"ქართველებო, ისე ნუ ვიზამთ, ყველაფერი ჩვენს მტრებს დარჩეთ..."
11-04-2021
"ქართველებო, ისე ნუ ვიზამთ, ყველაფერი ჩვენს მტრებს დარჩეთ..."
"არანაირ გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ვერ ვხედავ, პირიქით, ის დაპირისპირების მორიგი წყარო გახდება..."

"ამ გაუთავებელ ძიძგილაობაში ქვეყანა, სახელმწიფო ზარალდება, ჩვენი მომავალი თაობა, მათი პერსპექტივა... ბრძოლა ხომ ძალაუფლებისთვის მიდის და არა იმისთვის, სასიკეთო ვითარება შეიქმნას ქვეყანაში. ძალაუფლების ჟინით შეპყრობილთა კინკლაობას სახელმწიფოს ინტერესები ეწირება", - გვეუბნება მწერალი, მთარგმნელი, ირანისტი ალექსანდრე­ ელერდაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოში დღესაც დავით გურამიშვილის "ფორმულები"­ ვრცელდება.

- ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში პრივილეგირებული მდგომარეობის მოსაპოვებლად
ერთმანეთს ებრძვიან ელიტარული "სნობიერება" და ფსევდოპატრიოტული ცნობიერება... თითქმის ყველა სფეროში კრიზისია, ამას თან ერთვის პანდემიაც... რაც გვჭირს, ალბათ, ყველაფერი ადამიანის ხასიათის ნაკლოვანებებს უკავშირდება. ლაპარაკია არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ ათას მიმომხილველზე, ექსპერტზე, ვინც არსებული ვითარებიდან სარგებლის ნახვას ცდილობენ და საბოლოოდ იქმნება კრიზისი.

არიან ადამიანები, რომლებიც არ
იყვნენ მზად ქვეყნის მართვისთვის და ასე გრძელდება 30 წლის განმავლობაში. ქვეყნის მართვას სჭირდება ცოდნა, პროფესიონალიზმი და გამოცდილება. კომუნისტური იდეოლოგიისგან ახალგათავისუფლებული ქვეყნის სათავეში მოექცა ის ხალხი, რომელსაც მართვის სურვილის გარდა, არაფერი გააჩნდათ. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი დღეს ერთ ფოკუსში მოექცა და კაცმა არ იცის, რა შედეგამდე მივალთ.

ამას თან დაერთო პანდემია, რამაც გამადიდებელი შუშით დაგვანახა ვითარება. ეკონომიკაც ამოვარდა კალაპოტიდან, ამას კიდევ ემატება გარე საფრთხეები, ყველა დაგეშილია საქართველოზე... თუნდაც ჰესების მშენებლობის საკითხი ავიღოთ. წყლის მეტი ჩვენს ქვეყანას არაფერი გააჩნია, შესაბამისად, ეს რაღაცნაირად უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ მეორე საფრთხეცაა- ჰესების არსებობა მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ გარე საფრთხეებს რუსეთიდან, თურქეთიდან და შედარებით პატარა მეზობლებისგანაც.

- ჩვენი პარტნიორები მედიაციით ცდილობენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გამონახვაში დაგვეხმარონ. რა შედეგს ელით აქედან და რატომ არ შეგვიძლია შუამავლის გარეშე ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა?
- მარაზმია, როცა ორ დაპირისპირებულ ძალას შიდა პრობლემების მოსაგვარებლად გარედან ჩარევა სჭირდება. ამერიკის და ევროპის ჩარევას რაც შეეხება, საბოლოოდ შეშფოთების გარდა, არაფერს აკეთებენ. ვფიქრობ, ჩარევა უფრო ფასადურია, თორემ რომ მოინდომონ, წარმოუდგენელია ორი პატარა ძალა ვერ მოარიგონ. რუსეთი, რა თქმა უნდა, განზე არ გადგება და ფარულად მაინც ჩაერევა ჩვენს ყველა საქმეში. არც ისაა გამორიცხული, რუსეთს აწყობდეს ეს არეულობა, ქართველების ერთმანეთზე წაკიდება. ამით ქვეყანა უძლურდება და გარეშე მტრები სარგებლობენ.

- კრიზისიდან გამოსავლად მიგაჩნიათ თუ არა ვადამდელი არჩევნები?
- არანაირ გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ვერ ვხედავ, პირიქით, ის დაპირისპირების მორიგი წყარო გახდება. ასეთი სახით არჩევნები, როგორიც საქართველოში ტარდება, ანაქრონიზმია, გადმონაშთი. შეიძლება გამოსავალი ელექტრონულ არჩევნებში იყოს და შედარებით გამჭვირვალედ ჩატარდეს, მაგრამ ვიღაც გაიმარჯვებს და მეორე, დამარცხებული ძალა აუცილებლად იტყვის, რომ გაყალბდაო.

