"ვარდების რევოლუციამდე" რამდენიმე წლით ადრე, როგორც კი სააკაშვილი დავინახე, მაშინვე მივხვდი, როგორიც იყო" - კვირის პალიტრა

"ვარდების რევოლუციამდე" რამდენიმე წლით ადრე, როგორც კი სააკაშვილი დავინახე, მაშინვე მივხვდი, როგორიც იყო"

"ამ ყველაფრის მერე მიშა როგორ უნდა დაბრუნდეს და, მით უმეტეს, როგორ უნდა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას სხვა პოლიტიკოსებთან ერთად? ის მხოლოდ საკანში თუ მიუჯდება მაგიდას, და ნიკა მელიასთან ერთად ითამაშებს ნარდს ან კარტს"

"რას ნიშნავს, მიშა სააკაშვილი ჩამოვიდეს?! ის პირდაპირ ციხეში უნდა წავიდეს! მაშ, რატომ გავყარეთ ქურდები? თქვენ გგონიათ, იმათზე ნაკლები კრიმინალია მიშა სააკაშვილი? ისინი იმას მაინც აღიარებენ, რომ ქურდები არიან, ეს კი გვარწმუნებს, დემოკრატი და პატრიოტი ვარო. უბედურება ის არის, რომ ასეთ ხალხს მომხრეები ჰყავს", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მსახიობმა დავით ხურცილავამ.

- ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე" რამდენიმე წლით ადრე, როგორც კი სააკაშვილი დავინახე, მაშინვე მივხვდი, როგორიც იყო. შიზოფრენიკია! ცნობილმა ფსიქიატრმა, აკადემიკოსმა თამილა მაკარიძემ მითხრა, ჩვეულებრივი ავადმყოფია, ასეთებს ზოგჯერ ვკეტავთ კიდეცო. შეიძლება მაშინ მას 90%-მა დაუჭირა მხარი, მაგრამ მე სწორედ იმ 10%-ში ვიყავი. "ნაციონალების" მიმართ დამოკიდებულება არასდროს შემიცვლია.

- აშკარად როდის და რატომ დაუპირისპირდით "ნაციონალურ მოძრაობას"?

- ის სისტემა მეც შემეხო - მიწა წამართვეს, გადაცემა დამიხურეს, იყო სხვა პრობლემებიც, მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მაინცდამაინც მე უნდა ვიყო კარგად, რომ მივხვდე, როგორი კარგია დენდროლოგიური პარკი, ბლექსი არენა, სამება, თეატრების გარემონტება, იპოდრომის გამოსყიდვა? ადამიანმა კარგის დანახვაც უნდა შეძლოს და ცუდიც თქვას, სხვისი ჭირი ღობის ჩხირი არ უნდა იყოს. მარტო გირგვლიანი მეყოფა იმის სათქმელად, რომ არც მიშა მინდა და არც - "ნაცმოძრაობა". ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა დაბრუნდეს და, მით უმეტეს, როგორ უნდა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას სხვა პოლიტიკოსებთან ერთად? ის მხოლოდ საკანში თუ მიუჯდება მაგიდას, და ნიკა მელიასთან ერთად ითამაშებს ნარდს ან კარტს.

სხვათა შორის, ისიც ვერ გავიგე, რა უნდა მელიას? კაცი ამბობს, აქ მინდა ვიჯდეო. გადაიხადოს გირაო და გამოვა გარეთ, მაგრამ არ გადაიხდის, რადგან არეულობა, ორომტრიალი უნდათ. ვინმეს ეჭვი ეპარება ოპოზიციის დესტრუქციულობაში? ხომ შეიძლება, როდისმე დაგვანებონ თავი?!

დღესაც არიან სტალინელები, რომელთაც ეზოებში, სახლებში მისი ძეგლები უდგათ, ფოტოები აქვთ გადიდებული, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში არ ერევიან. ყოფილი პრეზიდენტის მიმდევრებმაც ააშენონ პატარა ეკლესია, დაკიდონ მიშა სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, ნიკა გვარამიას ფოტოები, ანთონ სანთლები და ქვეყანასა და ხალხს თავი დაანებონ. ერთადერთი, რის გამოც "ქართულ ოცნებაზე" ვბრაზობ, არის ის, რომ დღემდე "ნაციონალებთან" გვიწევს ჭიდაობა. ჰოდა, თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ამას ხალხი გააკეთებს.

- მაინცდამაინც 9 აპრილს რატომ დაამთხვიეთ აქცია და რატომ - მდუმარე? - უცნობმა, მე და ზუკა პაპუაშვილმა მხოლოდ ხმამაღლა ვთქვით ის, რაც საზოგადოებას უნდოდა და რომ არა უცნობი და მისი "კიდობანი", ამას ვერ მოვახერხებდით.

ნინო ჯავახიშვილი