა, მე კი სხვა, უფრო საინტერესო ნიმუშებსაც ვეძებდი... კვლავაც მოვუძებნი - იქ ხომ შევხვდებით...

კარდაკარ ნაგროვები...

გიორგი კეკელიძე, მწერალი, პუბლიცისტი:

- ანზორ ერქომაიშვილი და მე ბოლო ორი წელია, რაც დავმეგობრდით. თუ შეგვიძლია სიტყვა "ეპოქალური" უბორძიკოდ და იოლად ვახსენოთ, ეს სწორედ ამ ადამიანის მოღვაწეობას მიესადაგება.

ქართული ხალხური სიმღერა თუ არსებობს, სწორედ მის მიერ არის კარდაკარ ნაგროვები. ამ სიმღერებით სუნთქავდა, ფიქრობდა, აზროვნებდა 80 წლის ადამიანი, მოგონებები რომ ათასისა აქვს და შეუძლია, ბუხართან იჯდეს წარსულის გამო მოღიმარი, მომავალს უმზერდეს და დაუცხრომელ ძიებას განაგრძობდეს - აი, ასეთი გახლდათ...

დღეში ორჯერ მირეკავდა და ახალ აღმოჩენებს მიზიარებდა. საათობით ვისხედით და პარიზიდან ,,პატეს" არქივებში გაბნეული ქართული ჩანაწერების ჩამოტანაზე ვმსჯელობდით. ასეთი ძალით ორმა ადამიანმა დამაკავშირა ქართულ ფოლკლორს: ზურაბ კიკნაძემ უნივერსიტეტში და ბატონმა ანზორმა ამ ორიოდე წლის წინ. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში შეიქმნება მისი კუთხე, ჩემს ოთახში კი მთელი კარადა მელის არქივის მასალებით სავსე. ახლა სწორედ მისი მონოგრაფიის წინასიტყვაობაზე ვმუშაობდი. ბევრი რამ არის სიმბოლური, მათ შორის ისიც, რომ ამქვეყნიდან მის წასვლას გურიაში შევხვდი. ახლა უკვე ზეცაში მიიკვლევს გზას, იქ ,,ჩაკრულო" შემოხვდება და წაიღიღინებს. ეს იქნება მისი სამოთხის საშვი. ვეცდები, მისი ყველა დანაბარები შევასრულო. არ ვიცი, შევძლებ თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ თვითონ დამეხმარება.

"შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ მომიკვდა მამა"

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:

- 2004 წლიდან დღემდე მოუშუშებელი ჭრილობა განმიახლდა. მამაჩემის სურნელი ჰქონდა ამ ადამიანს. მამას მსგავსად იცოდა ჩემი გულზე მიკვრა. მეც გავირინდებოდი ხოლმე. მინდოდა ეს წამები დიდხანს გაგრძელებულიყო, თითქოს მამაჩემი მეფერებოდა. ეს ადამიანი თავისი საქმით, ენერგიით დიდ სიყვარულს გასცემდა. მგონია, მთელი საქართველო გრძნობდა, როგორ ეფერებოდა ყველას. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ერის საგანძურის - ქართული ხალხური სიმღერის პატრონობას.

შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ მომიკვდა მამა. ცრემლის გარეშე მასზე ვერ ვლაპარაკობ. ტრადიცია გვქონდა - ყოველ 2 იანვარს, ბედობას, მასთან მივდიოდი ჩემი ოჯახით. თუ დამაგვიანდებოდა, აუცილებლად რეკავდა. ერთხელ მითხრა, ცუდი წინათგრძნობა მაქვს, რომ აგვიანებო. წელს, ამ პანდემიის გამო, თვითონ დამირეკა, არ გეტყვი, რომ მოხვიდე, მხოლოდ ხმა გამაგონეო. გული მწყდება, რომ მასთან არ ვიყავი და წელს ვერ ვნახე. მხოლოდ ტელეფონით ვსაუბრობდით.