- მესამე ძალის თუ პოლიტიკური ცენტრის გამოჩენის პერსპექტივას თუ ხედავთ, თუნდაც გიორგი გახარიას და მისი მომავალი პოლიტიკური გაერთიანების სახით?
- პირადად მე გახარიას მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. მნიშვნელოვანია, ვის შეიყვანს თავის პარტიაში - თუ მარტო იმიტომ დაიყენებს გვერდში ხელოვნების თუ სპორტის წარმომადგენლებს, რომ ისინი ცნობილი პირები არიან (როგორც აქამდე აკეთებდნენ პოლიტიკოსები), ეს ხერხი სრულიად გაუმართლებელია, კარგ შედეგს არ მოიტანს.

როგორც სხვებს, მეც ასე მგონია, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტია. თუ ეს კაცი ამ ხერხით გააუმჯობესებს ვითარებას საქართველოში, მივესალმები მესამე ძალა დაერქვას.

- ყველაზე დიდი პრობლემა უცოდინრობააო, ამბობთ და ამას წინათ, გურამიშვილის ტექსტის პერიფრაზიც დაწერეთ: "მან, ვისაც ცოდნა არა აქვს, გასტანჯა წუთისოფელიო"...
- სხვასთან წავიკითხე პროზაულად ნათქვამი, მომეწონა, კარგი მიგნება იყო და მე პოეტურად გავაფორმე. ეს ზუსტად შეესაბამება ჩვენს დღევანდელ ვითარებას.

დღეს მოვიდა ის ხალხი, რომელსაც ჰგონია მაქინაციებით მიღებული დიპლომები,­ სამეცნიერო ხარისხები­ თუ პრივილეგიები, იმის უფლებას აძლევს, რომ სხვებს უხელმძღვანელონ. ამას დიდი გამოცდილება სჭირდება. კომუნისტებს­ ბევრი რამ ჰქონდათ ცუდი, ბევრი რამ იყო მიუღებელი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, იმისათვის, რომ ადამიანი მაღალ თანამდებობაზე დაენიშნათ, მას ბევრი საფეხური უნდა გაევლო და გამოცდილება მიეღო. ამ გამოცდილებას ქვეყნისთვის, პარტიისთვის თუ საკუთარი თავისთვის კეთილად მოიხმარდა თუ ავად, ეს მეორე საკითხია. მე ვგულისხმობ პრინციპს იმისათვის, რომ ადამიანმა საპასუხისმგებლო პოსტი დაიკავოს, ხანგრძლივი მუშაობა, გამოცდილება სჭირდება. ახლა შევლენ ამა თუ იმ პარტიაში, ერთ წელში ეს პარტია ქულებს მოიპოვებს პარლამენტში შესასვლელად და მერე დანიშნავენ თანამდებობაზე.

სხვა სფეროდან მოსული ადამიანი, გვარს არ დავასახელებ, ჯდება თანამდებობაზე სპეციფიკურ სფეროში, რაზეც წარმოდგენაც არა აქვს. რა შედეგებს ვიღებთ, სახეზეა.

- დღეს რეალურად რისთვის მიდის ბრძოლა, ვის რა როლი აქვს მასში და ვინ ზარალდება ამ ბრძოლის შედეგად?
- რა თქმა უნდა, ქვეყანა და სახელმწიფო ზარალდება. ჩვენი არსებობა, ჩვენი მომავალი თაობა, მათი პერსპექტივა ზარალდება. ბრძოლა ხომ ძალაუფლებისთვის მიდის და არა იმისთვის, რომ სასიკეთო ვითარება შეიქმნას.

ძალაუფლების ჟინით შეპყრობილთა ძიძგილაობას სახელმწიფოს ინტერესები ეწირება. ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს ძალაუფლება და რომლებიც შეჩვეულნი იყვნენ კომფორტს, ისევ ცდილობენ დაბრუნებას, მეორე მხარე კი ამა თუ იმ ხერხით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ალბათ, ეს დაპირისპირება არც დასრულდება და გაგრძელდება, სანამ ქვეყნის სათავეში არ მოვა ღირსეული და უნარიანი პიროვნება, რომელიც მზად იქნება ქვეყანაში ცხოვრების ნორმალური პირობები შექმნას.

თავი დავანებოთ ამ მაღალფარდოვან გამონათქვამებს ერის კეთილდღეობაზე, პოლიტიკური დაპირისპირების გამო ქვეყანაში ყველაფერს ფასი დაუკარგეს, ოცნებასაც, იმედსაც, სამშობლოსაც და ყველაფერს.

- დაპირისპირება და პოლარიზება­ ერს თითქოს ისტორიულად მოგვდგამს და ამისგან ვერ ვთავისუფლდებით...
- "ფეისბუკს" რომ გადავხედავ, მუდმივად ერთმანეთის ლანძღვა-გინებაა. უამრავი ადამიანი უსაქმურობისგანაა ჩართული ამ პოლემიკაში, საზიზღრობებს წერენ და ამით ერთობიან. სწორედ ეს უწყობს ხელს ერის პოლარიზებას. უამრავი პოლიტიკური ჯგუფი და სტატუსი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენ ერთმანეთს გადავეკიდოთ, ერთმანეთი შევიძულოთ. ამას ისეთი ადამიანები აკეთებენ, ვისაც სხვა საქმე არა აქვთ, ვინც უმუშევარი დარჩა და თავის უარყოფით ემოციურ მუხტს ამაში ამჟღავნებს.

