"აფხაზებს შეეძლოთ ერთ წუთში ამოვეხოცეთ, მაგრამ პირიქით, ლუკმას გვიყოფდნენ" - კვირის პალიტრა

"აფხაზებს შეეძლოთ ერთ წუთში ამოვეხოცეთ, მაგრამ პირიქით, ლუკმას გვიყოფდნენ"

"ზოგჯერ ფიქრი წამიღებს ხოლმე, ვცდილობ მეხსიერებაში აღვიდგინო როგორი იყო ჩემი ახალდაბა, - არცთუ შორეულ წარსულში კეთილი ადამიანებით დასახლებული კოხტა სოფელი, დღეს კი ჩვენი სახლი, ისევე როგორც ჩემი მეზობლების სახლები, ყველა დანგრეულია"

ის რამდენიმე ომის მომსწრეა. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ია გოლეთიანი სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო... 98 წლის მოხუცი "კვირის პალიტრას" უყვება, რომ მაშინ ეგონა, იმ მძიმე წლებზე უარესს ვერასდროს ნახავდა, მაგრამ 90-იან წლებში სიკვდილს კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში, ოჯახის წევრების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა, მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაწვალები რამდენიმე დღეში ნაცარტუტად იქცა. 17-დღიანი ტყვეობის შემდეგ აფხაზი ახლობლების დახმარებით, სამშვიდობოს გამოვიდნენ და ცხოვრება თავიდან დაიწყეს.

აფხაზეთის ომამდე ჯერ შორია

- წარმოშობით ლეჩხუმელი ვარ. საბჭოთა წლებში საცხოვრებლად სოხუმში, სოფელ ახალსოფელში გადავედით. მეორე მსოფლიო ომი რომ დასრულდა, იმ წელს დავასრულე სწავლა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტზე და ახალდაბის სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.

მძიმე დრო იყო. მაშინ მეგონა, უარესი არასდროს არაფერი მოხდებოდა, მშივრები, ფეხშიშველები, გაწამებულები ვიყავით... თავადაც არ ვიცი, როგორ გაგვქონდა თავი, ალბათ, ახალგაზრდები ვიყავით და ვერ ვგრძნობდით, თორემ რაც გვებადა, ყველაფერი ომში მიჰქონდათ... ომის დასრულება სოხუმის ცენტრში, სტალინის სახელობის ქუჩაზე (შემდეგში მშვიდობის პროსპექტი) ვიზეიმეთ.

მეორე მსოფლიო ომის დროს აფხაზებს, როგორც მცირე ერს, შეღავათს უწევდნენ, ფრონტის ხაზზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში მიჰყავდათ. ქართველები თავს ვიკლავდით სწავლით, თან ვმუშაობდით, რომ უმაღლეს სასწავლებელში გვესწავლა, აფხაზები კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ირიცხებოდნენ. ასეთი იყო მაშინდელი სახელმწიფოს გადაწყვეტილება.

შემდეგ საცხოვრებლად ახალდაბაში გადავედით და წლების განმავლობაში აფხაზებთან ერთად ვსწავლობდით, ვმუშაობდით, ვცხოვრობდით, ჭირსა და ლხინს ვიყოფდით. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ჩვენ შორის ტყვია გავარდებოდა. მინდა მჯეროდეს, რომ ვერც თავად იფიქრებდნენ მსგავს რამეს. მინახავს, აფხაზებიც როგორც განიცდიდნენ იმ უბედურებას - ომს ტრაგედიას უწოდებდნენ. ყველაზე არ ვამბობ...

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ცნობილი და პატივსაცემი აფხაზი ნურბე კანკია, მისი ძმა, ოთარიც. ძალიან უყვარდათ ახალდაბა და ჩვენს სოფელშიც დიდ პატივს სცემდნენ. რომელი ერთი გავიხსენო... უამრავი აფხაზი კოლეგა და მოსწავლე მყავდა, შემდეგ სოფელ აძიუბჟაში აფხაზური სკოლა გახსნეს და იქ გადავიდნენ.

რაღაც დროის შემდეგ, იმ სკოლაშიც მომიწია მუშაობამ. ასე რომ, ერთმანეთთან ურთიერთობა არასდროს გაგვიწყვეტია. რუსულის ენის მასწავლებელი გვყავდა, ლაგვილავა, რომელიც ძალიან თბილად მახსენდება, კარგი ადამიანი იყო... აძიუბჟასა და ახალდაბას ერთი საბჭო გვქონდა და შესაბამისად, უამრავი რამ გვაკავშირებდა. სოფლის საბჭოს თავმჯდომარე ხან აფხაზი იყო, ხანაც ქართველი. დაპირისპირებაზე არასდროს მსმენია. ან თავს იკავებდნენ და თავიანთ განწყობას მალავდნენ.