ვიდრე მდგომარეობა დამძიმდებოდა, ტელეფონით შორიდან გამაგონა ხმა თავისი მეუღლის წყალობით. მითხრა, ძალიან მიყვარხარ და ძალიან ბევრს გკოცნი, ყველა მომიკითხეო და დაგვლოცა. არ მეგონა, რომ ასე მალე დაგვტოვებდა. ანზორ ერქომაიშვილი არის ერის დიდი სიამაყე და ოჯახის შემდეგ ის ყველა ქართველს დააკლდა. ალბათ, მოვა დრო და მოვლენ თაობები, რომლებიც ჩვენს დიდ ტკივილს უკეთ გაითავისებენ, გაიგებენ, ვინ იყო, რას აკეთებდა, როგორ ელოლიავებოდა ჩვენს უდიდეს მარგალიტს - ქართულ სიმღერას.

ვერ ვუთხარი, რომ ქედს ვიხრიდი მის წინაშე, მისი საქმიანობის, მისი ადამიანობის წინაშე. ძალიან მიყვარს და ყოველთვის მეყვარება.

"წუთისოფელი გაღარიბდა"

ტარიელ ხარხელაური, პოეტი: -

თემურ წიკლაური წავიდა, ახლა - ანზორ ერქომაიშვილიც... როდესაც ასეთი ხალხი გადის ამქვეყნიდან, ვამბობ ხოლმე, რომ წუთისოფელი გაღარიბდა. თითქოს რაღაცა მომტყდა, მეტკინა მისი წასვლა. საოცარი კაცი იყო, არაჩვეულებრივი მოსაუბრე, ეროვნულად მოაზროვნე.

გაუჭირდება ხელოვნებას ანზორის გარეშე, მტკივნეული იქნება უანზოროდ. ამ ერთმა კაცმა 100 კაცის საქმის გაკეთება შეძლო.

დაახლოებით 10 წლის წინ გავიცანი. მე უცხო ადამიანებთან საუბარი მიჭირს, მაგრამ ანზორი არ გაძლევდა უფლებას, თავი უცხოდ გეგრძნო. გისმენდა გულისყურით, ნათელი გადასდიოდა სახეზე და რომ უყურებდი, ძალიან გსიამოვნებდა მასთან საუბარი. ყველას ძალიან დაგვაკლდება. ნათელში იყოს.

"როგორც მღეროდა, ისეთი კაცი იყო"

ზურა ყიფშიძე, მსახიობი:

- არასდროს დამავიწყდება. მან წაგვიყვანა მე და ჩემი ცოლი საქორწინო მოგზაურობაში თავისთან, გურიაში. რამდენიმე დღე პურმარილი იყო გაშლილი, სიმღერები ისმოდა... სითბო და სიყვარული, რაც ამ ოჯახმა გაიმეტა ჩვენთვის, არასდროს დაგვავიწყდება.

ძალიან მეწყინა მისი წასვლა. ბოლოს დოისთან ვნახე, ფრიდონ სულაბერიძესთან ერთად მოვიდა, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. შენ გაძლებას, გახარებას, - ასე მომმართავდა ხოლმე. არც ვიცი, ასეთები არიან კიდევ?

როგორც მღეროდა, ისეთი კაცი იყო.

"მან გააცნო მსოფლიოს ჩვენი ფოლკლორი"

ნანი ბრეგვაძე, მომღერალი:

- დიდი ადამიანი დავკარგეთ, დიდი მუსიკოსი, თავის საქმეზე, ხალხსა და ქვეყანაზე შეყვარებული. მგონია, რომ ძალიან ადრე წავიდა. იცით, რა მტკივა ყველაზე მეტად? ის, რომ თავისი სიკვდილით არ მიდიან, კორონავირუსს რომ მიჰყავს ასეთი ხალხი.

არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. დიდი ხნის წინ, როცა სიმღერა დავიწყე, კინო "სპარტაკთან" იყო ფოტოსტუდია და იქ გადავიღე ფოტო. ახალი ჩამოსული ვიყავი კანადიდან და ჟაბოს თეთრი პერანგი მეცვა. მივედი ფოტოების გამოსატანად და ფოტოგრაფმა მითხრა, იცით, სულ ახლახან ადამიანი იყო აქ შემოსული - მთხოვა, არ გამთქვაო და ამიტომ ვერ გეტყვით მის ვინაობას - მითხრა, ვგიჟდები ნანის სიმღერებზეო და თქვენი ერთი ფოტო წაიღოო. მესიამოვნა. რომ გამოვედი, გაჩერებასთან იდგა ანზორი. მივედი, მოვიკითხეთ ერთმანეთი და მეუბნება, ნანი, ფოტოსტუდიიდან შენი სურათი წამოვიღეო. ძალიან გამიხარდა.