ბოლოს და ბოლოს, ეს ის ქვეყანა და ერია, რომელმაც "ვეფხვის და მოყმის ბალადა" შექმნა და დედა, რომელსაც შვილი მოუკლეს, მტერთან მიდის, რომ მისი ტკივილი გაიზიაროს. ამას ვერ შეაგნებინებ ამათ, ქრისტიანულ მოძღვრებაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია,
ფარისეველი ქრისტიანებით გაივსო ქვეყანა. მოდური გახდა ქრისტიანის იმიჯის შექმნა, კარგი სახელის მომტანია. ალბათ, ეს იმან გამოიწვია, რომ კომუნისტების ეპოქაში კრძალავდნენ, მერე კი ერთ დღესაც დასაშვები გახდა, აკრძალული ხილის სინდრომმა იმოქმედა, მაგრამ ნათელია, ეს მოჩვენებითია იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ქადაგებს სიკეთეს, სიყვარულს, მიტევებას, ამ დროს სასტიკად გადამტერებულია მოწინააღმდეგეზე და დათმობის სურვილი არ გააჩნია.

- სამწუხაროდ, ერის ფსიქოლოგიაც არ იცვლება... რომელი ისტორიული ან ლიტერატურული პასაჟების გახსენება შეიძლება, რომელიც ძალიან ახლოსაა დღევანდელ რეალობასთან?
- წეღან გურამიშვილის გადაკეთებული სტრიქონის ვარიანტი მოიყვანეთ, რაც კარგად აღნიშნავს მე-18 საუკუნის საქართველოს მდგომარეობას. ერეკლე მეფეს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ მაინც ცდილობდა საქართველოს გაერთიანებას, თუნდაც იმისთვის მიეღწია, რომ ქართლ-კახეთის სამეფო გაერთიანებულიყო. ეს იცოდა გურამიშვილმა, რომელიც საქართველოდან წასული იყო, ერთხანს ევროპაში იბრძოდა და მაგდებურგის ციხეშიც იჯდა. მას იქაც კი ესმოდა ეს ყველაფერი და ფორმულასავით ჩამოაყალიბა: "კახელების აღმა ხნული, ქართლელებმა დაღმა ფარცხეს... ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კომბალი თავში დასცხეს, ორნივ ერთად შეხრიკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს. უკუღმართად ხვნა და თესვამ ეს ნაყოფი გამოიღო: მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო". ქართველებო, ისე ნუ ვიზამთ, ყველაფერი ჩვენს მტრებს დარჩეთ... გურამიშვილის ფორმულები თითქმის 270 წელია, რაც დაიწერა და სამწუხაროდ, დღემდე მოქმედებს და იმოქმედებს იმიტომ, რომ ამ ჩვენს ისტორიულ ბუნებრივ განვითარებას ყოველთვის ხელს უშლიდნენ გარეშე ძალები, შემოვიდნენ რუსები და ყველანაირად აწეწეს ვითარება. უამრავი ქართველი რუსების სამსახურში შევიდა იმისათვის, რომ მოეპოვებინა კეთილდღეობა, ბევრი გაექცა, ბევრიც ეწინააღმდეგებოდა... მაგრამ გადახედეთ მე-19 საუკუნეს, შუა წლები იყო მოტანებული, როცა ილია და აკაკი გამოცოცხლდნენ და დაიწყეს ეროვნული იდეების ქადაგება. ბევრი რუსეთის არმიის გენერალი იყო და ვერც წარმოედგინა, რუსეთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელი თუ იყო.

დღესაც, 30 წელია ვერ გაგვირკვევია, ვის მხარეზე შეიძლება ვიყოთ, რა შეგვიძლია, რა არის ჩვენი მიზანი და სხვა. ყოველივე ამას პირადი ინტერესებისთვის იყენებენ დილეტანტები, პირად ინტერესებს ეწირება ქვეყნის ინტერესები.

- გამოსავალი სად არის?
- ახლა ჩვენი შვილები 40 წელს არიან მიღწეული, ბევრმა ევროპაშიც მიიღო განათლება. იმედია, პანდემია დასრულდება, ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან და ახალი, მესამე ძალა მოიხმობს იმ განათლებულ და პროფესიონალ ხალხს, ვინც განათლება მიიღო არა იმისთვის, ცხოვრება მოეწყო, არამედ იმისთვის, ქვეყნისთვის მოეტანა სიკეთე. ასეთ ადამიანებს თუ დაიყენებენ გვერდით, მაშინ გვეშველება, თორემ პოლიტიკაში შემთხვევით მოსულები, ვინც ქუჩაში დგომითა და კარვებში ჯდომით და სხვა ათასი საშუალებით მოვიდა, მიიღო კეთილდღეობა, მერე დაკარგა და ახლა კიდევ ამისთვის იბრძვის, უნდა წავიდნენ და მოვიდეს ძალა, რომელიც იბრძოლებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

რედაქტორის რჩევით
რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ ვაქცინას ენდობით ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ ვაქცინას ენდობით ყველაზე მეტად?