შეწყვეტილი "მშვიდობა"

- 15 სექტემბრის დილის 6 საათისთვის სირენა აკივლდა... მართალია, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება მიღებული იყო, მოსახლეობას იარაღი ჩაბარებული ჰქონდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მცირე ნაწილი მაინც შემოინახეს... არც ის სირენა მოუხსნიათ ბიჭებს, ფრთხილობდნენ. ჩემი ოჯახის წევრები, რძალი და ბავშვები, თბილისში იყვნენ, მაგრამ რადგან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაიდო, აფხაზეთში დაბრუნდნენ. ომი რომ განახლდა, სამი დღის ჩამოსული იყვნენ, ჩანთები ამოლაგებულიც არ ჰქონდათ...

დილით სირენის აკივლებისთანავე ყველანი შტაბში გაცვივდნენ, რომელიც სკოლის შენობის გვერდით იყო. პირველი დარტყმა სკოლის დირექტორის ოჯახმა მიიღო, ოჯახის წევრები დაუხოცეს... რამდენიმე წუთში ჯოჯოხეთი დატრიალდა.

ჩვენი სოფელი სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა და გააფთრებული იბრძოდნენ მის დასაკავებლად. ამიტომაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება რომ დაარღვიეს, პირველად ჩვენს სოფელს დაარტყეს. კოდორის ხეობისკენ მიმავალი გზაც ჩაიკეტა, ვინმე რომ არ გაქცეულიყო, თუმცა არც არავის უფიქრია წასვლა. მეტიც, მამაკაცებმა ცოლ-შვილიც არ გაუშვეს, ბრძოლისთვის მეტი მოტივაცია გვექნებაო. მერე ვფიქრობდი, რომ ეს თავგანწირვა სიგიჟე იყო. ჩვენი სოფელი 3 დღის განმავლობაში იგერიებდა მომხდურს, შემდეგ კი ტყვედ აგვიყვანეს.

ტყვეობა

ჩემი მეუღლე და შვილი თანამდებობზე მუშაობდნენ. ძალიან ხშირად გვსტუმრობდა სერგო ბაღაფში, რომელიც შემდეგ უკვე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი იყო და რამდენიმე წლის წინ მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა... ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ერთმანეთის მტრები გავხდებოდით.

პირველად ჩვენ მოგვადგნენ, რადგან ჩემი მეუღლეც იბრძოდა და შვილიც. ჩემი შვილი სოხუმის მერთან, გურამ გაბესკირიასთან მეგობრობდა. მისმა სამეგობრომ უკანდახევა არ იცოდა, ამიტომაც ებრძოდნენ ლამის შიშველი ხელებით კბილებამდე შეიარაღებულ ჩრდილოკავკასიელებსა და აფხაზებს...

ტყვედ რომ აგვიყვანეს, რამდენიმე საათს მის შესახებ არაფერი ვიცოდით. გაგვიმართლა, ნაცნობი აფხაზი, ჩვენი სოფლის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ედიკ ჟვანია მოვიდა, რას უცდიდით, რატომ არ წახვედითო გვითხრა, - ტყვარჩელში ახლობელი აფხაზების ოჯახში წაგიყვანთ და როგორც კი სიტუაცია დამშვიდდება, სამშვიდობოს გაგიყვანთო.

აფხაზებმა ჩემს შვილს უთხრეს, ვიცით, რომ ახალდაბის ბატალიონის უფროსი ხარ, მაგრამ ომი ცხოვრებამ მოიტანა და ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეს მოგვიწია დგომამ, თქვენს სახლებს იცავდით, თქვენი ოჯახის გადარჩენა და სამშვიდობოს გაყვანა ჩვენი ღირსების საქმეაო. ჟვანია, რომელმაც ჩვენი გადარჩენა ითავა, პატივისცემით სარგებლობდა, აფხაზები ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ. არადა, ჩვენც, ქალებიც ვიბრძოდით, დაჭრილებს ვუვლიდით, საჭმელს ვუმზადებდით...

ტყვეების გაყვანას ჩრდილოკავკასიელები ეწინააღმდეგებოდნენ. იყო შემთხვევები, იარაღის ჰაერში გასროლაც დასჭირვებიათ აფხაზებს, თავიანთი რომ გაეტანათ. მაშინ უამრავი ჩვენი თანასოფლელი დახვრიტეს, აწამეს, ქალებზე იძალადეს. ამის "ავტორები" აფხაზები არ ყოფილან. ამ მხრივ ჩეჩნები და სომხები აქტიურობდნენ.