უკეთილშობილესი ადამიანი იყო, დიდი მუსიკოსი, საამაყო ქართველი, კარგი წინაპრების შვილი. ანზორი დადიოდა და აგროვებდა ხმებს, სიმღერებს. სწორედ მან გააცნო მსოფლიოს ჩვენი ფოლკლორი. როგორ მღეროდა და როგორ ამღერებდა თავის ბიჭებს!

თუ არ გიყვარს შენი საქმე, არაფერი გამოგივა, ანზორი კი თავისი საქმისთვის გადადებული ადამიანი იყო.

"ასეთ ადამიანებზე წარსულში არ ლაპარაკობენ"

ანდრია გველესიანი, მომღერალი:

- მამაჩემი ანსამბლ"რუსთავის" სოლისტია და მეც აქედან ვიცნობდი ანზორ ერქომაიშვილს. ბატონი ანზორი იყო ჩვენი ოჯახის მეგობარი, ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი.

არასდროს დამავიწყდება, ამხელა ადამიანი ბავშვივით გულანთებული აკვირდებოდა ჩემს ნაბიჯებს. იმხელა პიროვნების ასეთი დამოკიდებულება ძალიან ამაღელვებელი იყო. გული ჩამწყდა, მისი ამბავი როცა შევიტყვე. არიან ადამიანები, რომლებზეც წარსულში არ ლაპარაკობენ, იმიტომ, რომ მათ თავიანთი მოღვაწეობით საკუთარი სახელი უკვდავყვეს.

ასეთია ანზორ ერქომაიშვილიც. დღეს რომ ფოლკლორი ამ სახით არის შენარჩუნებული, სწორედ მისი დამსახურებაა.

"ქართული სიმღერის პატრიარქი!"

ფრიდონ სულაბერიძე, ფოლკლორულ ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი:

- ანზორ ერქომაიშვილის პროფესიონალიზმისა და დიდი კაცობის შესახებ მთელმა საქართველო კი არა, მსოფლიომ იცოდა. ჩემსავით შეძრწუნებულია ყველა მსახიობი, ვინც ამ დღეებში შემხვდა. ქართულმა ხელოვნებამ, საქართველომ დიდი პიროვნება დაკარგა. ეს დღეებია ადგილს ვერ ვპოულობ, იმდენად მატკინა გული მისმა წასვლამ.

მეგობრების დაკარგვა ყოველთვის მტკივნეულია, ამ ასაკში კი, მით უმეტეს. მომავალ წელს 80 წლის ვხდები, მაგრამ როცა შენგან ასეთი დიდებული ადამიანი მიდის, ასაკს მნიშვნელობა არა აქვს.

ჩვენ 50-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა. როგორც გლეხი ვაზს, ისე უვლიდა ქართულ სიმღერას. უამრავი დიდებული საქმე აქვს გაკეთებული.

ქართული სიმღერის პატრიარქი იყო... ასობით სცენაზე გამოვსულვართ, უამრავ ქვეყანაში ღირსეულად გაგვიტანია ქართული კულტურა. მე სუხიშვილების ანსამბლში გაზრდილი მოცეკვავე ვარ და ვფიქრობდი, რა შეიძლება იყოს ისეთი განსაკუთრებული ანსამბლ "რუსთავში"-მეთქი, მაგრამ ისეთი რამეები გააკეთა, იმდენი რამე შევქმენით, საამაყოდ ეყოფა მთელ თაობას.

ამ პანდემიის გამო ერიდებოდა ქუჩაში გამოსვლას. რეპეტიციებზეც არ დადიოდა. თავს უვლიდა და კარგად იყო. შემდეგ უცებ გავიგე, რომ ცუდად გამხდარა...

ვერ ვიტყვი, რომ ჯანმრთელი იყო, დიაბეტი ჰქონდა, ეს საშინელი ვირუსი კი იქ ურტყამს ადამიანს, სადაც სუსტი წერტილი აქვს, თორემ როგორ შეიძლებოდა ანზორ ერქომაიშვილს გული გასჩერებოდა და ის საქართველოს არ ჰყოლოდა?..