ჩემს შვილიშვილზე ვდარდობდი, რომელიც იბრძოდა, მაგრამ ედიკ ჟვანიამ გვითხრა, ნუ გეშინიათ, თქვენი ბიჭი ცოცხალიაო. მერე გავიგე, გულრიფშში გადასულა და ცოლის ნათესავებთან ერთად კოდორის ხეობით დაუტოვებია აფხაზეთი. მისი ცოლ-შვილი ჩვენთან იყო.

ფეხით, ტყე-ტყე მივდიოდით. ღამე ცეცხლს ვანთებდით, რომ ბავშვი გაგვეთბო. მაშინ სულ რაღაც შვიდი თვის იყო. ცოტა ხანს სხვა ტყვეებთან ერთად სატვირთო მანქანით გვატარეს. გზადაგზა შეიარაღებული ადამიანები გვაჩერებდნენ, ავტომატის კონდახით გადასწევდნენ მანქანის ტენტს: ზდეს პლენი, და?.. იკითხავდნენ და შემდეგ გვიშვებდნენ. ასეთი რამ მანამდე მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე გადაღებულ ფილმებში მქონდა ნანახი... ასე მივაღწიეთ ტყვარჩელამდე. ჟვანიამ იქ აფხაზის სახლში მიგვიყვანა. ძალიან გვეშინოდა, მაგრამ ადამიანურად მოგვექცნენ, გვაჭამეს, დაგვაძინეს... ბავშვის დასაბანად საპონიც კი არ გვქონდა და მეზობლებმა მოგვაწოდეს. ხანდახან მეკითხებიან, ფოტოები ხომ არ წამოგიღიათო, ტყვედ აგვიყვანეს, რის წამოღებას შევძლებდით. ვცდილობ იქ დარჩენილი ფოტოები მეხსიერებაში მაინც აღვიდგინო. ძნელია...

17 დღე ვიყავით ტყვედ, მაგრამ აგრესია არავისგან გვიგრძნია. არადა, შეეძლოთ ერთ წუთში ამოვეხოცეთ, პირიქით, ლუკმას გვიყოფდნენ. ომზე არავინ ლაპარაკობდა. იცოდნენ, რომ სოხუმის დაცემა დროის საკითხი იყო. ეს იყო უმძიმესი დღეები ჩემს ცხოვრებაში, მასთან შედარებით მეორე მსოფლიო ომის შიმშილი რა მოსატანია. რაც შეეხება მათ, ვინც ახალდაბაში დარჩა. ზოგი ისევ აფხაზებმა გამოაპარეს და გადაარჩინეს, ნაწილი აფხაზ ტყვეებზე გადაცვალეს, ზოგი კი, სამწუხაროდ, დახვრიტეს...

სამშვიდობოს გამოსულები ერთხანს ხაშურში ვცხოვრობდით, მერე კი წყნეთში ჩამოვედით და აქ დავსახლდით... ჩემმა მეუღლემ დარდს ვერ გაუძლო და ომის დასრულებიდან მალევე გარდაიცვალა.

"ფიქრებს შემორჩენილი ჩემი აფხაზეთი"

- ზოგჯერ ფიქრი წამიღებს ხოლმე, ვცდილობ მეხსიერებაში აღვიდგინო როგორი იყო ჩემი ახალდაბა, - არცთუ შორეულ წარსულში კეთილი ადამიანებით დასახლებული კოხტა სოფელი, დღეს კი ჩვენი სახლი, ისევე როგორც ჩემი მეზობლების სახლები, ყველა დანგრეულია.

5-6 თვის წინ ოჯახში სასწაულის მომსწრენი გავხდით. იქაური აფხაზი ახლობელი, ნუგზარ კაცია დაგვიკავშირდა. ომი რომ დაიწყო, აფხაზეთი ოჯახთან ერთად დატოვა, დედაც ქართველი ჰყავდა და მეუღლეც, წებელდელი ქალი. მაშინ აფხაზებს იქაურობის დატოვების უფლება არ ჰქონდათ და ჩემი ვაჟი დაეხმარა წასვლაში. გვითხრა, ომის დასრულების შემდეგ დავბრუნდი, გულრიფშში ვცხოვრობ, დიდი მეურნეობა მაქვსო. ყველანი მოგვიკითხა, მხოლოდ ჩვენი ოჯახი კი არა, საერთო მეგობრებიც. სულ გიხსენებთ, ძალიან გვენატრებითო... ისეთი განცდა მქონდა, თითქოს იქ დარჩენილ შვილს ვესაუბრე წლების შემდეგ, დედაშვილურ გრძნობას ხომ დრო ვერაფერს აკლებს. ეს იყო პირველი სიგნალი, რომელიც თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ აფხაზეთიდან წამოვიდა.

იქნებ ჩემმა მონაგარმა და ახალგაზრდა აფხაზმა თაობამ მაინც იცხოვრონ ძველებურად სიამტკბილობით.